"გაბედავს ვინმე კახ-ბელაქანში ამას?" - კვირის პალიტრა

"გაბედავს ვინმე კახ-ბელაქანში ამას?"

"უნებართვო ნაგებობებს, მეჩეთი იქნება თუ სხვა რამ, არ დავუშვებთ"

"აზერბაიჯანის მთავრობას პატრიარქმა ბაქოში ქართული ტაძრის აშენება სთხოვა და უარი უთხრეს"

"ცალმხრივი ძმობა და მეგობრობა გსმენიათ?"

საქართველოში მეჩეთების მშენებლობის ბუმი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ტემპი თანდათან მატულობს. ხელისუფლებაში ამას ძალზე მშვიდად უყურებენ და "რა მოხდა მერე" პოლიტიკას აგრძელებენ. ეგეც არ იყოს, ჰაერში მართლმადიდებელ და მუსლიმან მოსახლეობას შორის დაპირისპირების სუნი უკვე ტრიალებს. ასეთი არასასიამოვნო ფაქტი უკვე მოხდა ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში, სადაც მეჩეთის მშენებლობამ მართლმადიდებლებსა და მუსლიმანებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. მართლმადიდებელ მრევლს მორიგეობა აქვს დაწესებული.

სოფელ ტალავერში  7000 კაცი ცხოვრობს და ყველა აზერბაიჯანელია. როცა მშენებარე მეჩეთი მოვიკითხე, იქაურები დაინტერესდნენ, ვინ ვიყავი და რა იყო ჩემი ვიზიტის მიზანი. რომ გაიგეს ჟურნალისტი ვარ, ერთ-ერთმა მაშინვე პრეტენზია წამომიყენა, კარგი იქნება, ბაქოში თქვენი სალოცავიდან ჯვარი რომ ჩამოვხსნათ და მეჩეთად გადავაქციოთო? ქართველმა მღვდლებმა გვითხრეს, აქ მეჩეთს არ აგაშენებინებთ, რაც აშენებულია, იმას ზედ ჯვარს დავადგამთო. თქვენი ეკლესია ხომ არის ბაქოში? აბა, რატომ გვიშლით მეჩეთის მშენებლობას? სხვის რელიგიას პატივი უნდა სცეთო, - ტოლერანტობის გაკვეთილი ჩამიტარა აზერბაიჯანელმა. სად არის ჩვენი ეკლესია ბაქოში, იქნებ მითხრათ-მეთქი? არის, არისო, მიპასუხა და მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც ვერ დავუმტკიცებდი.

ჩვენ ამ მეჩეთის მშენებლობის ინიციატორს, ვალიდა ხალილოვას მივმართეთ.

KvirisPalitra.Geვალიდა ხალილოვა: "რამდენიმე წლის წინ ჩემს ოჯახს უბედურება დაატყდა თავს. ჯერ სიძე დამეღუპა, მოგვიანებით რუსეთში შვილი მომიკლეს. შვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე კი მეუღლეც გარდამეცვალა. ამ უბედურებასთან გამკლავება მხოლოდ ლოცვითა და ალაჰის შემწეობით შევძელი. მერე კი შემრცხვა იმისა, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი სოფლის მეჩეთი. ღმერთს ყველაფერს ვთხოვთ, მისი სახლი კი მოუვლელი გვქონდა. იმ დღიდან გადავწყვიტე მისი აღდგენა. ჯერ გამგეობაში მივედი, მერე არქიტექტორიც მოვიყვანე. გვითხრა, რეკონსტრუქციის პირობით შეიძლება ნებართვის გაცემაო. ვიარე, ვიარე, მაგრამ ოფიციალური ნებართვა ვერ მივიღე. ყველა იმას მეუბნებოდა, ააშენეთ, არ იქნება პრობლემაო. მეჩეთი ისედაც მოქმედი იყო, ხალხი დადიოდა, ლოცულობდა და ვერ წარმოვიდგენდი, თუ პრობლემა შეიქმნებოდა. დანგრეულ მეჩეთს სურათები გადავუღე, გავგზავნე მოსკოვში, ბაქოში, დამეხმარეთ, აღვადგინოთ მეჩეთი-მეთქი. ერთ მშვენიერ დღეს კი რაიონის ხელმძღვანელობა ამოვიდა ჩვენს სოფელში, იყვნენ "რუსთავი 2"-ისა და აზერბაიჯანის ტელევიზიის თანამშრომლებიც. გადაიღეს დანგრეული მეჩეთი და გვითხრეს, დაიწყეთო. მშენებლობა გასული წლის 6 აპრილს დავიწყეთ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 15 სექტემბერს ქართველი მღვდლები მოვიდნენ და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. მერე ქართულად დალაპარაკება მომთხოვეს. მოვუბოდიშე, ქართული არ ვიცი, ან რუსულად ვისაუბროთ, ან აზერბაიჯანულად-მეთქი. რატომ არ იცით ქართული, საქართველოში ცხოვრობთ. ეს ქართული სოფელია, აქ ეკლესია დაანგრიეთ და მის ნანგრევებზე მეჩეთის აშენების უფლებას არ მოგცემთო. რაც თავი გვახსოვს, აქ სულ მეჩეთი იდგა. ახლა კი გვეუბნებიან, რომ აქ სტუმრები ვყოფილვართ. მითხრეს, თქვენი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეკლესიებს გვიკეტავს, კახის რაიონში მოქმედი ეკლესიიდან მოძღვარი გამოგვიგდეს და არც ჩვენ მოგცემთ ამის აშენების უფლებასო. ვუთხარი, ჩემი პრეზიდენტი ალიევი არ არის. მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩემი პრეზიდენტი სააკაშვილია-მეთქი. დაიწყო მოლაპარაკება, მოვიდნენ გამგეობიდან, გუბერნიიდან. გვითხრეს, მოითმინეთ რამდენიმე დღე და ყველაფერი გაირკვევა, დოკუმენტებსაც მოგცემთო. რატომ არ მოგვცეს დროზე დოკუმენტები, ასეთ დღეში ხომ არ ჩავცვივდებოდით? როგორც გვითხრეს, ნებართვას არც მეჩეთის და არც ეკლესიის მშენებლობაზე არ იძლევიან. აგერ უკვე რამდენიმე ხანია ყოველდღე მანქანით, რომელშიც 4-5 კაცი ზის, მეჩეთს დარაჯობენ. პოლიციას ვთხოვეთ, მანქანა გაეყვანა აქედან. ამ სოფელშიც ცხოვრობს ახალგაზრდობა. ღმერთმა არ ქნას, წაეკიდონ ერთმანეთს.

როცა მოლამ ამ მეჩეთში ლოცვა დაიწყო, ქართველები მოვიდნენ და მოლას პირი დაუჭირეს, არ ილოცოთ, ეს კურთხეული მიწააო. მოლამ უპასუხა, ეს ალაჰის მიწაა, მე კი ღმერთს ვემსახურებიო. ვის სჭირდება ეს? იმ დღეს უამრავი ხალხი მოგროვდა, ახალგაზრდები აღელვებული იყვნენ. დიდება ალაჰს, რომ არ ავყევი ნერვებს, თორემ აქედან კარგი არაფერი გამოვიდოდა".

ნარიმან აბდუევი, სოფელ ტალავერის რწმუნებული: - დიდი ხანია ამ საქმეს ვაგვარებთ. გუბერნატორის მოადგილემ და გამგებელმა მოგვცეს მშენებლობის ნებართვა. გვითხრეს, ნებართვა ზემოდანაც არისო.

- ვინ იყო ეს ხალხი? სახელი და გვარი მითხარით.

- ბოლნისის გამგებლის მოადგილე ნასიდოვი და გუბერნატორის მოადგილე ჰუსეინ უსუგოვი. გვითხრეს, რომ შეგვეძლო მეჩეთის მშენებლობის დაწყება, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტი არ მოუციათ. ახლა კი ყველა უარზეა.

მამა დავით ქვლივიძე: - როგორც ჩემთვის ცნობილია, მაგ მეჩეთს "სოკარი" აშენებს. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ მაგ სოფლიდან არის. "სოკარში" არც დაუმალავთ ეს ამბავი. პირდაპირ თქვეს, დიახაც, ჩვენ ვაშენებთო. არ უნდა ჩაასხას "სოკარში" ბენზინი არც ერთმა მართლმადიდებელმა, რადგან ჩვენივე ფულით გვიშენებენ მეჩეთებს.

- საქმე მხოლოდ ერთი მეჩეთის აშენება არ არის. ქართველებს არასოდეს შეუქმნიათ პრობლემები სხვა აღმსარებლობის პირებისთვის. მეჩეთების მშენებლობა პოლიტიკას დაემსგავსა და საკმაოდ საშიშსაც. თითქმის ყველა სოფელში მეჩეთი და მუსლიმანური სასულიერო სასწავლებლებია გახსნილი, სახლის მშენებლობით იწყებენ და მეჩეთით ამთავრებენ. ბოლნისის სიონის გვერდითაც უზარმაზარი მეჩეთი წამოჭიმეს. 4-5 წელში იმდენი მეჩეთი ააშენეს საქართველოში, რაც ყიზილბაშებმა, შაჰ-აბასმა და ყველა დამპყრობელმა ერთად ვერ მოახერხა.

ბოლნისის სიონის გვერდზე ქართველი კაცი სახლის ყიდვასაც ვერ ახერხებს. აზერბაიჯანელები სახლს არ ყიდიან, ერთმა გადაწყვიტა და საშინელ დღეში ჩააგდეს. ვერ გავყიდი, თორემ არ მაცოცხლებენო, თქვა ბოლოს. ზაქათალაში და კახ-ბელაქანში ერთადერთი ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი იყო მოქმედი. ამ რამდენიმე ხნის წინ დაკეტეს, მღვდელი აღარ შეუშვეს. ერთ ტაძარში წირვა-ლოცვას ვითხოვთ და არ გვანებებენ, საქართველოს ყველა სოფელში კი სოკოებივით იზრდება მეჩეთები. აშენებენ და აშენებენ მეჩეთებს უნებართვოდ, უკონტროლოდ. დავითგარეჯის კომპლექსის სულ წაღება უნდოდათ, იქამდე იყო საქმე მისული, რომ დავითგარეჯი ტურისტული ცენტრი უნდა ყოფილიყო და შემოსული ფული შუაზე გაყოფილიყო. საპატრიარქო ჩაერია საქმეში და გაჩერდა პროცესი. ჩიჩხიტურზე ისევ აზერბაიჯანელები დგანან, თან გვეუბნებიან, ჩვენ ძმები ვართო. ძმობა და მეგობრობა მე ორმხრივი ვიცი. საინგილოში უამრავი ძველი ქართული ძეგლია, რომელიც ინგრევა და რესტავრაციას საჭიროებს, მაგრამ ქვის დადების უფლებას არ გვაძლევენ. როგორც ვიცი, აზერბაიჯანის მთავრობას პატრიარქმა ბაქოში ქართული ტაძრის აშენება სთხოვა და უარი უთხრეს.

უკეთესი მდგომარეობა არც სამხრეთ საქართველოშია. ხელვაჩაურის გამგებელმა ფერიის მთაზე ტაძარი ხომ დაანგრევინა, უკანონოაო, სამაგიეროდ, მეჩეთი ააშენეს. იქაურმა ხოჯამ პირდაპირ გვითხრა, თურქეთის მთავრობა გვაფინანსებსო. ადიგენის რაიონსა და ხულოშიU თურქეთის მთავრობის დაფინანსებით შენდება მეჩეთები და მედრესეები.

ადიგენის რაიონის სოფელ ჭეჭლაშიც აშენებენ მეჩეთს უნებართვოდ. აჭარლებმა გვითხრეს, ამას თურქი მესხებისთვის ამზადებენ და თუ ისინი აქ მოვლენ, ჩვენ წავალთო. ადიგენის რაიონში სოფლებია, სადაც 15% რაჭველები ცხოვრობენ. ყველა სოფელში მეგაფონიდან დღეში ხუთჯერ არაბულ ენაზე მიდის ლოცვა. როცა თურქეთში ვიყავით, ანაფორის გახდაც მოგვთხოვეს. ერთი ომი გადავიტანეთ. ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა და ნატოს წევრია, უფლება არა აქვს, განმოსვა მომთხოვოს-მეთქი.

ხანძთის გუმბათი უპატრონობით ჩამოინგრა. მოსალოცად ვიყავით ტაო-კლარჯეთში. ქვების გასწორება, იქაურობის მილაგება დავიწყეთ თუ არა, ჟანდარმერია დაგვადგა იარაღით. კატეგორიულად აგვიკრძალეს ქვაზე ხელის მოკიდებაც კი. იქ რომ ლოცვის დროს წაგასწრონ, დაგიჭერენ. ეპისკოპოსები ჩუმ-ჩუმად ლოცულობენ ჩვენს ძველ ტაძრებში. იშხნის საძირკველზე სპეციალურად წყალია მიშვებული, რომ დაინგრეს. ასეთი ცალმხრივი ძმობა და მეგობრობა გსმენიათ?

- მრევლის ჩარევამ ასეთ სიტუაციებში ხომ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს?

- ასეთ პრობლემებზე ეკლესია კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ სახელმწიფო. რატომ არ დაიძაბა ურთიერთობა მაშინ, როცა ტაძრიდან აზერბაიჯანელებმა ჩვენი მღვდელი გამოაგდეს, ან მაშინ, როცა თურქებმა მოსალოცად ჩასულები ჩვენივე ძველი ტაძრებიდან გამოგვყარეს? რა ვქნათ, მშვიდობის ხათრით გავამუსლიმანოთ მთელი საქართველო? კათოლიკური ტაძარი ისე წამოჭიმეს ქავთარაძის ქუჩაზე, რომ 8 ათასი კაცის პროტესტი არაფრად ჩააგდეს. გაიძახოდნენ, კულტურულ ცენტრს ვაშენებთო. მოსთხოვა ვინმემ პასუხი? საპატრიარქომ გახსნის წინადღეს მიიღო ტაძრის გახსნაზე მოსაწვევი. ამ ტაძრის მიზანი ქადაგება და ახლომახლო მცხოვრები ხალხის მოქცევაა. ამას ვერც ერთ ქვეყანაში ვერავინ გაბედავდა. ეს მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება. რა ქნას ეკლესიამ, გულზე ხელი დაიკრიფოს და ელოდოს, როდის გადაგვაჯიშებენ და ჩვენს სარწმუნოებას გამოგვირეცხავენ თავიდან?

- აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ თქვენ მათ სტუმრები ეძახეთ...

- მოვიდა აზერბაიჯანელი კორესპონდენტი და მღვდელს ეკითხება, შენ აქ რა გინდაო? გაგიჟდები კაცი! ჩვენ რა გვინდა საქართველოში? ეგ უნდა მკითხო? მაშინ ვუთხარით, არ დაგავიწყდეთ, ეს საქართველოა-მეთქი. სოფელს ტალავერი ერქვა და ისე, რომ არც არავის ჰკითხეს, ფაჰრალო დაარქვეს. გაბედავს ვინმე კახ-ბელაქანში ამას?

ფონიჭალაშიც შენდება მეჩეთი. მივედით და საბუთი მოვითხოვეთ. გვითხრეს, საბუთი ჩვენმა ხოჯამ მოგვცაო. დილარ ხაბულიანიც ახსენეს, გაიძახიან, ის გვაძლევს მეჩეთების შენების უფლებასო. ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ასე უკანონოდ შეიძლება საკულტო ნაგებობის აშენება. იტალია ხომ არის დემოკრატიული ქვეყანა? ამაშენებინებს რომში ვინმე მართლმადიდებელ ტაძარს?

ერთი კვირის წინ კახში საეჭვო ვითარებაში დაიწვა ქართული კულტურის ცენტრი. რატომ მაინცდამაინც ქართული კულტურის ცენტრი? - ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია.

ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე: - არავის არა აქვს უფლება, უნებართვოდ რაიმე ააშენოს, თუნდაც რელიგიური საკულტო ნაგებობა. სოფელ ტალავერში მეჩეთის აშენებაზე კი ნებართვა არავის გაუცია.

როცა მშენებლობა უნებართვოა, იმ პირს, ვინც ააშენა, ვაძლევთ მითითებას, ნებით ნაგებობის დემონტაჟის შესახებ. ასე რომ, უნებართვო ნაგებობებს, მეჩეთი იქნება თუ სხვა რამ, არ დავუშვებთ.

p.s. ამ ბოლო დროს აზერბაიჯანელებს საქართველოში გადაჭარბებული პრეტენზიები გაუჩნდათ. მაგალითად, აზერბაიჯანის ახალმა ელჩმა საელჩოში არ შეუშვა საქართველოს სახელმწიფო მოხელე მხოლოდ იმიტომ, რომ ის სომეხი იყო. ბატონ ელჩს არც ქართული განათლების რეფორმა მოსწონს თურმე და არც ის, რომ მათ ბუნებრივ აირს სომხებს (ლაპარაკია საქართველოში მცხოვრებ სომხებზე) ვაძლევთ. საინტერესოა, ჩვენ სახელმწიფო გვაქვს თუ ბანანის რესპუბლიკა?