...მათი "ჩვენი" საქართველო - კვირის პალიტრა

...მათი "ჩვენი" საქართველო

...ფინჯანს მზის სხივი დასთამაშებს და კიდევ უფრო ჰაეროვანს ხდის ისედაც სიფრიფანა, წვრილი ყვავილებით მოხატულ ფაიფურს. ეს რატომღაც ძველი ამბების მოსასმენად განმაწყობს და ბანოვანთა ჩაის სმას მახსენებს... მით უმეტეს, რომ სუფრასთან სწორედ ასეთი ოჯახის ჩამომავალი ქალბატონები სხედან - ქეთევან და ნუნუ ავალიშვილები.

ჯვარს ვუხსენებ - მათ საოჯახო რელიკვიას, მარიამ ბატონიშვილისეულს... ეს ჯვარი 5 წლის წინ, 27 ივლისს გადასცეს საპატრიარქოს სამების ტაძრის მუზეუმს.

იმ ჯვრის ფოტო თუ გაქვთ-მეთქი. - არ გვაქვს... რატომღაც ვერ შევბედე ფოტოს გადაღება, - მპასუხობს ქეთევანი და დასძენს, ძალიან ლამაზი გახლდათ, ზურმუხტითა და მარგალიტებით იყო მოოჭვილი.

- ბევრს გაუკვირდა მაშინ -  ასეთი ძვირფასი ნივთი რომ სრულიად უანგაროდ გაიღეთ...

- რას ბრძანებთ, ჯვარი საქართველოს ეკუთვნოდა...

ცოტა ხნით დუმილი ჩამოწვა. გამახსენდა, რომ 2007 წელს ვიღაცამ ისიც უთხრა ავალიშვილებს, ეს ჯვარი რომ სოთბის აუქციონამდე მიგეტანათ, აშენდებოდითო. მაშინაც იგივე უპასუხიათ: ჯვარი ჩვენი წინაპრისა იყო, მაგრამ საქართველოს ეკუთვნოდაო...

ქეთევანი და ნუნუ ცნობილი ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის - გიორგი ავალიშვილის ქალიშვილები არიან.

გიორგი ავალიშვილი  სსრკ-ის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით "დინამო" სამჯერ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი.

წელს 50 წელი სრულდება ლეგენდარული თამაშიდან, როცა "დინამომ" ევროპის თასი მოიპოვა. მაშინ ავალიშვილი რამდენიმე თვის ჩამოშორებული იყო მწვრთნელობას. ურეკავდნენ, მაინც ულოცავდნენ გუნდის წარმატებას, რომლის ცხოვრებითაც იცხოვრა. გულწრფელად შეჰხაროდა მიხეილ ქორქიას მწვრთნელობის პერიოდში მიღწეულ წარმატებას და სიტყვას არ ამბობდა განცდილ გულისტკივილზე - 49 წლისას გამოუცხადეს, - უკვე მოხუცი ხართ და დინამოელთა წვრთნა სხვას უნდა გადავაბაროთო.

დუმილს მიჩვეული იყო. დუმდა მაშინაც, როცა გული სწყდებოდა მამამისის უსამართლოდ დავიწყებულ ღვაწლზე, ერეკლე IIII-ის მეექვსე თაობის შთამომავალს შვილებთან სიტყვაც არ უნდა დასცდენოდა პოლიტიკურ დიქტატზე, დევნაზე, შევიწროებაზე. გულში კი ალბათ ყოველ ცისმარე დღეს იმეორებდა, ვისი გორისა იყო...

წინაპრებზე არც მამამისი - ივანე (იოანე) ლაპარაკობდა. სამაგიეროდ, 1912 წლის 10 მარტს მუზეუმისათვის გადაუცია მამიდისეული შეიდიში, მუზეუმის წიგნში კი დაწვრილებით ჩაუწერია თავისი გენეტიკური ჩამომავლობა...

ივანე ავალიშვილი სოფელ ბრეთში დაიბადა გრიგოლ ავალიშვილისა და  ეკატერინე ესტატეს ასულ ციციშვილის (მარიამ ბატონიშვილის შვილიშვილის შვილიშვილი) ოჯახში... ავალიშვილებს უკვე წართმეული ჰქონდათ მამულები ბორჯომსა და ლიკანში, ამიტომ ბრეთის მამულში ცხოვრობდნენ. 1865 წელს სოფელ მარტყოფში დაიწყო მასწავლებლობა. ძალიან გაუჭირდა თურმე. "იქამდე მემძიმა, ბავშვებსაც დავუწყე ცემაო", - წერდა გულმოკლული. იმავე წელს თბილისში ცირკის წარმოდგენა უნახავს. ცხოველების გამოსვლას გაუკვირვებია. თუკი ცხოველის ისე გაწვრთნა შეიძლება, რომ ყველაფერს გიჯერებდეს, მე რა დამემართაო... მიხვდა, თავად შეეშალა რაღაც ბავშვებთან ურთიერთობაში. სრულიად შეიცვალა. და მასწავლებლობასაც დაუბრუნდა.

ივანე ავალიშვილი ილიასა და იაკობ გოგებაშვილთან მეგობრობდა. მუშაობდა ქართული ანბანის დაწერილობაზე, ოჯახში ინახებოდა მისი ხელით შესრულებული მართლწერის დედნის ფურცლები. სამწუხაროდ, ეს შრომა ღირსეულად ვერ დაფასდა...

ივანე ავალიშვილის არქივში ინახება დოსტოევსკის "მკვდარი სახლის ჩანაწერების" თარგმანი, ერთი რვეული, რომლისთვისაც ავტორს წაუწერია: "დოსტოევსკის "მკვდარი სახლი" გადათარგმნილი მქონდა თითქმის ნახევარზე მეტი - შვიდი ამისთანა რვეული. მყავდა მოჯამაგირე ოსი, რომელმაც ქართული არ იცოდა და ვასწავლე წერა-კითხვა. ერთი წლის განმავლობაში ლაპარაკიც დაიწყო. სახელად დახჩიყო ერქვა. გვარი არ მახსოვს. შინ წასვლისას, ექვსი რვეული მოეპარა და ეს ერთი დარჩენოდა. დავანებე თავი თარგმნას და მოვერიდე წვალებას და მერე მე ვთარგმნე ემილ ზოლას "მაღაროებში მომუშავეები".

არც ეს თარგმანი დაუფასებიათ სათანადოდ, არც ჯოვანოლის "სპარტაკი". ერთხანს "ალის" ფსევდონიმით წერდა... ბედის ჩარხი კი უკუღმა ჩარხავდა აწმყოს, ბრეთში სახლი ნაწილ-ნაწილ ჩამოართვეს. ბოლო ოთახში, რომელიც ავალიშვილებს ეკუთვნოდათ, გამზრდელი დატოვეს. წლების მერე შთამომავლებს გამზრდელის წერილი მოუვიდათ: თქვენ ისეთი კარგი ხალხი ხართ, ამ ოთახს ნამდვილად მაჩუქებთო... ნაჩუქარი გამოუვიდათ.

ივანეს განსაკუთრებით ახსენდებოდა სალეწი მანქანა, რომელიც  საფრანგეთიდან ჰქონდა გამოწერილი. პროლეტარებმა მამულებთან ერთად ისიც ჩამოართვეს, რომ ვერ გამოიყენეს, მინდორში დააგდეს. გაივლიდა, გამოივლიდა თურმე ივანე ავალიშვილი და დარდობდა: რა ამაოდ ფუჭდება მანქანა, როცა ხალხს ხელით მუშაობა უჭირსო... მივიდა ახალ მთავრობასთან, მანქანას შეგიკეთებთ და გამოიყენეთო. უარი უთხრეს. ივანე ავალიშვილი მატერიალურს არასოდეს დახარბებია... მაგრამ ინტელექტუალურ სიმდიდრეს ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. სწორედ სოფიო ყიფშიძის ინტელექტუალურმა მხარემ მოხიბლა. შესახედაობით არ გახლდათ მომხიბვლელი, სულიერი სამყაროთი შეძლო ივანეს გულის მონადირება. ყიფშიძეები იმერეთიდან საღოლაშენში გადმოსახლებული გლეხები იყვნენ. ავალიშვილებს კი გლეხის სისხლი მანამდე არ ერიათ. ივანეს, რომელმაც წოდებრივი ბარიერი დაარღვია, მოსაკლავად დასდევდნენ. ავალიშვილთა გენი ამით ნამდვილად არ დაზარალებულა...

P.S. ფინჯან ჩაის მიირთმევდნენ და ისევ ძველ ამბებზე საუბრობდნენ... ნამდვილი ავალიშვილები იყვნენ. ისე გაიზარდნენ, არავის უთქვამს, ერეკლეს სისხლი გირევიათო. მაინც იცოდნენ ბავშვობიდან. ახსოვთ, როგორ დინჯად შეუსწორებდა ხოლმე მამა - გიორგი ავალიშვილი მეუღლეს, თუკი მას სიტყვა "ჩემი" წამოსცდებოდა: ჩემი კი არა - ჩვენი... ჩვენში კი საქართველოსი იგულისხმებოდა... იმათი "ჩვენი შვილები" საქართველოსი იყვნენ... და სწორედ ამიტომ, ყველაზე ძვირფასი რელიკვია საქართველოს დაუბრუნეს...