ვარსკვლავები არ ქრებიან - კვირის პალიტრა

ვარსკვლავები არ ქრებიან

ვარდობისთვეში დაბადებულ სოფიკო ჭიაურელს 21 მაისს 75 წელი შეუსრულდებოდა...

წელიწადის ეს დრო განსაკუთრებით უყვარდა, აკი დაბადებულიც ვარდობისთვეში იყო. 21 მაისს 75 წელი შეუსრულდებოდა... ქალბატონ სოფიკოსთან მრავალი წლის ნაცნობობა მაკავშირებდა. განსაკუთრებით ბოლოსწინა შეხვედრა მინდა გავიხსენო, 2007 წლის ოქტომბერში, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში დაუვიწყარი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, დასასრულ, თეატრის შენობის წინ მისი დიდების ვარსკვლავი გაიხსნა. მაშინ ცოტა ვინმემ თუ იცოდა, რომ უკურნებელი სენი ღრღნიდა მსახიობს. ამის მიუხედავად, ძველებური სიმხნევით თქვა, დიდხანს სიცოცხლესა და თეატრში კიდევ ბევრის გაკეთებას ვაპირებო, მაგრამ...

მისი პროფესიული არჩევანი თითქოს წინდაწინვე იყო განსაზღვრული. მშობლების - ვერიკო ანჯაფარიძისა და მიხეილ ჭიაურელის ქალიშვილი ოჯახურ ტრადიციას ვერ უღალატებდა... მოსკოვში კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და მთლიანად პროფესიას მიუძღვნა თავი. ახლა ეს უკვე ისტორიაა, ჩვენი კინოსა და თეატრის ისტორია, რომელშიც საქართველოსა და სომხეთის სახალხო არტისტმა სოფიკო ჭიაურელმა სამუდამოდ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.

- უმრავლესობა სოფიკოს კინოროლებით იცნობდა და ეთაყვანებოდა, - მითხრა ერთ ინტერვიუში რობერტ სტურუამ, - მაგრამ მე ვაცხადებ, რომ პირველ რიგში ის თეატრის მსახიობი იყო, დიდი მსახიობი.

სახელგანთქმულმა იტალიელმა მწერალმა და კინოდრამატურგმა ტონინო გუერამ ათიოდე წლის წინ სოფიკო იტალიელი ავტორის, მანლიო სანტანელის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლ "დედა-დედოფალში" ნახა და აღტაცებულმა თქვა, - ჭიაურელის ოსტატობა და არტისტიზმი ანა მანიანის საუკეთესო ნამუშევრებს თუ შეედრებაო.

"დედაჩემი ვერიკო - აი, ვინ იყო ნამდვილი ცოცხალი ლეგენდა. ის 90 წლისა გარდაიცვალა და გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სცენაზე იდგა! მაგრამ მასაც კი სიცოცხლის ბოლომდე ეპარებოდა ეჭვი, მართლა დიდი მსახიობი იყო თუ არა... როგორც კი დაიჯერებ, რომ "რაღაცას" წარმოადგენ, შენს თავს ჯვარი უნდა დაუსვა. რა თქმა უნდა, მე ვგრძნობ ჩემს პოპულარობას, პოპულარობას, მაგრამ არა სიდიადეს", - ამბობდა ქალბატონი სოფიკო.

ნათქვამია, სილამაზე კი არა, ბედნიერება უნდა ინატროო. თუმცა, ეს მასზე არ ვრცელდება, - ის ლამაზიც იყო და ბედნიერიც. მთელი სიცოცხლე სიყვარულით იყო გარემოსილი. პირველად, მისი თქმით, 6 წლის ასაკში თეატრის მხატვარი, სოლიკო ვირსალაძე შეუყვარდა. მერე კი იყო ჭეშმარიტი დიდი გრძნობა გიორგი შენგელაიასადმი. შეუღლდნენ და ორი ვაჟიშვილი გაზარდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ ურთიერთობაში რაღაც დაირღვა, დაიკარგა. სოფიკოს კი მეორე დიდი სიყვარული ეწვია - კოტე მახარაძე... 30 წელი იცხოვრეს სიყვარულითა და თანხმობით. ერთადერთი, რასაც ნანობდნენ ის იყო, რომ საერთო შვილი არ ჰყავდათ.

"მე არ ვთამაშობ, მე უბრალოდ ჩემი გმირების ცხოვრებით ვცხოვრობ", - თქვა ერთხელ მსახიობმა. მან სამოცზე მეტ ფილმში საკუთარი "გმირების ცხოვრებით იცხოვრა". შეასრულა დაუვიწყარი როლები ფილმებში "ჩვენი ეზო", "ვერის უბნის მელოდიები", "არ დაიდარდო", "საიათნოვა - ბროწეულის ფერი", "ნატვრის ხე", "ეძიეთ ქალი" და სხვ. ჭიაურელი იყო ყოფილი სსრკ-ის ერთადერთი მსახიობი ქალი, რომელმაც საკავშირო და საერთაშორისო კინოფესტივალებზე შვიდჯერ მიიღო პრიზი ქალის საუკეთესო როლისთვის. ეს იყო სან-სებასტიანში, ჩიკაგოში, ლოკარნოში, პრაღაში, ბაქოსა და სხვა ქალაქებში... მისი ბოლო კინოროლი იყო ბებია ახალგაზრდა რეჟისორის, მარია სააკიანის ფილმში "შუქურა".

ყველაფერი საუცხოოდ გამოსდიოდა. შესანიშნავი კულინარი იყო და ასეთივე მკერავი. ბევრ ღონისძიებასა თუ საღამოზე თავისი ნახელავი ეცვა. მსახიობისთვის ისეთ უცხო საქმეებშიც გამოიჩინა თავი, როგორიც მშენებლობა და რემონტი იყო, დიზაინერიც გახლდათ და სამუშაოთა მწარმოებელიც. დააშენა თავის სახლს მესამე სართული, მიადგმევინა ლიფტი, მერე საკუთარი პროექტით მიაშენებინა პირველი სართულისთვის დიდი ვერანდა, რომელიც კოტესთან ერთად ერთი მსახიობის თეატრ "ვერიკოდ" აქცია. ჯიუტი და თავდაჯერებული, მაგრამ ძალზე მოწესრიგებული, შესანიშნავად ატარებდა მანქანას. სულ ახალგაზრდა იყო, საჭეს რომ მიუჯდა. მის "მერსედესს" ყველა თბილისელი ცნობდა.

სოფიკო კარგად მღეროდა და ცეკვავდა, გენიალური თამადაც იყო, ისეთი, რომ ზოგჯერ მამაკაცებსაც შურდათ. ყოველთვის ცდილობდა აქტიური სამოქალაქო პოზიცია დაეკავებინა, თამამად გამოთქვამდა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს, პირში ახლიდა ხელისუფალთ სათქმელს.

მთელი სიცოცხლე მოუსვენარი და დაუდეგარი იყო. მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი "სიგიჟე" ქობულეთში დასვენებისას პარაშუტით გადმოხტომა იყო. ჰაერში მოლივლივე 67 წლის ქალს ხალხი ტაშს მიკრავდაო, - სიცილით იგონებდა.

როდესაც პოპულარული რუსი მსახიობი სტანისლავ სადალსკი 2008 წლის დასაწყისში თბილისში ჩამოვიდა, სოფიკოს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მან უარი უთხრა: "სხვა ქვეყანაში მივდივარ და არ მინდა, სნეული და უძლური დამიხსომო".

"სნეული და უძლური" არავის დამახსოვრებია, - ჩვენ ენერგიული, ხმაურიანი, ხალისიანი სოფიკო გვახსოვს.

არჩილ ბეჟანიშვილი