MADE IN GEORGIA?! - კვირის პალიტრა

MADE IN GEORGIA?!

ანუ "რა ვქნათ, უფროსო, გვეკითხებიან, რუსული წარწერა რატომ აქვს ვაგონსო"

"ეს-ენ-გე-ში პოლიტიკურად არ ვართ, მაგრამ ეკონომიკურად ხომ ვართ?!"

მართალია, პრეზიდენტმა თბილისელებთან ერთად დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არ ისურვა და ქუთაისელებს ჩაეხუტა, მაგრამ თბილისელებს გული მაინც არ დასწყვიტა და სამრეწველო აღლუმი მოუწყო. 26 მაისს "ქართული მრეწველობის აღლუმი, სახელწოდებით "დამზადებულია საქართველოში" გაიმართა. ამ ღონისძიებას ქალაქის მერმა ჯერ კიდევ 26 მაისამდე ორი დღით ადრე, ნაციონალურ არხებზე შთამბეჭდავი რეკლამა უძღვნა.

მოკლედ, გიგი უგულავას დაანონსებულ-გარეკლამებულ სამრეწველო აღლუმს როგორ გამოვაკლდებოდი. მსწრაფლ რუსთაველის პროსპექტს მივაშურე, "ქართული წარმოების განვითარების სწრაფი ტემპი" ადგილზევე რომ შემეგრძნო.

აღლუმში საქართველოში მოქმედი 270-მდე საწარმო მონაწილეობდა. საწარმოებს უნდა წარმოედგინათ მრავალფეროვანი პროდუქცია, მათ შორის - ავეჯი, სამშენებლო მასალები, ტექნიკა, ტექსტილი, ლითონის ნაკეთობები, ფარმაცევტული ნაწარმი, ლაზერული გრავიურა, ქართული წარმოების მეტროს ვაგონები, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები, კვების პროდუქტები და ა.შ.

მოქალაქეთა და ჩემი დიდი ინტერესი ქართული წარმოების ვაგონებმა დაიმსახურა. პირველი ბზარი ქართული წარმოების სწრაფი განვითარების ტემპს ჩემს თვალში მაშინ შეეპარა, როცა "სამამულო წარმოების" მეტროს ვაგონის ბორბალზე მოსკოვის ვაგონმშენებელი ქარხნის კლიშე -  შევნიშე, მეორე და გამანადგურებელი დარტყმა უგულავას გარეკლამებულ ქართულ წარმოებას მაშინ მიადგა, როცა "საქართველოში დამზადებულ" ვაგონ-ცისტერნას სულ რუსულ ენაზე შესრულებული კლიშეები ამშვენებდა.

კლიშეს კი ეტყობოდა, რომ რუსული კვალის წაშლა უცდია ვიღაცას, მაგრამ ისე ვერ წაუშლია, რომ რუსულს რუსულობა არ დასტყობოდა. ის იყო, ვაგონის დათვალიერებას შევუდექი, რომ იქვე, ცისტერნასთან, ლურჯ კომბინეზონებში გამოწყობილმა ორმა ახალგაზრდამ სამოქალაქოსამოსიან მამაკაცს მორიდებით ჰკითხა, რა ვქნათ, უფროსო, გვეკითხებიან, რუსული წარწერა რატომ აქვს ვაგონსო.

- აუხსენით, რომ რუსული საერთაშორისო ენაა, ყველაფრის მცოდნესავით უპასუხა უფროსმა(!).

- რას ბრძანებთ, - შევიცხადე მე.

- აბა, საერთაშორისო ენა ჩვენთან მარტო ინგლისურიაო?

- არა, იცით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს-ენ-გეს ქვეყნებისთვის საერთაშორისო ენა რუსულია.

- ჩვენ რომ ეს-ენ-გეს წევრები არ ვართ? - არ მოვეშვი უფროსს.

- პოლიტიკურად არა ვართ, მაგრამ ეკონომიკურად ხომ ვართ?! რუსულის საერთაშორისო ენად გამოცხადებას და ვაგონებზე მიწერას ჩვენს საქმეში სპეციალური ეკონომიკური ნორმატივები ითვალისწინებს ეს-ენ-გეს სივრცეში, - ჩაიბურტყუნა უფროსმა და ისეთი მზერა მტყორცნა, ალალად შემეცოდა. მის ტანჯვას ვეღარ გავუძელი და იქაურობას გავეცალე.

მოკლედ, ორმაგად სასარგებლო იყო სამრეწველო აღლუმზე ჩემი ვიზიტი, - ჯერ ერთი, ქართული ეკონომიკის განვითარების სისწრაფეში "უპირობოდ" დავრწმუნდი და მეორე, გავიგე, რომ რუსული საერთაშორისო სამრეწველო ენა ყოფილა არა მარტო ეს-ენ-გეს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში!

მხოლოდ მე არ აღმოვჩნდი აბეზარი, მალე ვაგონს ორი ახალგაზრდა მიადგა და "სპეცოვკებში" (ამიერიდან ამ სიტყვის თქმის უფლება მაქვს, რადგან აღმოვაჩინე, რომ რუსული საერთაშორისო ენაა) გამოწყობილებს მორიგი პროვოკაციული შეკითხვა დაუსვეს, - რატომ აქვს რუსული წარწერები ვაგონს? ეტყობა, უფროსის ნათქვამი კარგად ვერ დაიმახსოვრეს, მაგრამ გამეორებას მაინც შეეცადნენ, უფროსი ტყუილს და მით უმეტეს, სისულელეს ხომ არ იტყოდა?

- რატომ და, დღევანდელ ცხოვრებაში ყველა პროდუქცია ამ ენაზე მოძრაობს! - "არგუმენტირებული" პასუხი გასცეს დამთვალიერებლებს ვაგონის მოდარაჯეებმა.

- ნუ ბოდავ რაღაცას, გჯერა ახლა მაგის, რაც მითხარი?

- რაც გითხარით, ასეა და თუ არ გჯერათ, თქვენი ნებაა, - თავჩაღუნული ლუღლუღებდა ახალგაზრდა. იმ წუთში მის მზერაში იგრძნობოდა, რომ ერჩია მიწა გახეთქოდა.

- ჰა, რა არი, გვაგოიმებთ, ბიჭო? სირცხვილია რაა...

ჩემისთანა "ინტრიგან" მოქალაქეს მივუახლოვდი:

- არ გჯერათ, რომ ეს ვაგონი-ცისტერნა სამამულო წარმოებისაა?

- სულელს ვგავარ? - კითხვა დამიბრუნა ახალგაზრდამ, - ეს რომ საბჭოური ვაგონია და გადაღებილი, ამას რად უნდა პროფესორობა? ვითომ ხალხს ატყუებენ, მაგრამ ეგეც არ გამოსდით. წესიერად არც წაშლა ეხერხებათ და არც "გადაკრასკვა"!

იხილეთ ვიდეო: "დამზადებულია საქართველოში" - სამრეწველო აღლუმი რუსთაველის გამზირზე

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში