"იმედია, ეს "რეფორმატორები" ვერ შეასხამენ ხორცს ამ სიგიჟეებს" - კვირის პალიტრა

"იმედია, ეს "რეფორმატორები" ვერ შეასხამენ ხორცს ამ სიგიჟეებს"

"ამ თაღლითი მინისტრის გატარებულ რეფორმას უნდა ვენდოთ?"

"აპლიკანტის კონფიდენციალურობა ობიექტურობის გარანტია იყო"

"შეიქმნა მაღალანაზღაურებადი ფეოდალური ჯგუფი, ცალკე სისტემა, რომელიც ამბობდა, თუ რამე გინდა ჩვენგან, წადი, მოემზადე რეპეტიტორთან. არ შეიძლება გამოცდაზე ბავშვს იმას სთხოვდე, რაც არ ისწავლება სკოლაში. მომავალი წლიდან გამოცდები იქნება მხოლოდ სკოლაში - 8 გამოცდა პლუს ტესტი უნარ-ჩვევებში. ისე როგორც საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებშია", - ასე ამცნო პრეზიდენტმა საზოგადოებას გამოცდების ახალ სისტემაზე გადასვლა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და განათლების რეფორმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ეს სიახლე სკოლაში კორუფციას დააბრუნებს.  "როდესაც უმაღლეს სასწავლებელს მიადგება სტუდენტი,  რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, უნივერსიტეტი იძულებული იქნება გარიცხოს. 25 ათასი სტუდენტიდან 24 ათასი გასარიცხი იქნება. ვიცი, როგორ ტარდება სკოლაში გამოცდები, ე.წ. კომპიუტერული ტესტით. ამ გამოცდას ადამიანი ჩააბარებს, თუნდაც სკოლაში არ იაროს. დიდი ეშმაკობა არ უნდა. ერთი-ორი პასუხი უნდა გამოიცნო, მერე უნდა ამოირჩიო რომელიმე ასო (ა, ბ, გ, დ). ყველა კითხვაზე ეს ასო შემოხაზო და დამთავრებულია მაგ ტესტის საქმე".

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინტერვიუ ჩაგვეწერა, შაშკინის უწყებისაგან ვერც დადებითი პასუხი მივიღეთ და ვერც უარყოფითი. ბატონი შაშკინი, რომელიც აქამდე დაუზარებლად აძლევდა "კვირის პალიტრას" ინტერვიუს, განათლების სამინისტროში ბოლო დროს მომხდარი ფაქტების შემდეგ, რატომღაც ჩვენთან საუბარს გაურბის.

განათლების სისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე გვესაუბრა: - გახსოვთ, ალბათ, თავიდან სამი გამოცდა შემოიღეს. მერე მეოთხე დაამატეს და ამით განათლების სისტემის კოლაფსი მოხდა. სკოლაში ბავშვები არ დადიოდნენ და მხოლოდ ოთხ საგანში ემზადებოდნენ, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინათ. შემდეგ სრულიად მოულოდნელად  შემოიღეს სკოლის დამამთავრებელი 8 გამოცდა. გამოცდების ეროვნული ცენტრი ორი მძიმე ამოცანის გადაჭრის წინაშე დადგა:  პირველი - უნდა შეესრულებინა მინისტრის ახირებული და ვოლუნტარისტული ბრძანება და ჩაეტარებინა გამოცდები, მეორე - ბავშვები, რომლებიც პრაქტიკულად არაფერს სწავლობდნენ, გამოცდებზე არ ჩაჭრილიყვნენ. ამიტომ შემოიღეს CAT-ის სისტემა, რომელიც ვერ აფასებს ბავშვის ვერც ცოდნას და ვერც უნარებს, რადგან ეს არის შესაძლებლობების გამოცდა და არა ცოდნისა.

თვითონ აურ-დაურიეს სკოლაში ყველაფერი და ახლა გვეუბნებიან, მიმინოშვილი მოხსნეს იმიტომ, რომ 8+4-ის მომხრე იყო და არ უნდოდა 8+1-ო.  დარწმუნებული ვარ, მაია მიმინოშვილი დამამთავრებელი გამოცდების ტესტის მოდელის შეცვლის მომხრე იყო. 8+1-ც ისეთივე აკვიატებაა, როგორიც 8+4 და ძალიან ბევრი კიდევ სხვა რამ, რაც ამ "რეფორმატორებმა" გააკეთეს.

- ვარაუდობენ, რომ ამ სიახლის შემდეგ სკოლა კორუფციის ბუდედ იქცევა.

-  თუ სკოლები ჩაატარებენ გამოცდებს, მაშინ მართლაც ასე იქნება, მაგრამ თუ ჩაატარებს ეროვნული გამოცდების ცენტრი, მაშინ კორუფცია არა მგონია, დაბრუნდეს სკოლაში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი კომპეტენციისა და სანდოობის პირები იქნებიან ეროვნული გამოცდების ცენტრში.

- შაშკინი ითხოვდა სააპელაციო კომისიაში შესულ ნამუშევრებზე აღნიშნულიყო აპლიკანტის სახელი და გვარი.

- ეს სისტემა სანდო და ობიექტური კონფიდენციალურობის გამო იყო. კონფიდენციალურობა გარანტია იყო იმისა, რომ ზეწოლა, პოლიტიკური თუ სხვა, არ მოხდებოდა.  ისედაც კარგად ვიცით, როგორ აშინებენ მასწავლებლებს და ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ პოლიტიკური შეხედულებების გამო. ცხადია, თუ სასერტიფიკაციო გამოცდაზე ცნობილი გახდებოდა, რომელი ნაწერის უკან ვინ იდგა, ეს გამოყენებული იქნებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის. აპელაციის დროს არასანდოებს ჩაჭრიდნენ, ლოიალურად განწყობილებს კი მაღალ ქულას დაუწერდნენ. ამ ხელისუფლებისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი პოლიტიკური ბერკეტი იქნებოდა. ვინმეს ჰგონია, რომ ხატია დეკანოსიძე წინააღმდეგობას გაუწევს შაშკინის სურვილს? რა თქმა უნდა, არა. მით უმეტეს, ეს ბერკეტი სჭირდებათ არჩევნების წინ, მაგრამ იმედია, ვერ შეასხამენ ხორცს იმ სიგიჟეებს, რაც ჩაფიქრებული აქვთ.

რაც შაშკინი მოვიდა განათლების მინისტრად, პარალელი ციხესა და სკოლას შორის აშკარაა. მან განათლების სისტემა ააგო დაშინებაზე, ძალადობაზე, სკოლაში შეიყვანა მანდატურები და დღეს ის სკოლაში მთავარი პერსონაა. მანდატურზე ორიენტირებული სკოლა შაშკინის ექსკლუზივია. შაშკინმა ასევე შემოიტანა სამარცხვინო კანონი სპეცსკოლების შესახებ. ცივილიზებული მსოფლიო რთული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაზეა ორიენტირებული და ჩვენ ბავშვებს სპეცსკოლაში ვუშვებთ?! ესეც მშობლებზე ზეწოლის მექანიზმია.

თუ ხელისუფლებას არ მოეწონება მშობლის ქცევა, მის შვილს დაარქმევენ რთულად აღსაზრდელს და სპეცსკოლაში გადაიყვანენ.

ერთადერთი ეროვნული გამოცდების ცენტრი იყო დარჩენილი, სადაც პოლიციური სისტემა არ იყო დანერგილი და ისიც დაუქვემდებარეს პოლიციას.

- წელს 2000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და როგორც გავიგეთ, 8 ათასი ბავშვი გამოცდაზეც არ გავიდა.

- იცით, რატომ არ გავიდნენ გამოცდაზე? იმისთვის, რომ მინისტრმა თავისი სისტემის წარმატება აჩვენოს და პატაკი ჩააბაროს პრეზიდენტს, წელს ნაკლები ბავშვი ჩაიჭრაო. ნორმალური  გამოცდები რომ ჩატარებულიყო, მოსწავლეთა 50% ვერ გადალახავდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

- მიმინოშვილმა განაცხადა, რომ არაქართულენოვან მოსწავლეებს ყალბი ატესტატები მისცეს.

- აგვისტოს ბოლოს ინტერნეტში ფოსტით მომივიდა ანონიმური წერილი, სადაც მწერდნენ, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამოცდებზე ჩაჭრილ ბავშვებს ატესტატები მისცესო. ეს მაშინვე განვაცხადე და 6 სექტემბერს სამინისტროს ვებგვერდზე გაჩნდა ცნობა, რომელიც იუწყებოდა, განათლების მინისტრის ამა და ამ ბრძანებულების მიხედვით გრძელდება ატესტატების გაცემა იმ პირებზე, რომლებიც გამოცდაზე ჩაიჭრნენ ან რეგისტრაცია არ გაუვლიათო. მას შემდეგ ყოველდღე შევდივარ სამინისტროს ვებგვერდზე და მსგავსი ბრძანება არ მინახავს.  რადგან ეს ზოგადადმინისტრაციული აქტია, შაშკინის ბრძანება უნდა დარეგისტრირებულიყო იუსტიციის სამინისტროში. იუსტიციის სამინისტრომ მიპასუხა, რომ ასეთი ბრძანება რეგისტრირებული არ არის. შაშკინმა არა მარტო ატესტატები, ბრძანებაც გააყალბა. ის დამნაშავეა და ამ თაღლითი  მინისტრის გატარებულ რეფორმას უნდა ვენდოთ? ვიღაცას პატარა დანაშაული არ ეპატიება, მინისტრს კი შეიძლება ატესტატების გაყალბებაც ეპატიოს და დიდი რეფორმატორის ამპლუაშიც მოგვევლინოს.