როგორ ისჯება ბრაკონიერების წინააღმდეგ შიშველი ხელებით მებრძოლი! - კვირის პალიტრა

როგორ ისჯება ბრაკონიერების წინააღმდეგ შიშველი ხელებით მებრძოლი!

"ტყეში ჩადენილი სისხლის სამართლის საქმეების კვალის დასაფარად ხანძარი საუკეთესო საშუალებაა"

"კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიას - "რატომ არ დაინდეს ბრაკონიერებმა მამაცი რეინჯერი," გამოხმაურება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" აცხადებს, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაცემულ საქართველოს ტყეებში უმძიმესი მდგომარეობაა. რეინჯერებს არა ტყის დაცვა, არამედ ტყის განადგურებაზე თვალის დახუჭვა ევალებათ. ორგანიზაციის ხელმძღვანელ ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, პრობლემა ის არის, რომ მეტყევეებს იარაღი არა აქვთ და ტყეში ნადირზე უფრო საშიშ ბრაკონიერებთან გამკლავება შიშველი ხელებით უწევთ.

ნიკოლოზ მჟავანაძე, "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" ხელმძღვანელი: -  წერილები მივწერეთ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს. Kკანონის თანახმად, ტყისმცველები უფლებამოსილი არიან, იარაღი ატარონ. ენერგეტიკის სამინისტრომ წერილზე არ გვიპასუხა. გარემოს დაცვის სამინისტრომ კი მოგვწერა, რეინჯერები უფლებამოსილნი არიან, იარაღი ატარონო. ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ კანონს ასრულებს თუ არა რომელიმე სამინისტრო, ამაზე არ გვიპასუხეს. დაცულ ტერიტორიებზე მხოლოდ მაღალჩინოსან რეინჯერებს აქვთ სატაბელო იარაღი. ახლახან მოკლული არევაძეც მაღალი რანგის რეინჯერი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, თვითონაც არ ატარებდა იარაღს იმის გამო, რომ მის გვერდით შეუიარაღებელი რიგითები მუშაობდნენ. ტყეებში უმძიმესი მდგომარეობაა. იარაღიანი კი არა, უიარაღო რეინჯერებიც საძებნელია.

სამინისტროების რეორგანიზაციიდან უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში რეინჯერთა სამსახური დღემდე სრულყოფილად ვერ ჩამოაყალიბეს. ტყეში ხანძრები რომ გაჩნდეს, არასრულყოფილი კონტროლის გამო ინფორმაცია სწრაფად ვერ გავრცელდება და შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც დაგვიანდება. ვეჭვობ, რომ ეს სურს საქართველოს ხელისუფლებასაც - ტყეებში ჩადენილი სისხლის სამართლის საქმეების კვალის დასაფარად ხანძარი საუკეთესო საშუალებაა. გვირეკავენ აღშფოთებული მოქალაქეები, ტყეები ნადგურდება და გამოუსწორებელ შედეგს მივიღებთო. ვინ შეაჩერებს? რეინჯერი, რომელსაც არევაძის სიკვდილით მაგალითი აჩვენეს, როგორ დაისჯება შიშველი ხელებით ბრაკონიერების წინააღმდეგ მებრძოლი?! ტყისმცველებისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებას მხოლოდ ცინიზმი შეიძლება ვუწოდოთ. ამ ხალხს არც თავისა და ტყის დაცვის საშუალება აქვს და ხელფასებიც 350-430 ლარს შორის მერყეობს, მაშინ, როდესაც ერთ-ერთი გუბერნატორი 105.000 ლარის ღირებულების ავტომობილს იძენს სახელმწიფოს ხარჯზე, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე კი უქმად ყოფნაში იღებს პრემიებს.