"მიფრინავს ცხოვრება... გონებასა და გულში არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ წლებს ვითვლი" - კვირის პალიტრა

"მიფრინავს ცხოვრება... გონებასა და გულში არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ წლებს ვითვლი"

მისაღებ ოთახში, კედლებზე, უამრავი ფოტოა... ზოგი საინტერესო შეხვედრისაა, ზოგიც როლების... ზოგი, უბრალოდ, ახალგაზრდობის... იმ ფოტოების გადაღების შემდეგ ათეული წლებია გასული, მაგრამ ქალბატონ ქეთევან კიკნაძეს თვალები არ შესცვლია.

ზოგი რამ კი ნამდვილად შეიცვალა: ოჯახი გაიზარდა, უკვე მარტო ბებია კი არა, შვილთაშვილების ბებიაცაა... რეპეტიციებსა და სპექტაკლებზეც ძველებურად ყოველდღე აღარ მიეჩქარება... მაგრამ სულში ყველაფერი ძველებურადაა, აი ისე, კედელზე ჩამოკიდებული ცილინდრიანი ფოტოს გადაღებისას რომ იყო...

ჩემი გარიჟრაჟი

ადრეული მოგონებები სოფელს უკავშირდება. ეს მოგონებები მაცოცხლებს და მეხმარება ყველაფერში.

ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულიდან იყო დედა. ბორჯომის რაიონში მუშაობდა, ამიტომაც იქ ვცხოვრობდით... ძალიან მიყვარდა როდინაული, ბებია და მისი გარემო. ის სახლი, სადაც ბებია ცხოვრობდა, დაინგრა და ახალი ააშენეს... მაგრამ სიზმრებში სულ იმ სახლში ვარ.

სოფლის თავში არაჩვეულებრივი ძველი ეკლესიაა. ჩემს ბავშვობაში სულ დაკეტილი იყო. სამანქანო გზიდან მოჩანს ეს ეკლესია. ფანჯარაში გადავეკიდებოდი ხოლმე და ველოდებოდი მის გამოჩენას. 7-8 წელია, როდინაულში არ ვყოფილვარ. მას მერე, რაც დეიდა გარდამეცვალა, რომელიც ბებიის სახლში ცხოვრობდა, გული აღარ მიმიწევს იქით.

მახსოვს ბებიას ჩურჩხელის გემო. ეზოში ბევრი თხილი ჰქონდა, რომელიც შემდეგ აჩეხა - უხსენებელმა იცის თხილში გაჩენა და ბავშვები არ შეშინდნენო... ამ თხილს ნემსით ვაგებდით ძაფზე... ეს მთელი რიტუალი იყო. მიყვარდა ტკბილი კვერი...

ბორჯომის ერთ-ერთ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ გამომაგდეს და ამიტომ ბებიასთან დავამთავრე ათწლედი. რატომ გამაგდეს? მოუსვენარი და ცელქი ვიყავი. ვცეკვავდი... ბევრს ვაცდენდი. მათემატიკის მასწავლებელმა არ მაპატია ეს. მით უმეტეს, რომ ამ საგნისა არაფერი გამეგებოდა...

ზღაპარივით მახსოვს ბოლო კლასები. სოფლის ბუხარი, თონეში პურის ჩაკვრა, მჭადების გამოცხობა... ტყიდან ფიჩხი მომქონდა ხოლმე. სოკოზეც დავდიოდი.

ასაკთან ერთად ამ ყველაფრის მონატრება მომეძალა. მხოლოდ სიზმრებშიღა შემიძლია ვნახო ჩემი სოფელი...

ჩემი დილა

სკოლა დავამთავრე და საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანე. მიუხედავად იმისა, რომ "პატრონი" არ მყავდა, კეთილშობილ ადამიანებთან მოვხვდი და უანგაროდ დამეხმარნენ. ისტორიაში ორიანი მივიღე გამოცდაზე... XXI ყრილობა შემხვდა... რომ ნახეს, ოსტატობაში ხუთი ხუთიანი მეწერა, დავენანე თურმე საქმეთა მმართველს. შევიდა რექტორთან და სთხოვა, ამ აბიტურიენტს სპეციალობაში ფრიადები აქვს და ნუ გავწირავთო. მასაც გადაუკეთებია ნიშანი სამიანად. ცოტა ხანში მეორედ შესულა ეს ქალბატონი: - ჩამოსული ბავშვია, სტიპენდიას ვერ მიიღებს სამიანით და რა ეშველებაო... რექტორმა: კი, ბატონოო და ხუთიანად გადაუკეთებია ის სამიანი.

ძალიან ხალისიანი სტუდენტობა მქონდა. მიუხედავად ხელმოკლეობისა, ყველაფერი კარგად მახსენდება. დედა კერავდა და მისი ნახელავი მეცვა.

ჩემი პირველი სამკაული თუ მახსოვს?

როგორ არა, რომ გავთხოვდი, გიგამ მიყიდა ალმასისთვლიანი ბეჭედი...

20 წლისა გავთხოვდი... გიგა 12 წლით უფროსია, ამ სხვაობას ვერ ვგრძნობდი. ყოველთვის ჩემზე ენერგიული და ხალისიანი იყო. ფიცხიც იყო, მაგრამ მეც კარგად ვიცოდი აპილპილება.

პირველი შვილი 21 წლისას შემეძინა.

ზაფხული რომ მოვიდოდა, ვიყიდდი ჩითჩუთებს და ვუკერავდი ბავშვებს... მერე, საზღვარგარეთ გზა რომ გაიხსნა, იქიდან ჩამომქონდა ყველაფერი.

გიგა თუ განიცდიდა, ვაჟი რომ არ გვყავდა? - არასოდეს. ორი გოგონას მერე მესამე გოგონა რომ შეგვეძინა - მაიკო, მაშინაც კი თქვა: ვენაცვალე, შვილი შვილია, რა ბიჭი, რის ბიჭიო...

შუათანა ქალიშვილი რომ შეგვეძინა, გიგა პეტერბურგში იყო და ჩამოფრინდა. თეატრის წინ იაშა ტრიპოლსკი შეხვდა. იმან: - გიგა, შენ მე გასტროლებზე მგონიხარ და აქ ხარო?.. ჰო, ქალიშვილი მეყოლა და ჩამოვფრინდიო... ქალიშვილი თუ გეყოლა, უნდა გაფრენილიყავი და ჩამოფრინდიო?..

ჩემი შუადღე

24 საათი თეატრში ვიყავი... ცოტა მოგვიანებით კინოგადაღებებიც დამეწყო. პირველი როლი მომცეს ფილმში "შეხვედრა წარსულთან", მეორედ "ტარიელ გოლუაში" გადამიღეს. მაშინ 27 წლისა ვიყავი. სიამოვნებით ვითამაშე პატარა ეპიზოდი "ზოია რუხაძეში", ცირკის მოცეკვავე ქალი... ამას მოჰყვა ბეჩუნის როლი "დათა თუთაშხიაში"...

ახლა რომ ვითვლი, 16 ფილმში ვარ გადაღებული.

მახსოვს პირველი როლი. ეს საკურსო სპექტაკლი იყო, მაგრამ მსახიობის ბედი თუ უბედობა ხომ ამ დროს წყდება. მიშა თუმანიშვილმა დადგა სპექტაკლი "მეექვსე სართულზე". გავიტანეთ ქალაქში, ოთხი სპექტაკლი ვითამაშეთ რკინიგზელთა სახლში. ეს იყო პირველი ტელედადგმაც სტუდენტური სპექტაკლისა.

ვღელავდი. ამ სპექტაკლით გადაწყდა და რუსთაველის თეატრში გამამწესეს, მაგრამ ზუსტად მაშინ გამოჩნდა გიგა ლორთქიფანიძე და მითხრა: მარჯანიშვილის თეატრში ერთად ვიმუშაოთო... წავედი. ამით ჩემი მაესტრო მიშა თუმანიშვილი ისე გავანაწყენე, წლების მანძილზე ხმას არ მცემდა.

მერე იყო რუსთავის თეატრი... იქიდან ისევ რუსთაველის თეატრში დავბრუნდი და ოთხი წელი იქ ვმუშაობდი. ბატონმა მიშამ "ანტიგონეში" შემიყვანა. ისმენეს როლი უნდა მეთამაშა. იმ დღეს რეპეტიციაზე არ მივედი. ითამაშა დუბლიორმა, მანვე ითამაშა პრემიერაზეც... ჩამეთვალა, რომ განგებ არ წავედი რეპეტიციაზე. სინამდვილეში რა მოხდა? უბრალო მიზეზი იყო. თეატრიდან გოგოები მოვიდნენ ჩემთან. მათ შორის იყო ისიც, ვინც ჩემი დუბლიორი უნდა ყოფილიყო. უცებ ადგა -  ახლა თეატრში მივდივარ, გენერალური რეპეტიცია მაქვსო. ამიტომ მე აღარ წავედი... არ შევეჯახე. მიშა თუმანიშვილს ისე ეწყინა, მერე რომ დავურეკე, ბატონო მიშა, ხვალ ვთამაშობ სპექტაკლში და ხომ მობრძანდებით-მეთქი, - ყურმილი დამიკიდა.

ცხოვრებაში ბევრი დამითმია, კომპრომისზეც წავსულვარ. ეს არ შეიძლებოდა. თეატრს არ უყვარს კომპრომისები. ახალგაზრდა ვიყავი და არასწორად ვიქცეოდი.

ყველაზე მძიმედ რა მახსოვს? სწორედ ის წლები, ფილმიდან რომ მომხსნეს. ათი წელიწადი კინოსტუდიაში კი არა, იმ ქუჩაზეც აღარ გამივლია. რა ფილმი იყო? მაგას არ ვიტყვი...

ეტყობა, გულისტკენა დიდხანს მიმყვება. პირად ცხოვრებაში არა...

კინოში რეჟისორი ვისაც უნდა, იმას აიყვანს როლზე, მაგრამ თეატრში თუ ხელმძღვანელი ხარ, არაეთიკურია, მეუღლეს მისცე როლი ან სხვა რეჟისორს მიაცემინო. ამიტომ სულ ორი როლი მაქვს ნათამაშები გიგასთან თეატრში. ისიც არ გვაპატიეს...

ბევრი გულისტკენა მქონია...

ჩემი საღამო

შემიძლია დავიტრაბახო, რომ მართლა კარგი ოჯახი მაქვს. სულ თავყრილობა და ლხინია ჩვენს ოჯახში. განსაკუთრებით ადრე, როცა გიგას მეგობრები ცოცხლები იყვნენ... სამწუხაროდ, მათგან თითო-ოროლაღა შემორჩა. ამის გამო ძალიან განვიცდი გიგას მდგომარეობას - კენტად დარჩა...

გვყავს ოთხი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი...

წყნეთში პატარა მიწის ნაკვეთი გვაქვს. მწვანილიც კი დავთესე... ყვავილები ხომ პირველ რიგში გავაშენე. არაჩვეულებრივი ვარდები გვაქვს.

ბაღ-ბოსტნისა ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ...

ერთ მხიარულ ამბავსაც გიამბობთ: იყო დრო, ხეების ამოცნობა არ შემეძლო, ეზოში თურმე გარგარის ხე მდგარა. დილაობით ეზოში დაყრილი გარგარი მხვდებოდა. ერთხელ გადავაგდე, მეორედ... მერე აღვშფოთდი: ძვირი ღირს გარგარი და რატომ ყრით ეზოში-მეთქი. უცებ ბრახ! რაღაც ჩამოვარდა... გარგარის ხე არ მდგარა ეზოში?!

ლექსების წიგნი გამოვეცი. ყველაფერი, რაზეც ვფიქრობ, რასაც განვიცდი, ამ ლექსებშია თავმოყრილი. ეს არის ჩემი "პრემიერა".

მიფრინავს ცხოვრება... გონებასა და გულში სხვა არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ წლებს ვითვლი. ამიტომ ვაფრთხილებ შვილებს: გახსოვდეთ, ძალიან მალე გადის დრო...