"მაყურებელს ყველა არხის ნახვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს - კვირის პალიტრა

"მაყურებელს ყველა არხის ნახვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს

საზოგადოებრივი მოძრაობის - "ეს შენ გეხება" წევრებმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს გადასცეს მიმართვა ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისთვის გადასაცემად. კლინტონი თბილისს 5 ივნისს ეწვევა.  კლინტონს“მოძრაობის წევრები მათი მომზადებული საკანონმდებლო წინადადებების მხარდაჭერას სთხოვენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, მოსახლეობას ხელი მიუწვდებოდეს პლურალისტურ მედიაგარემოზე. მოძრაობის წევრები გამოდიან ინიციატივით, მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაინერგოს პრინციპები - must carry და must offer, რომელთა მიღებითაც მოსახლეობას შეეძლება, ნახოს დამოუკიდებელი ტელევიზიების გადაცემებიც.

ლაშა ტუღუში, მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი: - მოვითხოვთ, კანონმა დაავალდებულოს სამაუწყებლო-საკაბელო კომპანიები, უზრუნველყონ მათ ქსელში ყველა ტელევიზიის მაუწყებლობა. შესაბამისად, ეს დაავალდებულებს ტელევიზიებს, ისარგებლონ ყველა საკაბელო კომპანიის მომსახურებით. მიგვაჩნია, რომ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ზოგადად, მედია და განსაკუთრებით - ტელევიზიების თავისუფლების საკითხი. ჩვენი მოთხოვნაა, ტელევიზიები, განურჩევლად იმისა, ვინ დგას მათ უკან, ერთნაირად მოხვდნენ საკაბელო არხებზე და მაყურებელს შეეძლოს, ერთნაირად უყუროს ყველა არხს. საკითხი რეგულირდება must carry-ით. ასევე უნდა დარეგულირდეს must offer-ით, როდესაც ტელეკომპანიებს უფლება არ ექნებათ, თვითნებურად ამოერთონ საკაბელო არხებიდან, როგორც ეს გლობალტვ-ის შემთხვევაში მოხდა - ერთ მშვენიერ დღეს"გლობალ ტვ"-ის მაყურებელმა აღმოაჩინა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ სამ არხს ვეღარ უყურებდა. "რუსთავი 2", "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებელი თვითნებურად ამოერთნენ, რადგან ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებით, მისი მხარდამჭერი არხები არ უნდა ყოფილიყო იმ საკაბელო არხზე, რომელიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან. რატომ უნდა ისჯებოდეს ვიღაცის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გამო მაყურებელი? მას სჭირდება ყველანაირი ინფორმაცია. ჩვენ უნდა მივაწოდოთ ყველაფერი და მაყურებელმა გადაწყვიტოს, რა ნახოს და რა - არა. დღეს ზოგიერთ არხზე ხელისუფლების მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს ეთერში ცხვირსაც არ აყოფინებენ. პარლამენტისთვის გადაცემულ პაკეტში ყურადღება გამახვილებულია ბეჭდვით მედიაზე, დებატების მონიტორინგსა და ფინანსების გამჭვირვალობაზე. მოვითხოვთ, გაირკვეს, რაში იხარჯება მედიისთვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხები.