თაკო ჩხეიძე: "კარიერას ყოველთვის ოჯახს ვამჯობინებდი" - კვირის პალიტრა

თაკო ჩხეიძე: "კარიერას ყოველთვის ოჯახს ვამჯობინებდი"

ბავშვობა

ლამაზი ბავშვობა მქონდა, ლაღი. დიდი სიყვარულით გავიზარდე. მყავდა ძალიან კარგი ბაბუა, ბესიკ ვაშაძე, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო. რომ იტყვიან, ხელისგულზე მატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა რთულ პერიოდს დაემთხვა, მაინც ლაღად გავიზარდე.

რა მაინტერესებდა? მოდელობა არც მიფიქრია, ხან ექიმობა მინდოდა, ხან მასწავლებლობა. მთელი ბავშვობა ცეკვაზე დავდიოდი და მოცეკვავეობასაც ვფიქრობდი. ცეკვის პარალელურად მუსიკალურ სასწავლებელშიც დავდიოდი. შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. ვსწავლობდი ენებს. დავამთავრე მე-6 სკოლა. ძალიან კარგი სკოლა იყო, განსხვავებული, გვასწავლიდნენ არაჩვეულებრივი პედაგოგები. მოსწავლეებს თავისუფლება გვქონდა.

მოდელი

დედა პარიზში მიდიოდა და მეგობრებმა ჩემი ფოტოს წაღება ურჩიეს. სააგენტოებისთვის უნდა ეჩვენებინა. ჩაიტანა, მაგრამ სააგენტოებში უთხრეს, რომ მოდელობისთვის ჯერ პატარა ვიყავი. მაკა ბახტაძე დედას მეგობარია და მას გაუჩნდა იდეა, რომ ამ სფეროში მომესინჯა თავი. მაკამ მოდელების ერთ-ერთი პირველი სააგენტო შექმნა.  ძალიან დაძაბული გრაფიკი მქონდა. მერე  მოცეკვავის კარიერას ისევ მოდელობა ვარჩიე და ცეკვას თავი დავანებე. ჩემი პირველი გამოსვლა ავანგარდული მოდის ასამბლეას უკავშირდება. საინტერესო დრო იყო. ბევრმა დიზაინერმა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჩვენებების გამართვა. შევიძინე ბევრი მეგობარი, მოდელები, დიზაინერები. წლებია, რაც ერთად ვართ. კარგად მახსოვს პირველი წარმატება, 1996 წელს, "შერატონში" დაჯილდოების ცერემონიალი შედგა. ახლა მეღიმება, - როგორც წლის საუკეთესო მოდელს პოლაროიდის აპარატი მაჩუქეს.

გამარჯვება

თბილისში კონკურსი Best Model of Georgia უნდა ჩატარებულიყო. ჩემი მეგობრები აპირებდნენ მონაწილეობას.  ერთ დღეს გადავწყვიტე კონკურსზე გასვლა. კონკურსის დაწყების წინადღეს მივიღე გადაწყვეტილება.  კოსტიუმების შერჩევის დროც არ მქონდა. დახმარება მაკა ასათიანს ვთხოვე. ერთ დღეში ვერაფერს შეკერავდა და ასეთი რამ მოიფიქრა: ფინალისთვის სხეულზე ქსოვილი შემომახვია და რომ არ დაშლილიყო, გულზე დიდი ბროშით დაამაგრა. სხვა ადგილები კი ორმაგი სკოჩით შეკრა. ამ კონკურსზე გამარჯვებულად რომ დამასახელეს, ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. როგორც გამარჯვებული, ვმონაწილეობდი სტამბოლის კონკურსზე, სადაც "მსოფლიო გრაციის" ნომინაცია მივიღე.

უარი...

პირველი მოწვევა ნიუ-იორკის ცნობილი სააგენტო იმგ-დან მომივიდა - პირდაპირ მეგაპოლისის გიჟურ რიტმში აღმოვჩნდი. იმ პერიოდში გავიცანი მომავალი მეუღლე. ერთი თვეც ვერ გავძელი. ჩამოვედი თუ არა გავთხოვდი. მეორე შემოთავაზება ცნობილ მენეჯერ გია ჯიქიძისგან მქონდა. გია პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოდელ გოგონებს სთავაზობდა ცნობილ სააგენტოებს.  მან პარიზის ცნობილ სააგენტოში წარმადგინა.  უკვე გათხოვილი ვიყავი და პარიზში მეუღლესთან ერთად გავემგზავრე. სააგენტოს ხელმძღვანელთან საუბრისას გაირკვა, რომ სამი თვე საცდელი ვადით უნდა დავრჩენილიყავი. უარი ვთქვი. კარიერაში წინსვლას ყოველთვის ოჯახს ვამჯობინებდი.

ოჯახი

ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ოჯახის გამო ბევრ წინადადებაზე ვთქვი უარი. ჩემი უფროსი ვაჟი და მე, რომ იტყვიან, ერთად გავიზარდეთ, ყველგან თან ვატარებდი. როცა გაიზარდა, ისევ მომინდა ბავშვების გაჩენა და ასე გავხდი სამი ვაჟის დედა. ჩემი მეუღლე ახლა ტალინში მუშაობს და ბავშვებთან ერთად სულ თბილისი-ტალინის რეისზე ვარ.

შვეიცარია

მეუღლე დიპლომატია და სამუშაოდ შვეიცარიაში გაგზავნეს. იქ რომ ჩავედით, სააგენტო "სევენ მოდელსში" დავიწყე თანამშრომლობა. ის დრო ლამაზი სიზმარივით დამრჩა. სააგენტოში მისვლიდან მეორე დღესვე "სელინის" ჩვენების კასტინგზე დამიბარეს. ამას მოჰყვა სხვა ჩვენებებიც. არ დამავიწყდება ვესტვუდის ჩვენებაზე გამოსვლაც. შვეიცარია საათებითაა ცნობილი და სამი წლის განმავლობაში "ზენიტის" სახე ვიყავი. ეს ბრენდი გრანდიოზულ გალა-საღამოს აწყობდა და ამ მიღების მთავარი სახე გავხდი. მეორე დღეს პრესა წერდა: "თამუნა-სტარ". ამ სააგენტოდან სხვადასხვა ქვეყანასთან მიწევდა თანამშრომლობა. მგზავნიდნენ მილანის, მიუნხენის და სხვა ქვეყნების სააგენტოებში.

დიზაინერი

კოლექციის მიხედვით იცვლება ფავორიტები, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, მაინც პრადაა ის დიზაინერი, ვისი ყველა კოლექციაც მომწონს.

"ბომონდი", ივნისის ნომერი