"მიშა გომიაშვილმა ენდი გარსიაზე უკეთ ითამაშა" - კვირის პალიტრა

"მიშა გომიაშვილმა ენდი გარსიაზე უკეთ ითამაშა"

"სალომე ის ქალია, მე რომ ვოცნებობდი"

"მაქვს იმაზე მეტი, ვიდრე ვიმსახურებ"

"არასდროს დაკარგო წუთი, რადგან ყოველი წამი ჩავლილია და აღარ განმეორდება..."

მორიგი პაემანი "პალიტრას" თავისუფალი თეატრის მსახობთან - კახა მიქიაშვილთან აქვს. შეხვედრის ადგილი - კინოთეატრი "რუსთაველი". ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი გულახდილი პაემანი გამოგვივიდოდა...

- ჭკვიანი და განებივრებული ბავშვი გახლდით, იმიტომ, რომ ნაბოლარა ვიყავი და თანაც -  ბიჭი. ჩემი დები ბრაზობდნენ, მშობლები და ბებია ყველა სურვილს რომ  მისრულებდნენ, თუმცა გატუტუცებული ბავშვი მაინც არ ვყოფილვარ. ბებია მზრდიდა, დედაჩემის დედა. ჩემი ბავშვობა რაჭასთანაა დაკავშირებული - ორივე მხრიდან რაჭველი ვარ. რაჭა ჩემი სიყვარულია და ახლა, როცა დროის სიმცირის გამო ჩასვლას ვეღარ ვახერხებ, ბავშვობის სამოთხეს სიზმრად ვნახულობ... რაჭა  იყო წლიდან წლამდე ჩვენი საახლობლოს შეკრების ადგილი. ჩემთვის ამაზე კარგი მოგონება არც არსებობს. Aნცი ბავშვი არ ვყოფილვარ, ხიფათს ვერიდებოდი, დღემდე მეშინია ტკივილის... ლამაზი, ფერადი და მხიარული ბავშვობა მქონდა.

- როგორი მოსწავლე იყავი?

- უჰ! ფრიადოსანი! და დაფაზე გამომაკრეს მიხაკით ხელში. მაშინ ასე იყო - მიხაკით და ოქტომბრელის ნიშნით იღებდნენ სურათებს, აი, პიონერობას კი ავცდი... როგორც ამბობდნენ, ნიჭიერი ვიყავი, მასწავლებელი რომ გაკვეთილს ახსნიდა, უკვე ვიცოდი. არ არსებობს სპორტის სახეობა, რომელზეც არ მივლია, თუმცა საბოლოოდ არაფერი გამოვიდა - ყველაზე არასპორტული ადამიანი ვარ. მახსოვს, წაგვიყვანეს თბილისის ზღვაზე, ჩამაცვეს შორტი და მაისური. რომ დავიწყე ძაგძაგი... ამისგან ფეხბურთელი არ გამოვა, ნუ აწვალებთ, წაიყვანეთ  ბავშვიო, - უთხრეს ბებიას.

მერე ფორტეპიანოზე დავიწყე სიარული, მაგრამ იცით, რა მოვიგონე? მაშინ  ქალაქში ტრამვაი დადიოდა. მუსიკის გაკვეთილის დრო გამოთვლილი მქონდა. ვჯდებოდი ტრამვაიში და თბილისის ქუჩებს წრეებს ვურტყამდი. შემდეგ გიტარის წრეზე მიმიყვანეს და იქაც ვიმაიმუნე...

- გარდატეხის ასაკში თუ შეიცვალა რამე შენს ცხოვრებაში?

- რა თქმა უნდა. ბირჟა ჩემს ეზოშიც იყო და მეც "ვამაგრებდი". "დედიკოს ბიჭი" არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ქუჩას ჩემთვის სავალალო შედეგი არ მოუტანია - არ მომიპარავს, ნარკოტიკი არ გამისინჯავს და არავინ დამიყაჩაღებია.

- მსახიობობა როგორ გადაწყვიტე?

- ოჯახსა და საახლობლოში მსახიობი არავინ მყავს, მეტსაც გეტყვით, თეატრშიც კი არ ვიყავი ნამყოფი (ბავშვობაში თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს თუ არ ჩავთვლით), მაგრამ დავიჟინე, მსახიობობა მინდა-მეთქი. ერთი ამბავი გამახსენდა, ისიც რაჭას უკავშირდება. ჩემმა ნათესავმა სოფელში "კაცია-ადამიანი?!" დადგა. მე ლუარსაბი უნდა მეთამაშა, ჩემს მეზობელ სოფოს კი - დარეჯანი.  ერთ სცენაში მისთვის უნდა მეკოცნა. იმ დღეს სოფოს მამა ჩამოვიდა და გავჯიუტდი, არ ვაკოცებ-მეთქი, კინაღამ ჩავშალე წარმოდგენა. ბოლოს რაღას ვიზამდი, მაინც მომიწია კოცნამ. ეს იყო ჩემი პირველი როლი.  სკოლა რომ დავამთავრე, არსად ჩამიბარებია, მეორე წელს კი თეატრალურში ჩავირიცხე. მანამდე ეს გართობა მეგონა, მივედი და ყველაფერი სხვანაირად დამხვდა... ძალიან გამიმართლა - იმ წელს ჯგუფი აჰყავდა ბატონ შალვა გაწერელიას. არ ვიცოდი, ვინ იყო. მითხრეს, უდიდესი რეჟისორი, პედაგოგი და უმკაცრესი ადამიანიაო. ბატონ შალვას 12 სტუდენტს შორის მოვხვდი. დღეს ყველა ჩემი ჯგუფელი წარმატებული ადამიანია. შალვა გაწერელიამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. 1998 წელს სხვა კაცი მივედი და სხვა კაცად გარდავიქმენი. სამწუხაროდ, ბატონი შლავა რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა... დღესაც ვამბობ, რომ მან არა მარტო პროფესია შეგვაყვარა, არამედ ცხოვრებისეული ფასეულობები შეგვიცვალა.

- რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად - იღბალი? ნიჭი? ნაცნობობა?

- მადლობა ღმერთს, ჩაბარების დღიდან დღემდე ერთი დღეც არ მქონია თავისუფალი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმეს ვეხვეწებოდი, როლი მათამაშეთ-მეთქი. უბრალოდ, როცა იგებდნენ, რომ შალვა გაწერელიას ჯგუფში ვსწავლობდი, შემოწმების სურვილი აღარ უჩნდებოდათ...

- შენ ითამაშე ფილმში "აგვისტოს 5 დღე". ქართველი მსახიობები ხომ არ დაიჩაგრეთ ამ ფილმში?..

- ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამაზე ალაპარაკდა... როდესაც ფილმის პრემიერაზე მივედით, ქართველი მსახიობები გამოგვარჩიეს და ცალკე ხალიჩაზე გაგვატარეს. ჰოლივუდის მსახიობებისგან მსგავსი არაფერი გვიგრძნია, მაგრამ ქართველებს გვემართება ხოლმე ასე. სტუმრებზე განსაკუთრებული გადაკვდომა ვიცით და შინაურები გვავიწყდება. მიშა გომიაშვილი ენდი გარსიაზე ნაკლები მსახიობი არ არის. მე თუ მკითხავთ, მასზე უკეთაც კი ითამაშა. რეჟისორი რენი ჰარლენი გაოცებული გვეკითხებოდა, სად იყავით, რატომ არ ჩანდით ბანკეტზეო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის ეს ფილმი იყო უდიდესი გამოცდილება, ვნახე, როგორ უნდა გადაიღო კინო. ჩვენ აქ ვწვალობთ, მწირი ბიუჯეტი გვაქვს... უცებ გავიგე, რა არის ჰოლივუდი. მსახიობებისადმი საოცარი დამოკიდებულება ვიგრძენი. პირველად ვიამაყე საკუთარი პროფესიით. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს აქ არ სცემენ მსახიობებს პატივს, მაგრამ იქ სხვა მასშტაბებია.

- უამრავ სპექტაკლში გითამაშია. რომელს გამოარჩევ?

- ყველა ჩემი სპექტაკლი ძალიან მიყვარს, მაგრამ გამოვყოფდი "ძმებს" მხოლოდ იმ ნიშნით, რომ "ძმებზე" მუშაობა იყო ახალი თაობის დამკვიდრებისა და ნიკო გომელაურთან დამეგობრების პერიოდი.

- რა სიახლეა შენს კარიერაში?

- ვიღებთ ფილმს - "უფრო დიდი იდიოტოკრატია". მიმდინარეობს სერიალის გადაღებებიც... გიორგი ჯაფარიძე, ახალგაზრდა რეჟისორი, იღებს დეტექტივს, სახელს არ ვიტყვი - რომ შეცვალონ? ფილმში ზურა ყიფშიძე, ჯემალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე და სხვა დიდი მსახიობები თამაშობენ. ერთ-ერთ როლზე დამამტკიცეს და ძალიან გამიხარდა.

- რას მიიჩნევ შენი ცხოვრების ყველაზე დიდ საჩუქრად და ყველაზე დიდ შეცდომად?

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი შვილია - 6 წლის ანასტასია. რაც შეეხება შეცდომას, ესეც ნაწილობრივ ანასტასიას უკავშირდება - ჩემთან არ ცხოვრობს, დედასთან იზრდება. საჩუქარია ჩემი მეუღლე სალომე არშბა და ჩემი ოჯახი.

- როგორი მამა ხარ?

- სამწუხაროდ, უფრო კარგი შვილი მყავს, ვიდრე მამა ვარ. შეიძლება სწყინს კიდეც ჩემი უყურადღებობა, მაგრამ არ იმჩნევს. გიჟდება თეატრზე. "კავკასიურ ცარცის წრეზე", რომელიც ოთხი საათი გრძელდება და წესით, ბავშვმა ვერ უნდა აღიქვას, გაუნძრევლად იჯდა... მთხოვს, კიდევ წავიყვანო. ჩემზე უკეთ იცის ჩემი და ჩემი პარტნიორების ტექსტები. თუ მსახიობობა მოუნდება, ხელს არ შევუშლი...

- როგორ გაიცანი შენი მეუღლე სალომე არშბა?

- შარშანწინ ბათუმში ფესტივალის წამყვანი ვიყავი. იქ იყო ნიკა წულუკიძეც - ჩემი და სალომეს საერთო მეგობარი და ჩვენი მაჭანკალი (იცინის). ნიკას დავურეკე და ვუთხარი, უცხო ხალხთან გაჩერებას მირჩევნია, თქვენთან ვიცხოვრო-მეთქი. მიპასუხა, სალომეც  ჩამოდის, თუ პრობლემა არ ექნება, ერთად ვიცხოვროთო. ჩამოვიდა და ჩამოვიდა... ერთად სულ ორი დღე ვიცხოვრეთ, მაგრამ ამ ორ დღეში მივხვდი, რომ რაღაც დამემართა. ჩემთვის რომ გეკითხა, ცოლის მოყვანა ძალიან შორეული პერსპექტივა იყო, მაგრამ სწორედ ეს არის სიყვარული - შენ ვერ მართავ, ის გმართავს, ზევით გადაწყდება და მორჩა... წამოვედი თბილისში - ამერიკის საელჩოში უნდა მივსულიყავი და, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი ვნატრობდი წასვლას, მივხვდი - აღარ მინდოდა. ჰოდა, ვიზა არ ჩამირტყეს და გახარებული ბათუმში დავბრუნდი... წლისთავზე, სალომეს დაბადების დღეს, 14 ივნისს, ჯვარი დავიწერეთ. სალომე სწორედ ის ქალია, მე რომ ვოცნებობდი. სალომეზე  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. დღე-დღეზე პატარას ველოდებით. როგორც გვითხრეს, გოგოა. სახელიც შერჩეული გვაქვს, თინას ვარქმევთ.

- ბედნიერია კახა?

- კი, ბედნიერი ვარ! მადლობელი ვარ ღმერთის, ის ყოველთვის მწყალობს. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, შესანიშნავი შვილი, ველოდები მეორეს, მაქვს პროფესია, რომელიც მიყვარს. მაქვს ურთიერთობა ხალხთან, რომელთა გაცნობაზე ვერც ვიოცნებებდი.  მაქვს იმაზე მეტი, ვიდრე ვიმსახურებ.

- რთული პერიოდები თუ გქონია ცხოვრებაში?

- რა თქმა უნდა, სანერვიულო ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ერთი თვისება გამომიმუშავდა: ვცდილობ, საჯაროდ არ გამოვხატო ჩემი ემოცია და პრობლემა ჩუმად მოვაგვარო. ვცდილობ, დამთმობი ვიყო და ბოღმა გულში არ დავიტოვო.

- რას ნანობ ყველაზე მეტად?

- ერთ-ერთი დიდი სინანული, როგორც გითხარით, ჩემს შვილს უკავშირდება, ჯობდა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. თუმცა შვილი მყავს და ღვთის მადლობელი ვარ... სასოწარკვეთილებაში არასოდეს ვვარდები იმიტომ, რომ ეკლესიურად ვცხოვრობ. ადამიანი ხშირად ვერ ერევა თავს. სულ ვამბობ, რომ წყენა უნდა მოვითმინო, მაგრამ  ყოველთვის ვერ ვახერხებ - სამწუხაროდ, ისეთი დიდი ადამიანი ვერ ვარ, თუმცა შემდეგ ძალიან  ვნანობ, მართალიც რომ ვიყო, მაინც. მინდა ღირსეულად ვიცხოვრო და როცა წავალ,  მართალი წარვდგე უფლის წინაშე. ჯოჯოხეთის ძალიან მეშინია.

- რაზე ოცნებობ?

- მეოცნებე ვარ და ცოტა რომანტიკოსიც... ამას წინათ სალომეს ვეხუმრებოდი - სამ სამსახურში ვმუშაობ და ვოცნებობ, კონდიციონერიანი მანქანა  მყავდეს-მეთქი. თუ ეს  ოცნება არ ამიხდება, არა უშავს - მანქანა ხომ მაინც მყავს და ფეხით არ დავდივარ. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მაყურებელს რომ ვუყვარვარ - ეს პროფესია ხომ ხალხისთვის არსებობს...

მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ბევრი ბედნიერი წუთი მაჩუქა - არასდროს დაკარგო წუთი, რადგან ყოველი წამი ჩავლილია და აღარ განმეორდება...

ქეთი საგინაშვილი