"ხომ ვარ ზურა ქაფიანიძეზე მაღალი?" - კვირის პალიტრა

"ხომ ვარ ზურა ქაფიანიძეზე მაღალი?"

სულ არ გამახსენდა, რა დღე იყო. გვიანღა მივხვდი, სწორედ დაბადების დღეს რომ გამოვეცხადე კახი კავსაძეს და ვთხოვე,  ამ ფოტოზე ვინ არიან თქვენთან ერთად, სად არიან-მეთქი... მილოცვა შორს დაიჭირა: - არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე! თუ მოლხენა გინდა, ნებისმიერ დღეს მოილხენო.

ვიდრე დავსხდებოდით, ორჯერ მაინც დაურეკეს და მიულოცეს. დიდი მადლობაო... ისეთი არტისტული და მხნე იყო, გავიფიქრე, ამ პროფესიის ხალხი თითქოს სულ სცენაზეა-მეთქი. მალევე მივხვდი, რომ შევცდი - ფოტოს დახედა და რამდენიმე წამით სახეზე სევდიანმა ჩრდილმა გადაურბინა.

- 1956 წელია. მეორე კურსზე ვართ. ჩვენი საკურსო სპექტაკლის შემდეგ მაყურებელთა დარბაზში ჩავედით და იქ გადავიღეთ ეს ფოტო... ზურიკო ქაფიანიძეს ხედავთ? აკი გეუბნებოდით, თეატრალურში რომ მოვიდა, პატარა ბიჭი იყო-მეთქი, იღლიაში ამოვიჩრიდი და ისე დავდიოდით. აი, ბატონო, ნახეთ: ხომ ვარ ზურა ქაფიანიძეზე მაღალი? არავის სჯერა, არ იქნებოდიო... არადა, ვიყავი! მერე გაიზარდა, ჩემო ბატონო! ვეხუმრებოდი: ბალახის ჭამამ როგორ გაგზარდა-მეთქი. ხორცი არ უყვარდა, მცენარეულ საჭმელს არჩევდა...

- თქვენ როგორი ლაღი ჩანხართ ამ ფოტოზე...

- ეგეთიც ვიყავი! ლაღი, არაფრის მეშინოდა. ვფიქრობდი, ყველა სირთულეს გავუმკლავდები-მეთქი...

- და იმ სირთულეებს თუ წარმოიდგენდით, რაც მერე ცხოვრებაში შეგხვდათ?

- რას წარმოვიდგენდი! მაგრამ მაშინაც, მერეც და ახლაც - სასო არასოდეს წარმიკვეთავს. ღონიერი ბიჭი ვიყავი, მეგონა, მთას გადავდგამდი. მიშა თუმანიშვილი კი ამბობდა, ამას თეატრალურ ინსტიტუტში რა უნდა, დადის ამხელა ბიჭი, ეშინიათ, რომ უყურებენო...

- მოჩხუბარი იყავით?

- არა. ისე, შეიძლება გავბრაზებულიყავი. არ ვიყავი ჩხუბის მძებნელი კაცი... ერთხელ ერთმა გამიჭირა საქმე, - გინდა თუ არა, უნდა გეჩხუბოო. გადი, თავი დამანებე-მეთქი... არ მომეშვა! მოვკიდე ხელი, მოვუჭირე, ავწიე თავს ზემოთ: ახლა რა გიქნა, სად გადაგაგდო-მეთქი? დამსვიო, - წყნარად მითხრა. დავსვი... ერთი კი იყო: უმამობის კომპლექსი დიდხანს გამყვა. თუ ვინმე სხვანაირად დამელაპარაკებოდა, ვგიჟდებოდი: ასე იმიტომ იქცევა, რომ უმამო ვარ-მეთქი. განსაკუთრებით იმერის ვუფრთხილდებოდი. უფროსი ძმა ვიყავი და თვალი მეჭირა, არავის დაეჩაგრა. ერთხელ მეზობლის კაცმა დაუძახა, წყალი მომიტანეო. ეზოში 50 ბავშვი თამაშობდა, რაღა ჩემს ძმას დაუძახე, იმიტომ, რომ უმამოა-მეთქი? ვეცი. ძლივს გამაგდებინეს ხელიდან!

საუბარი ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტინა: ისევ მიულოცეს... ისევ მადლობა მოახსენა. თან ფოტოს დაჰყურებდა. ის - 77 წლის კახი კავსაძე თითქოს 21 წლის კახის პირისპირ იდგა. ამ ძველ ფოტოზე ქოჩორი კიდევ უფრო ლაღ იერს აძლევდა. მხარგაშლილი იდგა მეგობრებში.

კარგის მოლოდინი ედგა თვალებში ზურაბ ქაფიანიძეს. მარტო ის რად ღირდა, რომ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები იყვნენ. სიხარული ღიმილად ჰქონდათ ნაქცევი შოთა სხირტლაძეს, ლია ღლონტს, თინა მგალობლიშვილს, ცისანა კობახიძეს, სანდრო მრევლიშვილს...

გრიმითა და კოსტიუმებით სერიოზული იერით დგანან მათი აფხაზი ჯგუფელები - ცარგუში და ნურბეი კანკია... ისინიც სულ ახალგაზრდები არიან. ვერც იმათ გონებაში მოიკიდებდა ფეხს ფიქრი, რომ მოვიდოდა დრო და საქართველოს სისხლით ჩამოეგლიჯებოდა მათი მშობლიური კუთხე - აფხაზეთი... ვერც ესენი წარმოიდგენდნენ, რომ წინ ომი, და თან რამდენიმე ომი ელოდათ, რომ საშინელი 1937 უკან იყო, მეორე მსოფლიო ომიც დასრულებული და მაინც... მშვიდობამდე და თავისუფლებამდე ჯერ შორს იყო... XXI საუკუნე დადგებოდა და კიდევ შორს იქნებოდა.

მათი ცხოვრება წინ იყო: დადგამდნენ, დაწერდნენ, ითამაშებდნენ... ჯერ სხვაზე არაფერზე ფიქრობდნენ...

ზურა ქაფიანიძე სიცოცხლეს შეალევდა შუმერული ანბანისა და კულტურის კვლევას და ქართველების წინაპრების ძალიან შორეულ ცივილიზაციაზე ალაპარაკდებოდა. მისი სახლი ნელ-ნელა გაივსებოდა ქართული ორნამენტებით, ანბანის მოხაზულობით... და მაინც ვერ აიყოლიებდა, ისე ვერ დაანახებდა უმრავლესობას თავის დიდ ქვეყანას, როგორც ეგების... ამაზე დარდი არ მოასვენებდა... ბიოგრაფიაში კი გაჩნდებოდა მშვენიერი ფურცელი - ქართულ კინოში გადაღებული ფილმებისა...

კახის სახლის კედლებსაც ნელ-ნელა შეავსებდა აფიშები, მეგობრების მოძღვნილი სუვენირები და მიუხედავად იმისა, რომ მიშა თუმანიშვილი ამბობდა: ამას რა უნდა თეატრალურ ინსტიტუტში ან თეატრშიო, - ის იქნებოდა და ღირსეულად იქნებოდა! მის სიყვარულზე ლეგენდებს მოჰყვებოდნენ, მის ვაჟკაცობაზე ილაპარაკებდნენ... მისი სახლის კედელზე კი სხვადასხვა როლისა და შვილების, შვილიშვილების ფოტოების გვერდით ელ გრეკოს ავტოპორტრეტისა და მისი ორი სურათის ასლი გაჩნდებოდა. ერთ-ერთიდან ქრისტეს საოცრად ექსპრესიული სახე მეწამულ სხივს დასცემდა კახი კავსაძის მუზეუმად ქცეულ ოთახს...

P.S. 5 ივნისს კახი კავსაძე 77 წლის გახდა. "კვირის პალიტრა" ულოცავს და დღეგრძელობას უსურვებს საყვარელ არტისტს.