ხელოვნების სხეულში გამომწყვდეული ტუსაღები
07-05-2012
ხელოვნების სხეულში გამომწყვდეული ტუსაღები
ამღერებული თიხის დიდოსტატი

არსენალის მთა ღამით - ეს ფიროსმანია, იდუმალი და რომანტიკული... ბევრჯერ შემიხედავს ამ მთისთვის და ის რომანტიკა მიძებნია, ნიკალამ რომ დაინახა... ამაოდ... წარმოიდგინეთ, რა დამემართა, როცა გავიგე, რომ XX საუკუნის მიწურულს არსენალის მთის სამხედრო ნაწილის დანგრეული შენობის მასალიდან მცირე რამ, მშვენიერი სახლის დვრიტად ჩაიდო... ეს სახლი მხატვრებს - ოთარ ვეფხვაძესა და ია გიგოშვილს ეკუთვნის. მათ, როგორც სიძველეების მოყვარულთ და საინტერესო ხელოვანებს, მასალა შეუძენიათ არსენალის მთიდან... ახლა ეს მასალა
მათი სახელოსნოს კედლებს ამაგრებს... ვუყურებ ხის მორებს და ნიკალა მახსენდება, მით უმეტეს, რომ სახელოსნოში არაჩვეულებრივი გარემოა. ოთარი გამოფენისათვის ემზადება, რომელიც 15 მაისს გაიხსნება ლადო გუდიაშვილის სახელობის გალერეაში.

ხომ გაგიგონიათ გამონათქვამი - თიხა მღერისო. ოთარ ვეფხვაძის თიხა კი არ მღერის, ათასწლეულების ხმებით ჟღერს. პასტელის ფერებით შეფერილ
ფიგურებს, მათზე გამოყვანილ ქართულ ასოებს და ეგვიპტური თუ ასურული დამწერლობის მსგავს ორნამენტებს ფიროსმანისეული სისადავე მოჰყვებათ - სისადავე და სიღრმე. ოთარ ვეფხვაძის კერამიკა ერთადერთია, სადაც ავტორი მთელი თავისი მისტიკურობითა და ტრაგიზმით, ფილოსოფიური წიაღსვლითა და სიღრმისეული განცდებით მოჩანს. ცხოვრებაში კი იმდენად ხალისიანია, ეს სიღრმე სრულიად არ გამძIიმებთ...
თიხას მართლაც დიდი ძალა აქვს. ოთარს ჩიკაგო ახსენდება, სადაც მილიონერმა ბიზნესმენმა ჯონ ვილსონმა მიიწვია სამუშაოდ.

- საქმიანი შეხვედრიდან რომ ბრუნდებოდა ჯონ ვილსონი, შინ ჩარხზე ამოჰყავდა ქოთანი. მისი მთელი დაძაბულობა, ნერვიულობა თითქოს თიხაში გადადიოდა. ვისკის დალევდა და თავს ისე გრძნობდა, თითქოს იმ დღეს სულ არ ენერვიულა.

- ჯონ ვილსონმა როგორ გიპოვათ?

- თავისი სტუდია და გალერეა აქვს მიჩიგანის ტბაზე. ადრე მხოლოდ სასტუმრო ჰქონია, რომელსაც წელიწადში რამდენიმე თვით მხატვრებს უთმობდა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აქ ჩამოდიოდა და ნახულობდა მუზეუმებს, ათვალიერებდა ნამუშევრებს, რომელიც მოეწონებოდა, ითხოვდა წარედგინათ მათ ავტორთან. რამდენიმე მხატვარი აირჩია, მათ შორის მეც...

- ჩიკაგოში მინაზე მუშაობდით...

- მისგან სწორედ ასეთი შემოთავაზება მივიღეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ჩიკაგოში ერთი თვე ვიმუშავეთ მინაზე, ავითვისეთ ყველა ტექნოლოგია... ჯონ ვილსონს საქართველოში ქარხნის გახსნა უნდოდა. სადაც ღვინო კეთდება, შეიძლება მინის ჭურჭლის ხელოვნება არ არსებობდეს? სამწუხაროდ, იმ დროს დენი ითიშებოდა, გაზიც წყდებოდა. მინის ღუმელი ძალიან ძვირფასია,  თუ რამდენიმე საათით შეწყდა დენი და მასა გაცივდა, მთელი ღუმელი უნდა მოტეხო, გადააგდო და სხვა ჩასვა. ეს უდიდეს ზარალს მოუტანდა, ამიტომაც გადაიფიქრა.

- თიხაზე მუშაობა უფრო სასიამოვნოა, თუ მინაზე?
- მინაზე. თიხა მძინარე ადამიანს რომ შეადარო, მინა - მღვიძარე ადამიანია... მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ყოველმა წამმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. შემდეგ ეს ნაწარმი გადადიოდა გალერეაში, სადაც იყიდებოდა.

- ჩვენთან ხელოვნების ნიმუშებს იმდენი მყიდველი არ ჰყავს, რამდენიც უცხოეთში.

- ხელოვნებას სიძნელეები  ყველგან ხვდება, მაგრამ ჩვენთან ეს საგანგაშოა - საერთოდ შეიძლება გაწყდეს ხელოვნების განვითარების ჯაჭვი. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ - თიხის გადამმუშავებელი ერთადერთი პატარა საამქრო გვქონდა ნაძალადევში და დაუხურავთ. ახლა თურქეთიდან ან აზერბაიჯანიდან უნდა ვზიდოთ ტომრებით თიხა...

- ჩვენ ამდენი თიხა გვაქვს, რატომ უნდა გვჭირდებოდეს თიხის უცხოეთში ყიდვა?
- შროშელები მშრალ ხიდზე ყიდიან თიხას, კილოს ლარად, მაგრამ კერამიკას კირისგან გაწმენდილი, საგანგებოდ დამუშავებული თიხა სჭირდება - კირმა შეიძლება ნამუშევარში ამოფეთქოს და გააფუჭოს..
მამაჩემი მხატვარი იყო. ვხედავდი, როგორ მუშაობდა. პატარა ვიყავი, ხატვა რომ დავიწყე. სამწუხაროდ, ის სურათები არ შემომრჩა.
მოგვიანებით, დედაჩემმა რომ გაიგო, სამხატვრო აკადემიაში შევიტანე საბუთები, უკანასკნელ იმედს მოეჭიდა - ალბათ არქიტექტურულზე ისწავლიო. მე და მამამ სიმართლე ვუთხარით - კერამიკის ფაკულტეტზეო. შეიცხადა, - მექოთნე უნდა გამოხვიდეო...

- ბავშვობა სად გაატარეთ?

- დავიბადე ლიკანში. ჩვენი სახლი პეტრეს ციხეს უყურებს. მაგრამ ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთიულეთს, დედაჩემს ზაფხულობით დავყავდი თავის დასთან, სოფელ ხადაში. დეიდაჩემის ოჯახს 300 სული ცხვარი ჰყავდა. მანდობდნენ ხოლმე ცხვარს. ქვემოდან დაიყვირებდნენ, - იქით გადალალე, აქეთ გადმოლალეო და დავრბოდი, ცხვარს ვმწყემსავდი. თუ წამოვწვებოდი, ყურში ჩამესმოდა, ცხვრები რომ ბალახს ძოვდნენ, ის ხმა.

ყველაფერი ნამდვილი ძალიან ზემოქმედებს ადამიანზე... მაგალითად, პური... მოჰყავდათ, იქვე ფქვავდნენ. იმ პურის სუნი და გემო არ დამავიწყდება.

- მთაში გატარებულმა ბავშვობამ ბუნება უზომოდ შეგაყვარათ, არა?
- და ნადირობაც, - ეღიმება ოთარის მეუღლეს, - ერთხელ მეც წამიყვანა სანადიროდ, - დილით 4 საათზე უნდა ავდგეთ, ამ დროს კარგია ნადირობაო. სადაც შევისვენებდით, ყველგან მეძინებოდა. მშვენიერი იყო, მზე რომ ამოვიდა! არც არაფერი მოვინადირეთ, კიდევ კარგი...

- მონადირე არ ვარ, - აზუსტებს ოთარი, - თოფი მეჭირა მხოლოდ... არიზონაშიც კი წამიყვანეს კოვბოებმა სამი დღით სანადიროდ. არაფერი მომიკლავს. კარგი ფოტოები კი დამრჩა.
- თქვენსა და იას სიყვარულზე არაერთი ამბავი მსმენია. ჩვენი მკითხველის გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი: ია გიგოშვილი სახელოვანი მსახიობის - იზა გიგოშვილის ქალიშვილია. თურმე ქალბატონ იზას გრუშე ვაჩნაძის ("კავკასიური ცარცის წრე") როლში იას თმისაგან დამზადებული პარიკი ეხურა.

- მოსაყოლი მართლაც გვაქვს, - იღიმებიან მასპინძლები.

- მაშინ ჯერ ის მიამბეთ, იას რომ ფეხსაცმელი შეუკერეთ და ქუსლში ლექსი ჩაუდეთ...
- დიახ, და თან ვუთხარი, როცა ქუსლებს გაცვეთ, ამოიღე და წაიკითხე-მეთქი. მერე კინოსტუდიას დასჭირდა რეკვიზიტად და ქალბატონმა იზამ წაიღო... იქ დაიკარგა...

- იას ლექსი არ წაუკითხავს?

- ვერ გაცვითა, - იღიმება ოთარი.
- სამაგიეროდ, მე პერანგი შევუკერე, - ახლა ია მიამბობს, - ფილმში "შავი ტიტა" ალენ დელონს რომ აცვია, ისეთი...

- მაგ ამბავს მე გიამბობთ, - სიტყვას ართმევს ოთარი, - მინდა ჩავიცვა და ვერ ვიცვამ, ისეა დაგრეხილი... თარგი ჰქონდა ცუდი... მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, გულით ხომ შემიკერა!

- საოცარია, რასაც ხელს შეახებთ, ყველაფერი გამოგდით. სახლიც არაჩვეულებრივი გაქვთ - ზღაპრულს ჰგავს...
- ეს სახლი ჯერ გამოვძერწე, მერე კი მეგობარმა არქიტექტორმა დამიპროექტა. დიზაინი ჩვენ გავაკეთეთ.

- თქვენზე ამბობენ, ჯარში ყოფნისას, ჰაუპტვახტის დიზაინიც შეგიცვლიათ...
- ჯარში სომხეთში ვიყავი. იამ ჩამომაკითხა და ათი დღე "სამავოლკაში" წავედი. ჩამსვეს, ცხადია... შევთავაზე, მოდი, კედლებს მოგიხატავთ. ჯარისკაცები აქ სიამოვნებით უნდა მოდიოდნენ, წასვლა რომ არ უნდოდეთ-მეთქი. გაოგნებული მიყურებდნენ. დავხატე ჯარისკაცები და ბუშტებიანი ბავშვები, ქალები ყვავილებით. ისე გაიხარეს, აღარ მიშვებდნენ... რომ ვეუბნებოდი, გამიშვით, მაინც ციხეში ვარ-მეთქი, მაგაზე არ იდარდოო, ყოველდღე მივყავდი ოფიცერს ბაზარში და ყიდულობდნენ სასმელ-საჭმელს. შენ განსაკუთრებული ტუსაღი ხარო - ხიზილალა და იშხანი არ მაკლდა.

P.S. რაც მთავარია, სიყვარული არ ჰკლებია არასოდეს, ამ სიყვარულმა ბევრი რამ შეაქმნევინა... ტარიელ ხარხელაური წერს: "თავისუფლება ჩვენი გამოგონილი სიტყვაა, ჩვენ მიერ შექმნილი - თითქოსდა სულის დასამშვიდებლად, დასაშოშმინებლად. არადა, თავისუფლების ფასი სულზე უკეთესად ვინ იცის - იმ სულზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის სხეულშია გამომწყვდეული". ისინიც ტუსაღები არიან - საკუთარი ხელოვნების სხეულში გამომწყვდეული ტუსაღები...

პიკასოს სახელობის ვერცხლისმედალოსანი

ოთარ ვეფხვაძე გახლავთ ზურაბ წერეთლის მონუმენტური ხელოვნების სტუდიის დიზაინერი; მას ეკუთვნის ექსპრეზიდენტ გორბაჩოვის აგარაკზე რამდენიმე კერამიკული ქანდაკების და ლარნაკის დიზაინი, სასტუმრო "გუდაურის" კერამიკული ნამუშევრების დიზაინი, მოსკოვში მეტროსადგურ პეტროვსკა-რაზუმოვსკაიას დიზაინი...

მუშაობდა ფენიქსის (არიზონა, აშშ) ხელოვნების ინსტიტუტში კერამიკული ხელოვნების პედაგოგად და თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკული ხელოვნების პედაგოგად, იყო საქართველოს კინოკავშირის სტუდიაში დამზადებული რამდენიმე ფილმის დამდგმელი მხატვარი; აქვს შესრულებული როლები ფილმებში: "ხვეული კიბით", "მე დავბრუნდები", "მწვერვალი"...

მისი კერამიკული ნამუშევრები დაჯილდოებულია არაერთგზის, მათ შორის მიღებული აქვს პიკასოს სახელობის ვერცხლის მედალი, როგორც საუკეთესო ხელოვნების ნიმუშის ავტორს, ინტერიერისთვის კერამიკის ბიენალეზე ვალორიში, საფრანგეთი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?