"ლითონთან მუშაობამ მეც გამომაწრთო" - კვირის პალიტრა

"ლითონთან მუშაობამ მეც გამომაწრთო"

"შენ ქვა ჩააგდე მამაკაც ოსტატთა ყანაში", - ეს სიტყვები მანაბა მაგომედოვას მშობლიურ სოფელ კუბაჩის არტელში, ოქრომჭედლობის ოსტატმა ჰაჯი ქიშევმა უთხრა და თან დააყოლა, ამდენ კაცებში მამაშენს რომ დაენახე, რას იტყოდაო? მაგრამ მანაბა ხომ საყვარელ საქმეს ეუფლებოდა...

- ოქრომჭედლობის ტრადიციებით სახელგანთქმულ სოფელ კუბაჩში დავიბადე, იქ, სადაც ყოველი მეორე მამაკაცი ამ ხელობით არჩენდა ოჯახს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ ზამთარში დიდ ქალაქებში ჩადიოდნენ სამუშაოდ, მათ შორის - თბილისში, ბაქოსა და ქუთაისში. ზაფხულში კი ოჯახებს უბრუნდებოდნენ. ასე იყო მამაჩემიც, მაგრამ 30-იან წლებში რუსებმა გააკულაკეს. ჩვენი ოჯახი საქართველოში წამოვიდა და თბილისში, სიონის ეზოში პატარა ნაქირავებ ოთახში დასახლდა. მე ბებიასთან დამტოვეს. მაშინ 2 წლისა ვიყავი. მამას აქ ოქრომჭედელი მეგობრები ჰყავდა, ამბროსი ჯიქია და მიხეილ იმედაძე, ისინი ეხმარებოდნენ... სამწუხაროდ, რუსებმა ჩვენს ოჯახს გაკულაკება არ აკმარეს, უკანასკნელი ხორბლის გასაშლელი ხალიჩა, ბებიას დასართავი მატყლი და ბუხრიდან დოქიც კი წაიღეს. მოხუც ბებიაზე იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა, რომ ერთ თვეში გარდაიცვალა. მე ბიძაჩემმა 1935 წელს ჩამომიყვანა საქართველოში. თვითონ დაღესტანში დაბრუნდა, სადაც დაიჭირეს და ციმბირში გადაასახლეს.

- როგორ ეზიარეთ ოქრომჭედლის ოსტატობას?

- მეორე მსოფლიო ომის დროს დაღესტნიდან ოჯახის ახლობელი, ცნობილი ოქრომჭედელი აბდულჟალილ იბრაჰიმოვი გვესტუმრა, თან ორნამენტების ალბომი ჩამოიტანა. ცნობისმოყვარეობამ მძლია და დათვალიერება დავიწყე, ორნამენტების მოხატულობამ მომხიბლა. რომ დამინახა, მომიახლოვდა, მომცა ფურცელი და მთხოვა, ერთ-ერთი ორნამენტი გამომეჭრა. შედეგით კმაყოფილმა ცოტა ხანში თავისთან მიხმო და სპილენძის დიდი თეფში მომაწოდა, რომელზეც ფანქრით ორნამენტები იყო მოხატული. მომცა ყალამიც და მითხრა, აბა, ამაზეც ამოჭერიო.M მეც მონდომებით შევუდექი დავალების შესრულებას და მას შემდეგ ამ საქმეს ვემსახურები.

როგორც პროფესიონალი ცნობილი მხატვრებისა და მეცნიერების, რენე შმერლინგის, ლადო გუდიაშვილისა და დავით ციციშვილის გარემოცვაში ჩამოვყალიბდი. ბატონმა დავითმა კარგად იცოდა ლითონი, კერამიკა, ხალიჩა, საზოგადოდ, გამოყენებითი ხელოვნება. 1959 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში დავიწყე მუშაობა. სტუდენტები ლითონის საიდუმლოსა და სილამაზეს ვაზიარე. გარდა ამისა, დღეში 14-15 საათს ვმუშაობდი. ვიცოდი, რომ ჩაქუჩი და ცეცხლი არ იყო ქალის საქმე, მაგრამ შემიყვარდა ეს ხელობა და სხვანაირად არ შემეძლო.

ლითონთან ამდენი წლის მუშაობამ მეც გამომაწრთო. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასაკის მიუხედავად, ბევრი მამაკაცი ვერ დამიგდებს მკლავს. ერთხელ ჩემთან ამერიკელი მოიყვანეს, ხელობაზე ვსაუბრობდით და უცებ ტელევიზორში გამოაცხადეს, მკლავჭიდში ქართველმა გაიმარჯვაო. სახეზე სიხარული რომ შემატყო, მკითხა, რამე განსაკუთრებული მოხდაო? არ დავაყოვნე და მივახალე, გინდა ჩვენც ვცადოთ-მეთქი? დამთანხმდა და წააგო კიდეც. ნაწყენი წავიდა... მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა და თან სპორტსმენიც ყოფილა. აბა, რა ეგონა, ამერიკელი რომ იყო, მომიგებდა?

ახალგაზრდობაში, ხელობა რომ დამეხვეწა, ზაფხულობით დაღესტანში, მშობლიურ სოფელში ავდიოდი. ახლა ქარხნებს რომ ეძახიან, უწინ არტელი ერქვა და იქ 2-3 თვე მამაკაცების გვერდით ვერცხლსა და ლითონზე ვმუშაობდი. ერთ-ერთმა მასწავლებელმა, ოქრომჭედლობის ოსტატმა ჰაჯი ქიშევმა მითხრა, ამდენ კაცებში მამაშენს რომ დაენახე, რას იტყოდაო. ვიცი, მაგრამ ახლა დრო არის ასეთი-მეთქი, ვუპასუხე და მუშაობა განვაგრძე. "შენ ქვა ჩააგდე მამაკაც ოსტატთა ყანაში", - გამწყრალი სახით მომაძახა და გატრიალდა.

- მეუღლე არ ბრაზობდა?

- ჩემი ოჯახის შექმნა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ჩემს სოფელში დღემდე ასეთი ტრადიციაა - გოგო მხოლოდ თანასოფლელს უნდა მისთხოვდეს, ბიჭს კი თავისუფალი არჩევანი აქვს. მაგალითად, ჩემი ძმის მეუღლე მამით გერმანელი იყო და დედით გურული. უმცროსი და კი დედისა და ოჯახის სურვილის წინააღმდეგ წავიდა, ისეთ კაცს გაჰყვა ცოლად, რომ გვარი გვარს არ უხდებოდა. რაც შეეხება ჩემს გათხოვებას, მახსოვს, ჩემს ძმას სოფლიდან წერილი გამოუგზავნეს. რომ გავიგე, ჩემი საქმრო ხუთი წლით იყო ჩემზე უმცროსი და თანაც სოფლიდან, სასტიკი უარი განვაცხადე. ცოტა ხანში დედა აცრემლებული მოვიდა და მითხრა, მეორედ გამოგზავნეს წერილი და თუ ახლაც უარს იტყვი, სირცხვილით სოფელში ვეღარასოდეს ჩავალო. ჩემი და-ძმის შემდეგ, ჩემგანაც უარი დედისთვის სახეში სილის გაწვნას ნიშნავდა და ამიტომ დავთანხმდი. მაგრამ ერთი წუთითაც აღარ მინანია, - ოჯახისა და შვილების მოყვარული ჩემი მეუღლე თვითონაც ღირსეულად აგრძელებდა კუბაჩური ოქრომჭედლობის ტრადიციებს. ორი ქალიშვილი შეგვეძინა და 47 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ერთ-ერთი ქალიშვილი ლეილა, ჩვენს გზას გაჰყვა.

ისე, ქალსა და კაცს ვინ ჩივის, ამ საქმის მცოდნე თითქმის აღარავინ დარჩა. მართალია, მინანქარზე მუშაობენ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ოქრომჭედლობის 28 ტექნიკა არსებობს და მე ყველას ვფლობ. მიხარია, რომ ჩემი ყოფილი სტუდენტები ახალგაზრდა თაობას გადასცემენ ცოდნას. ერთ-ერთი, მიხეილ ცალქალამანიძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეშია. ჩემი მოსწავლის, ანდრო ჭაბუკიანის მოჭედილი ბიბლია კი ახლა სამების ტაძარში ინახება.

- ვიცი, რომ საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ "ლაზარესთან" არსებულ საოქრომჭედლო სახელოსნოს კონსულტანტი ბრძანდებით.

- მეუღლის გარდაცვალების შემდგომ დაღესტანში გადავწყვიტე დაბრუნება. ბინა გადავცვალეთ კიდეც... ერთ დღეს, ჩემს მეგობარ მანანა დავითაშვილთან ერთად მანქანით მივდიოდით, რომ მთხოვა, რამდენიმე წუთით საპატრიარქოში შევივლიო. უკან დაბრუნებულმა მითხრა, უწმინდესსა და უნეტარესს სურს შენთან შეხვედრაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. პატრიარქმა ხანმოკლე საუბრის შემდეგ მითხრა, შენ უნდა დარჩე საქართველოში, დაე, შენმა შვილებმა იარონ აქო. თითქმის დავმუნჯდი, მაშინ ვერაფერი ვუპასუხე. იქიდან გამოსულმა კი მანანას ვუთხარი, პატრიარქს უარი უნდა ვუთხრა, ხომ იცი ჩემი მდგომარეობა-მეთქი, მან კი, თუ პატრიარქს უარს ეტყვი, ცხოვრებაში სიკეთეს ვერ ნახავო. აბა, როგორ იქნებოდა? დავრჩი. მას შემდეგ უწმინდესის შემოთავაზებით მეხუთე წელია ამ სახელოსნოში კონსულტანტი ვარ.

- თქვენ თბილისის საპატიო მოქალაქე ბრძანდებით.

- დიახ, 2010 წელს მომანიჭეს ეს წოდება და ჩემთვის უცნაური რამ მოხდა, - თბილისის გასაღები იმ ადგილას გადმომცეს, საიდანაც პირდაპირ გავყურებდი იმ ძველი სახლის აივანს, სადაც ცხოვრების საუკეთესო 32 წელი გავატარე. თვალცრემლიანი ვიდექი და ვერაფერს ვამბობდი, ენით აუწერელი განცდა დამეუფლა. ეს ხომ იმ ქალაქისა და ხალხის საჩუქარი იყო, ვინც ჩემს ოჯახთან ერთად შემიფარა, შემიყვარა და გულში ჩამიკრა.

გურამ სოზაშვილი