ჯონ სტაინბეკი: "რუსები სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ოცნებობენ" - კვირის პალიტრა

ჯონ სტაინბეკი: "რუსები სამოთხის ნაცვლად საქართველოზე ოცნებობენ"

ალექსანდრე დიუმას შემდეგ, ჯონ სტაინბეკი, ალბათ, ყველაზე "ქართველი" მწერალია იმ უცხოელთაგან, რომელთა ნაწარმოებებიც "კვირის პალიტრის" პროექტში "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" დაიბეჭდა ან უნდა დაიბეჭდოს.

თუმცა, დიუმას ქართველობა, ალბათ, მხოლოდ "ქრონოლოგიურად" უსწრებდა სტაინბეკისას, თორემ ამერიკელი მწერალი ფრანგისგან განსხვავებით მეორედაც ეწვია ჩვენს ქვეყანას და რაც მთავარია (ცხადია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია), უფრო კარგად "გაიგო" საქართველო, ვიდრე მასზე ასი წლით ადრე ნამყოფმა ალექსანდრე დიუმამ.

1947 წელს მსოფლიო ომში საერთო გამარჯვებით წარმოქმნილი "ნელთბილი" ურთიერთობის ფონზე, ამერიკელ მწერალს სტალინის ხელისუფლებამ უფლება მისცა სსრკ-ში ემოგზაურა და სტაინბეკმა თავის მეგობართან, მსოფლიოში სახელგანთქმულ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად მოიარა მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, სტალინგრადი (ამჟამინდელი ვოლგოგრადი) და ბოლოს, საქართველოსაც ეწვია.

აი, რას წერდა სამშობლოში დაბრუნებული სტაინბეკი საქართველოსა და თბილისის შესახებ (იგი დედაქალაქის გარდა, გორსა და ბათუმშიც იყო): "ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით - რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში - გამუდმებით გვესმოდა მაგიური სიტყვა "საქართველო"... კავკასიის ამ ქვეყანას, შავი ზღვის პირას რომ მდებარეობს, მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს, - თუკი მთელი ცხოვრება პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო".

საფიქრებელია, რომ საქართველომ მას მოლოდინი გაუმართლა, რადგან ასე დაახასიათა ქართველები: "ისინი არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი და რუსეთის სხვა ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ... ქართველი მამაკაცები დიდი წარმატებით სარგებლობენ რუს ქალებში... თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს".

ჩვენი ქვეყანა რომ მოეწონა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 20 წლის შემდეგ, 1967 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, უკვე ნობელის პრემიის ლაურეატი და მსოფლიოში სახელგანთქმული მწერალი მორიგი საბჭოური ვოიაჟისას ისევ ეწვია საქართველოს და უთქვამს, - თბილისში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ხალისიანი და სუფთააო... ალბათ, მართლა ასეთი იყო, თორემ ვინ აძალებდა სტაინბეკს, ტყუილი ეთქვა.

სიტყვა გაგვიგრძელდა სტაინბეკის თბილისურ მოგზაურობებზე, მით უმეტეს, რომ მის "ქართველობაზე" რომ ვთქვი დასაწყისში, საქართველოში მის ნამყოფობაზე მეტად მისი ნაწარმოებები, განსაკუთრებით ერთი რომანი - "ტორტილა ფლეტი" ვიგულისხმე. უფრო ზუსტად ამ რომანის პერსონაჟები, თითქმის გაურკვეველი წარმოშობის, პაისანოებად წოდებული ხალხი, რომელთა წინაპართა შორის იმდენ რასასა და ეროვნებას ჩამოთვლის ავტორი (მათ შორის, კავკასიელებსაც), სათვალავი აგერევა კაცს.

მაგრამ მთავარი სხვა რამ არის: პილონისა და მისი მეგობრების - უპოვარი, უსახლკარო, ლოთბაზარა, ღვთისმოშიში, ჩხუბისთავი, კეთილი, ქურდბაცაცა, გულუხვი... ადამიანების ცხოვრება. ჰო, ეს თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი თვისებები ერთდროულად ახასიათებდათ ამ ადამიანებს და ვისაც წაკითხული აქვს, დამეთანხმება, რომ მათი მეგობრობა და ურთიერთობა საოცრად ჰგავს ჩვენებურ "ძმაკაცობას" და მთლად "გასაგებ-აქაურად" რომ ვთქვათ, - პილონისა და მისი ძმაკაცებისათვის "მთავარია გაგება".

სხვათა შორის, არ დაგიმალავთ და, როდესაც "50 წიგნისთვის" გამოკითხვა მიმდინარეობდა, მე სწორედ "ტორტილა ფლეტს" მივეცი ხმა და არა "ზამთარი ჩვენი მღელვარებისას"; მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ განსაკუთრებულად მიყვარს ეს რომანი, არამედ იმიტომაც, რომ "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა", მიუხედავად სტაინბეკისთვის დამახასიათებელი წერის მსუბუქი მანერისა და ჩვენში მაშინ ჯერ კიდევ იშვიათი ნორმალური თარგმანისა, ძალიან დამთრგუნველად მოქმედებს მეათასედაც რომ წავიკითხო: კეთილი, იუმორით სავსე, უპრეტენზიო, კარგი ოჯახიშვილი ითენ ჰოული, ფაქტობრივად, ნაძირალა აღმოჩნდება და მკითხველი საკუთარ თავზე ბრაზდები, რომ "ამდენ ხანს" იმ პატარა ქალაქის ყველა მცხოვრებთან ერთად შენც გაბითურებდა და "კარგ ბიჭად" გაჩვენებდა თავს.

აქ ადგილი არა გვაქვს სტაინბეკის ბიოგრაფიაზე რომ ვისაუბროთ. მით უმეტეს, რომ არაფერია "განსაკუთრებული": მას არც პოლიტიკური დევნა გამოუცდია, არც დიდი პირადი ტრაგედიები გადაუტანია და არც სიღარიბეში უცხოვრია (1935 წელს 32 წლისა იყო, როდესაც "ტორტილა ფლეტი" გამოაქვეყნა და მას შემდეგ საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა, მანამდე კი ახალგაზრდობაში, იმდენს შოულობდა, რამდენიც სჭირდებოდა) და ნობელის პრემიაც "ჩვეულებრივად" მიიღო.

ჰო, ნობელის პრემიას რაც შეეხება: არც "ტორტილა ფლეტი" და არც "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა" არ გახადა ნობელის კომიტეტმა პრემიის ღირსი და მხოლოდ მისი ყველაზე სქელტანიანი რომანი - "მრისხანების მტევნები" იქცა ტრიუმფატორად. მემარცხენეებმა და განსაკუთრებით, საბჭოთა კრიტიკოსებმა ეს რომანი მძაფრ სოციალურ პროტესტად გაასაღეს "დამპალი კაპიტალიზმის" მიმართ და ამიტომაც მოუბრუნდათ სტაინბეკზე გული და კვლავ თარგმნეს მისი ნაწარმოებები (მანამდე, სწორედ იმ 1947 წლის მოგზაურობის შემდეგ "რუსული დღიურები" გამოაქვეყნა და კრემლელები გაანაწყენა).

არადა, სტაინბეკს, კაცმა რომ თქვას, სულაც ფეხებზე ჰკიდია სოციალური თემები - მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანია, თავისი სისუსტითა და ძლიერებით, სიკეთითა და ბოროტებით, წარსულითა და მომავლით, იმედითა და გულგატეხილობით.

და, რაც მთავარია, ადამიანს ის იცნობს როგორც საკუთარ ხუთ თითს - წაიკითხეთ "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა" და თავად დარწმუნდებით.