"ხალხი ბრბოა", მაგრამ ბრმაც არის??? - კვირის პალიტრა

"ხალხი ბრბოა", მაგრამ ბრმაც არის???

ამრავლე და აპიარე, ანუ "თბილისური ამბები"

მას შემდეგ, რაც ქალაქის მერიის მიერ გამოცემულ ჟურნალ "თბილისურ ამბებს" ჩავხედე, პირველად საქართველოში  პრეზიდენტის პიარმიზნების დასაკმაყოფილებლად ახალი გამრავლების ტაბულა აღმოვაჩინე. მოკლედ, როგორც კი დაზღვეულ მოქალაქეთა ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მკურნალობის შესახებ ერთგვერდიან რეკლამას დავუკვირდი, პრეზიდენტის "დეკორაციაში" აშკარა "გარღვევა" შევნიშნე. თავდაპირველად, ვერაფრით მივხვდი, რატომ ჰქონდა პრეზიდენტის "დეკორაციას" მინგრეული სიფათი, უფრო სწორად, სიფათები...

"გამიკვირდა, ერთბაშად ამდენი თავყბაგაერთიანებული პრეზიდენტის "მომხრეების" ხილვა, - კარგად რომ დავაკვირდი, ისიც აღმოვაჩინე, რომ ერთი და იგივე პირდაღებული კაცი, ამ დეკორაციაში მინიმუმ ორჯერ მეორდებოდა. გავიფიქრე, მეჩვენება-მეთქი და ჟურნალი გვერდით გადავდე, მაგრამ იმ თავყბაგაერთიანებული ხალხის ცოდვამ არ მომასვენა. ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, მე რომ მოჩვენება მეგონა, ფოტოშოპი აღმოჩნდა. ფოტოშოპით პრეზიდენტის "დეკორაცია" ისე გაუმრავლებიათ, რომ ჟურნალში ტევა აღარ არის.  როგორც ჩანს, პრეზიდენტის პიარდეკორაციის შესაქმნელად მიყვანილი ხალხი აღარ არის საკმარისი და ფოტოშოპის მოშველიება გახდა აუცილებელი. მაგრამ რაშია იცით საქმე? სხვა თუ არაფერი, ფოტოშოპის პიარაქცია მაინც გააკეთეთ ხარისხიანად, ხალხია ბოლოს და ბოლოს, რა დააშავეს ისეთი, ასე ერთიანად რომ აზილეთ "თბილისურ ამბებში"! (ყვითელი ჩარჩოთი ჩვენ მიერ მონიშნულია მერიის პიარპროფესიონალების "იაღლიშები". წითლით კი პრეზიდენტის "კლონირებული" მხარდამჭერები - იხ. ფოტო).

ვეჭვობ, ამისთანა ფოკუსების ამბავი უნდა იყოს საქართველოს 3-მილიონიანი ამომრჩეველი და შობადობის "აფეთქებაც" (არადა, გაერომ მომაკვდავი ერების სიაში შეგვიყვანა). გაუსკდეს ახლა მთელ ოპოზიციას გული! რომ იძახიან, მიშას არავინ მისცემს ხმასო, ჩახედოს "თბილისურ ამბებს" და დარწმუნდება, რომ ჩვენს პრეზიდენტს სრულიად "კლონირებულთა" არმია აძლევს ხმას! ისე, პრეზიდენტს ვურჩევთ, გაითვალისწინოს, რომ გიგი უგულავამ თავის გამოცემაში მთლად კარგი რეკლამა ვერ გაუკეთა(!).

ვის ატყუებთ, ბატონებო, ხალხი ბრბო კი გგონიათ, მაგრამ ბრმა ხომ არ არის!!!