სოსო ცისკარიშვილი: "ქართველი ხალხი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა" - კვირის პალიტრა

სოსო ცისკარიშვილი: "ქართველი ხალხი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა"

"არჩევნების გაყალბება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის უაღრესად ძნელი იქნება"

"არ გამოვრიცხავ, "თელასის" საკითხი ხელისუფლებისგან იყოს შემოგდებული"

წლევანდელი 26 მაისი მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა: მტრებისა და პესიმისტების (ისე, ხელისუფლებისთვის ორივე ერთ კატეგორიაში გადის) გულის გასახეთქად საზეიმო საპარლამენტო სესია ქუთაისში მაინც ჩატარდა. რა დაგიმალოთ და, კლიშეების გადამკიდე მეც დავკომპლექსდი, ამიტომ, სანამ რამეს ვიტყოდე, აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ქვეყნის აღმშენებლობა ძალიან მიხარია და რაც მეტი შენობა აიგება, მით უკეთესი. ახლა იმასაც გეტყვით, რა ვერ გავიგე და რა გამიკვირდა: ეს შენობა თან გახსნეს და თან დასძინეს, რომ მშენებლობა ოქტომბრისთვის დასრულდებაო. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჩართვაში ისიც თქვა, სანამ სხდომათა დარბაზში საზეიმო სესია მიმდინარეობდა, სხვაგან მშენებლები მუშაობდნენო. თუ დასრულებული არ არის, მაშინ სად გავრბივართ და სად მიგვეჩქარება? რა ბავშვური აღტყინებაა? თუ მხოლოდ დარბაზის გახსნას სტრატეგიული და სახელმწიფოებრივი დატვირთვა ჰქონდა? და ეს დატვირთვა რაში მდგომარეობდა? იმაში, რომ თავის დროზე პრეზიდენტმა განაცხადა, 26 მაისს პირველ სესიას გავხსნიო?

კიდევ, ის ვერ გავიგე, პრეზიდენტმა რომ ბრძანა ამაყად: ახალ შენობაში წყალიც აუცილებლად ჩამოვა და ქარიც გადახდის რაღაცა ფრაგმენტებსო... ეს ობიექტის ჩაბარების ახალი და უცნაური სტანდარტია მშენებლობაში. სხვათა შორის, ამის შემხედვარე, გერმანიაში მცხოვრები ჩემი დისშვილი მწერდა, თუ ჯერ დაუმთავრებელია, მაშინ როგორ გახსნესო? აქ ბერლინის ახალი აეროპორტის საზეიმო გახსნა მარტო იმიტომ გადაიდო, რომ მეხანძრეებმა თქვეს, სახანძრო სისტემა სრულყოფილი არ არის, თორემ შენობა დამთავრებული იყოო. საერთოდაც, ალბათ, ეს უკვე მენტალური მნიშვნელობის საკითხია: ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ შენობის საზეიმო გახსნა სხვაა და ფუნქციონალური გახსნა კიდევ სხვა. არადა, წესით, შენობა ხომ იმიტომ იგება, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს. მაგრამ, თუ ეს "ფუნქცია" მხოლოდ ლენტის საზეიმო გაჭრაში მდგომარეობს, სხვა საკითხია... ალბათ, მენტალური მნიშვნელობისაა ისიც, რომ შარშანდელი ტრაგიკული 26 მაისის მიუხედავად, საზოგადოება წელს აქციაზე გამოსვლას არ მორიდებია. თბილისის პასუხი სანახევროდ აშენებული პარლამენტის ტაშ-ფანდურით გახსნასა და პრეზიდენტის ფანტასტიკურ დაპირებებზე საკმაოდ მკაცრი და მრავალრიცხოვანი იყო... დაწვრილებით ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- ბიძინა ივანიშვილი 27 მაისის აქციის წინასწარი შეფასებისას იმედოვნებდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო გარდატეხა ხალხის ცნობიერებაში. გამართლდა თუ არა მისი იმედი?

- თუ თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოსახლეობის რაოდენობას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არჩევნების გაყალბება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის უაღრესად ძნელი იქნება. როგორც გამოჩნდა, მიუხედავად ათასგვარი პროვოკაციისა, კონტროლის პალატისა და უშიშროების მიერ ხალხის დაშინების მცდელობისა, ქართველი ხალხი კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა, - ყველაფრის მიუხედავად, კვლავაც ინარჩუნებს თავის აზრს და ამ აზრის გამოთქმის უფლებასაც. მეორე მხრივ, ჩვენ მოწმენი ვართ კოლექტიური უპასუხისმგებლობისა. ხელისუფლების მაღალჩინოსნები დარწმუნებული არიან, რომ ყველა უარყოფით შედეგზე პასუხს აგებს მხოლოდ ერთი კაცი - პრეზიდენტი სააკაშვილი. არა მგონია, საქართველოს მოსახლეობას ეს სამართლიანად მიაჩნდეს. ამდენ თანამდებობის პირს შორის კაცი არ ჩანს, ვინც კრიტიკული თვალით შეხედავს სააკაშვილის ფანტაზიის მარგალიტებს. არ შეიძლება პრეზიდენტი იყოს ყველა საკითხში ყველაზე კომპეტენტური. მთავრობა იმიტომ არის, რომ მის შემადგენლობაში სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა კომპეტენციის ხალხი იყოს. როდესაც ამ კომპეტენციას არ ამჟღავნებ, ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ან თვითონაც არაფერი იცი, ან საკუთარ კეთილდღეობას უფრთხილდები და სისულელეებს აკეთებ. 27 მაისის მანიფესტაციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც არაკომპეტენტურობისა და ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის პასუხს აგებს არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ ის პირებიც, ვინც თანამდებობრივად და პროფესიულად არიან ვალდებული ქვეყანას ემსახურონ და არა საკუთარ კეთილდღეობას.

- 26 მაისს ქუთაისში დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა ახალი პარლამენტის შენობა. როგორც პრეზიდენტის გამოსვლიდან ჩანს, საქართველოს ისტორიაში ამ მოვლენით ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს.

- ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს დიდ ქალაქებს შორის სახელმწიფო ფუნქციები გადანაწილდა, შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. ჩვენი პრეზიდენტის ახირების გამოხატულება - პარლამენტის ახალი შენობა, რასაკვირველია, ბუნებრივ მოვლენად უნდა აღვიქვათ ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის პირობებში. დარწმუნებული ვარ, ქუთაისშიც განსხვავებული მიდგომა აქვთ ამ ფაქტის მიმართ. ამიტომ მათ, ვისაც გულს უხარებთ პარლამენტის გადატანა ქუთაისში, ვულოცავ ამ დღეს, ხოლო ვისაც წარმოუდგენია, რომ ეს საფრთხის შემცველია ქუთაისისთვის, თანავუგრძნობ. ფაქტი ერთია, - როგორი ინტერესიც უნდა ჰქონდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ერთმანეთთან დააპირისპიროს თბილისი და ქუთაისი, იმედი გაუცრუვდება, რადგან თბილისელებიც და ქუთაისელებიც მკაფიო ფასეულობათა სისტემას ეთაყვანებიან, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები არ არის იმ ჩამონათვალში, რომელსაც ვგულისხმობ.

ნებისმიერ შემთხვევაში შენება ქვეყანაში მისასალმებელია, მაგრამ შინაარსი ასეთი მშენებლობის დაწყებისა უნდა იყოს კარგად გააზრებული და აღქმული საზოგადოებისგან. მინდა ქუთაისელებს კმაყოფილების საფუძველი ჰქონდეთ და ამავე დროს საფრთხის შემცველ ელემენტებს უკვე ვხედავ, თუნდაც საპარლამენტო საქმიანობის შემცირების თვალსაზრისით, ნახევარზე მეტმა პარლამენტარმა თბილისიდან ქუთაისში უნდა იაროს სამსახურში.

- ბოლო 10 დღის განმავლობაში უცნაური მოვლენების მომსწრენი გავხდით. ერთი მხრივ, საქართველოდან ამერიკაში ჩასული საქართველოს პრეზიდენტი ირწმუნება, რომ საქართველოში ყველაფერი არაჩვეულებრივად არის, სასამართლო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, ადამიანის უფლებები დაცულია, ეკონომიკა - განვითარებული, კორუფცია კი დამარცხებული. ამავდროულად, ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გვატყობინებს, რომ სასამართლო მთლად დაბალანსებული არ არის, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები ციხეებში და მის გარეთაც, რომ ჯეროვნად არ გამოძიებულა პოლიციელთა ძალადობის ფაქტები 26 მაისის მიტინგის დაშლისას. რიგით მოქალაქეს, ბუნებრივია, გაუჩნდება კითხვა: ვინ ვის ატყუებს.

- საქართველოს პრეზიდენტი ჩარჩენილია იმ წარსულში, როდესაც მისი ნათქვამი ვაშინგტონში ჭეშმარიტებად მიაჩნდათ, მაგრამ დრო თავისას აკეთებს, "ნაციონალური მოძრაობის" ვერაგობა - თავისას და ეს გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ვაშინგტონს სიტყვების აღარ სჯერა. შესაბამისად, ინფორმაციის წყარო, რომელიც ადრე მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება იყო, დღეს უკვე ვეღარ ახდენს ზეგავლენას ამერიკელ კანონმდებელზე თუ მოქალაქეზე. ჩვენ 2006 წლიდან ნატოს სამიტებზე გვეუბნებიან, - გაათავისუფლეთ სასამართლო, მედია, მიხედეთ დემოკრატიულ პროცესებს. ჩვენ პასუხად დაზეპირებული გაკვეთილივით ვეუბნებოდით, რომ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი გავაკეთეთ, რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, კანონმდებლობა დაიხვეწა და ეს რომ სიცრუე იყო, ამას მხოლოდ ქართველი საზოგადოება ხედავდა. საბედნიეროდ, როდესაც ხელისუფლებიდან წავიდნენ ისეთი პირები, როგორიც იყო ჯორჯ ბუში, ასევე მისი შტო დიპლომატიისა - მეთიუ ბრაიზა და ბატონი ტეფტი, თეთრ სახლში ახალი შემადგენლობა მოვიდა, ვითარება შეიცვალა და დღეს ბევრად დამაჯერებელია ამერიკისთვის ქართული არასამთავრობო სექტორისა და თავისუფალი მედიის ინფორმაცია და მოსაზრებები. ის პროფესიონალიზმითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით ბევრად აღემატება თუნდაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში მოკალათებულ კაჭკაჭთა გუნდს და

როდესაც ობიექტური ადამიანი წარმოადგენს დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვგულისხმობ მის ელჩს, ჯონ ბასს, რასაკვირველია, ინფორმაცია იქნება უფრო ადეკვატური, ისევე, როგორც ამერიკის რეაქცია მასზე.

ამერიკის ხელისუფლება თანაუგრძნობს ქართველ საზოგადოებას და იცის, რომ საარჩევნო პროცესი ბევრად მნიშვნელოვანია თავისი წინმსწრები აქტივობებით, ვიდრე დღე არჩევნებისა. ამიტომ აქვს აშშ-ს კრიტიკული შენიშვნები პოლიტიკური ბრძოლის წესების არარსებობაზე საქართველოში.

უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო ვერ გახდებოდა მიზეზი ამერიკის ხელისუფლების ასეთი მეტამორფოზისა, რომ არა არაბული გაზაფხული, რომელმაც ვაშინგტონს რეალობა დაანახა და ახლა მუდმივად მიუთითებს, რომ ამერიკელთა პარტნიორი და საზრუნავი არის არა რომელიმე მათი ერთგული ხელისუფალი, არამედ ხალხი იმ ქვეყნისა, რომელიც პარტნიორად ეგულება. ამის დადასტურებაა უკანასკნელი წლის განმავლობაში მიღებული არაერთი მესიჯი ვაშინგტონიდან.

სულ უფრო ნაკლებ ამერიკელ ჩინოვნიკს აქვს იმედი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემისა და ამიტომაც დადარაჯებული არიან იმ პროცესების ობიექტურად შეფასებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 26 მაისს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების გამოუძიებლობაზეც არის ლაპარაკი. შარშანდელი მოვლენების შეფასებისას ხშირად ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობის დასაშინებლად მოხდა. უკვე ერთი წლის შემდეგ, 27-ში შეკრებილი ხალხის რაოდენობამ გვიჩვენა, რომ მისი შეშინება არც ისე იოლი ყოფილა.

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილების გამოყენებაზე უარი თქვა, საზოგადოებაში ორგვარი მიდგომა გაჩნდა: ერთნი თვლიან, რომ მან უკან დაიხია, მეორენი კი კონსტიტუციის კოსტიუმივით მორგებაზე უარის თქმას ქვეყნის პატივისცემად უთვლიან, თუმცა, ხელისუფლების მხარდამჭერებმა ისიც თქვეს, რომ ივანიშვილი შარზეა.

- ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ეს არის პოზიტიური გზავნილი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ საზოგადოებისთვის. ქართულ პოლიტიკაში შემოდის მორალის ელემენტი და ზნეობრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოექცეს ნებისმიერი მოქალაქე, მით უმეტეს, პოლიტიკოსი, კონსტიტუციას, რომ პირადი უპირატესობების დაფიქსირება საკანონმდებლო ცვლილებების გზით მიუღებელია საზოგადოებისთვის. რაც უნდა ილაპარაკონ, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებისთვის გაკეთდა, ჩვენ მალე დავრწმუნდებით, რომ მიუხედავად ივანიშვილის უარისა, ეს ცვლილება ძალაში მაინც შევა და როგორც აქამდე ჯიუტობდა ბატონი პრეზიდენტი, ასევე მოიქცევა ახლაც, არ მისცემს ივანიშვილს მოქალაქეობას, მაგრამ ამ აქტს კი ხელს მოაწერს. ეს კი პირადად მე კიდევ ერთხელ დამარწმუნებს, რომ ივანიშვილი არაფერ შუაში იყო, როდესაც ამ ცვლილების იდეა თითქოსდა ქრისტიან-დემოკრატთა გონებაში დაიბადა.

ასეთ ვითარებაში ჩემთვის უპირველეს ყოვლისა, საინტერესო იქნება ხელისუფლების გუნდის საარჩევნო სიები, რადგან ბიზნესმენების გარეშეE "ნაცმოძრაობას" სია არასოდეს წარმოუდგენია. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თითქმის ყველა ის ბიზნესმენი, რომელიც "ნაცმოძრაობის" სიით დეპუტატი გახდა, იძულებული შეიქნა საკუთარი ბიზნესის ჭირისუფალიც გამხდარიყო, რადგან მათ ხელისუფლებამ მუდმივი ხარკი დაუწესა. ახლა კი ქართულ ბიზნესში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ფულის ამოღებას შეეცდებიან იმ პირებისგან, ვისაც ბიზნესი საზღვარგარეთ აქვს. უთუოდ ეგულებათ ქართველი ბიზნესმენები საზღვარგარეთ, ან ორმაგი მოქალაქეობით, ან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობით. ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია ილუზიის შექმნა, რომ ისინი აყვავდებიან, თუ დეპუტატები გახდებიან, ზოგთან კი არც შანტაჟს მოერიდებიან. ასე რომ, საკონსტიტუციო ცვლილების შემთხვევაში ივანიშვილის გვარი მხოლოდ შირმა შეიძლება იყოს  ხელისუფლების ზრახვების დასაფარავად.

- როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის "თელასის" აქციებით დაინტერესებას არ გამორიცხავს. რამდენად რეალურია, რომ ეს მოხდეს?

- სავსებით შესაძლებელია, ამ ინფორმაციის გავრცელების ინიციატივა ხელისუფლებას ეკუთვნოდეს, რათა ნაადრევად ჩასახოს ამომრჩეველში იმედი ელექტროენერგიის საფასურის გაიაფებისა და მოგვიანებით, თუ აღმოჩნდება, რომ ეს სინამდვილეს არ შეეფერება, დაიწყოს ივანიშვილზე შეტევა სიტყვის შეუსრულებლობისთვის. თავად ბატონ ბიძინას პასუხები ამ კითხვებზე, ცხადია, ხელისუფლებას მოსვენებას არ მისცემს, რადგან ის ადასტურებს, რომ არაფერი უყიდია, მაგრამ არ გამორიცხავს დაინტერესებას ამ სფეროთი. ასე რომ, თუ ვინმესგან ჩაფიქრებული იყო ამ თემით მანიპულაცია, ამის პრევენცია თვითონ ივანიშვილმა მოახდინა. ამასთან, ის ნათლად ამბობს, რომ არის რესურსი ელექტროენერგიის გაიაფებისა, - ეს არის იმ კორუფციული სქემების მოსპობა, რომლებშიც ლივლივებს ჩვენი ხელისუფლება.