წიგნის ფესტივალი - ყველაზე სასარგებლო აქცია დედამიწისათვის - კვირის პალიტრა

წიგნის ფესტივალი - ყველაზე სასარგებლო აქცია დედამიწისათვის

აქცია, გაგრძელდება და ყველას ექნება საშუალება, მაკულატურა მოიშოროს და სანაცვლოდ ახალი წიგნები შეიძინოს

"ჩვენ ვიბრძვით სულიერი ზრდისა და დედამიწის გადარჩენისთვის"

სარეკლამოდ და გზამკვლევად მომზადებული ფერადი ნაფეხურები ექსპო-ჯორჯიას პავილიონებისაკენ "მიემართება". მშობლების გვერდით მიმავალი ბავშვები ამ "ნაკვალევს" მხიარულად მიჰყვებიან. პატარა ბიჭი ცდილობს, ფეხი სწორედ გიგანტურ ცისფერ ნაფეხურებს დააბიჯოს და ხტუნვა-ხტუნვით მიიწევს წინ.

- მამა, რატომ არის აქ გოლიათის ნაბიჯები? - ეკითხება მშობელს.

ახალგაზრდა კაცს ეღიმება:

- როცა წიგნებისკენ მიდიხარ, შენი ნაბიჯებიც გოლიათურია და იმიტომ!

ფესტივალზე გამომცემლობა "პალიტრა L"-მა თავისი ახალი პროექტი - "მაკულიტერატურა" წარმოადგინა. სწორედ მას, ვისაც დიდი და სერიოზული ნაბიჯებით სურს წინსვლა, გარკვეული ეკოკულტურაც მოეთხოვება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მაქსიმუმის მისაღებად საჭიროა, მინიმალურად დავაზარალოთ გარე სამყარო.  წიგნი - კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, მოითხოვს ფურცელს, ფურცელი კი, სამწუხაროდ, ხეების გაჩეხას. თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, ყოველი ახალი ფურცლის წარმოებას ახალი ხე შეეწიროს, რადგან არსებობს არაჩვეულებრივი საშუალება - მეორეული ქაღალდის გადამუშავება და ამ გზით ახლის მიღება. ამისთვის სულ ცოტა, გულისხმიერებაა საჭირო - უნდა მოაგროვო გამოყენებული რვეულები და ბუკლეტები, ჟურნალ-გაზეთები, ის წიგნები, რომლებსაც ვეღარ გამოიყენებ და კი არ გადაყარო, ჩააბარო. ეს თქვენი მცირე წვლილი იქნება, გარემოს დაცვისა და წიგნების გამოცემის საქმეში შეტანილი.

"პალიტრა L"-მა გაითვალისწინა შარშანდელი გამოცდილება, როცა XI პავილიონში ყველა გამომცემლობა ერთად იყო წარმოდგენილი, ამიტომ მცირე ფართობზე გაშლილ წიგნებს უამრავი მყიდველი ეხვეოდა გარს და ყველა წუხდა დიდი რიგისა და დათვალიერებისათვის მოუხერხებელი პირობების გამო. ამის თავიდან ასაცილებლად "პალიტრა L"-ის წიგნები ამჯერად VI პავილიონში იყო გამოფენილი, სადაც სივრცეც საკმარისია და გარემოც - განსაკუთრებული. პავილიონში შესვლისთანავე თვალში გეცემოდათ მწვანე ნარგავები, რომლებიც მშვიდად ხარობს წიგნების გარემოში. თავი ორანჟერეაში გეგონებათ. ჰაერში კი დაფრინავს დისნეის გმირი - თევზი ნემო, იმის შესახსენებლად, რომ დედამიწის ეკოსისტემა ადამიანთა და სხვა ცოცხალი არსებების თანაცხოვრებისთვის არსებობს და ჰომოსაპიენსმა ის არ უნდა დაანგრიოს!

სარეკლამო სტენდთან გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური იდგა და სიახლეების შესახებ ესაუბრებოდა ფესტივალის სტუმრებს. "სიახლე" - ეს სიტყვა "პალიტრა L"-ის თანამდევად იქცა. სიახლეების სტენდი მართლაც სავსე იყო ახალი გამოცემებით. ბავშვები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ და ხელით სინჯავდნენ მათთვის გამოცემულ წიგნებსა და თან დართულ სათამაშო მანქანებსა თუ ჭადრაკს...

- ყველაფერს ვაკეთებთ, - ხალისიანად მიხსნის მაია, - რომ ბავშვებს გაუჩნდეთ ის ინტერესი, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ და რომელიც წიგნებთან მეგობრობის საფუძვლად ექცევათ.

პავილიონის ბოლოში მაკულატურის გორა დგას.

- "მაკულიტერატურის" აქციამ მართლაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. პირველივე დღეს ძალიან ბევრი  მოიტანეს. გვირეკავენ რაიონებიდან, გვეუბნებიან, რომ მზად არიან, ჩამოიტანონ დაგროვილი მაკულატურა. ძალიან სასიამოვნო ფაქტია, - მეუბნება გამომცემლობის დირექტორი თინათინ ასათიანი.

- აქცია "მაკულიტერატურა" ფესტივალის შემდეგაც გაგრძელდება?

- ცხადია, გაგრძელდება. ამიერიდან ყველას ექნება საშუალება, მაკულატურა მოიშოროს და სანაცვლოდ ახალი წიგნები შეიძინოს. მეტიც, თუკი მოგვმართავენ ადამიანები, რომლებსაც 500 კილოგრამზე მეტი მაკულატურა აქვთ დაგროვილი, მათთან გავგზავნით მანქანას, რომ ჩაბარების პროცესი გავუადვილოთ.

პავილიონის გარეთ შეკრული მაკულატურით ხელში მორიგი სტუმარი  ავთანდილ თავბერიძე დაგვხვდა:

- ასეთი საჭირო და კარგი აქცია, კარგა ხანია, არავის მოუფიქრებია. საქმე მარტო ის კი არ არის, რომ წიგნებს საჩუქრად ვიღებ და ფული მეზოგება, თანაც ძველ, მტვრის ბუდედ ქცეულ ქაღალდებს ვიშორებ ოჯახიდან, ეს თითქოს მოქალაქეობრივი ვალია, კულტურაა, რომელიც უნდა გქონდეს, თუკი გინდა შენმა შთამომავლობამ დედამიწაზე ბედნიერად იცხოვროს. მიხარია, რომ წიგნის ფესტივალი მართლაც სასარგებლო აქცია ხდება დედამიწისათვის. აქ ორი მთავარი მიზნისთვის ვიბრძვით ადამიანები: ინტელექტუალური, სულიერი ზრდისა და დედამიწის გადარჩენისთვის.

მაკულატურის ჩაბარებასთან დაკავშირებით ცნობებისთვის შეგიძლიათ დარეკოთ:

219-60-53; 219-60-13