"აღარ უნდა დამთავრდეს ძეგლთა "სიარული"? - კვირის პალიტრა

"აღარ უნდა დამთავრდეს ძეგლთა "სიარული"?

მოდი, ვნახოთ, არწივი, სად გაფრინდა არწივი? - ასე მარჩიელობენ ბათუმში ერთ დროს ქალაქის სიმბოლოდ(!) გამოცხადებული არწივის მისამართზე. მართალია, არწივს ამდენ "ფრენა-ფრენაში" ფრთა უკვე მოსტყდა, მაგრამ მას ქალაქ ზუგდიდამდე მაინც "ჩაუფრენია".

ლირიკული შესავალია, მაგრამ ფაქტია: ბათუმში დღემდე მარად ახალ პრობლემად "მოსიარულე ძეგლები" რჩება. იმ არწივის "აფრენა-დაფრენისთვის" დაახლოებით 800 ათასი ლარი უკვე დაიხარჯა, მემედ აბაშიძის ძეგლი კი ჯერ კიდევ საცხოვრებელი კორპუსების ერთ ბნელ კუთხეში დგას...

უმთავრესი საკითხი ამჯერად სულ სხვა ძეგლია - ჯერი დიდ ილიაზე მიდგა! ბათუმის საკრებულოს 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ილია ჭავჭავაძის ძეგლს თეატრის შენობას უკანა მხრიდან მიადგამენ(!).

დიდი ილია მართლის ძეგლი ბათუმში დრამატული თეატრისა და უმაღლესი საბჭოს წინ მდებარე მოედანზეა. წლების მანძილზე ძეგლზე ათასგვარ უწმაწურ წარწერას უფრო მეტს ნახავდით, ვიდრე ყვავილს. ძეგლის გარშემო არსებული ძველი შადრევანი, მაშინ როცა ქვეყანა ლამის შადრევნად გადაიქცა, სიბინძურის კერად ხშირადაა ქცეული.

მიმდინარე ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს კი ბათუმში ხმა დაირხა: ჩვენმა პრეზიდენტმა ილიას ძეგლსაც ჩაურბინა, ეტყობა, რაღაც თვალში არ მოუვიდა და ილიას თეატრის შენობის უკან მიუჩენს ადგილსო.

შემოდგომიდან ოპოზიციამ გაამყარა ეს ვარაუდი: "ილიას ძეგლის გადატანა გადაწყვიტეს და მორიგეობას ვიწყებთ, ძეგლს სისხლიანი ხელი რომ არ ახლონ". "ხალხის პარტიის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერის ჯუმბერ თავართქილაძის ამ განცხადებას ბათუმის საკრებულოში ერთი თვის წინ სრული აბსურდი უწოდეს: "ამის შესახებ არც კი გვისაუბრია", - აცხადებდა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე 16 სექტემბერს,  არადა, ჯერ კიდევ 31 აგვისტოს ბათუმის თეატრის თანამშრომლებს ილიას ძეგლის გადატანის მოთხოვნა ბათუმის მერიაში უკვე წარდგენილი ჰქონდათ. მერიამ საკითხი განსახილველად საკრებულოს გადასცა, საკრებულომ კი, რიგგარეშე სხდომა მოიწვია, დიდი ილიას ბედი რომ გადაეწყვიტა. საკრებულოსთვის რატომღაც საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე თეატრალის მოთხოვნა, ძეგლის ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე.

"ჩვენ გავითვალისწინეთ საზოგადოების შეკვეთა(!) და ძეგლს თეატრის მეორე მხარეს გადავიტანთ. თეატრის უკანა ნაწილი ამიერიდან თავისუფლების მოედნად იწოდება. იქ თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯარისკაცები განისვენებენ. ილიას ძეგლიც სწორედ ამ მოედანზე დაიდებს ბინას. ვფიქრობთ, ამით ილიას ღვაწლი კი არ შეილახება, პირიქით, უფრო დაფასდება", - განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძემ.

ირაკლი ჩავლეიშვილი, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" ლიდერი: "ჩატარებულიყო გამოკითხვები, წარმოედგინათ სპეციალისტებს პროექტები და შემდეგ მიეღო საკრებულოს გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს ეჩქარებოდა და საკრებულომაც ხელი სასწრაფოდ, რიგგარეშე სხდომაზე მოაწერა მოთხოვნას. ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველაფერს ერთი პირი წყვეტს. იქნებ, ძეგლი იმის გამო გადააქვთ, რომ დიდი ილიას ძეგლს უკან, სადაც გასულ წლამდე ქალაქის ბიბლიოთეკა იყო, დიდი კაზინო იქნება (?!). ამ ხელისუფლებამ ვოლსკის სახლიც გაანადგურა, სადაც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა ბათუმში ყოფნის დროს. ამის შემდეგ "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!"

თეატრალთა მოთხოვნას პირველი თეატრის დირექტორი, რეჟისორი ზაზა ხალვაში აწერს ხელს. თეატრალები გადაწყვეტილების მიღებამდე და შემდეგაც რატომღაც დუმილს ამჯობინებენ. შესაბამისად გაჩნდა ეჭვი, ხომ არ გამოიყენეს ისინი?

ჩვენ ზაზა ხალვაშს ტელეფონით დავუკავშირდით. მან კომენტარისაგან თავი შეიკავა, მხოლოდ აღნიშნა, რომ თეატრალებმა მხოლოდ მოსაზრება გამოთქვეს, შეცვლილიყო ილიას ძეგლის ადგილსამყოფელი.

...ბათუმის თეატრის შენობის უკან ვდგავარ, უზარმაზარ ხეების ჩრდილშში. მაინტერესებს, ხის ტოტებში ჩაკარგავენ ილიას თუ ამ ნარგავებს გაანადგურებენ. დადუმებულ შადრევანს შევყურებ, მალე რომ ამოავსებენ და ზედ დიდ მამულიშვილს დასვამენ... ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებ, ვიღაც მოულოდნელად მიახლოვდება და ხელებს აქეთ-იქით შლის, ბუტბუტებს:

- აღარ უნდა დამთავრდეს ძეგლების სიარული? ხან ერთ ძეგლს მიადგებიან ხოლმე, ხან - მეორეს.

გულზე ხელის ბრახუნი და კაბინეტებში ილიას სურათი კი არა, წიგნიერებაა მთავარი, მარა ჩვენისთანა უბედური განა არის სადმე ერი?! - თავისებური ინტერპრეტაციით მოჰყვა ილიას "ბედნიერ ერს" ნუგზარ დიასამიძე და ილიას ძეგლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა.

ილიას ძეგლი ჯერ კიდევ თეატრის წინაა, ამჯერად - მოვლილი და დასუფთავებული კვარცხლბეკით. ძეგლს უკან ხალხი ფუსფუსებს. არა, დიდი ილია ცოტა ხნით ისევ აქ იქნება, სანამ ძეგლის ახალი მისამართის პროექტსაც დაუკრავს ტაშს საკრებულო.

საკრებულოსგან განსხვავებით, მინდა ჩემს თანაქალაქელებს დავეკითხო, სად ურჩევნიათ ერის სულიერი მამის დანახვით სულის გათბობა.

მრავალ მოსაზრებას ვისმენ. შეხედულებები აშკარად განსხვავდება ერთმანეთისგან... და რადგან ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა, ილია თეატრის უკანო, მხოლოდ ერთი ქალბატონის სათქმელს გაგიზიარებთ:

- აჭარელი პოეტის, ზურაბ გორგილაძის ლექსის ეს სტრიქონი მიტრიალებს თავში: "იქ - საქართველოა, აქ - საქართველოა, სულ -  საქართველოა, ილია - არ ჩანს!"