"ბავშვობიდან კლოუნი ვიყავი" - კვირის პალიტრა

"ბავშვობიდან კლოუნი ვიყავი"

პაემანი "პალიტრასთან"

რა არის რუსკა მაყაშვილის ბედნიერების კანონი?

რუსკა მაყაშვილი "ვეფხისტყაოსანში" ნესტანს განასახიერებს

"ცეკვავენ ვარსკვლავები" ჩემი სირცხვილი იყო"

"ვნანობ, რომ ერთად აღარ ვართ, მაგრამ ეს უკვე ჩავლილია..."

"არავის საყვარელი არა ვარ და არც ვიქნები! მინდა, ეს ყველამ გაიგოს!"

ჩემი რუბრიკა სულ ახალია, შეიძლება ითქვას, ახლა დაიბადა, მაგრამ იმედი მაქვს, მალე გაიზრდება. "პაემნები პალიტრასთან" - ამ რუბრიკაში ჩვენ იმ ადამიანებს მოვიწვევთ პაემანზე, ვისაც მოსაყოლი დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, ივნისის ერთი ცხელი დღის ცხელ საათზე ახვლედიანის ქუჩის ერთ-ერთ კაფეში პაემანზე მივედი. ეს ხომ ჩემი პირველი პაემანია "პალიტრაში", მაგრამ არ ვღელავ. ჩემი პაემნის ობიექტის გამო, კაფე გადასაღებ მოედანს ჰგავს - ფანჯრის რაფაზე შემომჯდარს ვესალმები და ჩვენი პაემანიც იწყება. ვისთან უნდა დამენიშნა პირველი პაემანი თუ არა რუსუდან მაყაშვილთან? მგონი, არ შევმცდარვარ. გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ ტრადიციული კითხვების ნაკლებობა იქნებოდა (პირად ცხოვრებაზე ჭორებს ვგულისხმობ), თუმცა ამას გვერდი მაინც ვერ ავუარეთ.

- ვინ არის რუსკა მაყაშვილი?

- არავინ, ჯერჯერობით არავინ! ერთი ჩვეულებრივი და წესიერი გოგოა, რომელიც თავს ჯერ მსახიობადაც არ მიიჩნევს.

- როგორი ბავშვი იყავი?

- ძალიან სასაცილო, ცელქი და ტურტლიანი (იღიმის). მგონი, ჩემზე ცელქი ბავშვი არ დადიოდა დედამიწის ზურგზე. სულ ბიჭებთან ვმეგობრობდი, მათთან ურთიერთობა უფრო მიადვილდებოდა. გოგონებთან სულ კონფლიქტი მქონდა, თავისი ცემა-ტყეპითა და თმით თრევით... ყველაზე საოცარი მაინც ბანაობის პროცესი იყო ჩემს დასაც არ უყვარდა ბანაობა, მაგრამ ჩემთვის მაინც უზარმაზარი პრობლემა იყო, ამიტომ დავდიოდი სულ ამოთხუპნილი. დედაჩემი ყველგან მიშვებდა, მენდობოდა და სამი-ოთხი წლიდან მარტო ჩავდიოდი ეზოში. დასასვენებლადაც მეგობრებთან ერთად მიშვებდა. მთელი კიკეთი დაპყრობილი გვქონდა... მოკლედ, მეტად ანცი და უზნეო ბავშვი ვიყავი. მქონდა მიმ\ბაძველობის ნიჭი. ვბაძავდი თამრიკო გვერდწითელსა და ლაიმა ვაიკულეს - რატომღაც ეს ორი მყავდა ამოჩემებული.  ხალხს ვართობდი, ბავშვობიდან კლოუნი ვიყავი და კლოუნადაც დავრჩი. არ მრცხვენოდა არავისი და არც კომპლექსი მქონდა. ხალისობდნენ ჩემი პაროდიებით. სამწუხაროდ, ახლა ვეღარ ვაკეთებ პაროდიებს.

- ბავშვობის კომპლექსები თუ გაქვს, რომლებზეც ახლა გეცინება?

- კი, მქონდა ცხვირის კომპლექსი, რომელიც ახლა, რაც უნდა გასაკვირი იყოს,  აღარ მაქვს. კიდევ რატომღაც მეგონა, რომ ჩემთან მეგობრობა არავის უნდოდა. არადა, გულჩათხრობილი ბავშვი არ ვყოფილვარ. გარდატეხის ასაკში დამეწყო ამგვარი რამეები, თუმცა მალე გამიარა. ისე, რაღაც კომპლექსები ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. დღესაც მაქვს ისეთი კომპლექსები, რასაც ჩემთვის ვიტოვებ...

- როგორ გაიხსენებ დედასთან ურთიერთობას?

- დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო, ახლაც ასეთია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა - 43 წლისა, მე კი - 25-ის, მაინც ძალიან მკაცრია. მახსოვს, როცა 14 წლის ვიყავი, ჩემი და კი - 13-ის, ყოველ საღამოს რვა საათზე გვაძინებდა. ეს იყო ტრაგედია. სხვა ბავშვები თამაშობდნენ, ჩვენ კი ძილისთვის ვემზადებოდით. წარმოიდგინე, ახლანდელი 14 წლის ბავშვი რვა საათზე რომ დააძინო... დაახლოებით ამ ასაკამდე დედა გვაბანავებდა და ვწუწუნებდით, - ჩვენით როდის დავიბანთ, როდის დავიძინებთ თერთმეტზეო... აბა, ფაფა არ გვეჭამა ან წვნიანი, დაგვასხამდა თავზე (იცინის).

მიმაჩნია, რომ დედამ სწორად აღგვზარდა. მე ის არასდროს მომიტყუებია, დედAა ჩემი მეგობარია, რომელსაც ყველაფერს ვუყვები. ჩემთვის ყველაზე მთავარი თამრიკოს აზრია, სულ რომ ჰოლივუდიდან ჩამოვიდეს ვინმე და მითხრას, - ღმერთო ჩემო, რა კარგად ითამაშეო, თუ თამრიკოს არ მოეწონა, ესე იგი, არ ვარგა. დედაჩემი არასოდეს ყოფილა იმ დედების მსგავსი, შვილების ყველაფერი რომ მოსწონთ - მოდი, Eჩემო პატარა, ჩემო საყვარელო და ნიჭიეროო. პირიქით - ყველაზე კრიტიკული თვალით მიყურებს. დედა ის ადამიანია, რომელიც არასდროს მატყუებს და ყოველთვის მართალია.

- მიგაჩნია, რომ ცხოვრებამ იმდენი არ მოგცა, რაც გინდოდა და იმსახურებდი? ანუ შენი ამბიციები თუ შეესაბამება რეალობას?

- არა, არა. შემიძლია ვიმუშაო ძალიან ბევრი და ასეც არის - უკვე სამი წელია ვმუშაობ ისე, რომ ზაფხულშიც არ დამისვენია. ამბიციური არა ვარ. ამბიციები უნდა გქონდეს, ოღონდ პატარ-პატარა. უაზრო ამბიციები მდაბიო ადამიანებს სჩვევიათ. ასეთ ხალხთან ვერ ვურთიერთობ, მაშინვე პროტესტის გრძნობა მიჩნდება. არავის ვეჯიბრები და კონკურენტადაც არ მივიჩნევ. თუ ვიღაცამ მაჯობა, ესე იგი, ჩემზე უკეთესია.

- ადამიანებს ადვილად ენდობი?

- ძალიან მიმნდობი ვარ და ეს ჩემი ნაკლია. როცა რამეს მეუბნებიან, მაშინვე გულუბრყვილოდ ვიჯერებ. მერე დამცინიან... ჩემი საუკეთესო მეგობარია ნინჩო ელიავა, მას თვალდახუჭული ვენდობი.

- რა არის ბედნიერება?

- ქალისთვის ბედნიერებაა, როცა აქვს თავისი საქმე და გვერდით ჰყავს საყვარელი ადამიანი. საერთოდ, ბედნიერება ალბათ ოჯახია. როცა ყველაფერი აწყობილი გაქვს და გყავს შვილები. გამოდის, ახლა არ ვარ ბედნიერი. მარტო საქმე მაქვს და მეტი არაფერი...

- ანუ მიგაჩნია, რომ შეუძლებელია იყო ბედნიერი უსიყვარულოდ?

- არა, მთლად მასეც არ  არის. როდესაც არ არის - არ არის, რას იზამ. არასდროს ვარ უბედური, თავს ვიხალისებ. ქალის ბედნიერების კანონია: ბედნიერი ხარ, როდესაც გიყვარს და უყვარხარ.

- როგორია შეყვარებული რუსკა?

- რუსკა შეყვარებული აღარ არის... მასზე აღარ ვფიქრობ... ისე, შეყვარებულ რუსკას თვალები უბრწყინავს და ძალიან ბედნიერია, თუმცა - ეჭვიანი.

- შენს ყოფილ შეყვარებულს, გიორგი ყიფიანს ერთხელ ვალენტინობა ლამაზი წერილით მიულოცე, ხშირად უკეთებდი ასეთ სიურპრიზებს?

- არა ვარ რომანტიკული, მაგრამ ის იმდენად ხშირად მანებივრებდა სიურპრიზებით, რომ სურვილი მიჩნდებოდა, მეც მეპასუხა. როდესაც ტელევიზიით მომილოცა სიყვარულის დღე, გადავწყვიტე, წერილი მიმეწერა...

- ნანობ, ერთად რომ არ ხართ?

- როგორ არ ვნანობ, მაგრამ ეს უკვე ჩავლილია.

- დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, შეცვლიდი რამეს?

- რა თქმა უნდა, შეიძლება მასაც და მეც რაღაც გამოგვესწორებინა, მაგრამ ხომ იცი, ტყუილად არაფერი ხდება. ღმერთს ასე უნდოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გიორგისთან ერთად ვიქნებოდი მთელი სიცოცხლე, მაგრამ... მჯერა, რომ სიახლე უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, უფრო კარგი...

- როგორ გგონია, რატომ მთავრდება დიდი სიყვარული?

- შეიძლება ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ არ გამოსდიოდეთ ურთიერთობა, მე და გიორგი სამი წლის შემდეგ მივხვდით, რომ არ გამოგვდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა.

- შენ უამრავ ადამიანს უყვარხარ. შეიძლება ითქვას, სერიალის ანჩო თინეიჯერების საყვარელი პერსონაჟია. შენ თუ მოგწონს შენი გმირი?

- არ მომწონს, არც საკუთარი თავი მომწონს. რატომ უნდა მომწონდეს (იცინის)? ამხელა ცხვირი...

- პოპულარული ხარ...

- ძალიან მსიამოვნებს, რომ ადამიანები ჩემდამი სითბოს გამოხატავენ. ყველას ვეხუტები და ვკოცნი. ვერ ვიტან სიტყვებს - "ცნობადი", "პოპულარული", უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს... ამას წინათ აგორდა ჭორი, რომ თურმე 50 წლის კაცთან მაქვს რომანი. ეს იყო საშინელება... თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მთელი თბილისი ამაზე ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, კინაღამ საგიჟეთში აღმოვჩნდი. მერე დედაჩემმა "გაშალა აფრები"... არავის საყვარელი არა ვარ და არც ვიქნები! მინდა, ეს ყველამ გაიგოს!

- გქონია ისეთი სიტუაცია, როდესაც გითქვამს: მორჩა, ეს დასასრულია?

- არა, ასე ვერ იცხოვრებ. არასოდეს თქვა, რომ დასასრულია, პირიქით... რაღაც არ გამოგივიდა? იდარდე... მერე მეტი შემართებით გააგრძელე ცხოვრება. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს: ვთქვათ, რაღაცაზე ვნერვიულობ და არ მინდა ამაზე ფიქრი, თავს ვაქნევ, აი, ასე (თავს იქნევს) და მშველის, მართლაც ამომივარდება თავიდან. ცხოვრება გრძელდება... როცა ჩემი დისშვილი ან ჩემი ძმა მყავს გვერდით, ყველაფერი მავიწყდება. თავს უფლებას არ ვაძლევ, ცუდად ვიყო.

- პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" წამყვანი იყავი, გამოგივიდა?

- ვაიმე! ეს იყო ჩემი ორთვიანი ტანჯვა და სირცხვილი. იმდენად არ მომეწონა, არც კი გადამიხვევია, გადაცემისთვის რომ მეყურებინა... რა მინდოდა საერთოდ?! წამყვანობა ცალკე პროფესიაა, რომელსაც აღარც კი შევეჭიდები. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" წამყვანი რომ ვიყავი.

- მომდევნო სეზონზე ვეღარ გნახავთ?

- მომდევნო სეზონზე ვიცეკვებ, კონკურსანტი ვიქნები.

- რომელი იყო შენი ყველაზე ბედნიერი დღე ცხოვრებაში?

- როდესაც მე და ნინუცას დაგვირეკა დედაჩემის ქმარმა (ის ჩვენთვის მეორე მამაა) და გვითხრა, ძმა გაგიჩნდათო... ეს მართლაც საოცარი შეგრძნება იყო. ამის მერე ვერც კი წარმომიდგენია, ძმაზე მეტად როგორ უნდა მიყვარდეს საკუთარი შვილი. იმდენად მიყვარს ჩემი ძმა და დისშვილი, რომ ალბათ ჩემი შვილის სიყვარული რაღაც გიჟური გრძნობა იქნება.

- რას არ გააკეთებ არასოდეს?

- არასოდეს ვუღალატებ საყვარელ ადამიანს. ჩემი ცხოვრების კრედოა, პატიოსნად ვიცხოვრო.

- რა ეტაპია შენს ცხოვრებაში?

- მივყვები დინებას, ბევრს ვმუშაობ და სიყვარულს ველოდები. თუმცა, როცა ელოდები, მაშინ არ მოდის, მოულოდნელად დაგატყდება თავს...

- ახლახან შევიტყვეთ, რომ "ვეფხისტყაოსნის" ეკრანიზაცია გამოვა, რომელშიც ნესტანის როლს ასრულებ. ფილმის თრეილერიც დაიდო ინტერნეტსივრცეში. ხომ არ მიგაჩნია, რომ კომიკური როლების შემდეგ ეს უცხო იქნება მაყურებლისთვის?

- კომიკური როლები მხოლოდ სერიალში მაქვს. ფილმებსა და მით უმეტეს თეატრში ტრაგიკული როლების განსახიერება მიწევს, ამიტომ ჩემთვის ეს არ არის უცხო შემოთავაზება. ვღელავ, მინდა, კარგად გამომივიდეს. ჩემს ადგილზე დიდი არტისტებიც ინერვიულებდნენ.

- როდის იწყება ფილმის გადაღებები?

- 2013 წელს. მეტი არაფერი ვიცი...

- დაბოლოს, რას უსურვებ "პაემნებს პალიტრასთან"?

- ვუსურვებ, იყოს საინტერესო და ბევრი გულახდილი რესპონდენტი დაიბაროს პაემანზე.

იხილეთ ვიდეო: რუსკა მაყაშვილმა ნესტან-დარეჯანი განასახიერა

ქეთი საგინაშვილი