ქართველებო, შეაჩერეთ ღვთაებრივი წამი! - კვირის პალიტრა

ქართველებო, შეაჩერეთ ღვთაებრივი წამი!

დღეს საქართველოში მივდივარ!..

ვაი, მამულო,  შენი საჯიშე თაობის ძალა უცხო მიწას ემსახურება...

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღმშენებლობაა და ჩვენი კურორტები და ბულვარები მილიონობით ტურისტს თურმე მაგნიტივით იზიდავს, ხელისუფლების წევრებმა ვერა და ვერ ჩამოიტყუეს საკუთარ სამშობლოში გადახვეწილი ქართველები. ჯერ კიდევ რევოლუციის გარიჟრაჟზე მოუწოდა ქვეყნის პრეზიდენტმა ყველას, - დაბრუნდითო, მაგრამ დასაქმების მყარი გარანტია, როგორც ჩანს, მხოლოდ მდგრადი ეკონომიკის მინისტრმა მიიღო; თითოოროლამ, ვინც ამ მოწოდებას ყური უგდო და დაბრუნდა, მოკლე ხანში ისევ უცხოეთისკენ აიღო გეზი...

ქართველთა უმრავლესობას უცხო მიწაზე ყოფნა უკვე ისე უმძიმს, რომ მათ სულიერ მდგომარეობას ენა ვერ აღწერს. სამშობლოს, ოჯახის, შვილების მონატრებას ვერავითარი ფული ვერ ფარავს და ლამის ყოველდღე ჟღერს სულიშემძვრელი რეკვიემი ისეთი შემზარავი აკომპანემენტით, რომ ცრემლს ვერ შეიკავებ საკუთარი თანამემამულეების ტრაგედიის შემყურე. უამრავი მაგალითიდან მხოლოდ ორს მოვიყვან, რათა ცხადად იგრძნოთ, თუ რის ფასად უწევთ ქართველ ემიგრანტებს საკუთარი შვილების მომავლის აშენება და სამშობლოსაგან გაურკვეველი ვადით მოწყვეტა:

ცოტა ხნის წინ ერთ ქართველ ქალბატონს უცხოეთში თავი მოუკლავს, რადგან აქ დარჩენილ შვილებს უთქვამთ, - არ ჩამოხვიდე, მანდ იყავი და ფული გამოგვიგზავნე, შენგან მეტი არაფერი გვინდაო(?!)... არადა, 15 წელი უგზავნიდა ის ქალი ამ  დასაწვავ ფულს შვილებს, როცა ფიზიკურად დაუძლურებულა და ჩამოსვლა გადაუწყვეტია, სწორედ მაშინ მიუღია ტყვიასავით განაჩენი გაუცხოებული შვილებისაგან... იქ იმან დაიღუპა თავი, აქ მისმა შვილებმა - თავიანთი უსულგულობით... ჩამოსვენებაც არ ეღირსა, ჭირისუფალიც არ ჰყავდა უცხო მიწაზე და ასეთებს, როგორც წესი, კრემაციას უკეთებენ... შეერია უცხო და უგრძნობ მიწას უსაშველო სევდით გაჟღენთილი კიდევ ერთი ქართველის ფერფლი...

ეს შემზარავი ამბავი ევროპაში გადახვეწილ დედა-შვილს გადახდა თავს: 26 წლის ვაჟკაცი მოულოდნელად გარდაცვლილა და საქართველოში წამოუსვენებიათ. დედა ვერ გამოჰყოლია(?!) - ახლა რომ ჩავიდე საქართველოში, მერე სავიზო პრობლემების გამო ვეღარ დავბრუნდები აქ და დანარჩენ შვილებს რა ვუყო, ისინიც დამეხოცებიან შიმშილითა და გაჭირვებითო... ამ ტრაგედიის მთელი სიმძაფრე ამბის გაგრძელებაშია: გამწარებული დედისთვის შვილის დაკრძალვის კადრები გაუგზავნიათ. დაჯდებოდა თურმე ყოველ საღამოს ტელევიზორთან მარტოსული, ხელის კანკალით აიღებდა პულტს, მაგრამ ჩართვას ვერ ბედავდა და უნახავად გამოიტირებდა ხოლმე შვილის უბედურებას. ასე გაგრძელებულა კარგა ხანს. მერე ცრემლიც გამოლევია... მერე გონებაც დაბინდვია... ერთხელაც გაუბედავს პულტზე ხელის დაჭერა და... ვერც ის ჩამოასვენეს... ისიც უცხოდ დამიწდა... სამარეში ჩაიყოლა თავისივე დასამარხი გროშები...

ამისთანა შემზარავი მაგალითები იმდენია, მაღლა ზეცა შეძრწუნდება და დაბლა დედამიწა დაიწყებს გმინვას. ამ უძირო სევდას ვინ გაიგებს, ნეტა, ან ვინ ჩასწვდება... ალბათ, მხოლოდ ემიგრანტების სასთუმალი - გადახვეწილ ქართველთა ადუღებული ცრემლის ერთადერთი და ერთგული მესაიდუმლე(!)...

გარბის და გარბის ამასობაში წლები, უკანაც არ იხედება და რაც ყველაზე შემზარავია, არც არავის აძლევს მოხედვის საშუალებას...

და სამშობლო?.. შვილებისაგან დაცლილი სამშობლო?.. ლაზარესავით განრღვეული და დასამარებული საქართველო?..

ელის... ჯერაც ელის საკუთარ სისხლსა და ხორცს გატანჯული მშობელი ქვეყანა... გმინავს მოთქმა-გოდებით ივერიის მიწა: - რად მიმატოვეთო, რად გამწირეთო, რისთვის გამიმეტეთო, უთქვენოდ დავილიეო... ეკალ-ბარდმა და ჭინჭარმა დამძალესო... ხელიდან გეცლებითო... ჩამოდით... მომხედეთ... მიჭირისუფლეთ, ჩემო შვილებოო...

ჰო... მიჭირისუფლეთო...

ვაი, მამულო, ნეტა რამდენი იარა გაქვს კიდევ გაწამებულ სხეულზე. როგორ ელოდები შენი შვილების მალამოს ამ ჭრილობებზე დასადებად, მოსაშუშებლად, რომ ისევ წამოდგე ფეხზე, ძველებურად დაიქუხო, აადიდგორო საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის...

ვაი, მამულო, ვინ გიდარდოს და გიჭირისუფლოს. შენი საჯიშე თაობის ძალა და შრომა უცხო მიწას ემსახურება... შენს მადლიან მიწაზე კი გადამთიელები მოდიან, სახლდებიან, მკვიდრდებიან.

იქ აფხაზეთი ტირის, აქეთ სამაჩაბლო მოთქვამს; შორს ბებერ ტაოს სდის გაუცხოების სისხლი; ჰერეთი გმინავს; სამცხე კვნესის; ტაძრებს გვედავებიან; ზნეობას გვართმევენ; შვილებს გვითახსირებენ; მომავალს გვინგრევენ...

დედას გადახვეწილი შვილი ენატრება. პაპას - შვილიშვილის ცრემლი. ოჯახებს ლიბო შეებზარათ, მამულს - ფუძე...

ვაი, მამულო...

P.S. ამერიკაში ყოფნისას, ბალტიმორელმა ქართველმა ვაჟკაცმა ავთანდილ ტარუაშვილმა გვითხრა და ნათქვამს გული ამოაყოლა: 10 წელია აქ ვარ, ბარგიც მუდამ მზად მაქვს, ყოველი დღე ისე თენდება, თითქოს უნდა ავდგე და საქართველოში დავბრუნდე, მაგრამ ჯერაც ვერ გადავდგი ნაბიჯი... ერთ რამეს ვთხოვ უფალს - ღმერთო, მომმადლე იმ წამის აღქმა, როდესაც ჩემმა მატარებელმა უნდა ჩამოიაროს სამშობლოში ჩემს წასაყვანად. ღმერთო, არ გამომაპარო ეს წამიო...

უცხო მიწაზე კი ტორტმანებს ჭაობი... რაც მეტად ამოდიხარ, უფრო გითრევს... დროსაც ყლაპავს და წლებსაც...

მხოლოდ იმ ღვთაებრივ წამს ვერაფერს აკლებს, როცა ზარივით ჩამორეკავს გულში - დღეს საქართველოში მივდივარ!..

ეგ ზარები დაარისხეთ, გატანჯულო ქართველებო, ჯერჯერობით გულებში მაინც დაარისხეთ...

ეგ წამი შეაჩერეთ, ღვთაებრივი წამი!!!