"ამჯერადაც ვამხელ მათ" - კვირის პალიტრა

"ამჯერადაც ვამხელ მათ"

"ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში იწერება ახალი "სატანის ბიბლია". დამკვეთი კი ხელისუფლებაა. ამ წიგნს ადამიანების სისხლით წერენ"

ყოფილმა ტელეწამყვანმა და სახელმწიფო მოხელემ ლალი მოროშკინამ დაპირება აასრულა და საზოგადოებას ახალი წიგნი -"გისოსებს მიღმა საქართველოა" წარუდგინა. გამომცემლობა "პალიტრა-L"-ის დაბეჭდილი წიგნის პრეზენტაცია ავტორმა უჩვეულო ფორმით მოაწყო. უარი თქვა მისთვის ჩვეულ საზეიმო წარდგენაზე და მკითხველს საპროტესტო აქციით ამცნო წიგნის გამოცემა. მწერლის სტუდენტებმა, თანამოაზრეებმა  და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ორთაჭალის ციხიდან ქართვლის დედის ძეგლამდე.

"ბოროტება, რომელიც დღეს ქვეყანაში მეფობს, განსაკუთრებით ციხეებში იგრძნობა, ამიტომაც შევარჩიეთ ორთაჭალის ციხე  პროტესტის დაწყების ადგილად. ციხეებში არსებული ბოროტების გამო კი გმინავს 25 ათასი პატიმრის დედა. ეს ხომ პატარა რიცხვი არ არის?! 25 ათასი ქართველი დედა ტირის. გვინდა, ქართველის დედამ შეძლოს ბოროტებაზე გამარჯვება და ჩვენი შვილების გადარჩენა",  - განაცხადეს საპროტესტო აქცია-პრეზენტაციის მონაწილეებმა.

"...ეს რომ დაწერო, უნდა გტკიოდეს და თავად უნდა გქონდეს განცდილი ყველაფერი... მე რომ მკითხო, ეს ავტობიოგრაფიაა, სხვადასხვა მხატვრული პასაჟით შეზავებული და ძალიან გაბედული. ვინ დაბეჭდავს ამ წიგნს??? აი, აქ ჩნდება სამი კითხვის ნიშანი, თორემ მე სხვა მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად მივა მკითხველთან, თუნდაც იმიტომ, რომ მასში ის დროა აღბეჭდილი, რომელშიც დღევანდელი საქართველოა", - ამბობს წინასიტყვაობაში პოეტი რეზო ამაშუკელი. მისი შიში არ გამართლდა - "პალიტრა-L"-ი ლალის კიდევ ერთ წიგნს შესთავაზებს მკითხველს...

ახალ ნაწარმოებს ეპიგრაფად უძღვის ლაო ძის სიტყვები "დაო დე ძინიდან": "კეთილია ხელმწიფე, ვინც დუმს და არას ითხოვს ხალხისგან, უკეთურია ხელმწიფე, ვინც სიყვარულსა და დიდებას მოითხოვს ხალხისგან, შლეგია ხელმწიფე, ვის წინაშეც ძრწის ხალხი, გულბოროტია ხელმწიფე, რომელიც ეზიზღებათ".

- ვინ არის ხელმწიფე, ვისზეც გადაკვრით მიანიშნებთ? - ამ კითხვას მწერალი რიტორიკულს უწოდებს და ამბობს:

- ჩვენი დროის საქართველოში ხელმწიფეები არა, მაგრამ პრეზიდენტები შლეგი ხელმწიფეებივით ცხოვრობენ. ამიტომაც ამ ქვეყანაში მცირედითაც კი არ იგრძნობა დემოსის, ხალხის ძალაუფლება, დემოკრატია.

ლალი მოროშკინამ დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე რადიო "პალიტრის" ეთერში "პროვოკატორთან" საუბარში განაცხადა, რომ წიგნის დაწერას აპირებდა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სიტუაციაზე. ამბობს, რომ ციხეში გატარებულმა დღეებმა მეტი ძალა მისცა წიგნის დასაწერად.

ლალი მოროშკინა: - ვიგრძენი, რას განიცდიან უდანაშაულო ადამიანები ციხის უზარმაზარი რკინის კარის ხმაურით დახურვის შემდეგ. გეუფლება საშინელი ტკივილი, რომ შენ უკან დარჩა სიცოცხლე, ცხოვრება, რომელსაც გამოგთიშეს, რადგან დამნაშავე კი არა ხარ, არამედ ვიღაცას სურს, ითამაშოს ადამიანების ბედით. ჩემი პატიმრობა რა მოსატანია იმასთან, რასაც ადამიანები წლების განმავლობაში განიცდიან ქართულ ციხეებში?

- მკითხველს მოუთხრობთ ჩეხეთში მომხდარი ამბის შესახებაც, რომელშიც აღწერილია ე.წ. "სატანის ბიბლიის" დაწერის პერიოდი. რისთვის დაგჭირდათ ამ იდუმალებით მოცული ამბის გაცოცხლება თქვენს ნაწარმოებში?

- არავინ იცის, რატომ დასაჯეს სიკვდილით ჩეხი ბერი, რომელმაც დაპატიმრების შემდეგ ერთ ღამეში დაწერა "სატანის ბიბლია". იმ დროში უამრავ ადამიანს აუბედურებდნენ გაურკვეველი მიზეზით. საქართველოშიც უცნობია, რატომ აპატიმრებენ ათასობით უდანაშაულოს. უსამართლოდ დასჯილთა რაოდენობა პიკს აღწევს, დასჯის მეთოდები კი ამაზრზენი და წარმოუდგენელია. ასე ხდებოდა მაშინდელ ჩეხეთშიც. შლეგმა ხელმწიფემ შვა საშინელი საზოგადოება, რომელიც მიდრეკილი იყო ყოველგვარი მანკიერებისადმი. სადაც საერო ხელისუფლება გარყვნილი და ღირსებადაკარგულია, იქ სენი ეპარებათ სასულიერო პირებსაც. ამიტომაც მინდა, ქართველ საზოგადოებას მოვუთხრო მეცამეტე საუკუნის ჩეხეთის ისტორია, რათა გავფრთხილდეთ და არ დავუშვათ საზოგადოების დაცემა. ბერს, რომელიც პატიმრობის დროს დედამიწაზე ყველაზე იდუმალებით მოცული წიგნის ავტორი ხდება, სწორედ სასულიერო პირი გამოუტანს განაჩენს. რატომ? ვიღაც მეტყვის, საქართველოში ასეთ საშინელებას საერო ხელისუფლება სჩადის და ეკლესია რა შუაშიაო? თუ ერმა ხელისუფლების განიარაღება და შეჩერება ვერ შეძლო, ისინი ყველგან შეაღწევენ, ყველაფერს გაანადგურებენ. უკვე ვიცით საქართველოს პატრიარქსა და საპატრიარქოზე ზეწოლის მცდელობის უამრავი ფაქტი. ჩემი წიგნი მოგითხრობთ იმაზე, რასაც ყველა გრძნობს, მაგრამ სახელს ვერ არქმევს. ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში იწერება ახალი "სატანის ბიბლია", დამკვეთი კი ხელისუფლებაა. ამ წიგნს ადამიანების სისხლით წერენ.

- წინა ნაწარმოებების გმირებს პროტოტიპები ჰყავთ ხელისუფლებაში. ამჯერად რა ხდება?

- ამჯერადაც ვამხელ მათ. ჩემი გმირების პროტოტიპები იტყვიან, რომ ლალის წიგნებს არ კითხულობენ. არადა, კითხულობენ, ყველას აინტერესებს, რას ვწერ მათ შესახებ, როგორ ვააშკარავებ მათ სიბინძურეს. ეშინიათ, რომ იცნობენ ქმრები, ცოლები, მეგობრები, ნათესავები, ისინი, ვისთანაც თავი ანგელოზებად მოაქვთ. მე ვამხელ მათ, ვინც საქართველოს გენოფონდს ანადგურებს საქართველოს ციხეებში, ავღანეთში, ხვრეტენ ქუჩებში და რჩებათ სახედაკარგული "თავისუფლების ინსტიტუტის" ქვეშევრდომები, ვისი გაბატონებაც იმაზე უარეს შედეგს მოიტანს, ვიდრე ეს ხდებოდა მეცამეტე საუკუნის ჩეხეთში.

გიგასის კოდექსი, ანუ "სატანის ბიბლია"

საიდუმლოებით მოცული ხელნაწერი წიგნი გიგასის კოდექსი, ანუ "სატანის ბიბლია" 75 კილოგრამს  იწონის. ხის ყდაში 310 ფურცელია ჩასმული და დამზადებულია 160 ვირის ტყავისაგან, სიგრძით 90 სმ-ია, სიგანით - 50 სმ. წიგნი დაწერილია ლათინურ ენაზე და შეიცავს ახალ და ძველ აღთქმას, იესოს სიბრძნეს, ებრაელთა ომებს, ბიბლიური თუ სხვა პერსონაჟების ცხოვრებას, მონასტრის კანონებს, ყველაფერს, სამკურნალო რჩევებით დაწყებული, მაგიური ფორმულებითა და ოკულტური შელოცვებით დამთავრებული. წიგნი დაწერილია მე-13 საუკუნეში ჩეხეთში, ბოჰემიაში. არსებობს მითი, რომ ერთ-ერთ ბერს, ჰერმანს, სიკვდილი მიესაჯა საშინელი ცოდვის გამო, რომელიც გასაიდუმლოებულია. ბერმა წინამძღვარს შესთავაზა, თუკი სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, ერთ ღამეში ყველაზე დიდ წიგნს დაწერდა. რა თქმა უნდა, ეს არავინ დაიჯერა  და დათანხმდნენ. შუაღამისას ბერი მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და დახმარებისთვის ეშმაკს მიმართა. წიგნი დაიწერა, მაგრამ ამის შემდეგ უცნობია ბერის ბედი. წიგნი ამჯერად დაცულია შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკაში. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის მართლაც ერთი ადამიანის დაწერილია და მის დასრულებას დაახლოებით 20-25 წელი დასჭირდებოდა. არადა, იგი დაწერილია ერთი და იმავე მელნით. მეტიც, არ მოიძებნა არც ერთი ორთოგრაფიული შეცდომა, არსად არის შეცვლილი ასოების გრაფიკული მოხაზულობა, ანუ მთელი ხელნაწერი ე რ თ გ ვ ა რ ო ვ ა ნ ი ა, რის გამოც გამორიცხულია, რომ იგი სხვადასხვა ადამიანს დაეწერა, მაგრამ როგორ მოახერხა ეს ერთ ღამეში, დღემდე გამოცანად რჩება...