"მის როსია" ქართველია! - კვირის პალიტრა

"მის როსია" ქართველია!

რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ მერი ასათიანმა 2003 წლის სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და "ციმბირის ვარსკვლავის" წოდება მოიპოვა. ალბათ, გაოცდებით, სად ქართველი მერი და სად ციმბირიო, მაგრამ ამქვეყნად ყველაფერი ხდება...ზესტაფონში დაბადებული გოგონა მშობლებმა ციმბირში წაიყვანეს. იქ გაიზარდა, დაამთავრა მუსიკალური კოლეჯი საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობით, ასევე, საერთაშორისო იურიდიული ინსტიტუტი ადვოკატის სპეციალობით და ახლა მისი ოცნების ასრულების ჯერიც დადგა, - "დიპლომი უკვე მაქვს, ჩიტივით თავისუფალი ვარ და ახალ ცხოვრებას ვეშურები..."

მერი ასათიანი: - 17 წლისამ ბედი ციმბირში გამართულ სილამაზის კონკურს "კუზბასსკაია კრასავიცაზე" ვცადე და "მის გრაცია" და "მის აღტაცება" გავხდი. იმავე წელს, 2003-ში ბედმა ისევ გამიღიმა და სოჭში, მოდის კვირეულზე ცნობილი მოდელიერი ვიაჩესლავ ზაიცევი გავიცანი. მოგვიანებით, 2007 წელს მან შემიკერა საღამოს კაბა სილამაზის მსოფლიო კონკურსისთვის "მის მსოფლიო ტურიზმი", რომელიც იმხანად თურქეთში ჩატარდა. წარმოდგენილ 112 საღამოს კაბას შორის სწორედ მისი კაბა აღიარეს საუკეთესოდ. აღფრთოვანებულმა ზაიცევმა ექსკლუზიური მოდელობა და თავის საიუბილეო საღამოზე სიმღერით გამოსვლა შემომთავაზა.

- მერი, შენს უახლეს დიდ წარმატებაზეც გვიამბე.

- საერთაშორისო კონკურსი "მის ათასწლეულის სილამაზე - 2009" , რომელიც წელს საიუბილეო - მე-15 გახლდათ, თებერვალში ამერიკის კონტინენტზე, დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში ჩატარდა. მასში კონკურსანტთა ოთხი კატეგორია მონაწილეობს - ბავშვები, მოზარდები, ქალიშვილები, გათხოვილი ქალბატონები და სხვა კონკურსებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ საცურაო კოსტიუმებით, საღამოს კაბებითა და ეროვნული სამოსით გამოსვლის გარდა, საკარნავალო კაბითაც უნდა წარვმდგარიყავით. მე ესპანური თემა ავირჩიე. ფესტივალს 100-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. ეს ფესტივალი ჩემთვის უჩვეულოდ დაიწყო. ძალიან ავღელდი, როდესაც წინასაკონკურსოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ჟიურის თხუთმეტმა წევრმა უცნაური "გასაუბრება" მომიწყო - ჩანს, იცოდნენ, რომ რამდენიმე ენაზე ვმღეროდი და კითხვა-პასუხის ნაცვლად, მოულოდნელად მთხოვეს, იმღერეო. მეც გამოცდილ შემფასებლებს ვნებიანი სატრფიალო სიმღერა ესპანურად შევუსრულე. დარბაზიდან გამოსულმა ვიგრძენი, რომ "გასაუბრებამ" წარმატებით ჩაიარა... ვერ წარმოიდგენთ, რა განცდა დამეუფლა კონკურსის კულმინაციისას - ბოლოს, საფინალოდ ოთხნი შეგვარჩიეს და დაიწყეს დასახელება: მესამე ვიცე "მის ამერიკა"! მეორე ვიცე - "მის იაპონია"! და მცირეოდენი მტანჯველი პაუზის შემდეგ საზეიმოდ აცხადებენ: პირველი ვიცეა "მის აფრიკა"!.. "მის ათასწლეულის სილამაზე - 2009" კი გახდა "მის როსია" - მერი ასათიანი! მართალია, ქართველი ვარ, მაგრამ ვცხოვრობ რუსეთში და სწორედ ამ ქვეყნის სახელით გამოვდივარ. ვოცნებობ, ერთხელ მაინც წარვადგინო ჩემი სამშობლო - საქართველო მსოფლიო არენაზე. სილამაზის მსოფლიო კონკურსების ერთ-ერთი ტრადიცია მონაწილეების ბავშვთა სახლებში სტუმრობაა. საქართველოს სახელით გამოსვლა და წარმატება იმის საშუალებასაც მომცემს, ოფიციალურად ვესტუმრო საქართველოს ბავშვთა სახლებს და ქართველ ბავშვებსაც გავუკეთო სიკეთე...

- მგონი, სასიამოვნო ინფორმაცია გაქვს ქართველი ხალხისთვის?

- დიახ და მინდა, სწორედ თქვენი გაზეთის მეშვეობით განვაცხადო:  საქართველოს ხელისუფლებას "მის მსოფლიო ტურიზმი - 2009"-ის (რომელიც 1985 წლიდან ტარდება. - ი.ხ.) საქართველოში ჩატარების კარგი შანსი აქვს. ჩვენ დავიყოლიეთ "მის მსოფლიო ტურიზმის" პრეზიდენტი ჯონ სინგი მსოფლიო კონკურსის საქართველოში ჩატარებაზე. ამ დღეებში მე და ჩემი დირექტორი საქართველოში ჩამოსვლას და ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრას ვაპირებთ. მზად ვარ, მათთან შეთანხმებით რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტიც ჩავატარო თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში, მაგალითად, ზესტაფონში, სადაც დავიბადე; ბათუმში, სადაც "მის საქართველო - 2006"-ში მონაწილეობის შემდეგ ბევრი მეგობარი შევიძინე; ახალციხეში, სადაც ჩემი ოსი ბებია ჟუჟუნა ცხოვრობს... საქართველო ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა და "მის მსოფლიო ტურიზმის" ჩატარებით კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიქცევს. იმედია, საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შედეგიანი იქნება და ეს კონკურსი კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმს.

ირმა ხარშილაძე