"ლელოს დედოფალი" - კვირის პალიტრა

"ლელოს დედოფალი"

92 წლის თინა იმნაიშვილი 40 წელი თამაშობდა ლელოს და პოლონელების მიერ ლელოს ისტორიაზე გამოცემულ წიგნში ცოცხალ მემატიანედ შევიდა. მას "ლელოს დედოფალი" უწოდეს და როგორც თვითონ ამბობს, გამორჩეულად განვლო ცხოვრების წლები.

- ჯერ კიდევ ბავშვს ნათლიამ რახილო, ძველი ებრაული სახელი დამანათლა, გამორჩეული იქნებიო. მართალია, ამ სახელით არავინ მიცნობს, მაგრამ გამორჩეული ცხოვრება ნამდვილად მარგუნა ღმერთმა.

მშობლიური ჩოხატაურის რაიონი 19 წლისამ დავტოვე. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ მაინც მოვახერხე და ბათუმში, საექთნო სასწავლებელში ჩავაბარე. კარგი შესახედი გოგო ვიყავი და მესამე კურსზე მომავალმა საქმრომ შემათვალიერა, მოვეწონე და ცოლობა მთხოვა. თვითონაც ტანადი, ბრგე ვაჟკაცი იყო, არაფერი დაეწუნებოდა და ქე გავყევი ცოლად. ბათუმის რკინიგზაში მუშაობდა და ხელფასი 4.000 მანეთი ჰქონდა. ელმავალს ჩემი ქმრის, ალექსანდრეს სახელიც კი ეწერა. ხელმძღვანელობამ, საქორწინო საჩუქრად ერთი ოთახი "ასობნიაკი" მოგვცა. მალე ბაღანაც შეგვეძინა და ქმარმა აღარც გამიშვა სასწავლებლად. დაოჯახებიდან მეორე წელს დიდი სამამულო ომი დაიწყო და ალექსანდრეც ფრონტზე წაიყვანეს. დავრჩი ასე ერთი შვილით მარტო. ავდექი და შუხუთში, ქმრის ოჯახში გადავედი, მაგრამ აქაც ერთი პატარა ნალია დამხვდა, თურმე მისი ოჯახობაც ღარიბი ყოფილა. ჩაის პლანტაციაში მუშაობით წვალებით ვირჩენდით თავს. ერთხელ დეპოს უფროსი შემხვდა, როგორ ხარო, მეც ყველაფერი ვუთხარი. შევეცოდე, დამპირდა, შეიძლება ქმარი ჩამოგიყვანოო.

- ეგ როგორ?

- აქანა მის თანამშრომელს ავარია მოსვლია და კაცი გაუტანია. დეპოს უფროსისთვის უთხოვია, ციხეში სირცხვილით ჯდომას, ფრონტზე გმირული სიკვდილი მირჩევნია. თუ მოხერხდება, მე წავალ ფრონტზე ალექსანდრეს მაგივრადო. არ ვიცი, ბებია, რაფერ, მაგრამ ქმარი ქე ჩამემივიდა ქერჩიდან ერთ წელიწადში.

ომიდან დაბრუნებული გვერდში ამომიდგა. გვიანობამდე გვიწევდა ჩაიში მუშაობა. ასე შრომით და წვალებით ფული დავაგროვეთ და პატარა სახლიც დავდგით. ბიჭი ქე წამეიზარდა და მერე ქალ-ვაჟიც შეგვეძინა. ჩაის პლანტაციიდან მოსული ბოვშებს დავხედავდი და საღამოს ლანჩხუთის საკონსერვო ქარხანაში კონვეიერზე სამუშაოდ მივდიოდი. მალე ცეხის უფროსი გავხდი და საწყობის გამგედაც გადამიყვანეს.

პენსიაზე 58 წლისა გავედი, მანამდე სულ მეგონა, რომ პენსიონერები ადრე კვდებოდნენ.

- ქარხანაში მუშაობასთან ერთად ლელოს თამაშსაც ახერხებდით?

- უფროსი ბიჭი პირველ კლასში იყო, ლელოს თამაში რომ დავიწყე. იმდენი ფერდებჩამტვრეული და ფეხმოტეხილი მოთამაშეები მყავდა ნანახი, ბაღანა პირველად ლელოს წრეში რომ შევიდა, არიქა გაგსრისავენ, შე საცოდავო-მეთქი, ვიკივლე და მეც შევვარდი. შესვლა იყო და შესვლა, მას შემდეგ 40 წელი ვითამაშე კიდო. მე რომ შევიდოდი, ყველას ეშინოდა, დანდობა არ ვიცოდი, მაგრამ ქალების მიმართ მორიდება და პატივისცემაც იყო. ერთხელ დამიძახეს, არიქა, თინა, ღობე გაირღვა, ფრთხილად იყავიო, მაგრამ მე იმ დროს ღობე კი არა, ბურთი მაინტერესებდა. როგორ ფიქრობ ახლა შენ, 17-კილოიან ბურთს ძლივს რომ ჩაიგდებ ხელში და მერე კიდო ამდენი ხალხი გაწვება იმის ხელიდან გამოსაგლეჯად, ღობე გაინტერესებს თუ ლელოს გატანა? ერთ-ერთი თამაშის დროს ბურთი მქონდა ატაცებული, რომ ხმა გევიგე, - თინა ჩემი ხარო. ქე მივხვდი, ზედა უბნის მოთამაშე მატყუებდა და მეც მივაძახე, ქე ვიცი ვისიც ვარ, მაგრამ რა ვქნა-თქვა და ჩვენი უბნის ბიჭს გადავუგდე ბურთი.

უწინდელი ლელო და ახლანდელი ბევრად განსხვავდება, ბურთის გადაგდებასაც თავისი შნო აქვს. ბრეზენტის ჩექმებს და შარვალს რომ ჩაიცვამდნენ კაცები, თამაშის ბოლოს შემოხეული ტანსაცმლით, სახედალურჯებული ტოვებდნენ მინდორს. თუმცა  მოგებულიც და წაგებულიც ერთმანეთს ხელს ართმევდა და ულოცავდა. გატანილი ბურთი კიდო, ბებია, მოგებულ მხარეში ახლად გარდაცვლილის ოჯახში მიქონდათ. აი, ჩვენ პრეზიდენტს რომ ჰგავს იმფერი ბრგე კაცები თამაშობდნენ სულ. ვუთხარი კიდეც პირადად, აქანა რომ იყო ჩამოსული...

- სამახსოვრო სურათი გადაიღეთ?

- იმდენი ფოტოგრაფი მიღებდა სხვადასხვა მხრიდან, რომ ამ ხნის მევიყარე და ამდენი ერთად არ მინახავს... სახსოვრად კარტოჩკაც დამრჩა. აი სურათი კი 1943 წელს, ჩემს უფროს ბაღანასთან ერთად მაშინ გადევიღე, პირველად ლელოს თამაში რომ დევიწყე. აი, ეს კიდო, 1935 წელს ბახმაროში ამხანაგ გოგოებთან ერთად რომ ვიყავი დასასვენებლად, მაშინ ილუშა ფოტოგრაფმა მითხრა, თამარ ციციშვილს გავხარ,"დარიკოში" რომ თამაშობს და ეს სურათი ვიტრინაში უნდა დავდოო.

პოლონელებმაც გადამიღეს. მითხრეს, - ლელოს ისტორიაზე წიგნი უნდა დავბეჭდოთ და თქვენც იქნებითო.

- პრეზიდენტმა რა მოგართვათ?

- სააღდგომო ძღვენი იყო, პასკა, შოკოლადები და 2 ბოთლი ღვინო. მითხრა,  ლანჩხუთი უნდა ავაყვავოო, მაგრამ არ მინდა აღარაფერი. 7-8 თვის განმავლობაში უფროსი ბიჭი, ქალიშვილი და შვილიშვილი გაასვენეს ჩემი ოჯახიდან და ახლა რაღა იქნება ჩემი ინტერესი? 5 შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი დამიტოვა ღმერთმა. ახლა მათით ვცხოვრობ, მათი მიხარია და მტკივა.

გურამ სოზაშვილი