"ნუთუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ წინაპრის საფლავების აუგად აგდებას ვაპატიებთ?!" - კვირის პალიტრა

"ნუთუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ წინაპრის საფლავების აუგად აგდებას ვაპატიებთ?!"

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას მოედანზე, 1921 წელს საქართველოს ერთიანობისთვის თურქეთთან ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების საფლავებზე აზიზიეს მეჩეთს აღარ ააშენებენ, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აქ 40-სართულიანი შენობა აიგება.

2012 წლის 17 მარტს 2902 კვმ მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, თურქულმა კომპანია "სისთენ ინშაათმა" იყიდა. მშენებლობა 2013 წლის 15 იანვრამდე უნდა დაიწყოს, 2016 წელს კი დასრულდეს. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის განცხადებით, ახალი მშენებლობა საფლავებს არ შეეხება. სამსახურის უფროსის, ირაკლი სურმანიძის განმარტებით, საფლავები 761 კვმ მიწის ნაკვეთს მოიცავს და ქალაქის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში რჩება.

რესპუბლიკური პარტიის აჭარის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარე გია მასალკინის თქმით, სასაფლაოს განადგურების თუ არა, სასტუმროს ეზოდ გადაქცევის საფრთხე ემუქრება: "იმედია, ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა და საფლავებს არ შეეხება. ეს 50 კაცი, რომელიც აქ განისვენებს, ეროვნულ თვითმყოფადობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან ასოცირდება. შეიძლება ასეთი ხალხის საფლავები გააუქმო ან დაჩრდილო? სანამ მშენებლობა დაუწყიათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროექტი მკაცრად გაკონტროლდეს და საფლავებს განადგურების ან სასტუმროს ეზოდ გადაქცევის საფრთხე ავაცილოთ. ეს აუცილებლად ოქტომბრის არჩევნებამდე უნდა გაკეთდეს, რომ ამ ხელისუფლებას გამოუსწორებელი დანაშაულის ჩადენის საშუალება არ მივცეთ".

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გაეგო რა ბედი ელის საფლავებს თურქული პროექტის მიხედვით (მერიის არქიტექტურის სამსახურში ჯერ პროექტს არ იცნობენ. - ავტ.).

ირაკლი სურმანიძე, ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი: "დაწვრილებითი პროექტი ჯერ არ წარმოუდგენიათ. მშენებელი 6 თვის განმავლობაში წარმოადგენს. იმედია, პროექტში გაითვალისწინებენ პარკინგის ადგილს და მიწის ქვეშ გააკეთებენ. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით".”

ბათუმელებს უკვირთ, თუ ყველაფერი რიგზეა, მაინცდამაინც შუაღამისას რატომ შემოღობეს სამშენებლო ადგილიო. "ნუთუ ჰგონიათ, ღამით შემოღობილს ვერ დავანგრევთ? ნუთუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ წინაპრის საფლავების აუგად აგდებას ვაპატიებთ?" - ამბობენ ბათუმელები და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

"ყველას სამშობლოს გადარჩენა აერთიანებდა"

რეჟისორი შოთა გუჯაბიძე:"ადგილი, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულები არიან დაკრძალული, რატომღაც ჟურნალისტებმა იუნკრების სასაფლაოდ მონათლეს. არადა, აქ განისვენებს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ჯარის 50 მებრძოლი. მათ შორის ერთი ქალი იყო, 18 წლის მაყვალა ყანჩაველი. 1921 წელს, როდესაც თბილისი ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაეცა, თურქეთმა დაიპყრო ბათუმი. დრო იხელთა თურქეთმა და სანამ რუსეთს ვეომებოდით, ყაზიმ-ბეის მეთაურობით ბათუმში გამაგრდა. ბოლშევიკებმა მაზნიაშვილს სთხოვეს თურქებთან საბრძოლველად ბოლშევიკურ ჯარს ჩასდგომოდა სათავეში. უპრეცედენტოა მსოფლიოს ისტორიაში, დამარცხებული ჯარის მეთაურისთვის გამარჯვებულს ეთხოვოს ჩემი ჯარის მეთაურად დაგნიშნავო. გენერალმა პირტიტველა ბიჭები შეკრიბა. საოცარი რამ ხდებოდა მაშინ აჭარაში, ყველა ერთად იდგა, ბოლშევიკიც და მენშევიკიც, ქრისტიანიც და მუსლიმანიც.

ყველას მხოლოდ ერთი უზენაესი იდეალი - სამშობლოს გადარჩენა აერთიანებდა. მაზნიაშვილმა ყაზიმ-ბეის რომ შეუთვალა, ერთ საათში დატოვე ბათუმიო, ხარხარი დაუწყია თურქს... ბრძოლა რამდენიმე დღე გაგრძელდა. მაზნიაშვილს ყველაზე დიდი ზარალი ამ ომში ჰქონდა, მაგრამ შავი დღე დააყენა მტერს. ყაზიმ-ბეი დანებდა და დერეფანი ითხოვა. გაუკეთეს და მაზნიაშვილის ბრძანებით პურიც კი მიუციათ დამშეული თურქი ჯარისკაცებისთვის.

23 მარტს დაკრძალეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულები. მაშინ ბოლშევიკებმა გამოაცხადეს, რომ მათ საბჭოთა ხელისუფლებისთვის დადეს თავი, არადა, ბათუმის დასაბრუნებლად საქართველო მათი ხელით ებრძოდა თურქეთს. 1924 წლამდე, სანამ ქაქუცა აჯანყდებოდა, 26 მაისსაც კი აღნიშნავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის, ამ გმირების ხსენების დღეს. მერე ბოლშევიკები მიხვდნენ, რომ არ შეიძლებოდა დამოუკიდებლობის დღის ხსენება, ამ საფლავებს ასფალტი გადააგეს. აქ სტელაც იყო აღმართული, ისიც სადღაც დამალეს. 1990 წელს ბათუმელმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, მოეძებნა საფლავი, ორი-სამი კვირა მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. სამარხი გაიხსნა, ჩატარდა ცხედრების იდენტიფიცირება და შემდეგ ხელახლა ჩაასვენეს დაღუპულთა ნეშტები. მთელი ბათუმი ფეხზე იდგა, რომ პატივი მიეგოთ გმირებისთვის. სამწუხაროდ, უცნობია უსამართლოდ დახვრეტილი მათი მეთაურის, გენერალ მაზნიაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი. ეს ადგილი ბათუმელებისთვის წმინდათაწმინდა და მის შეურაცხყოფას არავის აპატიებენ".

გიორგი მაზნიაშვილი

1870 წელს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში დაბადებული გიორგი მაზნიაშვილი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ რუსეთის არმიაში გენერალი გახდა. 1904-05 წლების რუსეთ-იაპონიის ომში დაჭრილს პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. იმპერატორმა ნიკოლოზ II -მაც მოინახულა, იმპერიის უმაღლესი ჯილდოთი–- წმინდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვა და სასახლეში მიიწვია.

მაზნიაშვილმა არაერთხელ იხსნა აჭარა თურქეთისგან. 1918 წლის ბრესტის ზავის პირობებით თურქეთს გადაეცა აჭარა. თუმცა ეს არ იკმარეს,–გურიაში შეიჭრნენ და ოზურგეთს მიადგნენ. მაზნიაშვილმა გადაარჩინა გურია და ბათუმიც გაათავისუფლა. ამავე წლის 18 ივნისს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, პრობოლშევიკური აჯანყება ჩაახშო. სოჭის კონფლიქტის პირველ ფაზაში, ჯიქეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და თეთრგვარდიელ გენერალ მოისეევის ნაწილებისგან გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე გაათავისუფლა. 1918 წლის ოქტომბერ-დეკემბერში თბილისის გენერალ-გუბერნატორი იყო. იმავე წლის დეკემბერში, სომხეთ-საქართველოს ომისას, წარმატებით დაიცვა სამხრეთი საზღვარი. 28 დეკემბერს კი 3500-კაციანი შენაერთით დაღამებისას სრულმასშტაბიანი იერიშით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1919 წელს იყო ახალციხე-ახალქალაქის გენერალ-გუბერნატორი.

1921 წლის შავი თებერვლისას იცავდა ფონიჭალის რაიონს სომხეთიდან შემოჭრილი რუსეთის ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან. იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მაზნიაშვილს სთხოვეს. ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა: "როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს".“მაზნიაშვილმა უპასუხა: "მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ". მან გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან. 1923 წელს დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ გამოიყვანეს სიკვდილმისჯილთა საკნიდან და გადაასახლეს ირანში, საიდანაც საფრანგეთში გადავიდა. იქ სდებდნენ უსაფუძვლო ბრალს, თითქოს მან აცნობა საბჭოთა ხელისუფლებას 1924 წლის ამბოხების შესახებ. ნოე ჟორდანიას სწერდა: "გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს". საზღვარგარეთ დიდხანს არ უცხოვრია. საბჭოთა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდგომ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. 1937 წელს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს და გაუსამართლებლად დახვრიტეს. მისი ნეშტი უკვალოდ დაიკარგა.