ანრი ჯოხაძე: "საერთოდ არ განვიცდი, რაც მოხდა!" - კვირის პალიტრა

ანრი ჯოხაძე: "საერთოდ არ განვიცდი, რაც მოხდა!"

"ფინალში 4 ბანძი მომღერალი მოხვდა 4 ბანძი სიმღერით და ამით ყველაფერია ნათქვამი..."

ჩვენი ქვეყანა წელს პირველად "ევროვიზიის" ფინალში ვერ გავიდა

წელს რიგით 57-ე "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს აზერბაიჯანმა უმასპინძლა, რომელშიც 42 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოდან ანრი ჯოხაძე იყო წარდგენილი. თუმცა ანრი ჯოხაძის "ევროვიზია 2012"-ზე გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა. მომღერალმა კონკურსისთვის რადიკალურად შეიცვალა იმიჯი - თმა ყვითლად შეიღება. ანრი ჯოხაძე 17 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია, მაგრამ დედის მიერ დაწერილმა სიმღერამ - I AM JOKER" წარმატება ვერ მოუტანა. ჯოხაძესთან ერთად ბაქოში მომღერლები - ნინი შერმადინი, ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე და ანრის და, მაკა ჯოხაძეც გაემგზავრნენ. ისინი ბექვოკალში მღეროდნენ. სცენაზე ცეკვავდა ტელეშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტი სალომე ჭაჭუაც. ჯოხაძე "ევროვიზიაზე" გამგზავრებამდე თამამად აცხადებდა, რომ ისეთი სასცენო ნომერი ჰქონდა მოფიქრებული, საზოგადოებას შოკში ჩააგდებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქართველები "ევროვიზიის" კონკურსში  მონაწილეობენ, პირველად მოხდა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ფინალში ვერ გადავიდა.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი: - საერთოდ არ განვიცდი, რაც მოხდა. ყველამ კარგად ნახა, როგორ წარვდექი მაყურებლის წინაშე. ჩემი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ. მართალია, ფინალში ვერ გადავედი, მაგრამ არაფერია. ფინალში 4 ბანძი მომღერალი მოხვდა 4 ბანძი სიმღერით და ამით ყველაფერია ნათქვამი... ალბათ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ "ევროვიზია" პოლიტიკური კონკურსია. მე ყველაფერი ჩავდე ამ საკონცერტო ნომერში და გამომივიდა კიდეც. მერე რა, რომ ფინალში ვერ გადავედი, ეს არაფერს ცვლის. მივიღე უამრავი შემოთავაზება უცხოელი პროდიუსერებისგან, თუმცა ჯერ ვერ გაგიმხელთ.

ანრი ჯოხაძის მსგავსად "ევროვიზიაზე" გამგზავრება უკვე მეორედ სცადა მომღერალმა ბორის ბედიამ, თუმცა მას ამჯერადაც არ გაუმართლა.

- ძალიან მაგარი სიმღერა მქონდა მომზადებული, ჯობდა ანრის სიმღერას, მაგრამ... ის, ალბათ, იმიტომ შეარჩიეს, რომ შოუს ელემენტები ჰქონდა საკონცერტო ნომერში. არადა, როდესაც მოვუსმინე იმ სიმღერებს, რომლებიც წელს "ევროვიზიაზე" შესრულდა, აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა აუცილებელი სიმღერის შოუს ელემენტებით დატვირთვა. მაგალითად, ლატვიელმა მომღერალმა ვოკალურად ძლიერი, რომანტიკული სიმღერა იმღერა და ფინალშიც მოხვდა. რაც შეეხება ანრის გამოსვლას, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ალბათ, ზოგს მოეწონა, ზოგს - არა.

როდესაც "ევროვიზიის" შიდაშესარჩევი ტურის მონაწილეების სიმღერები ევროპულ ჩარტებში ავსტრიასა და გერმანიაში წარადგინეს, მე ვლიდერობდი, მაგრამ ქართველმა მაყურებელმა და ჟიურიმ რის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, ჩემთვის უცნობია. არა უშავს, მომავალში კიდევ ვცდი და დარწმუნებული ვარ, გამიმართლებს, რადგან სიმღერაში მთელ ენერგიასა და ემოციას ვდებ. მაყურებელი ამას ხედავს და მსმენელი გრძნობს.

ნატო დუმბაძე, პროდიუსერი: - სხვა ნომრებთან შედარებით, ანრის ნომერი ცუდი არ იყო, თუ არ ჩავთვლით ჯგუფს - "ბურანოვსკიე ბაბუშკი". იყო ხარვეზებიც, ნომერი ბოლომდე შეკრული და დახვეწილი არ იყო. მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან ადამიანმა ვერ გადალახა ნახევარფინალური ტური და გულგატეხილია. მირჩევნია კორექტული ვიყო მისი შეფასებისას.

- თქვენ რომ გქონოდათ ანრისთან მუშაობის საშუალება, სხვა ნომერს დადგამდით, სიმღერას შეუცვლიდით, თუ როგორ მოიქცეოდით?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან მირჩევნია, თავი შევიკავო.

ამავე თემაზე:

- ანრი ჯოხაძე "ევროვიზიის" ფინალში ვერ მოხვდა

- "ევროვიზია 2012"-ის გამარჯვებული შვედი მომღერალი ლორინი გახდა

თამარ ბოჭორიშვილი