"ჟურნალისტების შეურაცხყოფისთვის არავინ დასჯილა" - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტების შეურაცხყოფისთვის არავინ დასჯილა"

"ფრიდომ ჰაუსის" მონაცემებით, მედიის თავისუფლების ხარისხით მხოლოდ ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ ქვეყნებს, სადაც მედია საერთოდ არ არსებობს

3 მაისს მსოფლიო მედიის დღესთან დაკავშირებით  USAIDAID-მა და IREX-მა გამართა მრგვალი მაგიდა - "პრესის თავისუფლება და არჩევნები საქართველოში". ღონისძიებაში მონაწილე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხელოვნურად შექმნილი იმ პრობლემების შესახებ, რომელთა დაძლევას ხშირად ამაოდ ცდილობენ ჟურნალისტები.

ეკა ფოფხაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:

- ჟურნალისტებს უჭირთ საჯარო ინფორმაციის მიღება, ერთი სახელმწიფო სტრუქტურიდან მეორეში უწევთ სირბილი, სახელმწიფო მოხელეები არ იცავენ ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილ ვადებს. თუ უფლებების დარღვევის გამო ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს, ვერც აქ გააწყობენ რამეს, რადგან ამ ტიპის დავების განხილვა შეგნებულად ჭიანურდება. ინფორმაცია ჟურნალისტების მთავარი იარაღია  და ის მოთხოვნისთანავე უნდა მიიღონ, რათა დროულად მოამზადონ სიუჟეტი ან სტატია აქტუალურ თემაზე. ხშირად ჟურნალისტები ინფორმაციას იღებენ მაშინ, როდესაც ის უკვე აღარავისთვის არის საინტერესო.

- რას იმიზეზებენ სახელმწიფო ორგანიზაციები, როცა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ?

- პასუხს არავინ გვცემს, მაგრამ ვფიქრობთ, ამის მიზეზი ის არის, რომ ხშირად  საქმე ეხება ისეთ ინფორმაციას, რომელიც სენსიტიურია ხელისუფლებისთვის. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო თანხების არაეფექტური ხარჯვა, საჯარო მოხელეების პრემიები, პარლამენტის წევრების სამივლინებო ხარჯები, ტენდერებთან დაკავშირებული დეტალები, საჯარო კონცერტების დაფინანსება. მაგალითად, ჟურნალისტებმა მოითხოვეს ინფორმაცია სტინგისა და ბოჩელის კონცერტების ხარჯების შესახებ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს. სასამართლოში შეეცადნენ თავიანთი უფლების დაცვას, მაგრამ ქართული სასამართლო ყოველთვის ადასტურებს ასეთი ორგანოების უარს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ინფორმაცია პერსონალურია. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიების, მივლინებებისა და საჯარო  კონცერტებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს საიდუმლო ინფორმაცია. აღსანიშნავია, ასევე, ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის დროს ხელის შეშლა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა არაადეკვატური რეაგირება. მაგალითად, რეგიონის ჟურნალისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ბოლო დროს გახმაურებულ კონტროლის პალატის საქმეზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ეკრძალებოდათ იმ შენობებში შესვლა, სადაც დაკითხვა მიმდინარეობდა. როდესაც განცხადებით მიმართეს სახელმწიფო უწყებებს და სცადეს, ასე მაინც მიეღოთ ინფორმაცია, განცხადება არ ჩაიბარეს.

- თუ დასჯილა ვინმე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ან ძალადობის გამო?

- სამართალდამცავ ორგანიზაციებს ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენიათ 2011 წლის 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმეზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ ჟურნალისტებს მიაყენა მატერიალური ზიანი, მაგრამ საქმე მხოლოდ მატერიალურ ზიანს არ ეხებოდა. მივმართეთ შსს-ს და ვთხოვეთ, კანონმდებლობის შესაბამისად ეგოთ პასუხი იმ საჯარო მოხელეებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებმაც დაარღვიეს ჟურნალისტთა უფლებები. სამწუხაროდ, ამ მოთხოვნას პასუხი არ მოჰყოლია. შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ 26 მაისის ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა სამსახურიდან, რამდენიმეს კი საყვედური გამოეცხადა, არადა, 26 მაისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა არ არის დისციპლინური გადაცდომა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან  სისხლის სამართლის კოდექსში არის სპეციალური მუხლი, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას ეხება.

შესაბამისად, ეს ხალხი უნდა დაესაჯათ. სამწუხაროდ, დღემდე რეაგირების გარეშე რჩება 2009 წლის 6 მაისისა და 15 ივნისის ფაქტებიც, როდესაც დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დაზარალდნენ ჟურნალისტები - მათ კამერები წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 2007 წლის 7 ნოემბერსაც იგივე მოხდა, მაგრამ არც ერთი ეს ფაქტი სათანადოდ გამოძიებული არ არის. ასეთ შეთხვევებში საქმე ან საერთოდ არ აღიძვრება, ან აღიძვრება, ოღონდ არა -  სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და არც ასეთი მიმართულების გამოძიებაა გამჭვირვალე. სამწუხაროდ, უკვე ტენდენციაა, რომ ჟურნალისტებისთვის ფიზიკური ან მორალური შეურაცხყოფისთვის არც ერთი სამართალდამცველი არ დაისაჯოს. შესაბამისად, მედია დაუცველად გრძნობს თავს, რაც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის განვითარებას აფერხებს  და მედიაპროდუქტის ხარისხზეც აისახება. თუ ინფორმაციას არ მიაწვდიან, დააშინებენ, მუშაობის საშუალებას არ მისცემენ და ამის აღსაკვეთად არავინ არაფერს გააკეთებს, ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ვერ შეასრულებენ.

- ალბათ, ამიტომაც "ფრიდომ ჰაუსის" მონაცემების მიხედვით, მედიის თავისუფლების ხარისხით მხოლოდ ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ ქვეყნებს, სადაც მედია საერთოდ არ არსებობს.

- ასეთი შედეგი ლოგიკურია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს ანგარიშს კონტროლის პალატასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, სადაც მედიის პრობლემებს ერთი თავი დაეთმობა. ასევე იყო 26 მაისის მოვლენების ანგარიშშიც, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაცნობთ, თუმცა, მედიის თავისუფლების ხარისხს დღემდე გაუმჯობესება არ ეტყობა.

იხილეთ სიუჟეტი: ქართული "ნაწილობრივ თავისუფალი" მედია და პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე