კაცი, რომელიც "იშვიათად იცინოდა" - კვირის პალიტრა

კაცი, რომელიც "იშვიათად იცინოდა"

"ჩვენს საუკუნეში მხოლოდ ერთი კლასიკოსია, ერთადერთი, გესმით ეს, თუ არა?! ეს მე ვარ! მე ფრანგული ენა ყველაზე უკეთ ვიცი... მე ბრალს მდებენ, რომ ამაყი ვარ; დიახ, ეს მართალია, ჩემი სიამაყე ჩემი ძალაა!" - ამას ვიქტორ-მარი ჰიუგო ბრძანებდა, ადამიანი, რომელმაც მთელი XIX საუკუნის მანძილზე თავისი ქვეყნის ჭირ-ვარამით იცხოვრა და იმის მიუხედავად, რომ დიდხანს იძულებით ლტოლვილად იქცა საფრანგეთიდან და ბავშვობის დიდი ნაწილიც ესპანეთში გაატარა, მას მაინც სამართლიანად უწოდა ერთმა ბიოგრაფმა XIX საუკუნის (1802 წელს დაიბადა და 1885 წელს გარდაიცვალა) "საფრანგეთის ტყუპისცალი".

მომავალ ორშაბათს და კიდევ ორი კვირის შემდეგაც, "კვირის პალიტრა" პროექტში "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", სწორედ ვიქტორ ჰიუგოს რომანს "კაცი, რომელიც იცინის" შემოგთავაზებთ ორ ნაწილად. ამიტომ, რადგან კიდევ გვექნება შესაძლებლობა ამ რომანზე საუბრისა, დღეს მხოლოდ მწერლის ბიოგრაფიის ზოგიერთი საინტერესო ეპიზოდი გავიხსენოთ.

1802 წლის 26 თებერვალს მაიორ (მერე გენერალი გახდა) ლეოპოლდ ჰიუგოსა და სოფი ტრებიუშეს მესამე ვაჟი ეყოლათ. ნათლიებად მეგობრები - გენერალი ვიქტორ ლაგორი და ქალბატონი მარი დეზირიე მოიწვიეს და ბიჭსაც მათ პატივსაცემად უწოდეს ვიქტორ-მარი.

მაშ, ასე: ვიქტორ-მარი ჰიუგო... ლოყებღაჟღაჟა, ცქვიტი და ცელქი უფროსი ძმებისგან განსხვავებით, დიდხანს სუსტი, დიდთავა და გამხდარი, გულჩათხრობილი ბავშვი ყოფილა, თუმცა არასოდეს უავადმყოფია და მალე ჯანიანი და წარმოსადეგი ბიჭი დადგა. სხვათა შორის, თავისი ხანგრძლივი ცხოვრება ავადმყოფობის გარეშე განვლო და როდესაც პირველად, 72 წლის ასაკში(!), კბილი ასტკივებია, შეშლილივით იძახდა თურმე: "ღმერთო ჩემო! რა არის ეს?! რა უცნაურია? რა საშინელებაა?" - მხოლოდ ამ ასაკში განუცდია პირველად ფიზიკური ტკივილი და გაოცებული ყოფილა ამ "საშინელებით".

ვინც ჰიუგოს ბიოგრაფიას ზერელედ იცნობს, შეიძლება ეგონოს, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ტრიუმფების წყებისგან, წარმატებული პოლიტიკური და ლიტერატურული კარიერისა და ბობოქარი დონჟუანური თავგადასავლებისგან შედგებოდა, მაგრამ მთლად ასეც არ იყო საქმე, ჰიუგოს ცხოვრება იყო ცხოვრება კაცისა, რომელიც "იშვიათად იცინოდა" - ბავშვობიდანვე განიცადა გაწბილებაც და წყენაც: დედამ ვერ აიტანა მეუღლის მუდმივი ღალატი და არაოფიციალურად გაეყარა მას. ბავშვები ხან ერთ მშობელთან იყვნენ, ხან მეორესთან.

ამასობაში ლეოპოლდ ჰიუგო ნაპოლეონის გენერალი გახდა და დაპყრობილი ესპანეთის სამი პროვინციის მმართველად დაინიშნა. მადრიდში ცხოვრობდა უზარმაზარ სასახლეში და ესპანელი გრაფის ტიტულიც ებოძა.

ბავშვებიც მადრიდის არისტოკრატთა შვილების სკოლაში მიაბარა, თუმცა მომავალ მწერალს ძალიან ცუდად აგონდებოდა ესპანეთში გატარებული წლები - იქაური ბავშვები მას და მის ძმებს "მეტიჩარა ფრანგებს" ეძახდნენ და რამდენჯერმე მწარედაც სცემეს.

მაგრამ მალე ყველაფერი სავალალოდ დასრულდა: ნაპოლეონის ფიასკომ გენერალ ჰიუგოს ოჯახის პერსპექტივასაც ბოლო მოუღო და საფრანგეთში დაბრუნებული ვიქტორი ჩვიდმეტ-თვრამეტი წლისაც არ იყო, ძმებთან ერთად ლიტერატურული ჟურნალის გამოცემის საქმეს რომ შეეჭიდა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე ძალიან კარგ ლექსებს წერდა, არამედ იმიტომაც, რომ ლუკმაპური ჰქონოდა (მაშინდელ საფრანგეთში წიგნი ფასობდა, ხოლო ახალგაზრდა ჰიუგოს სხვა საქმისა არაფერი გაეგებოდა).

სამაგიეროდ, ჯანსაღ ამბიციას უკვე მაშინ არ მალავდა: "ან ისეთივე დიადი ვიქნები, როგორიც შატობრიანია, ან არავინ არ ვიქნები!" - განაცხადა და აკი მიაღწია კიდეც საწადელს, - მისმა კერპმა, შატობრიანმა, როდესაც ჰიუგოს პირველ ლიტერატურულ ქმნილებებს გაეცნო, თქვა: "ამაღლებული სულის ბავშვია!"

ჰო, მართლა, შატობრიანი ხომ პოეტია და არა პროზაიკოსი და დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ჰიუგომ, ისევე, როგორც იმ ეპოქის მწერალთა უმეტესობამ, პოეზიით დაიწყო, მაგრამ იმ მწერლებისგანვე განსხვავებით, ფრანგებისათვის ბოლომდე დიდ ფრანგ პოეტად დარჩა და რიგით ფრანგს რომ ჰკითხოთ, იქნებ ძალიანაც გაუკვირდეს, რომ არაფრანგულენოვანი მსოფლიო უფრო მეტად პროზაიკოს-რომანისტ ვიქტორ ჰიუგოს იცნობს და აფასებს, ვიდრე პოეტ ვიქტორ-მარი ჰიუგოს.

20 წლისამ პირველი ლექსების კრებული გამოსცა, სადაც ხოტბა შეასხა ფრანგულ როიალიზმს და ამით ისე მოხიბლა ლუდოვიკო XVIII, რომ ახალგაზრდა პოეტს სამეფო სტიპენდია დაუნიშნა და იმ დღიდან ვიქტორ ჰიუგოს ფინანსური პრობლემა არასოდეს ჰქონია. მაგრამ იმ დროიდანვე დაიწყო დრამები და ტრაგედიები პირად ცხოვრებაში: დედა ცოტა ხნის გარდაცვლილი ჰყავდა, როდესაც ბავშვობის სიყვარულზე, ადელ ფუშეზე დაქორწინება გადაწყვიტა. ქორწილი საშინელმა სკანდალმა  დაჩრდილა: ადელი ვიქტორის უფროს ძმას, ეჟენსაც ჰყვარებია და მისმა გამოხდომამ მთელი პარიზი აალაპარაკა! თუმცა, მეორე დილას ყველაზე უარესი მოხდა: ემოციურმა ეჟენმა ვერ გაუძლო განცდებს და ჭკუიდან შეცდა... დარჩენილი ხანმოკლე ცხოვრება ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გაატარა.

ოჯახური ცხოვრება თითქოს კარგად აეწყო, ხუთი შვილიც გაუჩნდათ, მაგრამ ჰიუგო ძალიან მალე გადაეშვა ბომონდურ ცხოვრებაში: ბობოქარი დრო იყო, ერთი მხრივ, ლიტერატურა და ხელოვნება და მეორე მხრივ - პოლიტიკა, "უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ". 25 წლის ჰიუგომ პიესა "კრომველი" დაწერა, ხოლო კიდევ სამ წელიწადში პიესა "ერნანი", რომლის დადგმაც დემონსტრაციებმა და მანიფესტაციებმა შეწყვიტა.

ამ ორი პიესით ჰიუგომ თამამად შედგა ფეხი პარიზულ სცენაზე და ახალი რომანტიკული მიმდინარეობის პიონერადაც იქცა. ამან სახალხო სიყვარულის გარდა, დიდი ფული, საზოგადოებრივი მდგომარეობა, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის საშუალება და... "ოფიციალური" საყვარლის ყოლის საშუალება მისცა. ჟულიეტ დრუე სულ მალე მთელ საფრანგეთში გახდა სახელგანთქმული არა როგორც მსახიობი, არამედ როგორც დიდი პოეტისა და დრამატურგის საყვარელი.

მათი ურთიერთობა ჟულიეტის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა: ჰიუგო ზრუნავდა მასზე, სახლიც უყიდა, ლექსებსაც უძღვნიდა, მაგრამ არასოდეს უფიქრია და არც ჟულიეტს მოუთხოვია მისთვის ცოლთან გაყრა და მასზე დაქორწინება.

ისე კი, ამბობენ, ადელ ჰიუგოც "თავის ჭიას" ახარებდა ლიტერატურის კრიტიკოს სენტ-ბიოვთანო (ბედის ირონიაც არის ალბათ, დიდ მწერალს ცოლი კრიტიკოსთან ღალატობდა).

1831 წლიდან დაიწყო ყველაზე პროდუქტიული პერიოდი ჰიუგოს შემოქმედებაში. სწორედ ამ წელს დაწერა "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" (სხვათა შორის, გამომცემლის შეკვეთით, რეკორდულად მცირე დროში), სხვა რომანები და პიესები. 1841 წელს საფრანგეთის აკადემიის წევრად აირჩიეს, ხოლო 1845 წლიდან აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში და მისი ცხოვრების მეორე, კიდევ უფრო დრამატული, მეტიც, ტრაგიკული ეტაპი დაიწყო. თუმცა, ამაზე და მის რომანზე "კაცი, რომელიც იცინის" ორი კვირის შემდეგ ვისაუბროთ.