"ისედაც პეპლის ცხოვრებით ვცხოვრობთ" - კვირის პალიტრა

"ისედაც პეპლის ცხოვრებით ვცხოვრობთ"

პირველად თავის სტუდენტებზე მელაპარაკა. გახარებული მიამბობდა მათ წარმატებებზე: ანი ჩერქეზიშვილმა პირველი პრემია მიიღო ვისბადენში, შემდეგ ამერიკაში მოხვდა სტოუნ ჰოლის აკადემიაში, ახლა მთელი უნივერსიტეტის სენატორი გახდა. ნოშრევან ჩხაიძე ჩემი უნივერსიტეტის რექტორი გახდა, ნინო ხარატიშვილი გერმანიაში წარმატებული მწერალი და დრამატული თეატრის რეჟისორია, გიორგი კკაბაძე ცენტრალური არქივის კინო-ფონო-ფოტო განყოფილების დირექტორია. ჩემი სტუდენტი იყო გერმანელი შტეფან შტოლცი, რომელმაც "კავკასიური სტუმარ-მასპინძლობა" და "გზის გასაყარზე" გადაიღო... იმდენად შეუყვარდა საქართველო, აქ დამკვიდრდა... გიორგი ხარებავამ "ღვინის აკვანი" გადაიღო...

პედაგოგიური საქმიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია რეჟისორ გია ჭუბაბრიას ცხოვრებაში. უამრავი საინტერესო რამ უნახავს და გადაუღია, შეიძლება სათავგადასავლო ფილმადაც კი აღიქვა მისი განვლილი ცხოვრება.  იგი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტური ფილმების ავტორია: "გაფითრებული თებერვლის ლანდი" (მარო მაყაშვილი), "რწმენის აღორძინება", "გზა თავისუფლებისაკენ?", "ქართველთა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში", "ჩუქურთმის საგალობელი", "ორაგულის ბედი", "ქართველები ნიდერლანდებში", "თეთრი ზღაპარი", "თეთრი თორღვაი", "ომალო", "იაპონია"... მიღებული აქვს სიგელები და ჯილდოები.

ჩემი დილა

მახსოვს 1940 წლის 15 მაისი, მაშინ სამი წლისაც არ ვიყავი. სახლში ჩეკისტები შემოცვივდნენ. საოცარია, რომ დამამახსოვრდა მათი ოთხკუთხედი ულვაშები, ჩექმები. პატარა ვიყავი და ყველაფერს ქვემოდან ვუყურებდი. ასეც ჩამრჩა მათი სახეები მეხსიერებაში. მაშინ დეიდა - ლიზიკო წაიყვანეს. მერე მის სანახავად ორთაჭალის ციხეში წავედით. გისოსები რომ გაიღო, გამოვიდა მომცრო ტანის, მოხდენილი ქალი. ერთი კი ამოთქვა: მაწამესო... გამოხდა ხანი და ეს ამბავი თავად აღწერა, რაფავას მითითებით როგორ სცემეს, აწამეს და როგორ უთხრა რაფავას, - მეცოდებითო! დეიდა გადაასახლეს. ეს მეორე გადასახლება იყო. როგორც "კონტრამ", პირველად 1928 წელს მოიხადა სასჯელი. ბებია დარდით მძიმედ გახდა ავად. პროფესიით ექიმი იყო. თავისმა კოლეგამ - გვარად კოღუაშვილმა გადაარჩინა.

დედაჩემი, მარიამ ქავთარაძე, ძალიან განათლებული ქალი იყო. პროფესიით აგრონომი გახლდათ და ბევრს შრომობდა, რომ ვერჩინეთ. მამა ყოფილი კადეტი იყო, ამიტომაც ცდილობდა, სულ ჩრდილში ყოფილიყო.

ჯერ კიდევ პატარა ბებიამ საჩხერის რაიონში, სოფელ ივანწმინდაში წამიყვანა,  სადაც ქავთარაძეების ძირია... არავინ გვეკარებოდა - ეშინოდათ, ჩვენ ხომ გადასახლებულის ოჯახის წევრები ვიყავით! ძალიან ციოდა, რომ არ გავყინულიყავი, ბებია ფეხებთან, ლეიბის ქვეშ, ცხელ ტაფას დებდა. ფილტვებით დავსნეულდი, ინფილტრატი დამემართა და თბილისში წამომიყვანეს.

დედას კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ნაწილი ჩეკამ წაიღო, მაგრამ რაღაც  გადარჩა, მერე წიგნებიც და ჭურჭელიც გაყიდა... მახსოვს, როგორ მაჭმევდა კოვზით კარაქს, რომ არ დავსუსტებულიყავი. ღმერთმა გადამარჩინა ალბათ იმ მძიმე სნეულებისაგან.

"ხალხის მტრად" შერაცხილებს ძალიან ცივად გვექცეოდნენ, მხოლოდ ჟორჟიკა იაშვილი დადიოდა ჩვენს სანახავად. მიუხედავად რთული ცხოვრებისა, კარგი განათლება მომცეს. ბავშვობაში მუსიკაზეც დავდიოდი.

ვაჟთა მეორე სკოლაში ვსწავლობდი. მეოთხე კლასში მასწავლიდა ქალბატონი თამარი - ომის მერე ამერიკაში დარჩენილი გივი გაბლიანის დედა. სულ თვალცრემლიანი დადიოდა. ძალიან შთაგონებული ვიყავი მისი შვილით. ჩემი გმირები იყვნენ: მარო მაყაშვილი, გივი გაბლიანი, ბიძაჩემი - ქაქუცა ჩოლოყაშვილის მარჯვენა ხელი შალვა კანდელაკი, 19 წლისა  დაჭრეს. ჰოსპიტალში რომ მიჰყავდათ, წამებას სიკვდილი არჩია - თავი მოიკლა.

XI კლასში რომ ვიყავი, სიარული დავიწყე ალექსანდრა ჯაფარიძესთან, მზია ერისთავთან და მარინა უთმელიძესთან პიონერთა სასახლეში. მათ შემაყვარეს ქართული მიწა, ხუროთმოძღვრება, ისტორია... მოვიარე მთელი საქართველო. ეს ღირსების სკოლა იყო ჩემთვის.

ჩემი შუადღე

სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში, რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. პარალელურად უნივერსიტეტის ორკესტრში ვუკრავდი. 19 წლისა გასტროლებზე წავედით და ავად გავხდი. ძველმა სენმა გამიხსენა... ცუდად ვიყავი, მეგობარმა მითხრა, - წადი, ლეილა ნახე და უკეთ გახდებიო. მაშინღა დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართლა ძალიან მიყვარდა ლეილა - ჩემი მომავალი მეუღლე. ორკესტრში ერთად ვუკრავდით.

ფილოლოგიის ფაკულტეტს ვამთავრებდი, როცა გადავწყვიტე მოსკოვში წასვლა კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე სასწავლებლად. წინადღეს მე და ლეილამ ხელი მოვაწერეთ, ღამით მატარებლით გავემგზავრე მოსკოვში. ლეილა  თბილისში დარჩა. 1959 წელს შეგვეძინა ვაჟი - კახა, ხუთი წლის შემდეგ ქალიშვილი - რუსუდანი, რომელიც ახლა ამერიკაშია.

მოსკოვში გამოცდები წარმატებით ჩავაბარე, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ - კიმ თავრიზიანმა განაცხადა: ჭუბაბრიამ გამოიყენა სახელმწიფოს ფული და თითქმის დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჯერ მოიხადოს ვალი სახელმწიფოს წინაშე ამ პროფესიით და მერე ჩააბაროს აქო. კინოდრამატურგმა და სცენარისტმა ვალენტინ ტურკინმა დამიცვა, - ჩვენ განათლებული ხალხი უნდა ავიყვანოთო... ამან გაჭრა...

დიდი მოჩხუბარი არ ვიყავი, მაგრამ ერთხელ ისე ვიჩხუბე, ცხვირი მოვტეხე ბიჭს. ის ბულგანინის (სტალინის დროს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე) რეფერენტის ვაჟი აღმოჩნდა. იმ დღესვე გამრიცხეს ინსტიტუტიდან. მთელი ჯგუფი მივიდა მამამისთან. თუ ჭუბაბრიას გარიცხავთ, ჩვენ აღარ ვივლითო. მერე შევხვდი იმ ბიჭის მამას, კაცურად მელაპარაკა. მეც ვაღიარე: ზედმეტად გავცხარდი-მეთქი. დამტოვეს ინსტიტუტში. სწავლა წარჩინებით დავამთავრე. რექტორმა, ალექსანდრე გროშევმა გადმომცა დიპლომი. გავახსენე, - თქვენ ჩემი გარიცხვა გინდოდათ-მეთქი. იდგა ჩუმად. მერე თქვა: ჩვენც გვეშლებაო...

ფილმებს არა მარტო ვიღებდი, სცენარსაც მე ვწერდი, ოპერატორიც, ხმის რეჟისორიც მე გახლდით - სანდო პროფესიონალიც ჭირდა, ხან იმის მატერიალური საშუალება არ იყო, რომ კიდევ ერთი კაცი წამეყვანა გადაღებაზე... ახლა რომ ვფიქრობ, ბევრი მაქვს მოსაგონარი. რამდენიმე ფილმი მაქვს გადაღებული უწმინდესსა და უნეტარესზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე. 1997 წელს დორტმუნდში გაიმართა პრემიერა. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე გახლდათ...

ბევრი რამ ვნახე დოკუმენტური ფილმების გადაღებისას. კალიმაზე სამჯერ ვიყავი, გადასახლებული ქართველები ვნახე, სამუდამოდ რომ უნდა დარჩენილიყვნენ ჩრდილოეთში. იქ გავიცანი კარლო ღუტიძე, რომელმაც ვაზი გამოიყვანა იმ უმკაცრეს პირობებში...

ყველაზე რთული მაინც ალბათ ოხოტის ზღვაში, 12-ბალიან შტორმში გადაღება იყო. ერთ საღამოს ვნახე, გემბანი განათებული იყო ფოსფორიანი ზღვის მოლუსკებით. კაპიტანმა ოთარ თალაკვაძემ მითხრა, - ესენი შტორმის წინ ამოდიან ზედაპირზეო. დილით მართლაც დაიწყო 12-ბალიანი შტორმი, ანძაზე მინდოდა ასვლა. არადა, გემბანს 4-5 წამში ერთხელ ტალღა უვლიდა. მაინც მოვახერხე და გადავიღე! ძნელი იყო იერუსალიმში ქართველთა ჯვრის მონასტრის გადაღება, რადგან ბერძნები ხელს გვიშლიდნენ...

ჩემი ფილმებიდან ძალიან მიყვარს "თეთრი თორღვაი". საერთოდ, წოვა-თუშები. ეს არის ყვავილი, რომელსაც გამოვარჩევ თაიგულიდან, საქართველო რომ ჰქვია. "თეთრ თორღვაის" რომ ვიღებდი, გატაცებული ვიყავი ვივალდის მუსიკით. ამ მუსიკის შთაგონებით გადავიღე სპეციალურ ინფრაფირზე - მწყემსი რომ მიდის ცხენით. ამ კადრებს ყოველთვის ტაშით აჯილდოებდნენ...

ჩემი საღამო

მინდა დავწერო წიგნი ჩემს ფილმებზე. ხედავთ ამ ხელნაწერებს? კინემატოგრაფიული ლექსიკონია! ხუთენოვანია, 30 წელი ამაზე ვიმუშავე. აქამდე არ გვქონდა კინო და ვიდეოლექსიკონი. ეს ნაშრომი მინდა მივუძღვნა აკაკი დვალიშვილს, არაჩვეულებრივ პიროვნებას, რომელიც კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იყო და პედაგოგებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩემს ჩამოყალიბებაში.

50 წელია, კინემატოგრაფიაში ვარ, 26 საავტორო ფილმი მაქვს გადაღებული. 35 წელი ვიყავი პროფესორი.

რაზე ვოცნებობ? ბებია ბერძენი იყო, წარმოშობით იანინოდან. მინდა მის სამშობლოში ჩასვლა...

არ მესმის მათი, ვინც ბოროტებას სჩადის. ისედაც პეპლის ცხოვრებით ვცხოვრობთ. ყველაფერი ძალიან სწრაფად გადის და როგორ უნდა დაამძიმო "პეპლის ფრთები" ბოროტებით?..