მასობრივი სუიციდის "ინსპირატორი" - კვირის პალიტრა

მასობრივი სუიციდის "ინსპირატორი"

შესაძლოა, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა შორის ამ ადამიანზე მეტად უნივერსალური მოღვაწე არც კი არსებობდეს: პოეტი, დრამატურგი, რომანისტი, მთარგმნელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მემუარისტი, ფერმწერი, ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი, მსახიობი, სახელმწიფო და სამეურნეო მოღვაწე, მეცნიერი (თანაც ძალიან მრავალმხრივი: ბოტანიკოსი, ოპტიკოსი, ზოოლოგი, მინერალთმცოდნე, მეტეოროლოგი)...

იოჰან ვოლფგანგ გოეთე (მოდი, ნუ განვიხილავთ მისი გვარის სწორად წარმოთქმის ვარიანტებს - ჩვენში დიდი ხანია ასე დამკვიდრდა, თუმცა გერმანულად უფრო "გიოთედ" გამოითქმის) ბავშვობიდანვე დარწმუნებული იყო, რომ გენიოსად დაიბადა: მამამისი მაინის ფრანკფურტში ჩინოვნიკად მსახურობდა და გერმანიის ამ ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის უმდიდრეს მოქალაქეთა შორის მოიხსენიებოდა, რადგან მდიდარი მემკვიდრეობის პატრონი იყო. სწორედ ამის წყალობით მის ვაჟსა და ქალიშვილს კორნელიას, იმის მიუხედავად, რომ მამა არასოდეს ეფერებოდათ და საკმაოდ უხეში კაციც იყო, უზრუნველი ბავშვობა ჰქონდათ და საუკეთესო მასწავლებლებიც ჰყავდათ. თუმცა, ათი წლის ბიჭი რომ რამდენიმე ენას ფლობდა და ამ ენებზე ლექსების წერაც შეეძლო, ეს მხოლოდ სიმდიდრით ვერ მოვიდოდა, - ერთხელ, სწორედ ათი წლისას ზღაპარი დაუწერია, რომელშიც შვიდი და-ძმა ერთმანეთს გალექსილი წერილებით ესაუბრებოდა, თანაც სხვადასხვა ენაზე!

სიმდიდრის მიუხედავად, იოჰან კასპარ გოეთე (მომავალი პოეტის მამა) მდაბიო წარმოშობის, ჩვეულებრივი მოქალაქე (ბიურგერი) გახლდათ, რასაც განიცდიდა კიდეც; სამაგიეროდ, ნებისმიერ დიდგვაროვანზე უკეთ ცხოვრობდა, იშვიათ წიგნებს, ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა, ბევრს მოგზაურობდა.

უფროს შვილს იმ ადრეულ ბავშვობაშივე არა მხოლოდ ენებს, ისტორიასა თუ სხვა აუცილებელ დისციპლინებს ასწავლიდნენ, არამედ მის ფიზიკურ განვითარებაზეც ზრუნავდნენ მშობლები (გოეთეს დედა - კატარინა ელიზაბეტი, ქმრისგან განსხვავებით, თბილი და მოსიყვარულე იყო): სამეჯლისო ცეკვები, ფარიკაობა, ცხენოსნობა - ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა "ფაუსტის" მომავალმა ავტორმა.

დიდი ხნის შემდეგ, როდესაც ვაიმარის ჰერცოგმა გოეთეს ტიტული უბოძა და მის გვარს წინ "ფონ" თავსართი დაემატა, მამისაგან განსხვავებით დიდი მნიშვნელობა არ მიუცია ამისთვის და საქვეყნოდ განაცხადა: რაც 10 წლის შევსრულდი, მას მერე ნებისმიერ დიდგვაროვანზე დიდი ვარო!

როდესაც გოეთესა და "ფაუსტზე" ვლაპარაკობთ, ნოდარ დუმბაძის ერთი რომანიდან ეპიზოდი მახსენდება: სტუდენტთა ლიტერატურულ წრეში ერთი ნაკლებად ნიჭიერი პოეტი ხელმძღვანელს საყვედურობს, ჯერ ახალგაზრდა ვარ და ასე მკაცრად რატომ მიდგებითო. ხელმძღვანელის შენიშვნაზე, შენხელობას ბარათაშვილი უკვე მკვდარი იყოო, მოსწრებულადვე პასუხობს: სამაგიეროდ, გოეთემ ფაუსტი რომ დაწერა, 80 წლის იყო! რა ვქნათ ახლა, 80 წლამდე პოეტები არ ვაკრიტიკოთ, რადგან შეიძლება "ფაუსტი" დაწერონო? - კითხულობს ხელმძღვანელი.

მართლაც, გოეთე მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე მეტად "ფაუსტის" ავტორობით შევიდა, თუმცა, ამ შედევრის ამბავი მთლად ისეც არ იყო, როგორც დუმბაძის ის პერსონაჟი ამბობს: შესაძლოა, მსოფლიო ლიტერატურაში არც იყოს ნაწარმოები, რომელიც ამდენ ხანს იწერებოდა ერთი ავტორის მიერ - 57 წელიწადი!

1831 წლის ივლისში, როდესაც ჩათვალა, რომ "ფაუსტს" აღარაფრის დამატება სჭირდებოდა, გაჩნდა ჩანაწერი გოეთეს დღიურში: "ცხოვრების მთავარი საქმე დასრულებულია!"

მართლაც, ერთი წელიც არ გასულა, რომ მშვიდად აღესრულა თავის მდიდრულ სახლში, ვაიმარში, მეგობრებითა და ნათესავებით გარემოცული.

მაგრამ "კვირის პალიტრა" ხომ თავის პროექტში "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" არა "ფაუსტს", არამედ "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანს" წარმოგიდგენთ (ჩვენი მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილ "შერჩევით ნათესაობასთან" ერთად), ამიტომ ისევ გოეთეს ახალგაზრდობას დავუბრუნდეთ: მაშინდელი გერმანია არ იყო ერთიანი სახელმწიფო და მრავალ სამთავროდ და საგრაფოდ იყო დაყოფილი, რომლებიც ფორმალურად "გერმანელი ხალხის წმინდა რომის იმპერიად" იყო გაერთიანებული. ამ "იმპერიას" არჩეული "იმპერატორი" (როგორც წესი, ავსტრიის მეფე) მეთაურობდა, მაგრამ რეალურად ყველა ჰერცოგი თუ გრაფი დამოუკიდებლად მართავდა საკუთარ მხარეს და გვარიანად აძრობდა ტყავს გადასახადებით გლეხებსა და მოქალაქეებს.

ამის გამო რამდენიმე ქალაქმა ბრძოლით მოიპოვა "დამოუკიდებლობა" და სწორედ ასეთი ქალაქი იყო მაინის ფრანკფურტი, სადაც 1749 წლის 28 აგვისტოს გოეთე დაიბადა (ის სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა ამით, თუმცა, ცხოვრების უდიდესი ნაწილი ვაიმარის ჰერცოგის სამსახურში გაატარა).

16 წლისა იყო, როდესაც ევროპის ერთ-ერთი უძველესი, ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ლაიფციგი იმ დროის გერმანიის ზეპური საზოგადოების ცენტრი იყო და ახალგაზრდა, ამბიციურ ჭაბუკსაც ეს უნდოდა: იურისპრუდენციას (რის სასწავლადაც მამამ გაგზავნა) ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და უფრო ფილოსოფიის, ისტორიის ლექციებს ესწრებოდა, თავისუფალ დროს კი ლექსებს წერდა, ხატავდა და რაც მთავარია, ბანქო, ქალები, გართობა... თუმცა, ადვილი არ იყო ლაიფციგურ ბომონდში გაშინაურება: ძველმოდურ ტანსაცმელში გამოწყობილი და დიალექტზე მოსაუბრე "სოფლელი" თავიდან არავინ მიიღო, მაგრამ მალე ძალიან პოპულარული გახდა.

22 წლისა ფრანკფურტში დაბრუნდა და იქვე მდებარე პატარა ქალაქ ვეცლერში ადვოკატობა დაიწყო და სწორედ იქ შეუყვარდა მავანი ჩინოვნიკის ქალიშვილი შარლოტა, რაც ბევრი გერმანელი ყმაწვილის დაღუპვის მიზეზი გახდა!

საქმე ის არის, რომ სწორედ შარლოტასაგან უარყოფილმა გოეთემ დაწერა "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", რომელშიც უიმედო სიყვარულით დამარცხებული მთავარი გმირი თავს იკლავს და ეს ნაწარმოები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა რომანტიკულად განწყობილი გერმანელი ახალგაზრდობისთვის, რომ ცალმხრივი სიყვარულით დატანჯულმა ბევრმა ჭაბუკმა სუიციდით მოისწრაფა სიცოცხლე.

ეს საშინელება იმდენად მასობრივი გახდა, რომ ბევრ ქალაქსა თუ საჰერცოგოში აკრძალეს ამ წიგნის გაყიდვა. მეცნიერებმა "ვერთერის ეფექტი" უწოდეს ამ მოვლენას.

სამაგიეროდ, გოეთე უსაზღვროდ პოპულარული გახდა და სწორედ მაშინ მიიწვია იგი ვაიმარის ჰერცოგმა - იქ უამრავი საქმე გამოიცვალა 10 წლის განმავლობაში: საიდუმლო მრჩეველიც იყო, სამთო და სამხედრო კომისიის თავმჯდომარეც, გზებისა და ქალაქის ქვაფენილების მშენებლობასაც ხელმძღვანელობდა... სწორედ ამ საქმიანობისთვის უბოძა დიდგვაროვნის წოდება ჰერცოგმა კარლ ავგუსტმა და არა პოეტობისთვის.

ისე კი, ამდენი საქმით დატვირთული, მაინც ახერხებდა წერას, - დრამა "იფიგენია", არისტოფანეს ტრაგედიის თავისუფალი თარგმანი, ტრაგედია "ტორკვატო ტასო" იმ წლებში შეიქმნა.

1785 წელს ჰერცოგს დაეთხოვა და 3 წლით იტალიაში იმოგზაურა. იქიდან დაბრუნებულმა კრისტინა ვულპიუსი გაიცნო - ხელოვნური ყვავილების ფაბრიკის 23 წლის მოსამსახურე. იმდენად მოიხიბლა, რომ საზოგადოებრივ აზრს არ მოერიდა და სახლში მიიყვანა. მალე შვილი ეყოლათ და ჰერცოგმა კარლ ავგუსტმა ბავშვიც კი მოუნათლა იმის ნიშნად, რომ გენიოსისთვის ყველაფერი ნებადართულია.

აი, ისევ არ გვყოფნის ადგილი, რომ უფრო მეტი ვთქვათ... სამწუხაროა... სამაგიეროდ, "ვერთერს" წაიკითხავთ, ოღონდ ახალგაზრდებო, ფრთხილად იყავით და გახსოვდეთ "ვერთერის ეფექტი"!