დღესასწაული, სახელად ვიქტორ ჰიუგო - კვირის პალიტრა

დღესასწაული, სახელად ვიქტორ ჰიუგო

"კვირის პალიტრის" მკითხველებმა უკვე მიიღეთ ვიქტორ ჰიუგოს რომანის "კაცი, რომელიც იცინის", პირველი ნაწილი. ბევრმა თქვენგანმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, ახალგაზრდები კი პირველად გაეცნენ ფრანგული ლიტერატურის "ოლიმპზე მდგომ" მწერალს (ანდრე მორუამ სწორედ ასე უწოდა თავის წიგნს: "ოლიმპო, ანუ ვიქტორ ჰიუგოს ცხოვრება").

რადგან ეს რომანი ორ ნაწილად გამოდის, ჩვენ ორი კვირის წინანდელ "კვირის პალიტრაში" დავიწყეთ ჰიუგოზე საუბარი და ასე მქონდა გადაწყვეტილი: მაშინ მხოლოდ საინტერესო ბიოგრაფიული დეტალები გაგვეხსენებინა, ხოლო დღეს უშუალოდ ამ რომანის "თავგადასავალზე" მოგვეთხრო.

...მაგრამ არ აღმოჩნდა ასე ადვილი: ჰიუგოს ბიოგრაფია, თუნდაც ფრაგმენტებად, გაზეთის ნახევარ გვერდში ვერაფრით ჩავატიე. არა მხოლოდ იმის გამო, რომ მწერალმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა, არამედ უფრო იმიტომ, რომ მისი ბობოქარი ცხოვრების თუნდაც ძალიან ზედაპირული და ფრაგმენტული აღწერა შეუძლებელია ასე მოკლედ. ხომ არიან მწერლები, რომლებმაც უდიდესი კვალი დაატყვეს მსოფლიო ლიტერატურას, მაგრამ მათი ცხოვრება ძალიან "ჩვეულებრივად" და "ერთფეროვნად" მიდიოდა (საფრანგეთიდან "შორს რომ არ წავიდეთ", თუნდაც გუსტავ ფლობერი, რომლის შესახებაც უკვე ვწერდით, როდესაც "50 წიგნის" პროექტით მისი რომანი შემოგთავაზეთ), ჰიუგოს ცხოვრება კი სავსეა ამბებით, ვარაუდებით, საინტერესო ფაქტებით, რეკორდებითაც კი!

დიახ, რეკორდებით, მაგალითად, ასეთით: მის რომანში "განკიცხულნი" (ჩვენში ასე დამკვიდრდა, ისევე, როგორც არაერთი ნაწარმოების სათაურის არასწორი თარგმანი. როგორც ფრანგული ენის სპეციალისტებმა მითხრეს, უფრო სწორი "უარყოფილნი" იქნებოდაო) არის 823-სიტყვიანი(!) წინადადება! თუმცა, ჰიუგოს არც რუსთაველის შეგონება "ავიწყდებოდა", გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და სრულიად საპირისპირო რეკორდიც ეკუთვნის, რომელიც ისევ ამ რომანს უკავშირდება: პარიზში არ ყოფილა მწერალი, როდესაც ეს წიგნი გამოსულა და ძალიან აინტერესებდა, როგორ იყიდებოდა დედაქალაქში. ამიტომ თავის მეგობარს, პარიზის ყველაზე დიდი წიგნების მაღაზიის პატრონს წერილი მისწერა, რომელშიც ერთი სიტყვაც კი არ იყო და მთელი "ტექსტი" აი, ასეთი გახლდათ: "?"

ის წიგნის გამყიდველიც კარგი ვინმე ყოფილა და პასუხად "მისწერა": "!"

ისე, შეეძლო რამდენიმე ძახილის ნიშანი დაესვა, რადგან "განკიცხულნმა" (მაინც ასე მოვიხსენიოთ) კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: შემოსავალმა 400 ათას ფრანკს მიაღწია! ეს არათუ მაშინ, XX საუკუნის ბოლოსაც უზარმაზარი თანხა იყო ერთი წიგნის გაყიდვიდან.

კიდევ ორი ფაქტი გავიხსენოთ და "რეკორდების თემა" დავხუროთ: 1881 წელს მთელმა საფრანგეთმა აღნიშნა საყვარელი პოეტის (როგორც წინა წერილში ვთქვით, საფრანგეთში ჰიუგო უფრო დიდ პოეტად არის მიჩნეული, ვიდრე რომანისტად) 79 წლის იუბილე. რატომ 79-ის, არ ვიცი, იქნებ არ ჰქონდათ იმედი, რომ 80-ს მიაღწევდა? ყოველ შემთხვევაში, ჰიუგომ ამის შემდეგ კიდევ 4 წელი იცოცხლა. რეკორდული კი იმ ხალხის სიმრავლე იყო, რომელმაც საკუთარი სახლის ფანჯარასთან მდგარი მწერლის წინ ჩაიარა. ისინი ხელს უქნევდნენ და ესალმებოდნენ ჰიუგოს, ის კი შვილიშვილებთან ერთად თავს უკრავდა თაყვანისმცემლებს - 600 ათას(!) კაცს!

ამდენ ადამიანს პარიზის ერთ ქუჩაზე ნაპოლეონის ტრიუმფალური შემოსვლისასაც არ ჩაუვლია. ქუჩას ეილაუს პროსპექტი ერქვა იმ დღემდე, მას შემდეგ კი ვიქტორ ჰიუგოს პროსპექტი დაერქვა და თავისივე სახელობის ქუჩაზე ცხოვრობდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

დასასრულ: 1885 წლის 1-ელ ივნისს (მანამდე 10 დღე პანაშვიდები მიმდინარეობდა) მისი კუბო პანთეონამდე (ვოლტერისა და რუსოს გვერდით) ორმა მილიონმა ფრანგმა გააცილა! შავი კატაფალკი, გარდაცვლილის ანდერძისამებრ, ღარიბულად, მხოლოდ ორი გვირგვინით იყო მორთული. ანდერძში კი ეწერა: "ვუტოვებ 50 ათას ფრანკს ღარიბებს. მინდა, რომ სასაფლაოზე ღატაკებისათვის განკუთვნილი კატაფალკით წამიყვანონ. უUარს ვამბობ ნებისმიერი ეკლესიის მიერ წესის აგებაზე. ყველას გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის. მწამს ღმერთი. ვიქტორ ჰიუგო".

წესის აგებაზე რომ უარი თქვა, შემთხვევითი არ იყო: "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" კათოლიკურმა ეკლესიამ ღვთის გმობად მიიღო და ამას არც მწერალი მალავდა: კერძო საუბრებში მას "ბნელ ძალას" უწოდებდა და ერთხელ ეს დაწერა კიდეც საგაზეთო სტატიაში, როდესაც როგორც პოლიტიკოსი საბოლოოდ განუდგა როიალისტებსა და მის მომხრე ეკლესიას.

პოლიტიკაზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რადგან ჰიუგოს მოღვაწეობის ეს სფერო მწერლობაზე მეტად გადაეხლართა მის პირად ცხოვრებას: 1841 წელს უკვე უსაზღვროდ პოპულარული ვიქტორ ჰიუგო ფრანგულმა აკადემიამ თავის წევრად მიიღო (მანამდეც ძალიან უნდოდა, მაგრამ რამდენჯერმე უარი უთხრეს), ხოლო 1842 წელს მან გამოსცა მოგზაურის ჩანაწერები სახელწოდებით "რაინი", რომელშიც გერმანიაში, მდინარე რაინზე მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები აღწერა და არა მარტო აღწერა, არამედ ინტერნაციონალური პოლიტიკის საკუთარი პროგრამაც წარმოადგინა, რომელშიც საფრანგეთს გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. ეს უკვე პოლიტიკური გამოსვლა იყო. ჰიუგომ თამამად განაცხადა საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ.

მაგრამ ამ ასპარეზზე რამდენიმე წელი გაუცდა, - 1843 წელს მისი საყვარელი ქალიშვილი ლეოპოლდინა ქმართან ერთად სენაში დაიხრჩო. არავინ იცის, უბედური შემთხვევა იყო, მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ჰიუგო პარიზიდან წავიდა, ძალიან განიცდიდა, პოლიტიკაზე აღარ ფიქრობდა, მაგრამ ბევრს წერდა.

დრო ყველაფრის მკურნალია: 1848 წელს ჰიუგო აქტიურად, ოფიციალურად ჩაება პოლიტიკაში, იგი ეროვნულ ასამბლეაშიც აირჩიეს. და სწორედ იმ დღიდან დაიწყო ის, რაც ზემოთ ვთქვით, - პოლიტიკამ საბოლოოდ აურია ცხოვრება: სამ წელიწადში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და მწერალი ბრიუსელში გაიქცა, შემდეგ კი ჯერ კუნძულ ჯერსიზე გადასახლდა, სადაც სამი წელი დაჰყო, მერე კი კუნძულ გერნსიზე. ეს იყო ლა-მანშის სრუტესთან მდებარე კუნძული, რომელზეც ფრანგები ცხოვრობდნენ, მაგრამ ბრიტანეთის ტერიტორია იყო. საერთო ჯამში 20 წელი გაატარა ჰიუგომ ლტოლვილობაში - ასე შორს და ასე ახლოს საყვარელი სამშობლოსგან (მოწმენდილ ამინდში ბინოკლით ჩანდა ფრანგული ნაპირი). სამაგიეროდ ამ ოც წელიწადში შედევრები შექმნა. ვინ იცის, სამშობლოში პოლიტიკით დაკავებულს ეცლებოდა კი ამისთვის?

1870 წელს ნაპოლეონ III-ის რეჟიმი დაემხო და განდევნილი გენიოსი საფრანგეთს დაუბრუნდა - ფრანგებმა ეს დღესასწაულად მიიღეს და ეს დღესასწაული 15 წელიწადი გაგრძელდა.

დღესასწაულის დასასრული კი ზემოთ აღვწერეთ.