ვის ან რატომ სჭირდებოდა მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარება?
ვის ან რატომ სჭირდებოდა მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარება?
"მამუკას თავს რაღაც რომ არ იყოს, წარმოუდგენელია,  უყურადღებოდ მიეტოვებინა
84 წლის ავადმყოფი დედა"


გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს 14 საათზე სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

მას შემდეგ, რაც მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სამსახური ჯიბლაძემაც დატოვა და ყოფილი თანამშრომლების თქმით, სწორედ ამის მერე დაიწყო მასზე ზეწოლა (ისევე როგორც სხვა თანამშრომლებზე), რომ სამსახურში დაბრუნებულიყო. 11 ივნისს მამუკა სახლიდან მაია მიმინოშვილთან შესახვედრად წავიდა, მაგრამ შეხვედრაზე არ მისულა.
ჯიბლაძესთან დაკავშირება ვერც ტელეფონით მოხერხდა, რადგან სახლიდან გასვლისას მობილური ტელეფონი შინ დატოვა. ჯიბლაძის დედა, მადლენა კომახიძე, ამბობს, რომ მისი შვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სემინარსაც უნდა დასწრებოდა, შემდეგ კი საქმიანი შეხვედრა ჰქონდა - არც ერთ ადგილზე მამუკა ჯიბლაძე არ მისულა.

52 წლის მათემატიკოსს საზღვარგარეთ კარგად
იცნობდნენ. იგი მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (CAT) ალგორითმის ავტორია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ის დიდი ხნით არასოდეს ტოვებდა ავადმყოფ დედას. ისინი კოლეგის გაუჩინარების თაობაზე, დედის თხოვნით, შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებენ.

როგორც მამუკა ჯიბლაძის მეგობრები ამბობენ, მისი გაუჩინარების შემდეგ მათ აცნობეს, რომ მათემატიკოსი ქალაქის სხვადასხვა  ადგილას დაინახეს. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის პუშკინის სკვერში უნახავთ, მაგრამ კვალი იქ დაიკარგა... მამუკა ჯიბლაძის  კოლეგები და სტუდენტები ქალაქის სკვერებსა და თავშეყრის ადგილებში  დაკარგულის ფოტოებს აკრავენ.

მამუკას  ერთი მეგობარი გაუჩინარების ორ ვერსიას ასახელებს - მამუკა ან გაგიჟდა და სახლიდან გაიქცა, ან კიდევ, მისი გაქრობით ვიღაც იყო დაინტერესებული. CAT-ის პროგრამა წელს აღარავის სჭირდება, რადგან საატესტატო გამოცდები უკვე დასრულდა. ამიტომ მეეჭვება ეს ამასთან იყოს დაკავშირებული. მამუკას თავს რაღაც რომ არ იყოს, წარმოუდგენელია, უყურადღებოდ მიეტოვებინა 84 წლის ავადმყოფი დედა.

განცხადება

მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან  დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს:


"მამუკა ჯიბლაძე არის უაღრესად ნიჭიერი, ფართო ხედვის მქონე მათემატიკოსი. მას მიღებული აქვს მეცნიერების დოქტორის ხარისხი ბელგიაშიც და საქართველოშიც. მამუკა არის ფუნდამენტური შრომების ავტორი და საერთაშორისო რანგის მეცნიერი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი არაერთ მათემატიკურ დარგში, განსაკუთრებით - კატეგორიათა თეორიაში, სადაც მისი წვლილი საქვეყნოდ აღიარებულია. წლების განმავლობაში მამუკა იყო ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხოლო 2011 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის მათემატიკური ლოგიკის განყოფილების გამგე.

მამუკა იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი წვლილი სკოლის საატესტატო გამოცდების კომპიუტერული სისტემის შექმნაში არის გადამწყვეტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მამუკა არის უაღრესად კეთილი, უკონფლიქტო, სიყვარულით აღსავსე, ღრმად მორწმუნე ადამიანი. თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მამუკა სარგებლობს განსაკუთრებული პატივისცემით და  სიყვარულით კოლეგებსა და მეგობრებში.  ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ  არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის სრულიად უნიკალური ადამიანის გაუჩინარების ფაქტს. ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა საშუალება და რესურსი მიმართონ ამ ფაქტის გამოძიებისკენ. ასევე ვთხოვთ, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიმართონ თავიანთი ყურადღება მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტისაკენ და დაეხმარონ მის ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვოთ ინფორმაცია ამ სრულიად განსაკუთრებული ადამიანის შესახებ".


თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში
Jondi
22 ივნისი 2012 12:20
lala-la,

შენი ფასი რა არის?
lala-la
21 ივნისი 2012 14:25
ვის რაში სჭირდებოდა ეს კაცი?-თქვენ მართლა შეუდარებელი და შეუცვლელი ხომარგგონიათ???-მის ნაირები კონა ორი შაურია!!!!
Jondi
20 ივნისი 2012 11:26
სად იყავი მამუკელა მთელი საქართველო რო აგვაწიოკე? ვსიო დღეიდან სათამაშოთ აღარ გაგიშვებთ მარტო :)

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები