"ყოჩაღები" და "ყაჩაღები", ანუ რას ნიშნავს "წითელი" და "შავი" სია - კვირის პალიტრა

"ყოჩაღები" და "ყაჩაღები", ანუ რას ნიშნავს "წითელი" და "შავი" სია

შემზარავი კვლევა!

1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

ბავშვების უმოწყალოდ ცემა, კვების შეზღუდვა, სამოსის ჩამორთმევა, - შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს საშინელებათა ფილმის სიუჟეტია, არადა, ეს ყველაფერი ჩვენ გვერდით ხდება. 2011 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის პრევენციულმა ჯგუფმა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა. შეამოწმეს როგორც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებული ბავშვთა სახლები, ასევე მცირე საოჯახო ტიპის სახლები, სადაც ბავშვთა უფლებების დარღვევის უამრავი და, შეიძლება ითქვას, შემზარავი ფაქტი გამოვლინდა.

როგორც მონიტორინგმა ცხადყო, ბავშვთა სახლების პერსონალი აღსაზრდელების დასასჯელად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს: წკეპლით ცემა, ბოთლის ჩარტყმა, კუთხეში დაყენება, ფიზიკური შრომა და ა.შ. მშობლების ზრუნვამოკლებულ ბავშვებს არც სკოლებში ინდობენ. აღმაშფოთებელი ის არის, რომ ასეთი ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ მოძალადეები მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით ისჯებიან, მსხვერპლს კი მთელი ცხოვრება დაღად აჩნია ბავშვობისას მიღებული ფიზიკური თუ სულიერი იარები.

ამონარიდები კვლევიდან:

ბავშვთა სახლი "სათნოება"

9 წლის ბენეფიციარის განცხადებით, ფეხბურთის მასწავლებელი ბ. ა., ფეხებში ჯოხს ურტყამდა. "სათნოებაში" ხშირია პოლიციის გამოძახება. 15 წლის მოზარდის განცხადებით,  "დაწესებულების დირექტორი ყველაფერზე პოლიციას იძახებს, ერთხელ იმიტომ გამოიძახა, რომ ნორმალური ფეხსაცმლის უქონლობის გამო სკოლაში ვერ დავდიოდი".

"პოლიციელმა, მეტსახელად "ბალუმ" მუხლი ამომარტყა და ძირს დამაგდო, მერე მანქანაში ძალით შემაგდო და პოლიციაში წამიყვანა", - ჰყვება კიდევ ერთი 15 წლის აღსაზრდელი.

თელავის ბავშვთა სახლი

16 წლის აღსაზრდელის განცხადებით, - "დაწესებულებაში ორი მობილური ტელეფონი დაიკარგა, რომელიც ამ სახლის ბენეფიციარებს ეკუთვნოდათ. დაწესებულებაში სამი პოლიციელი მოვიდა - ნიკა, აკაკი, (რომლებსაც სასმლის სუნი ასდიოდათ) და ერთი მაღალი, შავგვრემანი ახალგაზრდა. მათ რ.გ. და ი.პ. ოთახში შეიყვანეს. აკაკიმ, "დავაი, ტელეფონი მომიტანეო". რ. გ.-ს ჯერ წიხლი ჩაარტყა მუცელში, მერე სახეში სილა გააწნა. პოლიციელმა ნიკამ ხელი დაუჭირა, აკაკიმ კი შეშის ღუმელში გაცხელებული რკინის მაშა მიუტანა ხელთან და ხელის დაწვით დაემუქრა. პოლიციამ გაჩხრიკა ყველაფერი და დიდი ბიჭების "კრესლოს"”ქვეშ იპოვა ტელეფონები".

ამ ფაქტის გამო სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა, მაგრამ გამოძიებით არ დადასტურდა თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ  აღსაზრდელებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

ქუთაისის ბავშვთა სახლი

14 წლის აღსაზრდელის თქმით, -"ძიძა მაკამ, რომელსაც ბავშვები„"ბეღურას" ვეძახით, ბავშვს თავში ტელევიზორის პულტი ჩაარტყა და სახეში ხელი გაარტყა. აღმზრდელი ომარი კი ბავშვებს იმით სჯის, რომ ტანსაცმელს არ აძლევს".

ზუგდიდის ბავშვთა სახლი

ზუგდიდის ბავშვთა სახლის ფსიქოლოგის ინფორმაციით, "15 წლის გ.რ. სააღმზრდელო დაწესებულებიდან გარიცხეს. არადა, გ.რ. ხშირად ამბობდა, რომ მისი ოჯახის წევრები ნარკოტიკებს ეტანებიან. არასრულწლოვანმა აღიარა, რომ ერთხელ "ლირიკის" საყიდლად ფული მისცეს. მან კი მორჩენილი თანხით ნარკოტიკი თავისთვისაც შეიძინა. იმ საღამოს ცუდად გახდა, ჰალუცინაციები დაეწყო, რის გამოც ბავშვთა სახლიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწესებულების დირექტორმა დახმარებისთვის სოციალური  მომსახურების სააგენტოს მიმართა, მაგრამ ამაოდ... მას შემდეგ, რაც აღსაზრდელი ბავშვთა სახლიდან გარიცხეს და შინ დაბრუნდა, სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლები ხშირად ხედავენ არაფხიზელ მდგომარეობაში".

მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი

ბენეფიციარები არაჰუმანურ მოპყრობაში ადანაშაულებდნენ აღმზრდელებს. 7 წლის აღსაზრდელის განცხადებით, ნ.ჯ. საჯდომზე წკეპლას ურტყამდა, აღმზრდელი ნატო კი აშინებდა. 8 წლის აღსაზრდელმა კი განაცხადა, როცა აღმზრდელები საუბრობდნენ, მათთან მისვლა აკრძალული ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებოდნენ.

ბათუმის ბავშვთა სახლი

11 წლის აღსაზრდელის მონაყოლიდან: "8 წელია, აქ ვცხოვრობ. აღმზრდელი ს.შ. ხშირად მცემდა, სახეში მირტყამდა. ერთხელ ისე მტკიცა, ცხვირიდან სისხლი წამსკდა, გავმწარდი და ხელში დავარტყი, გაბრაზებულმა მუხლებზე დამაყენა, ამაზე ისტერიკა დამემართა. ამის შემდეგ ხშირად მემუქრებოდა, ხომ არ დაგვიწყებია ჩემი ხელიო".

ზესტაფონის სააღმზრდელო დაწესებულება

ერთ-ერთი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარის, 9 წლის ნ.ქ.-ს გადმოცემით, - თუ აღმზრდელებს გააბრაზებდა, ხან თავში, ხანაც სხეულის სხვა ნაწილებში ურტყამდნენ. აღმზრდელი ნანა ბავშვებს ჩქმეტდა, თმას წიწკნიდა, ურტყამდა და კუთხეში აყენებდა. დაბადების დღეზე მას ბარბი უყიდეს, მაგრამ ნანა  მასწავლებელმა ნაგავში გადაუგდო, რადგან შუადღეზე (ძილისთვის დაწესებულ დროს) მოინდომა თამაში. ამ დაწესებულებაში ბავშვებს ძალადობისგან მამა  სპირიდონი იცავდა. ნ. ქ.-ს გადმოცემით, "მათ ეცოდებოდათ მოძალადე მასწავლებლები და მამა სპირიდონს არაფერს ეუბნებოდნენ".

ეწრის მცირე  საოჯახო სახლი

აღმზრდელები ვანო და ლუიზა დროდადრო ძალადობდნენ რამდენიმე აღსაზრდელზე, განსაკუთრებით 11 და 14 წლის ძმებზე. ერთ-ერთი ძმის განცხადებით, აღმზრდელი ვანო ხშირად სცემს მას:„"სულ დავჩლუნგდი ამდენი ცემით". ბავშვის გადმოცემით, ის თამაშის შემდეგ დასვრილი ტანსაცმლით ჩამოჯდა სკამზე, რის გამოც ვანომ შუბლზე ფანქარი გადაამტვრია (აღსაზრდელს შუბლის არეში, მარცხენა საფეთქელთან აღენიშნებოდა დაახლოებით 0.5 სმ-ის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. ბავშვს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე ქვემო კიდურის არეშიც, რომლებიც მიყენებული იყო ფეხის დარტყმით). იმავე აღსაზრდელის გადმოცემით, იმის გამო, რომ ბავშვები არ იძინებდნენ, ვანომ რამდენჯერმე ხელი დაარტყა მას და მის ძმას.

მოზარდები ამბობენ, - "ვანო წიხლებს გვირტყამს და გვეუბნება, რომ ამას ჩვენს გამოსასწორებლად აკეთებს. გვემუქრება, რომ თუ ვინმეს შევატყობინებთ ცემის შესახებ და მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ისე არ წავა, ვინმე არ შემოაკვდეს".

საქართველოს "კარიტასის" თავშესაფარი

15 წლის აღსაზრდელის გადმოცემით, თავშესაფარში არსებობდა "წითელი“სია", სადაც ბავშვების ქცევის შესაბამისად იწერებოდა ქულები. ასევე იწერებოდა შეფასებები„"ყაჩაღი"“და "ყოჩაღი". ვინც თვის ბოლოს საუკეთესო ქულებს დააგროვებდა, ფულს აძლევდნენ. დაწესებულებაში არსებობდა "შავი სიაც", სადაც ბავშვის ცუდი“ქცევის შესახებ ჩანაწერები კეთდებოდა. ბავშვი, რომელიც თვის ბოლოს ყველაზე მეტ უარყოფით ქულას მოაგროვებდა, "შავ სიაში" ხვდებოდა და ერთი ან რამდენიმე კვირის განმავლობაში ეხმარებოდა ე. წ. პატრულებს საპირფარეშოს დალაგებაში, კორიდორის მოწმენდაში და ა.შ.„"პატრული", თავის მხრივ, 5 ბავშვისგან შედგებოდა, რომლებიც დაწესებულებას მორიგეობით ალაგებდნენ.

ანა არგანაშვილი, ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი: "სახალხო დამცველის აპარატი მესამე წელია  რეგულარულად ატარებს მონიტორინგს. ძალადობა მხოლოდ ცემა არ არის, ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურიც და სექსუალურიც. გასულ წელთან შედარებით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა: ბევრი აღმზრდელი, რომელიც შემჩნეული იყო ძალადობაში, სამსახურიდან დაითხოვეს, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა ხარვეზები. არასათანადო მოპყრობის ფაქტები უმეტესად მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გამოვლინდა. დასავლეთ საქართველოში მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბავშვებს აღმზრდელი  წკეპლით სცემდა, ბოთლს ურტყამდა. ბავშვებს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობოდათ.

საყურადღებოა ისიც, რომ არასახელმწიფო ტიპის დაწესებულებაში არსებულ ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფო სტრუქტურებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. როცა ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, გვითხრეს, თუ ბავშვს სახელმწიფო არ აფინანსებს, ინფორმაცია არც უნდა გვქონდესო(?!). ეს კანონმდებლობის ლაფსუსია, რადგან გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ყურადღება გამოიჩინოს ყველა მზრუნველობას მოკლებული ბავშვის მიმართ, მიუხედავად იმისა, რა ტიპის დაწესებულებაში იმყოფებიან ისინი.

ხშირია შემთხვევა, როცა არასათანადო ქცევის გამო ბავშვთა სახლებიდან ბავშვებს "შინ" უშვებენ. ასეთი ბავშვების კვალს ვერსად მივაგენით. აღმზრდელები ამბობენ, რომ მათი რამდენიმე აღსაზრდელი ახლა ნაგავში იქექება და ასე ირჩენს თავს. ქუთაისის ბავშვთა სახლში აღმზრდელმა გვითხრა, რომ მშობელმა შვილი სამათხოვროდ წაიყვანა. ამბობენ იმასაც, რომ აღსაზრდელები ქურდობით ირჩენენ თავს. არსებობს უამრავი პედაგოგიური მიდგომა, ქცევის თერაპია, ანალიზი. ბავშვს გადააბრალო, ძნელად აღსაზრდელი ხარ, ვერ გივლიო და დაწესებულებიდან გაუშვა, სულ ცოტა, უპასუხისმგებლობაა.

იყო შემთხვევა, როცა ბავშვმა უყურადღებობის გამო ნაჯახით ორი თითი მოიჭრა. ერთი ბავშვი კი იმით დასაჯეს, რომ კვება შეუზღუდეს. ერთ-ერთ დაწესებულებაში ვნახეთ, არასრულწლოვანები თამბაქოს ეწეოდნენ, ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობდნენ, კუსტარულად იკეთებდნენ სვირინგებს და ა.შ. აღმზრდელებს ვკითხეთ, როგორ ზრუნავენ ამ ბავშვების სულიერ აღზრდაზე. გვიპასუხეს, რომ ასეთ ბავშვებს სულიერი მოთხოვნილებები არ გააჩნიათ. როცა ასე ფიქრობ, რა თქმა უნდა, ვერ მისცემ ბავშვს სათანადო აღზრდას".

P.S. ბავშვთა სახლების უმეტესობაში ვადაგასული საკვები პროდუქტი აღმოჩნდა,  პურს კი ჟანგიან სეიფში ინახავდნენ.

იხილეთ გაგრძელება: "ქალაქისა" და "ინტერნატის" ბავშვები

იხილეთ ვიდეო: შოკისმომგვრელი რგოლი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ