"რესპუბლიკურ საავადმყოფოში C ჰეპატიტით დამაავადეს!" - კვირის პალიტრა

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში C ჰეპატიტით დამაავადეს!"

დონორებს ანალიზები ჩაუტარდათ და ორ მათგანს C ჰეპატიტი აღმოაჩნდა, ამ ორიდან ერთს კი - სიფილისიც(?!)

"ჩვენს ქვეყანაში სისხლის გადასხმა უსაფრთხო არ არის!"

მამუკა ცუხიშვილი: "2010 წლის 10 აპრილს კუჭის წყლული გამისკდა და სისხლდენა დამეწყო. საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსში (ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში) გადამიყვანეს. ჩამიტარეს გამოკვლევა, მათ შორის - ღვიძლის ფუნქციური სინჯები. ჰემოგლობინი მქონდა დაბალი, სხვა ყველაფერი ნორმაში აღმომაჩნდა. სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ ექიმებმა ჩათვალეს, რომ აუცილებელი იყო სისხლის გადასხმა, რადგან ბევრი სისხლი მქონდა დაკარგული... საავადმყოფოდან 13 აპრილს გამომწერეს. დაახლოებით ერთ თვეში თავი ცუდად ვიგრძენი და ისევ მივაკითხე სამედიცინო დაწესებულებას. დაადგინეს, რომ ღვიძლი და ელენთა გადიდებული მქონდა. ეს კი პირდაპირ C ჰეპატიტზე მიუთითებს. ამიტომ ექიმ-ჰეპატოლოგთან მივედი. პირველად ანალიზში C ჰეპატიტის ვირუსი არ გამოჩნდა, მაგრამ ღვიძლის ფუნქციური სინჯები აჩვენებდა ნორმისგან გადახრას. ექიმმა ჩ ჰეპატიტის თვისებრივი გამოკვლევა მირჩია. საქმე ის არის, რომ დაინფიცირებიდან 35-36-ე დღეს მარტივი გამოკვლევებით C ჰეპატიტი არ ჩანს, საავადმყოფოში სისხლის გადასხმიდან კი სწორედ ეს დრო იყო გასული. თვისებრივი გამოკვლევის შედეგად მწვავე (ახალი) C ჰეპატიტი აღმომაჩნდა რეპლიკაციის (გამრავლების) ფაზაში. ეჭვი არ იყო, სისხლის გადასხმით დავსნებოვნდი, მაგრამ ეს უნდა დამემტკიცებინა. ამიტომ მივმართე სასამართლოს".

2011 წლის 29 აპრილს სასამართლომ რესპუბლიკური საავადმყოფო ბრალეულად ცნო მამუკა ცუხიშვილის დაინფიცირებაში და დაადგინა, რომ გადასხმული სატრანსფუზიო საშუალებები შვიდი დონორის სისხლით იყო დამზადებული. აქედან 6 პირი აქტიური (ანაზღაურებადი) დონორია, ერთი კი მოხალისე. სარჩელის აღძვრიდან რამდენიმე დღეში დონორებს ანალიზები ჩაუტარდათ და ორ მათგანს C ჰეპატიტი აღმოაჩნდა, ამ ორიდან ერთს კი - სიფილისიც(?!).

მამუკა ცუხიშვილი: - სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხე მხარის ადვოკატები და განაცხადეს, დონორებიდან ორს C ჰეპატიტი აღმოაჩნდაო.

- სისხლი საიდან მოიტანეს?

- რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს სისხლის ბანკი, საიდანაც სარგებლობს საქართველოს მოსახლეობა. C ჰეპატიტითა და სიფილისით დაავადებული დონორი ქალი აღმოჩნდა. მეორე, C-ჰეპატიტიანი მოხალისეა, ერთჯერადად ჩააბარა სისხლი ახლობლისთვის, რომელიც პაციენტს აღარ დასჭირდა და სისხლის კომპონენტების დასამზადებლად გამოიყენეს.

საქმეში ჩაერთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც. შემოწმებამ ცხადყო, რომ ამ დონორების სისხლით დამზადებული ტრანსფუზიური კომპონენტები სხვადასხვა კლინიკაში მყოფ პაციენტებსაც გადაუსხეს (ჩვენთვის ცნობილია იმ პაციენტთა ვინაობა).

იმ პაციენტებს, რომლებსაც 2009 წლის დეკემბრის ბოლოდან 2010 წლის 5 მაისამდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ან პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაესხათ სისხლი, ვურჩევთ C ჰეპატიტზე შემოწმება გაიარონ.

დადგინდა ისიც, რომ არც ერთ აქტიურ დონორს არ ჰქონდა ჩატარებული ყოველწლიური სავალდებულო ანალიზი. ასეთი მხოლოდ ერთი მამაკაცია და მასაც 2004 წელს აქვს შემოწმებული სისხლი.

ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც სისხლის გადასხმა დასჭირდება, შეიძლება დასნებოვდეს. მე, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, ქვეყნის უდიდეს სამკურნალო დაწესებულებაში დამაავადეს! სისხლში ვირუსის შეჭრიდან 14 კვირაში დაავადება სწრაფად პროგრესირებდა და რომ არა დროული ჩარევა, სასიკვდილოდ ვიყავი განწირული. 12-15 ათასი ლარი, რომელიც დაავადების სამკურნალოდ არის საჭირო,  ჩემი კატეგორიის ადამიანს არ გააჩნია. სახელმწიფოში კი C ჰეპატიტით დაავადებულთათვის პროგრამა არ არსებობს. მეტიც, რატომღაც C ჰეპატიტს ნარკომანების დაავადებას უწოდებენ. სწორედ იმ პერიოდში, როცა სამკურნალო ფულის შესაგროვებლად ყველაფერს ვყიდდი, C ჰეპატიტისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციიდან გამოსულ ჯანდაცვის მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ ფინანსდება C ჰეპატიტის მკურნალობაო? მინისტრმა ბრძანა, ეგ ნარკომანების დაავადებაა, ჯერ ნარკომანებს უნდა ვუმკურნალოთ და მერე C ჰეპატიტსო.

ვეჭვობ, დონორებს არ უტარებენ გამოკვლევას ტრანსმისიურ ვირუსებზე (B, C ჰეპატიტები, შიდსი და სიფილისი), ამასთან, სპეციალისტთა პროფესიონალიზმისა და ხარისხიანი რეაქტივების პრობლემაც არის. როცა შვიდიდან ორ დონორს აღმოაჩნდება C ჰეპატიტი, შემთხვევითობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

- სამკურნალო თანხის გადახდა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ არ ითავა?

- ცინიზმიც ამას ჰქვია, - მოპასუხე მხარე ამტკიცებდა, რომ სხვა მიზეზით დავინფიცირდი და არა კლინიკაში... რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაგებელში ნათქვამია: "გვაქვს მყარად დასაბუთებული ფაქტები, რომ პაციენტ მამუკა ცუხიშვილისთვის გადასხმული სისხლი იყო შემოწმებული სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ კანონის ნორმათა სრული დაცვით". მიუხედავად ამისა, მყარი არგუმენტები რესპუბლიკური საავადმყოფოს ადვოკატებმა სასამართლოში ვერ წარადგინეს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაინფიცირების ფაქტი შესაძლებელი იყო გამორიცხულიყო ერთადერთი მეთოდით, თუ დაინფიცირებული დონორების გენოტიპი ჩემსას არ დაემთხვეოდა (C ჰეპატიტს რამდენიმე გენოტიპი აქვს). სასამართლომ ინფექციურ საავადმყოფოს დაავალა, გამოეკვლია ორი დონორი გენოტიპების დადგენის მიზნით, მაგრამ არც ერთი არ გამოცხადდა, არც რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიუღია ზომები ექსპერტიზაზე მათ წარსადგენად. გარკვევით ვამბობ: მე, მამუკა ცუხიშვილი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში C ჰეპატიტით დამაავადეს! არადა გვარწმუნებენ, რომ საქართველოში სისხლი უსაფრთხოა! ეს სიცრუეა! მე ვარ ცოცხალი მაგალითი, რომ ჩვენს ქვეყანაში სისხლის გადასხმა უსაფრთხო არ არის!..

P.S. რასთან გვაქვს საქმე - შემთხვევითობასთან თუ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან, ამაზე საჯაროდ საუბარი სპეციალისტებმა არ ისურვეს. ზოგმა ამ ამბავს ზღაპარი უწოდა, ზოგმა კი თქვა, რომ როცა შვიდი დონორიდან ორი C ჰეპატიტით და სიფილისით აღმოჩნდება ინფიცირებული, ეს შემთხვევითობა კი არა, სისტემაა და ეს პრობლემა მხოლოდ ერთ საავადმყოფოს არ ეხება.

ხათუნა პაიჭაძე

ქუთაისის სისხლის ბანკიდან გატანილი სისხლით ათამდე კაცი შიდსით დაავადდა(!)

ეს ამბავი ინფიცირებული სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული ერთადერთი სკანდალი როდია. 2006 წელს ქუთაისის სისხლის ბანკიდან გატანილი სისხლის კომპონენტების გადასხმით შიდსით ათამდე კაცი დაავადდა.

მაშინ სპეციალისტებმა ეს ფაქტი დაბალი მგრძნობელობის რეაქტივებს დაუკავშირეს. ქუთაისის სისხლის ბანკის შემოწმების შედეგები კი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.

გაირკვა, რომ გამოკვლევები ჩატარებულა არარეგისტრირებული ტესტსისტემებით, რომელთაც  სახელმწიფო ექსპერტიზა არ ჰქონდათ გავლილი. ერითროციტულ და თრომბოციტულ მასას ბაქტერიოლოგიური კონტროლი არ გაუვლია, რადგან ლაბორატორიას არ გააჩნდა საკმარისი ჭურჭელი(?!). უხეში დარღვევით იღებდნენ საანალიზო ნიმუშებს, არ იყო მითითებული სინჯის აღების თარიღიც და ა.შ. მიუხედავად ამისა, მაინც ხდებოდა სისხლის კონსერვაცია. ქუთაისის სისხლის ბანკში არც სანიტარიული ნორმები იყო დაცული, დაწესებულებაში უკანონო საექიმო საქმიანობაც იყო გაჩაღებული, - სისხლის ბანკი არარეგისტრირებულ და ვადაგასულ სტანდარტულ შრატებს ამზადებდა და შემდგომ სამედიცინო დაწესებულებათა ქსელში ავრცელებდა. ამის გამო კი იმერეთის მხარეში პაციენტთა უმრავლესობას სისხლის ჯგუფი შეცდომით ჰქონდა განსაზღვრული(?!). ქუთაისის სისხლის ბანკში სისხლს იღებდნენ და ამზადებდნენ პირები, რომლებიც თავად იყვნენ დაავადებული ჩ ჰეპატიტით(?!).

ამ სკანდალს მაშინ ქუთაისის სისხლის ბანკის დირექტორის, მირიან კვირიკაძის უფრო სკანდალური განცხადება მოჰყვა, - არარეგისტრირებული იყო ის ტესტსისტემებიც, რომელიც ბანკმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღოო.

შემაშფოთებელი სტატისტიკა

ჰეპატიტის გავრცელებით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვმა 200000-ს გადააჭარბა. 2004 წელს ჩატარებული კვლევებით მოსახლეობის 6,7% ამ ვირუსის მატარებელი იყო. მას შემდეგ კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ვითარება ცხადყოფს, რომ სურათი მხოლოდ უარესობისკენ თუ შეიცვლებოდა. პრობლემის სიმწვავის შესაფასებლად არსებული პროცენტული მაჩვენებელიც კმარა, რომელიც ადასტურებს, რომ C ჰეპატიტის გავრცელებით საქართველო მსოფლიოში - მესამე, რეგიონში კი პირველი ქვეყანაა. ქვეყანაში ყოველწლიურად C ჰეპატიტით დაავადების დაახლოებით 2000 შემთხვევა ფიქსირდება.

სამკურნალო პრეპარატების სიძვირის (6.000-დან 15.000 დოლარამდე ჯდება) გამო პაციენტთა უმრავლესობა მკურნალობაზე უარს ამბობს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში როგორც გამოკვლევას, ასევე მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს. მეტიც, ამის აუცილებლობას პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც მიხვდნენ და სასიკვდილოდ განწირულ უფულო მოქალაქეებს არც ყაზახეთსა და უკრაინაში იმეტებს ხელისუფლება.

C ჰეპატიტი გასული საუკუნის მიწურულს, 1989 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ ექიმებს მისი გავრცელების სისწრაფე აშფოთებთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში C ჰეპატიტით დაახლოებით 200 მილიონი კაცია ინფიცირებული. ზოგი სამედიცინო უწყება კი უფრო საგანგაშო ციფრს ასახელებს - ერთ მილიარდს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ მსოფლიოს მასობრივი ეპიდემიისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს და მომავალი 20-30 წლის განმავლობაში კაცობრიობის მთავარი საფრთხე არა შიდსის ვირუსი, არამედ სწორედ  C ჰეპატიტი იქნება.

C ჰეპატიტით დაავადების მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით

ეგვიპტე      22%

ტუნისი          9%

საქართველო      6,7%

პაკისტანი      6,5%

რუსეთი          4,5%

სომხეთი      3,5%

ჩინეთი          3,2%

იაპონია      2,3%

იტალია      2,2%

ამერიკა      1,8%

საფრანგეთი      1,1%

ავსტრალია      1,1%

ინდოეთი      0,9%

კანადა          0,8%

გერმანია      0,6%

"ყველაზე მძიმე დანაშაული გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის მიტევებაა" ლუდვიგ ბერნე