ღვთისმშობლის გამოსახულებიანი VI საუკუნის ბრინჯაოს ბეჭედი - კვირის პალიტრა

ღვთისმშობლის გამოსახულებიანი VI საუკუნის ბრინჯაოს ბეჭედი

სენსაციური აღმოჩენა - ჟინვალის ფასდაუდებელი განძი

ქართველები ათასწლეულებში ჩარჩენილი წარსულით ძალიან განებივრებული ვართ, მაგრამ რაზეც ახლა მოგითხრობთ, მარტო სენსაცია ან ექსკლუზივი როდია, სულისშემძვრელი და ლამაზი ამბავიც არის. ყოველ შემთხვევაში, როცა არქეოლოგმა ვერიკო ჩიხლაძემ VI საუკუნის ბრინჯაოს ბეჭედი მაჩვენა და ზედ ამოტვიფრულ სახეს დავხედე, სუნთქვა შემეკრა, - დედაღვთისმშობელი ჩვილი იესოთი ხელში, 15 საუკუნე მიწაში ნამყოფი ბეჭდიდანაც გულს მითბობდა.

- ამ აღმოჩენის შესახებ არ იცის ფართო ქართველმა საზოგადოებამ. არადა, მთელ ამიერკავკასიაში ღვთისმშობლის ასეთი ძველი გამოსახულება არ არსებობს. მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა ჟინვალის ექსპედიციის აღმოჩენების აღწერა, - იქ გათხრები თხუთმეტი წელიწადი მიმდინარეობდა და იმდენი მასალაა მოპოვებული, რომ მათ დალაგებასა და აღწერას დიდი დრო სჭირდება. ბეჭედი დაახლოებით IV-VI საუკუნის კატაკომბურ სამარხში ვიპოვეთ. ეს ძალიან საინტერესო სამარხებია - გაქრისტიანებული რომიდან შემოვიდა საქართველოში და ადგილობრივი, ახალგაქრისტიანებული გარდაცვლილები იკრძალებოდნენ. სამ მეტრამდე სიმაღლის ჭებს თხრიდნენ, მასში მიცვალებულს ფსკერამდე ჩაასვენებდნენ და კედელში გამოჭრილ აკლდამებში კრძალავდნენ, მამაკაცებს - ქრისტიანულად, ქალებს კი ზოგჯერ წარმართულად - ფეხებმოკეცილს (იმიტომ, რომ ქალი ზოგადად ტრადიციას ჯიუტად ინახავს). ჯერ აკლდამას მიაფარებდნენ ლოდს, მერე ჭას, ძირითადად, ბაზალტისას. ბაზალტი ხომ საქართველოში ბლომად მოიპოვება. აი, სწორედ ასეთ სამარხში ვიპოვეთ ღვთისმშობლის გამოსახულებიანი ბრინჯაოს ბეჭედი, რომელიც მამაკაცს მარჯვენა ხელის არათითზე ეკეთა.

- მაშინვე ჩანდა, რაც იყო?

- ასეთი უნაზესი გამოსახულება დამუშავების გარეშე როგორ გამოჩნდებოდა. გავწმინდეთ და მივხვდით, რაც იყო და რა მნიშვნელობაც ჰქონდა. მაგრამ ასეთი უძველესი და უფაქიზესი ნამუშევრის შესწავლა არც ისე ადვილი საქმეა - მე და ქალბატონი ელენე კავლელაშვილი დიდხანს ვმუშაობდით. ელენე გამოსახულებას რამდენიმე კვირა ხატავდა. ასე გამოიკვეთა მთელ ამიერკავკასიაში უძველესი დედაღვთისმშობლის გამოსახულება. წმინდა მარიამი დაბალ სკამზე ზის და გათხოვილი ქალის შესამოსელი აცვია - გრძელი კვართი, თავზე გრძელი მანდილი ახურავს, ხელში სახვევებში შეფუთული ყრმა უჭირავს, - ცალი ხელი ჩვილს მხრებს ქვემოთ აქვს შეცურებული, ცალიც - მენჯის ქვემოთ. ამიტომაც ჩვილი იესოც მოხრილია დედის მკლავებში, მის თავს უკან კი ბერძნულად წერია "მარა" - დედაღვთისმშობლის ადრეული სახელი. გამოსახულება ისეთი ნატიფია, რომ დედაღვთისას თავსახვევიდან თმაც კი მოუჩანს. შარავანდით კი მხოლოდ ჩვილია შემოსილი - იმ დროს ღვთისმშობელს ჯერ კიდევ შარავანდის გარეშე გამოსახავდნენ.

- როგორ თარიღდება ბეჭედი?

- ასეთი აღმოჩენების დათარიღებისას ძირითადი მნიშვნელობა გამოსახულების ტიპს ენიჭება. ჩვენ ამის მიხედვით გამოსახულება დაახლოებით VI საუკუნის 32-52-იანი წლებით დავათარიღეთ. საქმე ის არის, რომ უფრო გვიანდელ ღვთისმშობლის გამოსახულებებში დედაღვთისა სკამზე არსად ზის. ისეთი ნაოჭებშეყრილი სამოსი კი, როგორიც ჟინვალის ღვთისმშობელს აცვია, დაახლოებით V საუკუნის რომაულ ბაზილიკაზეა გამოსახული. რაც მთავარია, ბეჭედიც და მასზე ამოტვიფრული გამოსახულებაც ჩვენთან არის დამზადებული. მეტსაც ვიტყვი, - ამავე სამაროვანზე ასეთივე ფასდაუდებელი მეორე აღმოჩენაც გვაქვს: იქვე ვიპოვეთ ბრინჯაოს მოოქრული ბეჭედი, რომელზეც უდიდესი ხელოვნებით არის გამოსახული ქრისტესშობის სცენა. ამ ცნობასაც პირველად ვაწვდით ქართველ საზოგადოებას. სამწუხაროდ, ამ გამოსახულების ფურცელზე გადმოტანა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, მაგრამ მთავარია, რომ ის არსებობს და ჩვენს ისტორიას კიდევ ერთი საუნჯე შეემატა.