ვინ იყო ის ქართველი, რომელმაც პირველმა შემოუფრინა ეიფელის კოშკს - კვირის პალიტრა

ვინ იყო ის ქართველი, რომელმაც პირველმა შემოუფრინა ეიფელის კოშკს

დაახლოებით 100 წლის წინ ქართველებმა პირველად იხილეს ცაში საფრენი აპარატი, რომელსაც ბესარიონ ქებურიას სახელი ერქვა

ამერიკული "ჰეპი ენდი" ამერიკელების მოგონილი არ არის, მათ კარგად გამოიყენეს ადამიანის რწმენა - ოცნებების ასრულების შესახებ და მთელი ამერიკა დამუხტეს. შედეგად კი ქვეყნის ბედნიერება მიიღეს. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ხშირად უფრო ცუდზე ვლაპარაკობთ, ვიდრე კარგზე და პესიმიზმშიც ვვარდებით. არადა, ფანტასტიკური ოცნებები ჩვენც გვისრულდება. ამ წერილით ქართველი კაცის ოცნების ფანტასტიკურ ასრულებაზე გიამბობთ.

იყო ერთი კაცი - ბესარიონ ქებურია. მან თავის დროზე, თავისი ნიჭით, ცივილიზებული მსოფლიო გააოცა და ქართული ავიაციის ფუძემდებლად იქცა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩხოროწყუს ერთ პატარა სოფელ კიწიაში, დურგლისა და ბალახებით მკურნალის ოჯახში დაბადებული პატარა მსოფლიოს გადაუფრენდა. მომავალში ბესარიონს მშობლების ორივე ხელობა გამოადგა - თვითმფრინავებს თავისი ხელით აგებდა და ტრავმებსაც თვითონვე მკურნალობდა.

ბესარიონ ქებურია საჩვენებელი ფრენების წინ ყაზანში

...პატარა ბიჭი ჯერ კიდევ კიწიის ორკლასიანი სასწავლებლის სახურავიდან თავისივე შეკოწიწებული "საფრენი აპარატით" გადმოხტა, რის გამოც დამტვრევისგან გადარჩენილს ყოფაქცევაში ორიანი დაუწერეს. ამ ამბავს დიდად არ შეუშინებია და, იმდენი ქნა, პროფესიის დასაუფლებლად პეტერბურგში წავიდა. იმ ხანებში მსოფლიო აღფრთოვანებული იყო: ფრანგი ავიატორი ლუი ბლერიო, საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანით გადაფრინდა საფრანგეთიდან ინგლისშიო... ბესარიონმა გაყიდა ყველაფერი, თუ რამ ებადა და პარიზს გაემგზავრა. იქ ბლერიო გაიცნო და ფრთებიც გაშალა - ბლერიომ ის თავის პილოტთა სკოლაში ჩარიცხა და მის წარმატებებს გაფაციცებული ადევნებდა თვალს (ამბობენ,  ქებურიამ პირველმა შემოუფრინა ეიფელის კოშკსო). ბიჭი იმდენად მოსწონდა, საფრანგეთის პრეზიდენტსაც კი წარუდგინა. იმანაც - მოხიბლული ვარ თქვენი საავიაციო წარმატებებითო. თუმცა ქებურიას ალბათ  მიზნად არასოდეს ჰქონია, თუნდაც ამგვარი აღიარების გამო უცხოეთში დარჩენილიყო, სამშობლოში დაბრუნდა. ამასობაში კი, 1908 წელს, თბილისში თავისი ხელით უკვე აგებული ჰქონდა პლანერი. სარატოვის იმდროინდელი გაზეთი წერდა: "ქებურიას მსგავსი ფანატიკოსი არავის უნახავს, საშინელ ქარში აიჭრა ცაში. ამას ვერც ერთი მფრინავი ვერ გაბედავდა.

ამ საკვირველმა ადამიანმა საკუთარი ხელით აგებული თვითმფრინავი დაგვათვალიერებინა, რომელსაც მისივე გამოგონებით შექმნილი სტაბილიზატორი აქვს". ქებურიას პირველი ავარიაც სარატოვში შეემთხვა, - ამოტრიალდა და დიდი სიმაღლიდან დაენარცხა მიწას. გადარჩა და თბილისში წამოვიდა, - სამშობლოში მისი საჩვენებელი ფრენები ნამდვილი სასწაული იყო. ერთ-ერთი ფრენის დროს ხალხი ისე მოეფინა მინდორს, რომ თვითმფრინავის დასაჯდომი ადგილი აღარ დარჩა და დასაფრენი ადგილის ძებნაში ფრთებით ტოტებში გაეჩხირა. პირველი ოფიციალური ფრენა კი, სადაც ბილეთებიც გაიყიდა, "თბილისი-მანგლისი" იყო, - მაშინდელი მთავრობა მანგლისში ისვენებდა. ამას მოჰყვა სხვა საფრენოსნო მარშრუტებიც. და... მშვენიერი თავგადასავლები, - თანამედროვენი ჰყვებოდნენ ვინმე უტრუხუნეზე, რომელმაც მტკვრის მარცხენა მხარეს, მეტეხის ხიდის ყურეზე, კლდის თავზე, ტრაქტირი გახსნა. თურმე უტრუხუნეს უნდოდა, თავის დუქანზე დაეწერა "აეროპლანი", მაგრამ ეშინოდა. ხალხს ეშმაკეული ჰგონია ქებურია და აქ აღარავინ შემოვაო. მერე ფიროსმანისთვის, სვანიძისა და კიდევ რამდენიმე ცნობილი ყარაჩოხელისთვის ორი ფაეტონი დაუქირავებია. დუდუკითა და ზურნით გაუშვია იმ ადგილზე, სადაც ქებურიას საჩვენებელი ფრენა უნდა მოეწყო. ხოლო ბესარიონისთვის უთხოვია, - აიღე ორი ტომარა ბატიბუტი, რომ აფრინდები, იქიდან გადმოყარე, ყველა ნახავს, რომ ეს შენი აპარატი ეშმაკისეული არ არისო. ასეც მოხდა და ხალხიც დაწყნარდა. შემდგომში უტრუხუნეს დუქანში ერთი კედელი ფიროსმანმა მოხატა, სადაც გამოსახული იყო თვითმფრინავი და ბესარიონ ქებურია.

20-იან წლებში, ქებურია ეიფელის ფირმას დაუკავშირდა და მათგან რკინის ხიდის კონსტრუქციები იყიდა, რომელიც ცემსა და ლიკანში დადგა. სამშობლომვე მიიბარა მისი ნეშტიც - ის 1957 წელს, 88 წლისა გარდაიცვალა და მშობლიურ სოფელ კიწიაში დაკრძალეს.

ვახტანგ მამფორია