ვისითაც შეიძლებოდა გყვარებოდა საქართველო...
18-06-2012
ვისითაც შეიძლებოდა გყვარებოდა საქართველო...
პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ამის დაჯერება არც შემეძლო და არც მინდოდა. გიორგი (გიგი) გარაყანიძე შეუძლებელია, ასე ახალგაზრდა, ასე მოულოდნელად განშორებოდა საწუთროს. მისით შეიძლებოდა გყვარებოდა საქართველო... გაგეცნო საკუთარი ფესვი და არა მარტო იმიტომ, რომ მეცნიერი იყო და ეთნომუსიკის სათავეებს იკვლევდა, არც მარტო იმიტომ, რომ მამის - ედიშერ გარაყანიძის კვალს მიჰყვებოდა და ნამდვილ ფოლკლორს სტაცებდა დავიწყებას, ის ქართულ ეროვნულ სივრცეში იდგა ძლიერ მონუმენტად თავისი არსით, ხასიათით, სიყვარულით, ცხოვრების წესით... არ
შეიძლებოდა ეს ბურჯი გამოსცლოდა თავის ოჯახს, "მთიებს", მთელ საქართველოს.


ვიდრე გიგი ცოცხალი იყო, შეიძლებოდა მშვიდად ყოფილიყავი... ისიც მამამისივით ჩამოივლიდა სოფელს თავის "მთიებთან" ერთად ალილოზე... მარტო იმ სახლებთან კი არ შეჩერდებოდა, სადაც საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა და სიცოცხლის ხაზი უერთდებოდა ზეცას, დადუმებულ სახლებთანაც გაჩერდებოდა და იმ მიტოვებულ
სახლებსაც უმღერებდა, დაუფრთხობდა ათეული წლებით დაწოლილ სიმარტოვესა და ჩამტვრეულ ფანჯრებში დაბუდებულ სიკვდილს.

გიგის გვერდით თავი შეიძლებოდა იმ ვაჟკაცად გეგრძნო, რომელთა გამოც ასე ძალიან გიყვარს საქართველოს ისტორია...  მუდმივად იმას გახსენებდა: ხალხური მუსიკა და ცეკვა ყველასია, სულ არ არის საჭირო განსაკუთრებით ტანადი იყო, რომ იცეკვო, ან საუკეთესო ხმა გქონდეს, რომ იმღერო... ეს შინაგანად უნდა ატარო და ამ ცხოვრების წესით იცხოვროო... ხვდებოდი, რომ ვაჟკაცობისთვისაც არ იყო საჭირო გოლიათად დაბადებულიყავი, მხოლოდ უნდა გევაჟკაცა... ამიტომაც იყო, "მთიების" გამოჩენა სცენაზე და... რა თემაზეც უნდა ემღერათ, სულში ასე ითარგმნებოდა: "ვაჟკაცო, ხელი ხმალს იკარ"! შეხედავდი და მოგინდებოდა, გექართველა, გიგი გარაყანიძის გვერდით ქართული ლაზათი ცოცხლდებოდა.

უსიმღერო ლხინი რა ლხინიაო - ქართული სუფრაც შეიძლებოდა მისით გყვარებოდა...
სულ მეგონა, რომ იქ, სადაც გიგი გარაყანიძე გაივლიდა თავის ბიჭებთან ერთად - ნახევრად ცარიელი სოფელი იქნებოდა თუ მთლად დაცლილი, როგორი სასაფლაოს გვერდითაც უნდა ჩაევლო - მიტოვებულისა თუ მოვლილის: უპატრონო, ან ყველასაგან მივიწყებული არც ფუძე იარსებებდა, არც საფლავი, რადგან შეეძლო, იმ სოფლების პატრონადაც მოსულიყო და იმ საფლავების ჭირისუფლადაც, რომლებიც ჩვენი უგერგილობით თუ უნიათობით მივატოვეთ.

როცა ედიშერ გარაყანიძე ავტოკატასტროფას სრულიად ახალგაზრდა ემსხვერპლა მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, იმ მანქანაში გიგიც იჯდა... უფალმა გადაარჩინა... ცხადია, უბრალოდ არაფერი ხდება, მან თავისი მისია შეასრულა: მძლავრად დადგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო და აკეთა საქმე, რომელიც ჩვენი საკეთებელია!
გარაყანიძეები დიდი მამულების პატრონი ქართლის თავადები იყვნენ. ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა... ერთხელ კი ჩამოთვალა მიწები, რომლებიც მის წინაპრებს ეკუთვნოდა და თან სიცილით დასძინა: - ამას ნუ დაწერ, არავინ იფიქროს, რამეს ვჩემულობ... ცხადია, ახლა ყველაფერი მათია, ვინც იქ ცხოვრობსო... მათი არის, მაგრამ წინაპართაგან გადმოყოლილ მამულის პატრონობის გენს თავისი ჰქონდა ნაქნარი: სულში ჰქონდა გამჯდარი, რომ უნდა მოევლო და უვლიდა კიდეც საქართველოს.

მასში იყო მეომარი, რომელსაც ფარ-ხმალი არასოდეს დაუყრია... ნაიარევი შუბლზე, რომელიც იმ საშინელი ტრაგედიის მერე დარჩა, მისი ოჯახი რომ შეეწირა, კიდევ უფრო ამძაფრებდა ამ განცდას...
როცა რამეზე ვსაუბრობდით, ვხვდებოდი, მაქსიმალურად ცდილობდა, საკუთარი განცდა სამზეოს არ გამოეტანა, ამბობდა მხოლოდ იმას, რაც აუცილებლად უნდა ეთქვა, მისეული სამყაროს აღქმა კი ჯერ ისევ გაუხსნელი რჩებოდა სხვათათვის...
ჟამი არ დამდგარიყო... ჯერ კიდევ უნდა ეცხოვრა, თავის თავში გადაეხარშა ყველაფერი და მერე იტყოდა... ოცდაათი წლისაც არ იყო და სიდინჯე და სიბრძნე არ აკლდა: არ აჩქარდებოდა! არადა, დრო რომ ცოტა ჰქონია მიცემული - სულ სამი ათეული წელი...

განსაკუთრებით ერთი ფოტო მომწონსო, - მითხრა ერთხელ და მიმითითა ფოტოზე, სადაც  ნოტებით ხელში დგას და რაღაცას ასწავლის აუდიტორიას... ესეც გარკვეული მინიშნება იყო, გარეგნულ ხიბლს აყოლილი ადამიანები გარეგნული ეფექტითვე კმაყოფილდებიან... მას კი, ჩოხის გარეშეც, შინაგანი, ინტელექტუალური, ზნეობრივი სიღრმის გახსნა შეეძლო და ქვეცნობიერად ამას ელტვოდა კიდეც.

შემთხვევითი არც ის არის, რომ სამების ტაძარში დაასვენეს საქართველოს შვილი... იწვა მშვიდად ჩოხით შემოსილი, თავისი წინაპრების მსგავსად ომში დაღლილი (რა მნიშვნელობა აქვს, ხმლით იბრძოდა, თუ ცხოვრების წესით, ერთი წუთით არ მიუტოვებია ბრძოლის ველი), იწვა და წაქცეული ქართულჩუქურთმიანი დედაბოძი გეგონებოდა...
მისით შეიძლებოდა დედაბოძიც გყვარებოდა და ქართული ჩუქურთმაც...

P.S. "კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს, სამძიმარს უცხადებს გიგი გარაყანიძის ოჯახსა და ახლობლებს.
manana
25 ივნისი 2012 09:49
რა დიდი უბედურება მომხდარა. მამამისს, ედიშერს ვიცნობდი ბავშვობისას, ანგელოზი იყო, უნიჭიერესი.
anano
22 ივნისი 2012 02:51
უფალმა ნათელში ამყოფოს, დასანანია ყველა ქართველი და მითუმეტეს ახალგაზრდა, მამულზე შეყვარებული და მამულიშვილური საქმეების მკეთებელი.
marine
21 ივნისი 2012 22:18
გიგისნაირი ვაჟკაცები,ასწელიწადში ერთი დაიბადება,უფალმა გაანატლოს გიგის სული!
ეს იყო სულით ხორცამდე ქართველი მართმადიდებელი ვაჟკაცი.

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?