"ხსოვნის კალენდარს დრომ ფურცლები ვერ ჩამოხია"
"ხსოვნის კალენდარს დრომ ფურცლები ვერ ჩამოხია"
მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა, 15 წელი უცხო ენათა ინსტიტუტში იყო ინგლისურის პედაგოგად, მერე მთარგმნელობით კოლეგიაში გადავიდა. თარგმნილი აქვს შექსპირის პიესები, ბერნსის, ბაირონის, ბლეიკის, ჟაკ პრევერის, აპოლინერის ლექსები...  გამოცემული აქვს შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია და ქართული ლექსების შვიდი კრებული, საკუთარი ლექსების კრებული და ნაშრომი "ვეფხისტყაოსანზე"... დღეს თამარ ერისთავი 80 წლისაა და ცხოვრობს ციცქნა ბინაში, სადაც შრომის შედეგად შეძენილი დიდი ქონება - სხვადასხვა სიძველის წიგნებია თავმოყრილი, კიდევ რამდენიმე ფოტო შორეული და ახლო წარსულიდან...
რამდენიმე სურათი კედელზე, მათ შორის ბიძამისის, შალვა მაყაშვილის ნახატიც... არც ძვირფასი ავეჯი, არც უნიკალური ჭურჭელი, არც განსაკუთრებული მოკაზმულობა. თითქოს მისი ცხოვრებიდან წიგნებმა ყველაფერი განდევნეს. ამ დიდი ქონების პატრონი კი  ჩემი მასპინძელი თამარ ერისთავია.

"ხსოვნის კალენდარს დრომ ფურცლები ვერ ჩამოხია" - ეს მისი ლექსის სტრიქონია და
სიმართლეს ღაღადებს, რადგან მისი გარემო სწორედ ხსოვნის კალენდარია. პირველი დიდი დარტყმა ცხოვრებამ 1937 წელს მიაყენა, მაშინ ხუთი წლისა იყო:

- მამაჩემი, ლევანი დააპატიმრეს და მეორე დღესვე მოკლეს. ცნობა მოვიდა, გულის დამბლით გარდაიცვალაო... ალბათ წამებისას შემოაკვდათ. სულ ახალგაზრდა იყო, არაფერი აწუხებდა. აჭარის წყალზე აშენებდა ელექტროსადგურს. მამა იქ აიყვანეს... იმ დროს მე და ჩემი ძმა უკვე ვყავდით მამას, დედა მესამეზე იყო ორსულად. გამოგვყარეს სახლიდან. თავიდან ბებიასთან - თამარ მაყაშვილთან, და ბიძასთან შალვა მაყაშვილთან ვცხოვრობდით, - თამარი  ერთ ფოტოზე მიმითითებს, - ეს შალვაა! მხნე, ჭაღარა მამაკაცი იყურება იქიდან. რამდენიმე ღრმა ნაოჭს მისი შუბლი ხმლით ნაიარევისათვის დაუმსგავსებია... არა, ხმალი  არავის დაუკრავს შალვასათვის, მაგრამ ცხოვრებამ რამდენიმე დიდი ჭრილობა მიაყენა. პირველად 1921 წელს, კოჯორთან, სადაც შალვა იუნკრებთან ერთად იბრძოდა.
- 1921 წელს, როცა დედაჩემის ძმა, 17 წლის შალვა მაყაშვილი საქართველოს მტერთან საბრძოლველად არმიაში ჩაეწერა, ბაბუაჩემმა კოტე მაყაშვილმა თავის  ვაჟს ასეთი ლექსი დაუწერა:

"შენც მიდიხარ იქ, საითკენ ქართველები იჩქარიან,/გული სევდით მეკუმშება და თან, \და თან მიხარიან!/ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი:/შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი./საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,/ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა".

შალვას და, მაროც ფრონტის ხაზზე წავიდა. მარო კოჯორთან დაეცა... დის დაკრძალვაზე შალვა ბიძამ, პოლკოვნიკმა კოტე ჯანდიერმა გამოიყვანა ფრონტიდან და გააფრთხილა, - აღარ გაბედო ნაწილში დაბრუნება, კმარა შენი ოჯახისთვის მსხვერპლიო, მაგრამ მარო დაკრძალეს თუ არა, შალვა გორში წავიდა. მშიერ, ტიტველ, გაყინულ ქართულ არმიას ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად გაჰყვა. იბრძოდა სომხებთან ომში... ბიძაჩემი შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა... ერთხელ გვიამბო, საქართველოში წასულა სანადიროდ... ერთი კაცი შეჩენია. ამასთან ერთად უვლია ტყე-ტყე. მერე, წასახემსებლად რომ დამსხდარან, ცოტა დაულევია და შალვასთვის უთქვამს: სად გაგვეპარე, მაშინ, დასაჭერი იყავიო!..

კოჯორში იბრძოდა მამაჩემის და - ნათელა ერისთავიც. მეორე და, მზია ერისთავი შემდეგ პიონერთა სასახლეში მუშაობდა, ალპინისტური წრე ჰქონდა. მე მასთან ვცხოვრობდი. მზია მამიდამ ბავშვობა გაგვიზღაპრა. მთელი საქართველო შემოგვატარა... მერე მე და ჩემი ძმები მასთან ინსტრუქტორად ვმუშაობდით და ჩვენ დაგვყავდა ბავშვები მარშრუტებზე...

მზია ერისთავი საქართველოს გაცნობითა და შეყვარებით ებრძოდა საბჭოთა იდეოლოგიას... მისი ყოფილი მოწაფეებიდან უმრავლესობა უარს ამბობდა პარტიაში შესვლასა და ფუნქციონერულ სამსახურზე... საოცარი რამ ხდებოდა - მზია მამიდას ძალიან უწყობდა ხელს ნინა ჟვანია, რომელიც პარტიულიც იყო და ქალაქკომში მუშაობდა, თან ღიმილით ეუბნებოდა: წაიყვანე ახლა მენშევიკების შვილები ეკლესიებში სალოცავადო... ასე რომ, იყვნენ ადამიანები, ეროვნულ საქმეს შეფარულად რომ უწყობდნენ ხელს...

- ბავშვობის რამდენიმე წელი ბებია-ბაბუასთან გაგიტარებიათ...
- გაჭირვება რომ იყო, სამი წელი სოფელ სალომინაოში ვცხოვრობდი, ბებიასთან და ბაბუასთან. ეს ჩემი საუკეთესო წლები იყო. ბაბუა, ალექსანდრე ერისთავი განათლებული და ჭკვიანი კაცი იყო. ბრწყინვალედ იცოდა რუსული ლიტერატურა. მისი გავლენით, პატარა ვიყავი, პუშკინს და ლერმონტოვს რომ ვთარგმნიდი...

ბაბუას ხის ასოები ჰქონდა ამოჭრილი და პატარებს სიტყვების შედგენას გვასწავლიდა. ბებიას, როსკან ნიჟარაძეს კი არშიებიანი თეთრი აბრეშუმის სუფრები ჰქონდა, აიღებდა ნემსსა და ფერად ძაფს და არშიებზე ქართულ ლექსებს აქარგავდა. მე თან სუფრის გარშემო უნდა მევლო, თან ეს ლამაზი ნაქარგი მეკითხა. დღემდე მახსოვს არშიებში ჩაქარგული„- "გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი" ან "ვფიცავ სამშობლოს, ჩემსა დაცემულს, ბედისგან დასჯილს, განაწამებსა, ჩაბალახახდილს, ჯაჭვებით შეკრულს და წითლად ნაღებს მისსა მიწებსა".

სოფლად ხუთი ბავშვი მყავდა მომაგრებული, მოდიოდნენ და ყოველდღე ვამეცადინებდი.

- ასე გაჩვევდნენ დიდი თავადები გლეხების სიყვარულსა და მათზე ზრუნვას?
- ბებია როსკანი თავად უვლიდა მათ, თუკი ვინმე სახადით გახდებოდა ავად, ჩამუხლული ბანდა ფეხებს სნეულს.

- უცხოეთში წასვლასა და იქ ცხოვრებაზე არ გიფიქრიათ?
- არასოდეს მიოცნებია უცხოეთზე. მქონდა ამისი საშუალება, მაგრამ გამომიძახეს და ისეთი დავალება მომცეს, რომ უარი ვთქვი... ინფორმაცია უნდა მომეწოდებინა იქიდან... ასევე თქვა უარი ჩემმა ძმამ გოგიტამაც, როცა მასაც იგივე წინადადება შესთავაზეს. ახლა გამახსენდა, ბაბუა რომ აცილებდა მენშევიკებს ბათუმიდან... საირმის წყალი ბაბუაჩემის მიგნებულია, მას ეკუთვნოდა ის მამულები. მერე, ბაღდათიდან საირმემდე რკინიგზა რომ გაეყვანა, ქუთაისში სახლ-კარი და როსკანის ნამზითვი მიწები გაყიდა, უნდოდა, ამ წყლებით ქვეყანას შემოსავალი ჰქონოდა, მაგრამ არ გამოუვიდა - მიწები მენშევიკებმა ჩამოართვეს. მენშევიკები რომ მიდიოდნენ ემიგრაციაში, მაინც გააცილა. თურმე საშინლად ციოდა, ბაბუაჩემს კრაველის ქურქი ეცვა და კრაველისვე ბოხოხი ეხურა. ნოე რამიშვილს უთქვამს, თუ არ წამოხვალ, ბოლშევიკები მოგკლავენ და მაგ ქუდსა და ნაბადს წაგართმევენო. ბაბუას უთქვამს, ტყე და მიწები თქვენ წამართვით და ესეც იმათი ფეშქაში იყოსო...

- "ვეფხისტყაოსანს" ახლებურად შეხედეთ, მის სიუჟეტში დემნა უფლისწულის ამბავი ამოიკითხეთ...
- ეს ჩემი აზრია...
ციტატა ნაშრომიდან: "როგორც ირკვევა, ტარიელის თავგადასავალში დემნა უფლისწულის ამბავი პროეცირებულია მოვლენათა არსობრივი სქემით. ეს უნდა იყოს შეფარვის რუსთველური ხერხი, ე.ი. "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის მეორე განზომილების შიფრი"... "ვეფხისტყაოსნის" ტექსტში პროეცირებულია რუსთაველის (დემნა უფლისწულის) თავგადასავალი".

- დემნა უფლისწულთან განსაკუთრებული განცდა გაკავშირებთ... ლექსიც გაქვთ დაწერილი...
- როგორ დაუჯერებლადაც უნდა  მოგეჩვენოთ, ერთხელ მომევლინა დემნა უფლისწულის სახება... მას მერე გადავწყვიტე და დავწერე ნაშრომი...

თამარ ერისთავი მგონი ძალიან ჰგავს მამიდას - მზიას. ერთი შეხედვით უხმაურო ცხოვრება გაატარა, მაგრამ იმას ემსახურებოდა, რომ მომავალი თაობა თავისი ქვეყნის დამცველ ჯარისკაცებად ექცია... სიმბოლურად მომეჩვენა ერთი ამბავი: როცა მზია ერისთავს ბავშვები დიდგორზე აჰყავდა, მთელი შთაგონებით უამბობდა ამბავს დიდგორის გამარჯვებისა. მერე იმ გორაკზე აიყვანდა, სადაც დიდგორობას ხალხი საკლავს კლავდა. შესაწირს გორაკიდან აგორებდნენ. თუ ბოლომდე ჩამოგორდებოდა, უხაროდათ - ღმერთმა შეიწირაო. ბავშვები სულგანაბული უსმენდნენ და მერე თავად ეშვებოდნენ ამ გორაკზე კოტრიალით - ჩვენც შეგვიწიროსო! სამშობლოსთვის შეგვიწიროსო... ამ გორაკზე თამარი და მისი ძმებიც დაგორებულან... მხოლოდ ასე თუ გაამართლებდნენ ბებიის ამოქარგულ, ფიცად ნათქვამ სიტყვებს, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვური, გაუწაფავი ენით იმეორებდნენ: "ვფიცავ სამშობლოს, ჩემსა დაცემულს, ბედისგან დასჯილს, განაწამებსა, ჩაბალახახდილს, ჯაჭვებით შეკრულს და წითლად ნაღებს მისსა მიწებსა..."
lasha
20 აპრილი 2014 18:29
ბატონო თემურ გთხოვთ დამიკავშირდეთ 557950922
Teimuraz Chanturishvili
30 ივნისი 2013 23:22
ქ-ნი თამარის ფენომენი უფრო საფუძვლიან განხილვას და პატივისცემას იმსახურებს. ბედნიერი ვარ, რომ წავიკითხე მისი ნაშრომი. მითხრა - შემჭამესო რუსთველოლოგებმა. პირადად მე მსგავსი გამოკვლევა (ანალიზის სიღრმით, მიზანმიმართულებით, ფაქტების უნაკლობით)ვიცი ფროიდისა - ლეონარდო და ვინჩის შესახებ. ეს ნაშრომი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს. გებადება აზრი - თუ ეს ყველაფერი(როგორც ქ-ნი თამარი აღწერს)ასე არ არის, მაშ როგორ სხვანაირად? ვეფხისტყაოსანი ამ ნაწარმოებთან ერთად უნდა გამოიცემოდეს. თუ დამცალდა, ამას შევასრულებ ინგლისურ თარგმანთან ერთად.




liliko
22 მაისი 2012 03:10
როგორც ყოველტვის დიდი მადლობა სიამოვნებისატვის ქ-ნო ლელა.ამისტანა ერისტავებმა მოიკვანეს დღემდე საქარტველო და ჩვენ.....

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები