"ხელოვნურ ტბაში" ჩაძირულები - კვირის პალიტრა

"ხელოვნურ ტბაში" ჩაძირულები

"მე ვზივარ ნავში და მივდივარ სახლში"

აშშ-ში, პრინსტონის უნივერსიტეტში მოხსენებით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი სტუდენტის, გიორგი სიგუას შეკითხვა იუკადრისა. თანამემამულემ პრეზიდენტს სთხოვა აეხსნა, როგორ მოხდა, რომ თბილისში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანის დაღუპვის შემდეგ პრეზიდენტი გლოვის ნაცვლად ეროვნული ნაკრების საქომაგოდ  საერთაშორისო საფეხბურთო მატჩზე გაემგზავრა, ამის შემდეგ კი მილანში გადაფრინდა ძვირად ღირებული საათის შესაძენად. აშკარად განაწყენებულმა სააკაშვილმა სტუდენტს აგდებულად უპასუხა, მას ხომ სწორედ ის კითხვები დაუსვეს, რაზეც პასუხის გაცემა არ სიამოვნებდა.

ვინც მილანში თვალი მოჰკრა ჩვენს პრეზიდენტს, მის კვალს რომ გაჰყოლოდა, ვენეციაშიც ნახავდა, გონდოლიდან ბედნიერი რომ გასცქეროდა წყალში ჩაძირულ ქუჩებს. სახეზე ეწერა, რომ შეუძლებელს შეძლებს და პატარა ვენეციასაც შექმნის თბილისში. ჩვენი პრეზიდენტი ხომ გამოუსწორებელი მეოცნებეა, - სურს საქართველო მსოფლიოში ცნობილი ქალაქებისა და კურორტების იმიტაციად აქციოს. ვინ იცის, გონდოლებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდი პომპეზურობით გადასცემს დევნილებს.

ვაღიარებ, მოდელირებული ფანტაზია მომეძალა. უფრო სწორად, როგორმე მინდა გავამართლო ხელისუფლებისა და პრეზიდენტის გულგრილობა  თბილისში ნუცუბიძის ქუჩაზე "ხელოვნურ ტბაში" ჩაძირულთა მიმართ. მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს უნდა ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ რა ქნას? ამპარტავანი მინისტრები და ჩინოვნიკები ჰყავს. ზოგიერთი რაიონის გამგებლისა არ იყოს, საცხოვრებელი პირობებით გამწარებული მოსახლეობის ჩივილს, დროზე მოგვხედეთ, სანამ ამ აქოთებულ წყალში ჩავმხრჩვალვართო, აღშფოთებულმა  რომ უპასუხა, - ვინ გგონივართ, ასე რომ გველაპარაკებით,  აბა, რამე გაუბედეთ ჩემს პარტიასა და ხელისუფლებასო. სწორედ ასევე უპასუხა თურმე ნუცუბიძელ "ვენეციელებს" ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა.

"ეგ აქ ვერ მოვა, ამ წყალში ჩავახრჩობ, მაგ უტიფარს", - გაჰკივის აფხაზეთიდან დევნილი ქალი, რომელიც 12 მაისის შემდეგ მეზობლებივით ნავით შედის სადარბაზოში; "გავუცვლი რომელიმე მინისტრს ბინას და თუ იტყვიან, რომ აქ ცხოვრება შეიძლება, დარჩნენ, ბატონო, მთელი კორპუსი მათი იყოს. როდის გვიშველიან, როცა კედლები ჩაიშლება და ნანგრევებში მოგვიყოლებს?" - კითხულობს მეორე. მე კი პასუხის გაცემა კი არა, ნუგეშისცემაც არ შემიძლია. აბა, რა ვუთხრა ხალხს, რომელიც დამყაყებულ წყალში ცხოვრობს და რომ არა სამაშველო ნავები, სახლში ვერც შევლენ და ვერც გამოვლენ. საბრალო ხალხის შემხედვარეს, თავი საშინელებათა ფილმის გმირი მგონია, - ყველგან ბაყაყების ყიყინია, ეზოშიც, სადარბაზოშიც, მესამე სართულზეც კი. ბაყაყები აქ გასაშრობად ამოდიანო, ხუმრობს 12-იოდე წლის ბიჭი. არც მეზობელ კორპუსში მცხოვრებნი არიან უკეთეს დღეში, - მათი კორპუსის ერთი ნაწილიც წყალში დგას. ბადრის უზარმაზარი რეზინის ბოტები აცვია და ისე ცდილობს პირველ სართულზე ასვლას,  ოთახებში მუხლამდე წყალი დგას. "მე ვზივარ ნავში და მივდივარ სახლში", -ღიღინებს ბადრი სევდიანად და კარს გასაღებით არც კი კეტავს. ვინ შევა ამ წყალწაღებულშიო, ეღიმება სევდიანად და მთხოვს, ნუ მიღებო. ამ დროს კიბესთან ხვრელში შესრიალებული ქვეწარმავალი იქნევს კუდს და ბადრიც მავიწყდება და მისი სატკივარიც.

აქ უმძიმესი ვითარება 12 მაისის წვიმის დროს შეიქმნა. როგორც მობინადრენი ამბობენ, არარსებული თუ ძველისძველი კოლექტორი გაიჭედა და წყალმაც გასასვლელი ვეღარ იპოვა. ბოლო 7 წელია, ყოველი წვიმის დროს კორპუსი იტბორება, მაგრამ რაც ახლა გვჭირს, მეტისმეტიაო.

"წყლის დასაწრეტად 40-მეტრიანი ახალი არხი გაიჭრა", - განაცხადა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელმა დავით ბურდულმა და ნუცუბიძის IV მიკრორაიონის 35-ე კორპუსის ბინადარნი დააიმედა, ორ დღეში წყალს ვეღარ ნახავთო.

დაახლოებით ერთი თვის წინ "კვირის პალიტრა" დევნილთა ამ პრობლემის შესახებ  წერდა. რედაქციაში ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები მოვიდნენ და გვთხოვეს გვენახა, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა მათ თავს. სადარბაზოებში  კანალიზაციის ამყაყებული წყალი იდგა, რომელშიც მცირე ზომის რეპტილიები და ქვეწარმავლები დაცურავდნენ. ირგვლივ კი აუტანელი სუნი იდგა. მაშინ ჩვენ მიერ გახმაურებული დევნილთა სატკივარი არავინ იღო ყურად. ახლა კი შევყურებ ჭუჭყიან ტბაში ნავებით მოსიარულე მობინადრეებს და მინდა გამეცინოს, მაგრამ თვალები ცრემლით მევსება. დავით ბურდულის განცხადებით, გათვალისწინებულია დევნილთა კორპუსთან სანიაღვრე ჭების მოწყობა, რის შემდეგაც გაჭედილი არხიც ამოქმედდება. "აქამდე რატომ არ გააკეთეს ეს?" - კითხულობს ერთ-ერთი დაზარალებული. გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო, არ პასუხობენ, მაგრამ ეს ხელისუფალთა დუმილში იგრძნობა.

ამავე თემაზე:

- დევნილების დატბორილ საერთო საცხოვრებელთან ბაყაყები და გველები გაჩნდნენ

- ნუცუბიძის ფერდობზე 270-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებელი დატბორილია

- ვინ იყვნენ სტიქიას შეწირული ადამიანები