”შვილი მომიკლეს!" - კვირის პალიტრა

”შვილი მომიკლეს!"

"თავის დროზე ამ პრობლებას მერიამ წაუყრუა"

"გავერთიანდეთ და "მკვლელი სპორტული მოედნების"  საკითხი სამსჯავროზე გამოვიტანოთ..."

26 ოქტომბერს, დიღომში, ხელოვნურსაფრიან სპორტულ მოედანზე თავზარდამცემი ტრაგედია დატრიალადა. 9 წლის გიორგი ქინქლაძე ფეხბურთის კარის ზედა ძელს ჩამოეკიდა, მოულოდნელად რკინის კონსტრუქცია წაიქცა და ბიჭი ქვეშ მოიყოლა. სამწუხაროდ, გიორგი თავის ქალის ტრავმით გარდაიცვალა.…ეს უკვე თბილისში მესამე გახმაურებული შემთხვევაა, როცა "სპორტულმა მოედანმა" ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. პირველად,  მსგავსი ტრაგედია ორი წლის წინ დატრიალდა, რაც სრულიად შემთხვევით გახდა "კვირის პალიტრისათვის" ცნობილი.

KvirisPalitra.Ge2007 წლის 14-20 მაისის სტატიაში "სპორტულ მოედანზე წაგებული სიცოცხლე", იმ ტრაგედიაზე ვწერდით, რომელიც მაგნიტოგორსკის ქუჩაზე დატრიალდა. საქველმოქმედო  ორგანიზაცია "კარიტასის" ეზოში სტადიონის საზეიმოდ გახსნის შემდეგ ბავშვებმა თამაში დაიწყეს. 14 წლის ალექსანდრე  პაპავაძემ, რომელიც კარში იდგა, აზარტული ყირამალა გააკეთა და ფეხბურთის კარის ძელზე ჩამოკიდება სცადა. კარი  აყირავდა, ძელი წამოიქცა და ბიჭს დაეცა, რომელმაც ფუძის მოტეხილობით წამებში დალია სული. მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა აგვიხსნა, რომ მსოფლიოს სპორტის ფედერაციის დასკვნის თანახმად, მოძრავი კარის საყრდენზე მიმაგრება საყოველთაოდ აღიარებული ევროსტანდარტებით არ იყო გათვალისწინებული. ე.ი. ჯერ კიდევ 2007 წელს, სტადიონების მშენებელ ფირმებს კარის საყრდენზე მიმაგრების ვალდებულება არ ეკისრებოდათ(?!).…

იმის გათვალისწინებით, რომ  ცივილიზებულ ქვეყნებში მოძრავი კარების არსებობა გაცილებით უსაფრთხო გამოდგა (ალბათ იმიტომ, რომ ისინი უფრო მსუბუქი კონსტრუქციებით არის აწყობილი), დედაქალაქის ხელმძღვანელობას ვთხოვდით: "გაამაგრეთ კარი!" ამჟამად, მერიაში ირწმუნებიან, რომ სტადიონების მშენებელ ფირმებს სპეციალური ბაგირით ან გვარლით კარის გამაგრების მოთხოვნას თავადაც უყენებენ.

აღნიშნული სტადიონის მშენებელ  ფირმას, შპს "დიოზერს" დამტკიცებული პროექტის თანახმად, კარის გამაგრების ვალდებულება არ ჰქონდა აღებული და შესაბამისად, მომხდარის გამო იურიდიული პასუხისმგებლობა მას არ დაკისრებია(?!).…

როგორც მოგახსენეთ, მსგავსი "უბედური შემთხვევა" განმეორდა და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამის თაობაზე საზოგადოებას ისევ  საგამომცემლო სახლ "კვირის პალიტრის"  ყოველკვირეულმა გაზეთმა  "ყველა სიახლემ" (იხ. 8-14 ოქტომბრის მე-40 ნომრის სტატია სათაურით: "12 წლის მოზარდი საფეხბურთო კარის ძელმა იმსხვერპლა") ამცნო.

2009 წლის 26 მაისს, ნუცუბიძის პლატოზე, 170-ე სკოლის უკან მდებარე მშენებარე სტადიონზე მე-6 კლასელი საბა ქადარია დაიღუპა. კარის ძელმა ბავშვს საძილე არტერიაც გაუწყვიტა და ფუძის მოტეხილობაც აღენიშნებოდა. ისიც მაშინვე გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, 170-ე სკოლასთან, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, ორი სტადიონი იყო. ერთი მერიის, მეორე - შპს "ნორჩის" აშენებული. საბა მეორე სტადიონზე გარდაიცვალა.  მამა, გელა ქადარია აცხადებს, რომ შვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა  როგორც შპს "ნორჩს", ასევე მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეკისრება.

KvirisPalitra.Geგელა ქადარია: "ჩემი შვილის დასაფლავების მესამე დღეს  კეთილმოწყობის სამსახურმა იკადრა და ჩააბეტონა ის კარი. ამ უბედურების მერე მიიღო ზომები... მოგვიანებით გავიგე, რომ მანამდე სამჯერ წაქცეულა კარი და ბავშვები შემთხვევით გადარჩენილან".

გასულ კვირას, მერიის მიერ მოწყობილ სტადიონზე რიგით მესამე ტრაგედია დატრიალდა. 9 წლის  გიორგი ქინქლაძის სიცოცხლე ასევე საფეხბურთო კარის ძელმა შეიწირა. გიორგი  დედისერთა იყო, მის დაბადებას ოჯახი 8 წლის განმავლობაში ელოდა. მისი დაკრძალვიდან მეორე დღეს, სახლის წინ მდებარე სტადიონზე მივედით... კარი ისევ წაქცეული იყო, იმ ადგილას კი, სადაც გიორგი დაეცა, წვიმით გალუმპული თეთრი ორქიდეები დაეწყოთ...

სტადიონის  მეთვალყურე ირაკლი გიორგაძის განცხადებით, ბოლო დროს კარის რკინის კონსტრუქცია საყრდენზე მუდმივად ჯაჭვით იყო დამაგრებული, თუმცა  ფაქტია, რომ 26 ოქტომბერს, ის ჯაჭვი თავის ადგილას აღარ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში  უამრავ მოედანზე კარი დღესაც არ არის გამაგრებული.

ბაკურ გოგრაშვილი (შპს "კრედოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი): "პროექტი კარის საყრდენზე მიმაგრებას ითვალისწინებდა. იმ კარს ჯაჭვი 9-ჯერ მაინც დავუყენეთ, მაგრამ იპარავენ. მერე სტადიონი მერიამ ჩაიბარა და მას ევალებოდა კონტროლი და ზედამხედველობა... ჩვენ რა შუაში ვართ?!"

KvirisPalitra.Geსოსო ქინქლაძე (დაღუპულის მამა): "26 ოქტომბერს კარგი ამინდი იყო, ბავშვმა ეზოში ჩასვლა მთხოვა და დავთანხმდი. მეგონა, სტადიონი დაცული იყო. მოედანზე ხომ  ორი კარია და  მხოლოდ ერთი იყო საყრდენზე მიმაგრებული, საუბედუროდ,  ჩემი ბიჭი მეორეს ჩამოეკიდა...

რამდენადაც ვიცი, ფეხბურთის  კარი ჯაჭვით წელიწად-ნახევრის წინ გაამაგრეს. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა  ბავშვმა კარის წაქცევის შედეგად ტრავმა მიიღო. ისე, ახლომდებარე სტრადიონებიც შეგიძლიათ ნახოთ და დარწმუნდებით, კარი არსად არ არის გამაგრებული... ე.ი. ყველგან შეიძლება მსგავსი ტრაგედია დატრიალდეს. ინტერნეტით შევიტყვე, რომ ასეთ სპორტულ სტადიონებზე ბავშვთა ტრავმირების  28 შემთხვევა ყოფილა აღრიცხული... მართალია, შვილს ვეღარავინ გამიცოცხლებს, მაგრამ გთხოვთ, ყველანი გააფრთხილოთ, თუ რა საფრთხის შემცველია სპორტული მოედნები... წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ შეიძლება მორიგი მსხვერპლი სხვა ბავშვიც აღმოჩნდეს".

ამ თავზარდამცემი ფაქტის შემდეგ დედაქალაქის მერიამ თბილისში  სპორტული მოედნების უსაფრთხოების გადამოწმება  დაიწყო.

მამუკა ქაცარავა (თბილისის სოციალური და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი): "სტადიონები შენდებოდა იმ უსაფრთხოების ტექნოლოგიებით, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს. ევროსტანდარტების შესაბამისად კარი შედარებით მობილური, მოძრავი უნდა ყოფილიყო. სპეციალისტთა განმარტებით, როცა კარი მყარია, არსებობს შეჯახების ალბათობა, რამაც ასევე შესაძლოა, გამოიწვიოს ტრავმები. აქამდე კარის დამაგრება ხდებოდა ჯაჭვის ან სპეციალური ბაგირის მეშვეობით. სამწუხაროდ, ასეთ სტადიონებს საზოგადოებისგანაც მეტი ყურადღება სჭირდება... ის, რაც მოხდა, ნამდვილად უბედური შემთხვევა იყო.

სამწუხაროდ, ხშირად იპარავენ კარის გასამაგრებელ მოწყობილობებს.

- მერიის ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფს ევალება თუ არა სტადიონების უსაფრთხოებაზე კონტროლი?

- ასეთ კონტროლს ახორციელებს კორპუსის მცხოვრებთა ამხანაგობები, რომლებიც სტადიონების ზედამხედველობას აკისრებენ თავიანთ წევრს. ის კი თავის მხრივ,  დეფექტის პოვნის შემთხვევაში, ინფორმაციას გვაწვდის.  ამ შემთხვევაში მე ვერ გეტყვით, როდის დაიკარგა ჯაჭვი. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, თუმცა ამბობენ, რომ კარზე ჯაჭვი წინა ღამით იყო... ახლახან დავიბარეთ მშენებლები, სპეციალისტები. ერთ კვირაში ყველა სტადიონის კარს ადგილზე მყარად გავამაგრებთ. იგეგმება არმატურის სპეციალური ღერების ერთი მეტრის სიღრმეზე ჩასობა და კარის წინა ძელებზე შედუღება. თუმცა, შეჯახების შემთხვევაში რა მოხდება, ამის განსაზღვრა მაინც გვიჭირს. ასევე, სამომავლოდ ვგეგმავთ კარის  რკინის კონსტრუქციების სხვა უფრო რბილი მასალით (სავარაუდოდ, პლასტიკატით) შეცვლას, ასევე უფრო ძვირად ღირებული სტადიონების მშენებლობას. აქამდე ერთი ასეთი სპორტული მოედნის მშენებლობა 40 ათას ლარამდე გვიჯდებოდა... შესაძლოა, მომავალში ეს ფასი კიდევ გაიზარდოს. თბილისში უკვე 400-მდე სტადიონი გვაქვს".

დღეისათვის სტადიონების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვერავინ აიღო... ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა ფირმამ ხელი მერიისკენ გაიშვირა, მერიამ - ზედამხედველისკენ, ზედამხედველმა - მძარცველებისკენ...

"კვირის პალიტრას" უსაფრთხო სპორტული სტადიონების მშენებლობაზე თავისი მოსაზრება გაუზიარა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა: - რაღაცას თუ ვაკეთებთ, ნორმალურად უნდა გავაკეთოთ, თორემ ბავშვები ამ სპორტული მოედნების გარეშეც თამაშობდნენ - აქეთ-იქიდან დადებდნენ ორ ქვას და უკვე კარი იყო... კარგი იქნება, თუ კარს ძველებურად ჩააბეტონებენ, ან საყრდენ მილებზე შეადუღებენ... თავის დროზე ამ პრობლემას მერიამ წაუყრუა. ვაისპეციალისტები ამბობენ, - ასეთ შემთხვევაში ბავშვი ძელს თავით შეასკდებაო. არ არის მართალი! ბავშვი (გნებავთ, მოზრდილი) ისეთი სიჩქარით ვერაფრით შეასკდება  კარს, რომ დაიღუპოს. ვთქვათ და მაინც დავეთანხმეთ იმ ვაისპეციალისტებს,   გამოსავალი მაინც არსებობს. შესაძლოა, ძელი რბილი ღრუბლებით დავფაროთ ან ვიზრუნოთ ისეთ კარზე, როგორიც ცივილიზებულ ქვეყნებში ბავშვებისთვის განკუთვნილ სტადიონებზე მინახავს... ეს არის რბილი კონსტრუქციის, ძალზე მსუბუქი, მჩატე კარი, რომელიც მეტწილად ბორბლებზე დგას და გამორიცხულია, რომ წაიქცეს...  ჩვენთან კი უმძიმესი რკინის ძელებით აკეთებენ (იმიტომ, რომ იაფია) კარს. ძალიან სახიფათოა საყრდენზე დაუმაგრებელი მძიმე კარი. ამასთანავე, ქუჩის სტადიონს ზედამხედველი ესაჭიროება, რომელიც ყოველ დილით შეამოწმებს უსაფრთხოების ნორმებს და ბავშვებსაც ყურადღებას მიაქცევს.

ეკა ბეჟიტაშვილი (დაღუპული ალექსანდრე პაპავაძის დედა): - ჩემი შვილი როცა სპორტულ მოედანზე დაიღუპა, შეშინებულმა მეორე შვილი საფეხბურთო წრიდან გამოვიყვანე...

სპორტული მოედნები ხომ ბავშვებისთვისაა და ალბათ მისი მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვური სიცელქეებიც... სამწუხაროდ,  თავის დროზე მხოლოდ "კვირის პალიტრის" აქტიურობა არ აღმოჩნდა საკმარისი... კარგი იქნებოდა აღნიშნული პრობლემისადმი ყველას სათანადო ყურადღება გამოეჩინა. ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა საბას ან გიორგის სიცოცხლე  მაინც გადაგვერჩინა...  ვთხოვ ჩემს მდგომარეობაში მყოფ დედებს და ასევე, სტადიონებზე ტრავმირებული ბავშვების მშობლებს, გავერთიანდეთ და "მკვლელი სპორტული მოედნების"  საკითხი სამსჯავროზე გამოვიტანოთ...

ზემოთ ხსენებული ეპითეტი  გიორგი ქინქლაძის გაუბედურებულ დედასაც აღმოხდა: "ეს არის მკვლელი სტადიონები... შვილი მომიკლეს!" - გვითხრა მან, როცა შინ ვესტუმრეთ და ხელი იმ სპორტული მოედნისკენ გაიშვირა, რომელსაც მათი სახლის ფანჯრები გადაჰყურებს.