მიქელ-გაბრიელის ენით აუწერელი ტრაგედია - კვირის პალიტრა

მიქელ-გაბრიელის ენით აუწერელი ტრაგედია

"მე ცოცხლად მკვდარი დედა ვარ"

"ნეტავ მომკლას და დავისვენო, მადლი იქნება. ეგ მეცოდება, რომ მარტო დარჩება..."

ამას წინათ სოფელ მიქელ-გაბრიელში (ასე ერქვა ადრე სოფელ შრომა-ნატანებს) ვიყავი და ისეთ ენით აუწერელ ტრაგედიას შევესწარი, დღემდე კოშმარივით შემრჩა... ერთი დალეწილ-დამტვრეული სახლიდან ყვირილი გამოდიოდა, რომელიც, რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით მეტად მზარავდა. ამ სახლში მუყაოს ყუთებით ახორხლილ საწოლზე მოკუნტული ახალგაზრდა კაცი დამხვდა, რომელმაც ერთი არეულად შემომხედა და საბნის ქვეშ შესრიალდა. ცოტა ხანში იქიდან ჯერ დახეულფეხსაცმლიანი ფეხები გამოყო, მერე სახე, რომელზეც თვალები ხან დახტოდნენ, ხან დაჟინებით მიმზერდნენ. ცოტა ხანში იატაკზე დაწყობილ ყუთებს შორის ისკუპა და  კირკიტი დაუწყო. ანუ მორჩა, მე მისთვის აღარ ვარსებობდი! აღარც - დედამისი, რომელმაც ფრთხილად შეახსენა - ემზარ, დედიკო, ნახე, სტუმარი მოვიდაო! - დაანებეთ თავი, ქალბატონო ჯულიეტა, ვხედავ, რა მდგომარეობაშიც არის... მტერსაც არ ვუსურვებ ამას, ითამაშოს ყუთებთან, ჩვენ კი სხვა ოთახში გავიდეთ. მიამბეთ, ეს უბედურება როგორ დაგემართათ, - ვეუბნები ემზარის დედას.

- გეშინიათ, ქალბატონო? ჩემი შვილი გიჟი კი არის, მაგრამ ადამიანებს არ ერჩის, მხოლოდ ლეწავს ყველაფერს. აბა, სად უნდა გაგიყვანოთ, ოთახებში არც ფანჯარაა, არც - კარი. არადა, აქაურობა ისე მოწყობილი გვქონდა, ხალხს ფეხის დადგმა ენანებოდა...

მაინც გავდივართ. იქით ოთახში ყუთებში მოკალათებული 42 წლის კაცი თამაშობს, აქეთ ოთახში ჩვენ ვსხედვართ, დამწვარ იატაკსა და ჩალეწილ ფანჯარას შორის.

- როგორ დაიწყო ეს ცოდვის კითხვა ან როგორ ცხოვრობთ შვილთან, ხომ შეიძლება ერთ ღამესაც მოუაროს და რამე გავნოთ?

- ნეტავ მომკლას და დავისვენო, მადლი იქნება. ეგ მეცოდება, რომ მარტო დარჩება... რომ დაიბადა, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად ჰქონდა, მხოლოდ ღამე ტიროდა. ექვსი თვისას ფილტვისა და ყურის ანთება დაემართა. იქიდან მოყოლებული, დღესაც ვმკურნალობ, მაგრამ ვერაფერს გავხდი, ისევ სდის ყურიდან ჩირქი. თუმცა როცა არ სდის, უარესია... ტკივილზე ლაპარაკი არ იცის, მაგრამ როცა ჩირქი უგროვდება, სტკივა და ძალიან აგრესიულია, მაშინ შეიძლება მართლაც მომკლას. ღამე რამდენჯერ დამდგომია თავზე, თვალი გამიხელია და თავზე მადგას... განა ყოველთვის ასეთი იყო, ორი შვილი კიდევ მყავს. მართალია, მათ გონებით ვერ ეწეოდა, მაგრამ ძალიან მოსიყვარულე და თბილი იყო. 10 წლის იყო, მამამისი ლოგინად რომ  ჩავარდა. ქმარს ვუვლიდი და შვილს ვეღარ მივხედე. ერთხელ ოთახში შეკუნჭული ტიროდა, - პატრონი არ მყავსო... პირველად ფანჯრების ლეწვა დაიწყო - არ ვიცი, ალბათ მსხვრევის ხმა თუ სიამოვნებს... მერე კარებს მიადგა. ვიფიქრე, ერთ ოთახს ჩავკეტავ და ფანჯარას ჩავსვამ-მეთქი, მაგრამ დაკეტილი კარი შეანგრია. უსაშველოდ ღონიერია. ხანდახან თამაშში მუშტი ისე ჩაურტყამს, სიმწრით ცრემლები წამომსვლია. მერე ნანობს, - მეტს აღარ ვიზამო. პატარა ბავშვივით არის, რომ აიჩემებს, შოკოლადი ან ხაჭაპური მინდაო, მაშინვე თუ არ მიაგებე, ბრაზდება. ყველაფერს ლეწავს, ან თავში ერთსა და იმავე ადგილას ირტყამს ხელს, ანდა კედელს ურტყამს შუბლს. რომ აღარ გაჩერდება, ჯოხს წამოვავლებ ხელს შესაშინებლად და ისე გაიტრუნება, გული მომიკვდება. ზოგჯერ ისე წამოვა ჩემკენ, წამიერად შიში დამივლის... ერთხელ ვხედავ, ბოლი გამოდის ფანჯრიდან. შევვარდი შინ... ამას საბანი მოუსვრია ანთებულ ღუმელზე, ცეცხლი იატაკზე გადასულა, ეს ჩემი უბედური შვილი კი ამ კვამლში წევს.... მთელი ღამე ვდარაჯობდი, რომ სადმე ნაპერწკალი არ ყოფილიყო და არ გადავმწვარიყავით.

- ხომ არსებობს საგანგებო დაწესებულებები, სადაც ასეთ ავადმყოფებს უვლიან, რატომ არ მიიყვანეთ იქ?

- ასეთ ავადმყოფებს, სხვა გზა რომ აღარ რჩებათ, კოჭავენ და ისეთ წამლებს უკეთებენ, თიშავენ. ამას მირჩევნია, მე ვეწამო. თანაც, ბათუმის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გვითხრეს, - ასეთ მძიმე ავადმყოფს ვერ  მივიღებთო. ვერსად მიიღებენ - ჩემს შვილს პამპერსიც სჭირდება, რომელსაც ჩავაცმევ თუ არა, მაშინვე იგლეჯს, პატარა კი არ ვარო! მე ცოცხლად მკვდარი დედა ვარ... უბედურებას უბედურება ერთვის - წამლები, რომლებსაც მისთვის უფასოდ მაძლევენ, უხარისხოა. ვასმევ ამ დაწყევლილ აბებს და მაინც არც ღამე სძინავს, არც დღე. არადა, რაღაც წამალი გამომიგზავნეს თბილისიდან, დავალევინე და ამდენი წლის მერე მთელი ღამე მშვიდად ეძინა. რა იქნება, ჩვენმა სახელმწიფომ ასეთი წამლები მოგვცეს?! მეზობელს თუ შემოუცდა ფეხი ეზოში, პირჯვრისწერით გადის, - მტერსაც არ ვუსურვებ შენს დღეში ყოფნასო.

P.S. ვაცნობებთ მათ, ვისაც სურს დაესხმაროს ამ ენით აუწერელ ტრაგედიაში მყოფ ადამიანებს. ამისთვის მიმართონ "ლიბერთი ბანკს", წარადგინონ ქალბატონი ჯულიეტა ვასაძის ანგარიში: 5810801040 (დაბადებულია 1951 წლის 25 იანვარი), შემდგომ დაუსახელონ ან ოპერატორი თავად მოძებნის ქალბატონი ჯულიეტას საპენსიო წიგნაკის ანგარიშს 4125720020677857, რაზეც თანხის გადარიცხვა შეიძლება. ქალბატონი ჯულიეტას საკონტაქტო ტელეფონი : 555 33-56-67... ამისთანა მადლი ადამიანს არ ტოვებს.

უფალო, მტერსაც აშორე ასეთი ტრაგედია.