"ამ ხალხმა შაჰ-აბასი და თემურ-ლენგი მოინელა" - კვირის პალიტრა

"ამ ხალხმა შაჰ-აბასი და თემურ-ლენგი მოინელა"

"ხელისუფლებას აქვს "გასაოცარი უნარი", არასოდეს წავიდეს საკუთარ ხალხთან კომპრომისზე(?!)"

ჯერჯერობით, ივანიშვილი "ოცნების კოშკებს" ისეთი სიფრთხილით აგებს, რომ "ქართული ოცნება" არ ჩამოეშალოს

"ჩვენ და ისინი" - ასეთი მიდგომა კატასტროფაა საქართველოსთვის

"ხანგრძლივმა შიშმა მოდუნებისა და დაღლის გარდა სასოწარკვეთილი გაბედულებაც იცის" -–ლევან გოთუას ამ მრავლისმთქმელ სტრიქონებში ზუსტად აისახა ის მოვლენები, რაც 27 მაისს თავისუფლების მოედანზე განვითარდა. უიმედობისგან ლამის ხელჩაქნეული საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში და ხელახლა დაამტკიცა, რომ ტყვიით, ხელკეტითა და ბორკილით ქართველს უღირს არსებად ვერ აქცევ!

27 მაისს ძირეული გარდატეხა მოხდა მიტინგებსა და "გაუმარ-ჯოს" ემოციებზე აწყობილ საზოგადოებაში. ტრადიციულად, ხმის ჩახლეჩამდე გამეფებული ეიფორიის ნაცვლად, სადაც სიძულვილის ენა ბევრად სჭარბობს საღ გონებას, რაციონალიზმის მზაობა ვიხილეთ. არც ლანძღვა-გინებით გამოუჩენია ვინმეს თავი და არც "წადი-მოდის" სკანდირებით. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად განსაზღვრა ოქროს შუალედი, რადგან მშვენივრად ესმის, რომ აღტყინებასაც აქვს თავისი მწვერვალი. ამიტომაც პირველი მასშტაბური გამოსვლა სწრაფად დაამთავრა - ათასობით ადამიანის ტემპერატურის ისე მართვა, რომ კი არ დაშრეს, არამედ მუდმივად იდუღოს, ურთულესი საქმეა და ამას ვერაფრით მიაღწევ, თუ პირველსავე "შეკეთებაზე" საწვავს სრულად გამოიყენებ. ასეთი აზროვნებისა და გამოცდილების კაცი, ბუნებრივია, იმასაც ხვდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მაცდუნებელი არჩევანის წინაშე არაერთხელ დაყენებული ქართველი ხალხი, მის თითოეულ სიტყვას თუ ნაბიჯს არა მარტო ბოლო იმედად ებღაუჭება, არამედ გამადიდებელი შუშითაც აკვირდება. ეჭვიან საზოგადოებაში ყველაზე რთული ნდობის დაბრუნებაა და ივანიშვილი ამ ფაქტორს ფაქიზად ეკიდება. თავს არიდებს პოპულისტურ დაპირებებს და "ოცნების კოშკებს" ისეთი სიფრთხილით აგებს, რომ "ქართული ოცნება" არ ჩამოეშალოს. ივანიშვილი ცდილობს უნდობლობის სენი გულწრფელობით დაანგრიოს.

სენი (იქნებ განუკურნებელიც) საზოგადოებასთან ერთად ხელისუფლებასაც სჭირს. ძალაუფლების უკიდეგანობამ ძლიერნი ამა ქვეყნისანი უშეცდომობის სინდრომით დააავადა. მათი მთავარი შეცდომაც ამაშია(!). თუმცა, ისიც უბედურებაა, როცა ეს არ გესმის ანდა უარესი - არ გინდა, რომ გაიგო. ამ გაუგებრობაში კი საქართველო შაგრენის ტყავივით გაილია და გაიხარჯა. ხელისუფლებამ მოახერხა და ქართველ ხალხს "ძაღლისა და ქარავნის" საანდაზოდ გაუხადა საქმე, დაავიწყდა, რომ "დრონი მეფობენ..." და მხოლოდ "მე ვარ და ჩემი ნაბადის" პრინციპით ცხოვრება შეუძლებელია. ღვთის ანაბარა მიტოვებულ ქართველს კი ყელში ამოუვიდა გაუთავებელი დაყვედრება დაგებული გზებისა, აყვავებული ბულვარებისა და 24-საათიანი ელექტროენერგიისა. სამშობლოს თავი და საქმე არ უნდა დაამადლო(!). კარგია ხარისხიანი გზებიც, სასტუმროებიც, შუქიც და გაზიც, შეპირებული ელდორადოებიც, მაგრამ "ვიდრე პეტრე მოვა, პავლეს ტყავი გასძვრება". ან ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი, როცა მილიონზე მეტი ქართველი ლუკმაპურისთვის გადახვეწილია ცხრა-მთას იქით; როცა დემოგრაფიული ზამთარი კატასტროფას გვიქადის; როცა ადამიანები უსახსრობისგან სულს ღაფავენ; როცა დაქცეულია ქართული სოფელი... როცა... როცა... როცა...

წმინდა ილია მართალმა ჯერ კიდევ როდის ბრძანა: "ვერა, ვერ მართონ ვერსად ერი ვერა მმართველთა, ვისც არ აქვთ ერის სიყვარული და შეწყნარება!" უძველესი კულტურის და ტრადიციების მქონე ქართველი ხალხი ნახირი არ არის, რომ სახრე უტყლაშუნო. ქართველ ერს უნდა აგრძნობინო, რომ მისი ტკივილი გტკივა და მის ვარამს ნიანგის კურცხალით კი არ განიცდი, არამედ მთის წყაროსავით ალალი ცრემლით(!). ამ ხალხმა შაჰ-აბასი და თემურ-ლენგი მოინელა. ეს ერი ფენიქსივით არაერთხელ აღდგა ფერფლიდან და ეს ის ქვეყანაა, სადაც ერთ დღეს ასი ათასი კაცი რწმენას და სამშობლოს შეეწირა! ეს და სხვა უამრავი ღირსება ქართველი კაცისა თუ არ გაქვს გათავისებული, ეს ქვეყანა შენთვის უცხოა და ეს გაუცხოებაა, გადაულახავ უფსკრულად რომ გადაჭიმულა ხალხსა და მმართველ გუნდს შორის. რა ამოავსებს ამ უფსკრულს? Aარავინ უწყის, რადგან ერთხელ დაკარგული ნდობის აღდგენა იმაზე გაცილებით ძნელია, ვიდრე ამ ნდობის მოპოვება. აქვს კი ამის რესურსი ხელისუფლებას, ძნელი სათქმელია. სამაგიეროდ, აქვს "გასაოცარი” უნარი"– არასოდეს წავიდეს საკუთარ ხალხთან კომპრომისზე(?!)...

P.S. "ჩვენ და ისინი" - ასეთი მიდგომა კატასტროფაა საქართველოსთვის. არადა, რატომღაც, ასე აზროვნებენ მთავრობაში. "ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ და ზღაპარში გაცხოვრებ..." - ჩავლილი მატარებელია, რომლის ბოლო ვაგონზე შეხტომისთვის, პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, თავ-პირი არავის დაუმტვრევია. თუ რატომ, ამაზე აქამდე უნდა ეფიქრათ "ზევით". დღეს სხვა ვითარება იკვეთება: საპროტესტო განწყობამ ახალი ძალა აკრიფა და მის შეჩერებას ხელკეტი ვეღარ უშველის. იმედია, გონიერება ერთხელ მაინც გადასძალავს ემოციებს და რეალობას ვირტუალური კეთილდღეობის პრიზმიდან აღარ გადმოხედავთ ბატონებო...

რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ ოპოზიციას, არანაკლები გონიერება მართებთ, რათა არსებული მაღალი მუხტი შეინარჩუნონ, რადგან რაც უფრო მაღლა ადის, მით მეტი გონიერება მართებს კაცს, კისრისტეხით რომ არ გადმოეშვას მწვერვალიდან. ჯერჯერობით ივანიშვილის კოალიცია ამ მწვერვალამდე კარგად გათვლილი ნაბიჯებით მიიწევს. შესაძლოა, მათ ლიდერს არა აქვს გამოკვეთილი ქარიზმატული თვისებები ანდა სამიტინგო ომახიანობა, მაგრამ მისი განაცხადი - "ჩვენ მოვდივართ არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ საქართველოს გასამარჯვებლად!" იმაზე უფრო დამაჯერებელია, ვიდრე მისი ოპონენტების თავბრუდამხვევი პიარი...

და ერთიც, წესად გვექცა, რომ ერთი კაცი კერპად ვაქციოთ, ფრთები შევასხათ, ზეცაში ავიყვანოთ და თუკი ბედის უკუღმართობით ფეხი დაუცურდა, ხელის შეშველებას ვინ ჩივის, ძირს დაქანებულს წიხლიც დავაყოლოთ. ივანიშვილი ამ მხრივ გაწონასწორებულია, უკიდურესი თავშეკავებით და ერთგვარი მორიდებით იღებს ხოტბას. პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა, სამართლიანი კრიტიკა მირჩევნია, ვიდრე გაუთავებელი ქებაო. განწყობა, რაც დღეს ყველაზე მართებულია, ისევ ივანიშვილის სიტყვებში იხატება: "მე მოვედი საქართველოს გასამარჯვებლად!.."ამისთვის უნდა იყოს შემართული ყველა წამსვლელიც და მომსვლელიც(!)..