"მე დავბრუნდი" - კვირის პალიტრა

"მე დავბრუნდი"

"აქ დარჩენა მინდა, ჩემი ქართველების ტკივილი და სიხარული რომ გავიზიარო"

"ჩემი მშობლიური ქუდი დავიხურე"

"მე დავბრუნდი" - ეს ორი სიტყვა ქართველ მეგობრებს საქართველოში დაბრუნებულმა მეჰდი (მიშა) ხოციანმა (ხუციშვილი) სოციალური ქსელით გაუგზავნა. ფერეიდნელმა ქართველმა ირანში უზრუნველ ცხოვრებაზე უარი თქვა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულმა საკუთარი შრომით გადაწყვიტა ფულის შოვნა.

დავიბადე 1984 წელს ფერეიდანში, იქ, სადაც 99% ქართული სულისა და გულის მქონე ადამიანი ცხოვრობს. 5 წლის ვიყავი, მამამ საქართველოს შესახებ რომ მომიყვა. მე ირანში გადასახლებული ჩვენი საგვარეულოს მე-17 თაობა აღმოვჩნდი.  სკოლის დამთავრების შემდეგ ისპაჰანში გადავედით, რადგან მამაჩემმა ადგილობრივ გუბერნიაში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. უბანში, სადაც ჩვენ დავსახლდით, ყველამ იცოდა, რომ გურჯების ერთადერთი ოჯახი ვიყავით.

2004 წელს მამამ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ფერეიდნელი ქართველების დელეგაციასთან ერთად საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოიარა, უკან დაბრუნებულებმა კი ქართული ლიტერატურა და ფილმები ჩამოიტანეს. ამან გააათმაგა ჩემი ინტერესი ისტორიული სამშობლოს მიმართ. თანდათან ვგრძნობდი, რომ წაკითხული და ნანახი არ მაკმაყოფილებდა. სხვათა შორის, ქართულ კულტურასთან პირველი შეხება მულტიპლიკაციური ფილმით "წუნა და წრუწუნა" მოხდა.

- პირველად როდის ჩამოხვედით საქართველოში?

- 2009 წელს. სარფის საბაჟო როგორც კი გადმოვკვეთე, მივხვდი, რომ სამშობლოში დავბრუნდი. აქ სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა მიხო სვიმონიშვილმა გვიმასპინძლა. შემომთავაზეს საქართველოში დარჩენა და დახმარებასაც დამპირდნენ, მაგრამ ისე არა, ფულს ჯიბეში ჩაგიდებთო, ჩემი შრომით უნდა გამეკვლია გზა. გახარებულმა ეს შანსი ხელიდან  არ გავუშვი და დავთანხმდი. პირველად მარნეულის სასურსათო ქარხანაში დავიწყე მუშაობა. მერე სხვადასხვა ადგილზე ვმუშაობდი, Mმაგრამ ჩემი ჩამოსვლიდან სამ თვეში უფროსი ძმა გახდა ცუდად და უკან დაბრუნებამ მომიწია. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ისევ საქართველოში დავბრუნდი. გავიდა დრო და ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დავრწმუნდი. მივხვდი, რომ თავისუფალი აზროვნების, ცხოვრებისა და რაც მთავარია, სითბოსა და სიყვარულის ქვეყანაში ვიყავი.

უკან ვერ დავბრუნდებოდი, რადგან ამ გრძნობას ციხიდან გამოსული კაცის უკან დაბრუნების აუტანელ განცდას შევადარებ.

ახლობლების რჩევით ქართული განათლების მიღება გადავწყვიტე და ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვაპირებდი ჩაბარებას. როგორც თავისუფალი მსმენელი, ლექციებსაც ვესწრებოდი, მაგრამ ირანში აღებული ატესტატი არ აღიარეს და სხვა, ალტერნატიული სასწავლებლის ძებნაში პროფესიული კოლეჯი გამოჩნდა.

- გიდობა როგორ დაიწყეთ?

- შემთხვევით. იმ დროს ჯერ კიდევ მარნეულის სასურსათო ქარხანაში ვმუშაობდი. ძველი თბილისის ქუჩებში ვსეირნობდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჯიბეში ირანული ფულის გარდა, ერთი თეთრიც არ მედო, ხელფასის აღებამდე კი 14 დღე იყო დარჩენილი. გავიხედე და მსუბუქი მანქანა დავინახე ირანული ნომრებით. მივედი და ვთხოვე, ირანული ფული დოლარებში გადამიცვალეთ-მეთქი. მითხრეს, თუ ქართული კარგად იცი, ჩვენ ამ ქალაქში პირველად ვართ, დაგვათვალიერებინე და შენი შრომის საზღაურსაც დაგიმატებთო. ეს კარგი შემოთავაზება იყო. წიგნებიდან ჩემით ნასწავლი და ქართველი მეგობრების მონაყოლი თბილისის ისტორია და კულტურა მშვენივრად ვუთარგმნე სპარსულად. დავათვალიერებინე ნარიყალა და აბანოთუბანი. საბოლოოდ, ისინიც კმაყოფილი გავუშვი და მეც რამდენიმე საათში კარგი ანაზღაურება მივიღე. იმ დღის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, დავუფლებოდი გიდის პროფესიას.

- ვიცი, რომ ხშირად ანაზღაურების გარეშეც უწევთ გიდობას ირანულ ჯგუფებს.

- კი, მართალია. ასე იყო ნოვრუზ-ბაირამობისას. ამ დროს   ირანში უქმეებია. ჩამოსული იყო ჯგუფი. თბილისის დათვალიერების შემდეგ მცხეთაში წასვლა შევთავაზე. საკუთარი ხარჯით წაგიყვანთ და დარწმუნდებით, რომ ასეთი სილამაზის ნახვა აუცილებელია-მეთქი. საღამოს სალობიეშიც დავპატიჟე და კარგად მოილხინეს.

- მოეწონათ?

- რა თქმა უნდა. ირანელებს ხინკლის ჭამის წესსაც კი ვასწავლი. მეც კარგად გეახლებით ჩვენს გემრიელ კერძებს და ვურჩევ მათაც დააგემოვნონ. მეტსაც გეტყვით, ისინი მხოლოდ ჩვენი კერძებით, ისტორიითა და კულტურით მოხიბლული კი არ ტოვებენ საქართველოს, ხალხით არიან აღფრთოვანებული. მეც ასე ვიყავი... ამიტომაც გადავწყვიტე აქ დაფუძნება.

სხვათა შორის, ბევრმა ფერეიდნელმა ქართველმა ვერ აუღო ალღო აქ ცხოვრებას, ვერ შეეგუა. მაგრამ ხომ ნათქვამია, სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი დაიხურეო, მეც ჩემი მშობლიური ქუდი დავიხურე, მოვირგე და ასე ვცხოვრობ.

ერთმა გოგომ მითხრა, ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, თითქოს სიყვარული არ იცი, რა არისო. მეც ვუთხარი, როგორ არ ვიცი, როცა ჩემი საქართველო  თავდავიწყებით მიყვარს, მე ხომ მის ყველა ბალახსა და ფოთოლსაც კი ვეფერები-მეთქი.

აქ დარჩენა მინდა, ჩემი ქართველების ტკივილი და სიხარული რომ გავიზიარო.

გურამ სოზაშვილი