ვერონეზე - აღორძინების ხანის ბოლო მხატვარი - კვირის პალიტრა

ვერონეზე - აღორძინების ხანის ბოლო მხატვარი

გვიანი იტალიური აღორძინების ხანის თვალსაჩინო წარმომადგენელი პაოლო კალიარი, იგივე ვერონეზე (იტალიურად - ვერონელი), 1528 წელს დაიბადა ქალაქ ვერონაში ქვის მთლელის ოჯახში. კალიარების ოჯახი წარმოშობით ლომბარდიიდან იყო, თუმცა ვერონაში დასახლდნენ, სადაც მომავალი დიდი მხატვრის ბაბუაც და მამაც ქალაქის კედლების მშენებლობაზე მუშაობდნენ.

ხატვით გატაცებული პაოლო ფერმწერ ანტონიო ბადილეს მიაბარეს, რომლის ხელმძღვანელობით რაფაელისა და დიურერის გრავიურების ასლებს ხატავდა. უაღრესად ნიჭიერმა და მონდომებულმა ყმაწვილმა ძალიან მალე მიაღწია პროფესიულ დონეს  და 1540-იანი წლების ბოლოდან დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა (1566 წელს უკვე სახელოვანმა პაოლომ თავისი მასწავლებლის, ანტონიო ბადილეს ასული ცოლად შეირთო, მასთან ორი ვაჟი, კარლეტო და გაბრიელე შეეძინა და სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად ცხოვრობდა).

პაოლოს მოწოდება გახდა მონუმენტური ფერწერა, რაც საშუალებას აძლევდა, კარგად წარმოეჩინა კოლორისტის ბრწყინვალე ნიჭი, კომპოზიციის აგების შესანიშნავი უნარი და უშრეტი ფანტაზია. პაოლომ პატრიციების სახლებისა და ქალაქგარე ვილების მოხატვა დაიწყო. მისი პირველი ცნობილი ნამუშევარია მიქელე სანმიქელეს მიერ აგებული ერთ-ერთი ვილის მოხატულობა 1551 წელს, სადაც განსაკუთრებით გამორჩეულია ალეგორიული კომპოზიცია "დრო და დიდება". მასში მძლავრი მოხუცი ქრონოსი ღრუბლებიდან დაჰყურებს მესაყვირე "დიდებას", რომლის მსუბუქი ფიგურაც ცაში დაფარფატებს. ფრესკა ნათელ, კაშკაშა ფერთა გამაშია შესრულებული. ჭარბობს ღია ნაცრისფერი, სოსანისფერი, მოვარდისფრო და მწვანე - ეს ფერები ვერონეზეს შემოქმედებაში სამუდამოდ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

1553 წელს 25 წლის მხატვარი ვენეციელებმა მიიწვიეს დოჟების სასახლის მოსახატად. წმინდა მარკოზის ქალაქის მთავარი შენობის მოხატვა აღორძინების ეპოქის ჰუმანისტის, დანიელე ბარბაროს პროგრამის მიხედვით მიმდინარეობდა. ამ ყველაფერს ვენეციის რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური წარმატებები უნდა ეჩვენებინა. პაოლო ვერონეზემ სამი კომპოზიცია დარბაზის ჭერზე ჩარჩოებით მიმაგრებულ ტილოებზე შეასრულა, მათ გარშემო ოვალური სივრცეები კი ალეგორიული კომპოზიციებით დაფარა. ცენტრალურ ნაწილში მხატვარმა განათავსა ვენერა და იუპიტერი, რომელიც ადამიანის მანკიერებებს განდევნის - მთავარი ღვთაების გამოსახვით, მან დოჟისა და ვენეციის რესპუბლიკის უმაღლესი ორგანოს, ათთა საბჭოს მმართველობა განადიდა.

მომდევნო ორი წელი პაოლომ მშობლიურ ვერონაში გაატარა, მაგრამ 1555 წელს კვლავ უხმეს ვენეციაში, ამჯერად წმინდა სებასტიანეს ეკლესიის მოსახატად. ისევე როგორც დოჟების სასახლეში,  აქაც სამი კომპოზიცია ჩარჩოებით მიმაგრებულ ტილოებზე შეასრულა. დიდი ფანტაზიითა და ნათელი ფერებით შესრულებულმა ესთერის სცენებმა ძველი აღთქმიდან ინტერიერს საზეიმო ელფერი მისცა. ორმა სცენამ კი - "მარდოქეს ტრიუმფი" და "არტაქსერქსესთან მიმავალი ესთერი" - თვით ტიციანის დიდი აღტაცება გამოიწვია.

სასულიერო პირები ისე კმაყოფილნი დარჩნენ, რომ 1570 წლამდე ვერონეზეს ხშირად უწევდა წმინდა სებასტიანეს ეკლესიისა და მასთან არსებული მონასტრის ინტერიერისთვის სხვადასხვა შეკვეთის შესრულება. ბუნებრივია, რომ ამაგდარი მხატვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაიკრძალა 1588 წელს.

1550-იანი წლების მიწურულიდან ვერონეზე პორტრეტების ხატვასაც იწყებს, რომელსაც ჟანრული ელემენტებით ამდიდრებს "გრაფი დე პორტო ვაჟთან, ადრიანოსთან ერთად", მაგრამ მის შემოქმედებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს მაცხოვრის ტრაპეზის თემა.

ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ორმა მოწაფემ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი იცნო, ამ სერიის ბევრ ნაწარმოებში ფიგურირებს. ტილოზე "ქრისტე ემაუსში", ტრაპეზის სცენა ინტერპრეტირებულია როგორც რიგითი ვენეციელის ოჯახის სადილობა ტრაქტირში. ამ სერიის გამორჩეული ტილოა "ქორწილი კანაში", რომელიც მხატვარმა ვენეციის სან ჯორჯო მაჯორეს მონასტრის სატრაპეზო დარბაზისთვის შექმნა. უზარმაზარ სურათზე  138 ფიგურაა! მხატვარი საზეიმოდ გადმოსცემს სასწაულის სცენას, რომელიც ვენეციის ქუჩებში თეატრალიზებულ საზოგადოებრივ ტრაპეზს ჰგავს, - მსგავსი რამ ხშირად იმართებოდა ქალაქში და დოჟების მიღების რიტუალის ნაწილი იყო. ამ გრანდიოზულ სურათზე გამოხატულ პერსონაჟებშიც ვერონეზეს თანამედროვეები არიან გამოსახული.

1560-იანი წლების მიწურულსა და 1570-იანი წლების დამდეგს ვერონეზე ქმნის მრავალ ცნობილ ნაწარმოებს: "დარიოსის ოჯახი ალექსანდრეს ფერხთით", "ჯვრის ტვირთვა", "მოგვთა თაყვანისცემა", "ქრისტე და ასისთავი" - ამ ნამუშევრებში მხატვრის ყურადღებას მორალურ-ეთიკური პრობლემები იქცევს, თუმცა სიუჟეტები ზედმეტი დრამატიზმის გარეშეა აგებული. უდიდესი ოსტატობითაა გადმოცემული მოძრაობა და ემოცია, რაც შერწყმულია ვენეციურ ფერადოვნებასა და სცენების დატვირთვასთან არქიტექტურული ელემენტებით.

ამ პერიოდში დიდ მხატვარს დასმენის გამო თავის მართლებამაც მოუწია ინკვიზიციის წინაშე ნახატის გამო "საიდუმლო სერობა", რომლის გამოც მას წმინდა წერილის თავისუფალ ინტერპრეტირებაში დასდეს ბრალი. საბოლოოდ, სურათს სახელი გადაერქვა და "ლხინი ლევის სახლში" ეწოდა. 1571 წელს ვერონეზემ დახატა "ბრძოლა ლეპანტოსთან", სადაც კვიპროსის ომის ეპიზოდია ასახული. თურქული და ვენეციური გემების შეტაკება სურათის ქვედა ნაწილშია გადმოცემული, სურათის ზემო ნაწილში კი ვენეციური ფლოტის გამარჯვების გამო მადლიერი ვენეციელები ღვთისმშობლის წინაშე იყრიან მუხლს.

მხატვარმა ასევე  დაამკვიდრა ულამაზესი ქერა ვენეციელი გოგონას სახე, როგორც ადრიატიკის დედოფლის - ვენეციის ხატება. სიკვდილამდე 3 წლით ადრე, 1585 წელს დოჟების სასახლეში ქმნის ცნობილ ნაწარმოებს - "ვენეციის ტრიუმფი", რომელიც ასევე ვენეციის რესპუბლიკის დიდებას მიუძღვნა.

ვერონეზე იყო იტალიის გვიანი აღორძინების უკანასკნელი დიდი ვარსკვლავი და ეს ეპოქა სწორედ მისმა შემოქმედებამ დაასრულა.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ