უნიკალური გასაღები დედა-ენისა: "აი ია" - კვირის პალიტრა

უნიკალური გასაღები დედა-ენისა: "აი ია"

14 ივნისს (ახ. სტ.) 100 წელი შესრულდება იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებიდან

შემოსავალ-გასავლის წიგნი მოიპარეს, რომ გოგებაშვილისთვის თანხების გაფლანგვა დაებრალებინათ

იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა სოფელ ვარიანში. მამამისი სიმონი ახალდაბელი ყოფილა, მაჩაბლიანთ ყმა, ბატონს გამოჰქცევია და აქ დასახლებულა. გვიან შეურთავს დირბელი  კალმახელიძის ქალი მარიამი და მღვდლადაც უკურთხებიათ. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იაკობმა სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო. მისმა სუსტმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო იქაურ ჰავას და მესამე წელს იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1863 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად დანიშნეს. სემინარიის ხელმძღვანელი ვინმე კუვშინსკი გახლდათ. "იმ წყეულმა ყველაფერი ისე მოაწყო, - იგონებს ვასილ ბარნოვი, - რომ გულიდან აღმოფხვრა ყოველგვარი ნასახი ქართველობისა. სწავლა - რუსულად, სიმღერა-გალობა - რუსულად... არასოდეს სემინარიის კედლებში სისაძაგლე ისე არ ყოფილა, როგორც მაშინ". და აი, ამ ზნეობრივ წყვდიადში გამოაშუქა განათლების, ქველობისა და კაცთმოყვარეობის ბრწყინვალე ლამპარმა - ეს იყო იაკობ გოგებაშვილი. 1865 წელს მან გამოსცა პირველი სასწავლო-საანბანო წიგნი "ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის".

სასწავლებელს ეგზარქოსი ევსევი რომ ეწვეოდა, მასწავლებლები მონებივით ეხვეოდნენ გარს, იაკობი კი ყოველთვის ამაყად თავაწეული, თამამად ელაპარაკებოდა. ევსევს ეს არ მოსწონდა, მაგრამ იაკობს ვერაფერს უბედავდა.1874 წელს, როცა იაკობი თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა, სასწავლებელი შეამოწმა უწმინდესი სინოდის ობერპროკურორის რწმუნებულმა კერსკიმ. იმ დროს იაკობი ავად იყო, ამით ისარგებლა სასწავლებლის ადმინისტრაციამ და კერსკის საიდუმლო მოხსენებაში დააწერინა, თითქოს გოგებაშვილი თავის ბინაში ფარულად აწყობდა ახალგაზრდების შეკრებას - ”პოლიტიკურ ორგულობასა და სეპარატიზმს სწამებდნენ. იმასაც არ მოერიდნენ - სასწავლებლის შემოსავალ-გასავლის წიგნი მოიპარეს, რომ გოგებაშვილისთვის თანხების გაფლანგვა დაებრალებინათ და თანამდებობიდან მოეხსნათ. გოგებაშვილი რამდენიმე დღე საშინლად ღელავდა, ერთ დღეს კი ძლივძლივობით წამოდგა ფეხზე, მტკვრის ნაპირას ჩავიდა, თავის მოსაკლავად წყალში შევიდა. გადაარჩინეს. მთელი თვე იწვა გოგებაშვილი წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში. თანამდებობიდან მოხსნისთანავე მთავრობამ ბინა ჩამოართვა, ამიტომ ერთგულმა მეგობარმა ნიკო ცხვედაძემ (ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის (შემდგომში თბილისის უნივერსიტეტი) შენობის მაშენებელი. - კ.კ.), გადაიყვანა თავისთან. იაკობმა გადაწყვიტა, ოფიციალურ სამსახურში აღარ ჩამდგარიყო და ზამთრის ერთ საღამოს მთელი ბღუჯა საბუთები შეუძახა ბუხარში. "რა იყო, იაკობ? რა ქაღალდები უთავაზე ამ ჩვენს მხიარულ ბუხარს?" - ჰკითხა ღიმილით ნიკომ. "დავწვი ჩემი გეგმები, რომ უკან დაბრუნება აღარ შემეძლოს, - მიუგო იაკობმა, - ატესტატი სემინარიისა, მოწმობა აკადემიისა, - ყველანი ცეცხლს მივართვი. ვაი თუ მაგათ წყალობით კიდევ გამღვიძებოდა სურვილი სამსახურში შესვლისა..."

1876 წელს იაკობი "ქართული ანბანის" ნაცვლად უკვე "დედა ენას" გამოსცემს და ამავე წელს ნიკო ცხვედაძესთან ერთად შეუდგება "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" შექმნას, რომლის ხელმძღვანელობაც დიმიტრი ყიფიანს შესთავაზეს. 80-იანი წლებიდან დაიწყო  გოგებაშვილის პედაგოგიურ-ლიტერატურული მოღვაწეობის ახალი პერიოდი. ამავე წლებში მან საფუძვლიანად გადააკეთა სახელმძღვანელოები. სტამბიდან "დედა ენას" შეუკვრელს იტაცებდა ხალხი. იაკობმა კარგად იცოდა დედა ენის ფასი. მშობლიურ მეტყველებას ის "სულის ენას" უწოდებდა, სხვა ენების ცოდნას კი "მეხსიერების მონაპოვრად" მიიჩნევდა. იმ მძიმე წლებში, როცა ყოველივე ქართული იდევნებოდა, აკად. არნოლდ ჩიქობავას მოხდენილი თქმით, გოგებაშვილის "დედა ენა" და "ბუნების კარი" ქართული ენის ბურჯი იყო და სახალხო განათლების ფარ-ხმალს წარმოადგენდა. ამ წიგნების ღირსება და იაკობის ავტორიტეტი იყო მიზეზი, რომ მისმა მტრებმა ვერ შეძლეს ამ სახელმძღვანელოების სკოლიდან გაძევება. თორმეტი წელი იფიქრა იაკობმა, თუ რითი უნდა  დაეწყო ბავშვს ანბანის შესწავლა. ბოლოს მოძებნა უნიკალური გასაღები დედა-ენისა: "აი ია".

ერთხელ პეტრე მირიანაშვილს (ლიტერატორი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ოპერა "აბესალომ და ეთერის" ლიბრეტოს ავტორი. - კ.კ.) იაკობისთვის შეუჩივლია: განჯაში ნიკო ბარათაშვილის საფლავი  მიგდებულიაო. გოგებაშვილი მაშინვე დაფაცურდა: ბარათაშვილი უნდა გადმოვასვენოთო. გაქცეულა ილიასთან... და ეს მამულიშვილური საქმეც აღსრულებულა. 1893 წლის აპრილში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი თბილისის მიწას მიაბარეს.

იაკობი დიდ ილიასთან ერთად იმდროინდელი ქართველი საზოგადოების ნამდვილი პატრონი და ჭირისუფალი იყო. თუ პოლიტიკის შესახებ წამოიჭრებოდა საკითხი და მტრისთვის პასუხი იყო გასაცემი, ქართველები ჭავჭავაძეს მისცვივდებოდნენ, გვიშველეო, ხოლო როცა სწავლა-აღზრდის საკითხი წამოიჭრებოდა და ქართული ენის სწავლების აუცილებლობის საქმე იყო გასარჩევი, იაკობ გოგებაშვილს დაუწყებდნენ ცქერას. მტერი ბევრი იყო, შინაური თუ გარეული, გარუსებული ქართველები და ქართველთმოძულე რუსები, იანოვსკი (კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი, რომელიც ემხრობოდა მუნჯური მეთოდით სწავლებას) თუ ვოსტორგოვი (დეკანოზი, მცირე ერების და ენების გადაშენების იდეოლოგი), ჯაბადარი (ივანე ჯაბადარის წერილებში გაყალბებულია საქართველოს ისტორია, ლიტერატურა, კულტურა) თუ გიორგი მუხრან-ბატონი (ამტკიცებდა დიდი ერების მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ენების გაქრობის გარდაუვალობას). ამ ბრძოლამ დააკავშირა იაკობი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსთან.

ბევრი რამ შეიძლება ითქვას წმინდა ილია მართლისა და იაკობის ურთიერთობაზე. ჩვენ მხოლოდ ორ ეპიზოდს გავიხსენებთ. ალექსანდრე ფრონელი-ყიფშიძე (ისტორიკოსი. ავტორი გამოკვლევებისა: "მთიულეთის აჯანყება", "1812 წლის კახეთის აჯანყება") ჰყვებოდა: "მე და ჩემი ძმა გიგა (გრიგოლ ყიფშიძე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე) ერთ საღამოს ილიასთან ვიყავით. შემოიტანეს იაკობ გოგებაშვილის სასწრაფო წერილი - მრისხანე და უკმეხად დაწერილი. ილია კაბინეტში შევიდა პასუხის დასაწერად. გაიარა ერთმა საათმა, მეორემ. ილია არ გამოდიოდა.... ბოლოს, გამოვიდა და წაგვიკითხა, რაც დაეწერა, სულ რამდენიმე სტრიქონი. პასუხი მეტისმეტად თავაზიანი და მტკიცე იყო. მე და გიგა განვცვიფრდით პასუხის მეტისმეტი თავაზიანი კილოს და პაწია ბარათზე დახარჯული დიდი დროის გამო. ილიამ გვიპასუხა: "იაკობ გოგებაშვილი პატარა კაცი არ არის, ბევრი რამ, რასაც ის მოიწერება, ან რასაც იმას მისწერენ, შეიძლება ისტორიის ხვედრი გახდესო." ილიას მკვლელობა რომ შეიტყო, ბევრი უტირია იაკობს, მის ცხედართან კი მშვენიერი სიტყვა წარმოუთქვამს... ილიას მკვლელებს სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. ამან ძალზე შეაწუხა იაკობი: ილიამ ხომ დიდი ხნით ადრე ლექსში - "მამაო ჩვენო", მიუტევა თავის მკვლელებს, ეს ილიას ანდერძის დარღვევა იქნება, იმ ილიასი, რუსეთის სათათბიროში სიტყვა რომ წარმოთქვა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგო. იაკობმა და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ილიას მეუღლეს ოლღას (თუ, რა თქმა უნდა, მოისურვებდა) ეშუამდგომლა მკვლელებისთვის. ოლღას იაკობმა, როგორც ბავშვს, გარკვევით აუხსნა ყოველივე. ოლღას ლოყებზე ცრემლი ჩამოსდიოდა და თანხმობის ნიშნად თავს აქნევდა. თქვა, - რასაკვირველია, მე თვითონაც ვფიქრობდი ამას, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ რა მექნაო, - და უყოყმანოდ მოაწერა ხელი შუამდგომლობას.

იაკობს ფილტვების ტუბერკულოზი სჭირდა და ამიტომ ცოლი არ მოუყვანია, თუმცა უნაზესი გრძნობით უყვარდა იოსებ მამაცაშვილის ასული დარია - მიიჩნევდა, რომ ჭლექი მემკვიდრეობით გადაეცა და ამიტომ ცოლის შერთვის უფლება არ ჰქონდა. ხმა კარგი ჰქონია და თავისუფალ დროს, მუდამ ღიღინებდა თურმე. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: "ფილტვებშეშინებული" იაკობი იღლიაში თერმომეტრგაჩრილი ოთახში მიდი-მოდის და თან "ამირან გადინადირას" მღერის... თავისი გაყიდული წიგნების საფასურით ცხოვრობდა. შემოსავლის უმეტეს ნაწილს ქველმოქმედებას ახმარდა: შეეწეოდა აკაკის, ეგნატე ნინოშვილს. თუ გაიგებდა, ვინმე ღარიბ ახალგაზრდას სწავლა უნდაო, თავისი ხარჯით მიაღებინებდა განათლებას, ეხმარებოდა ფულით, წიგნებით, ტანსაცმლით. ჰყავდა საკუთარი სტიპენდიანტები, რომელთაც მალულად უგზავნიდა ფულს.

1912 წლის 28 აპრილს ლოგინად ჩავარდა. მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. 1-ლი ივნისის საღამო იდგა. ახლობელს კიდევ ერთხელ წააკითხა თავისი ანდერძი: მინდა შევამოწმო, ხომ არავინ გამომრჩა, ან საზოგადოებას რამე ხომ არ დავაკელიო. ანდერძის წაკითხვის შემდეგ უთქვამს: "მოვრჩი ჩემი სამსახური ხალხის საქმისთვის, მისი სიკეთისთვის. რაც რჩება ჩემი სიკვდილის შემდეგ, დიდი ნაწილი ისევ ხალხსვე მოხმარდესო". ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. მიმწუხრისას სამუდამოდ დახუჭა თვალები. კვირას, 14 ივნისს, ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო იაკობის ცხედარი, დილის რვა საათზე დაიწყო წირვა. მწირველი გახლდათ გორის ეპისკოპოსი ანტონი. დღის 11 საათზე სამგლოვიარო პროცესია დაიძრა და მიაღწია დიდუბის ეკლესიამდე. თავისი მეგობრის, ნიკო ღოღობერიძის გვერდით მიაბარეს სამარეს დიდი იაკობი. გავიდა ხანი. 1940 წელს მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. გადასვენების ერთ-ერთი მონაწილის, პროფესორ იოსებ ბოცვაძის გადმოცემით, მიცვალებულს დაკერებული ფეხსაცმელი სცმია...