წიგნის ფესტივალი იწყება! - კვირის პალიტრა

წიგნის ფესტივალი იწყება!

მაკულიტერატურა

მნიშვნელოვანი პროექტი მათთვის, ვისაც წიგნიც უყვარს და ბუნებაც

"ჩვენ გვინდა გვქონდეს წიგნიც და შევინარჩუნოთ გარემოც"

"ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს"

"დაე, ერქვას "მოდური", იყოს მოდაში გარემოს დაცვაც და წიგნის კითხვაც!"

წიგნის ფესტივალი უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა, რომელსაც წლიდან წლამდე ელოდება საზოგადოების დიდი ნაწილი. ლიტერატურის ფართო არჩევანი - თან ფასდაკლებით, საინტერესო შეხვედრები, პრეზენტაციები, აქციები - ეს ყველაფერი წიგნის მოყვარულებს ფესტივალის ფარგლებში მოელის 24 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით. ფესტივალს კვლავინდებურად საგამოფენო ცენტრი ექსპო-ჯორჯია უმასპინძლებს. ამჯერად გამომცემლობა "პალიტრა L" ორ პავილიონში იქნება წარმოდგენილი - VI და XI პავილიონებში. ის წელსაც არაერთ საინტერესო წიგნსა და ღონისძიებას შესთავაზებს მკითხველს. XI პავილიონში გაიმართება "პალიტრა L"-ის ახალი წიგნების პრეზენტაციები - "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეულის, ახალი, 3D-ფორმატიანი "ვეფხისტყაოსნისა" და სხვ.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნის სერიები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებთან ერთად იღებდა მკითხველი, ფესტივალზე აქციის ფასად გაიყიდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფასდაკლება იქნება. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საგამოფენო სივრცეში ბავშვებსაც ელით სიურპრიზი - მათ დისნეის პერსონაჟები უმასპინძლებენ და წიგნის სამყაროსთან ზიარებას გაუადვილებენ.

მაგრამ წლევანდელ წიგნის ფესტივალზე მაინც განსაკუთრებული იქნება პრეზენტაცია ახალი პროექტისა - "მაკულიტერატურა", რომელიც თავისი მნიშვნელობით გადის წიგნის ფესტივალის თუ ზოგადად წიგნის სიყვარულის ფარგლებიდან და გლობალურ მასშტაბს იღებს.

მაკულიტერატურის შესახებ გვესაუბრება "პალიტრამედიის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია:

- წიგნის ფესტივალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მას განსაკუთრებით ელოდებიან წიგნის მოყვარულები, ამიტომაც ყველა გამომცემელი გულმოდგინედ ემზადება ამ დღეებისათვის. ჩვენდა საამაყოდ, გვინდა განვაცხადოთ, რომ ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს პროექტს - მაკულატურა ლიტერატურის სანაცვლოდ, ანუ მაკულიტერატურა. ეს ჩემი ძალიან დიდი ხნის ინტერესია - გასული საუკუნის 90-იან წლებში ვიყავი მოძრაობა "მწვანეების" ერთ-ერთი დამფუძნებელი... ყველაზე მეტად მაინტერესებდა ის, რაც მსოფლიოსთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო - გადამუშავების პრობლემა. ბუნებრივი რესურსები არ არის ულევი, ამიტომ მსოფლიო ფიქრობს, როგორ გადაარჩინოს ის და, შესაბამისად, როგორც გადარჩეს თვითონ. 1992 წელს პირველად გავაკეთეთ ძალიან დიდი მარათონი - "გადავარჩინოთ ბუნება". გავხსენით პუნქტები, სადაც მიგვქონდა მაკულატურა, ჩვენც ვიცილებდით არასაჭირო ძველ რვეულებს თუ ჟურნალ-გაზეთებს და ბუნებასაც ვიცავდით განადგურებისგან. ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება გადაარჩენს 17 ხეს. ამის შედეგად დაიზოგება 26 კუბმეტრი წყალი და 2,3 კვადრატული მეტრი მიწის მოცულობა. გახშირებულ ბუნებრივ კატასტროფებს ხშირად ადამიანის არასწორი მოქმედება უკეთებს პროვოცირებას. წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის ხე იჩეხება იმ ლიტერატურის დასაბეჭდად, რომელიც ჩვენ ასე გვიყვარს, ან იმ რვეულების გამოსაშვებად, რომელიც ასე გვჭირდება. ერთი ტონა ქაღალდისგან მზადდება 21 000 ცალი სასკოლო რვეული, რომელიც შემდეგ იყრება...

თუ გადასაყრელად გამზადებული მაკულატურა დაგვიბრუნდება და გადამუშავდება, სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება ბუნების დასაცავად. ჩვენ გვინდა გვქონდეს წიგნიც და შევინარჩუნოთ გარემოც. სწორედ ამას ემსახურება მაკულიტერატურა. პროექტის პრეზენტაცია შედგება წიგნის ფესტივალზე. ყველას შეეძლება მოიტანოს მაკულატურა და უფასოდ გადაცვალოს წიგნებში, რომელსაც ამ აქციის ფარგლებში შევთავაზებთ მომხმარებელს. მაკულატურის მიღება დაიწყება 5 კილოგრამიდან...

- ეს მაკულატურა სად წავა?

- უკვე მოველაპარაკეთ უცხოურ ქაღალდის გადამმუშავებელ საწარმოებს, მაკულატურას გადაიტანენ იქ, სადაც შესაბამისი საწარმოა. იმედია, დადგება დრო, როცა ქვეყანაში გვექნება გადამმუშავებელი ქარხანა...

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო პროექტია. ყველა ქვეყანაში დიდ ყურადღებას აქცევენ მეორადი ნედლეულის გადამუშავებას. შეიძლება ითქვას, ეს ახლა ძალიან მოდურია. ეს სიტყვა ვერ გამოხატავს მის არსს, მაგრამ დაე, ერქვას "მოდური", იყოს მოდაში გარემოს დაცვაც და წიგნის კითხვაც!

გთავაზობთ წიგნების ნუსხას და მათ მისაღებად საჭირო მაკულატურის რაოდენობას:

*"დიდი მხატვრების" სერიის 5 ტომი. თითო ტომის საფასურია 25 კგ მაკულატურა

*"ქართული პროზის საგანძურის" 14 ტომი. თითო ტომის საფასურია 6 კგ მაკულატურა

*სერია "ჩემი რჩეული", გალაკტიონ ტაბიძის ხუთტომეული. თითო ტომის საფასურია 15 კგ მაკულატურა

*სერია "ჩემი რჩეული", ოტია იოსელიანის ექვსტომეული. თითო ტომის საფასურია 15 კგ მაკულატურა

*სერია "ჩემი რჩეული", რჩეულიშვილის ექვსტომეული. თითო ტომის საფასურია 15 კგ მაკულატურა

*სერია "ეს სამყაროას" 6 ტომი. თითო ტომის საფასურია 25 კგ მაკულატურა

*დეტექტივების 32 ტომი. თითო ტომის საფასურია 5 კგ მაკულატურა

*სერია "სწრაფი და გემრიელის" 5 ტომი. თითო ტომის საფასურია 13 კგ მაკულატურა

*"ჩემი საყვარელი ზღაპრების" 6 ტომი. თითო ტომის საფასურია 12 კგ მაკულატურა

*"გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიების" 17 ტომი. თითო ტომის საფასურია 6 კგ მაკულატურა

*"გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები, დიდი ქართველების"  45 ტომი. თითო ტომის

საფასურია 6 კგ მაკულატურა

*"დავით აღმაშენებლის" რვატომეული. თითო ტომის საფასურია 6 კგ მაკულატურა

*"მსოფლიო კულინარიის შედევრების" 6 ტომი. თითო ტომის საფასურია 15 კგ მაკულატურა

"ახალი ქართული ლიტერატურის" 13 ტომი. თითო ტომის საფასურია 5 კგ მაკულატურა

ჟურნალ "...და ქალის" ბიბლიოთეკის 8 წიგნი. თითო ტომის საფასურია 5 კგ მაკულატურა

*"დიდ კინოდ ქცეული წიგნების" 2 ტომი. თითო ტომის საფასურია 5 კგ მაკულატურა

ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (ილუსტრაციებით). საფასურია 25 კგ მაკულატურა

*"როგორ ვწეროთ მოთხრობები", საფასურია 20 კგ მაკულატურა

*"თქვი სიმართლე". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"იყავი ყურადღებიანი". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"ჩიტები უხმობენ მზეს". საფასურია 14 კგ მაკულატურა

*"ჭორიკანა მელა". საფასურია 14 კგ მაკულატურა

*"გაზაფხული". საფასურია 14 კგ მაკულატურა

*მარკო პოლოს "უჩვეულო თავგადასავალი".  საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"თუთიყუში ჟაკოს თავგადასავალი". საფასურია 18 კგ მაკულატურა

*"ტკბილეული პატარებისთვის". საფასურია 40 კგ მაკულატურა

*"კენგურუ ბასტერი". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"სპლიყვი ლიზი".  საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"შეეხე და შეიგრძენი, გეხუტები". საფასურია 11 კგ მაკულატურა

*"ზვიგენი, რომელსაც სიღრმის ეშინია".  საფასურია 12 კგ მაკულატურა

*"ჟირაფი, რომელსაც სიმაღლის ეშინია". საფასურია 12 კგ მაკულატურა

"გახდი კინორეჟისორი". საფასურია 50 კგ მაკულატურა

*"თამაშები გარეთ". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"თამაშები შინ". საფასურია 10 კგ მაკულატურა

*"რა არის ფული?" საფასურია 9 კგ მაკულატურა

*"მოძრავი 3D ციფრები" (ქართულად). საფასურია 45 კგ მაკულატურა

*"ვეფხისტყაოსანი 3D"(ქართულად). საფასურია 100 კგ მაკულატურა

*"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია". საფასურია 150 კგ მაკულატურა

*"საქართველოს ისტორია" 4-ტომეული. საფასურია 250 კგ მაკულატურა

იხილეთ საფესტივალო ბლოგი