"კვირის პალიტრა" ნახევარი მილიონი მკითხველისთვის! - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" ნახევარი მილიონი მკითხველისთვის!

ყველა კითხულობს "კვირის პალიტრას"

"კვირის პალიტრასთან" ერთად ბევრი მძიმე ღამე გადამიგორებია"

გასულ კვირას "კვირის პალიტრის" ტირაჟმა ბოლო 10 წლის რეკორდი დაამყარა და 104 000 ეგზემპლარი შეადგინა. გაზეთის აღნიშნულ ნომერთან ერთად გასაყიდად გამოვიდა საქართველოს ისტორიის მეორე ტომი და "კვირის პალიტრის" მრავალრიცხოვან მკითხველს ამ წიგნის შეძენის მსურველიც დაემატა.

გაზეთის დაბეჭდილი ტირაჟი კი სულ ცოტა 3-4-ჯერ მეტ მკითხველს ნიშნავს. საერთაშორისო სტანდარტებით მიიჩნევა, რომ ერთ გაზეთს საშუალოდ 3-4 ადამიანი კითხულობს, ჟურნალს - 5-6. სწორედ ასე ითვლიან მკვლევრები ევროპასა და ამერიკაში აუდიტორიას, რომელიც გაზეთს ეცნობა. თუმცა, რაც უნდა მაღალი ტირაჟი ჰქონდეს დეკლარირებული ამა თუ იმ გამოცემას, მისი რეალური აუდიტორიის გამოსაანგარიშებლად აუცილებლად ითვალისწინებენ შემდეგ გარემოებებს: რამდენად ენდობა მკითხველი გამოცემას, რა რეიტინგი აქვს სხვადასხვა კვლევის თანახმად და რამდენი ხანია არსებობს მედიასივრცეში.

ბეჭდური მედიასაშუალებების მკითხველი ორ კატეგორიად იყოფა: პირველადი და მეორადი აუდიტორია. პირველად აუდიტორიას წარმოადგენენ ის ადამიანები, ვინც გაზეთის ძირითადი ხელმომწერი  და მყიდველია. მეორად აუდიტორიას კი პირველადი აუდიტორიის ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები, მეზობლები და ნაცნობები ქმნიან. სწორედ ამ აუდიტორიის გათვალისწინებით იანგარიშება გამოცემის ერთ ეგზემპლარზე მკითხველების საშუალო რაოდენობა. თუ გამოცემა დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ერთგულ მკითხველს, როგორც პირველადი, ისე მეორადი აუდიტორიიდან, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ის ობიექტურობას და ხარისხის მაღალ ნიშას ინარჩუნებს.

თუ ქალაქის ტიპის დასახლებებისთვის 1 გაზეთის მკითხველად საშუალოდ 3 ადამიანი მიიჩნევა, სოფლად ერთ გაზეთს უფრო მეტი ადამიანი ეცნობა, ზოგჯერ ლამის მთელი სოფელი. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა. როცა სოფელში ჩავდივარ, მეზობლები აუცილებლად შემომძახებენ ხოლმე: ჟურნალ-გაზეთები თუ ჩამოგვიტანეო. იმედებს როგორ გავუცრუებ და შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში, "კვირის პალიტრა", "გზა" და "პალიტრამედიის" სხვა გამოცემები ხელიდან ხელში გადადის და თითქმის მთელ სოფელს მოივლის ხოლმე.

"კვირის პალიტრის" მკითხველების ნაწილს ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლები წარმოადგენენ. ორშაბათიდან, როცა გაზეთის ახალი ნომერი გამოდის და მისი განთავსება "კვირის პალიტრის" საიტზე ხდება, ვებგვერდზე მნახველების რიცხვი კვირის განმავლობაში 40-45 ათასს აღწევს. გარდა ამისა, "კვირის პალიტრის" წაკითხვა უკვე შესაძლებელია ციფრულ ფორმატში აიფონების, აიპედების და ანდროიდების საშუალებით. ამ ეტაპზე უკვე დაახლოებით 10 000 მომხმარებელს აქვს ჩამოტვირთული მობილურ ტელეფონებში და სხვა მობილურ მოწყობილობებში აპლიკაცია, რომელიც გაზეთის ელეტრონული ვერსიის მობილურად გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

ნაზი ჯაჯანიძე, პრესით მოვაჭრე: "ძალიან ბევრი მუდმივი მომხმარებელი მყავს, ვინც უკვე წლებია, ყოველ ორშაბათს, ტრადიციულად, "კვირის პალიტრას" ყიდულობს. მათთვის ყოველთვის მაქვს გადანახული გაზეთი, რადგან ვიცი, რომ დღის დასაწყისში თუ ვერ მოახერხეს მოსვლა და გაზეთის ყიდვა, დღის ბოლოს ან მეორე დღეს აუცილებლად მოვლენ და მოითხოვენ. ჩემი სამუშაო კვირაც ორშაბათს "კვირის პალიტრით" იწყება და შემდეგ ამ ერთ ეგზემპლარს, რომელსაც ჩემთვის ვიტოვებ, აქ ახლო-მახლო მდებარე ყველა სავაჭრო ობიექტში კითხულობენ. გაგეცინებათ, მაგრამ რიგიც კი გვაქვს დაწესებული გაზეთის წასაკითხად. აქ სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებაა და დაკვირვებული ვარ, რომ მძღოლებიც ერთ ან ორ გაზეთს ყიდულობენ და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში მას ათობით ადამიანი კითხულობს."

მერაბ ესიავა, ბუღალტერი: "ყოველ ორშაბათს თანამშრომლები მელოდებიან, რომ ტრადიციულად სამსახურში გაზეთით შევალ და ეს, რა თქმა უნდა, "კვირის პალიტრა" იქნება. ჩვენს კომპანიაში 24 ადამიანი მუშაობს და შემიძლია გითხრათ, რომ მთელი კვირის განმავლობაში, მანამ, სანამ გაზეთის ახალი ნომერი არ გამოვა, "კვირის პალიტრას" ლამის მთელი სამსახური ეცნობა. ოჯახში მსაყვედურობდნენ, რომ ამის გამო ხშირად გაზეთი სახლამდეც ვერ მიმქონდა. ამიტომ გამოსავალს მარტივად მივაგენი, ახლა ყოველ ორშაბათს "კვირის პალიტრის" ორ ეგზემპლარს ვყიდულობ - ერთს სახლისთვის და ერთსაც სამსახურისთვის."

ეკა წაქაძე, ექთანი: "ჩემი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ღამის ცვლაში მიწევს მუშაობა. "კვირის პალიტრასთან" ერთად ბევრი მძიმე ღამე გადამიგორებია. თითქმის 10 წელი თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ვარ და ყოველ ორშაბათს ვყიდულობ. სამსახურში ყველამ იცის, რომ ჩემს უჯრაში აუცილებლად იქნება გაზეთის ახალი ნომერი და ხშირად მთხოვენ, რომ ვათხოვო წასაკითხად. მერე კი საავადყოფოში სართულ-სართულ დავეძებ, ბოლოს ვინ წაიღო ჩემი გაზეთი".

კლარა ესაკია: "იტალიურ ეზოში ვცხოვრობ, სადაც სულ 12 ოჯახია. ყველამ იცის, რომ ყოველთვის მაქვს სახლში "კვირის პალიტრის" ახალი ნომერი და სამშაბათობით მეზობლები ერთმანეთს ასწრებენ, რომ ვათხოვო. გაფრთხილებული მყავს, რომ ორშაბათს გაზეთი არ უნდა მთხოვონ, რადგან ამ დღეს მას მე და ჩემი ოჯახის წევრები ვეცნობით".

P.S. ზემოთ გაზეთის მკითხველთა აუდიტორიის გამოანგარიშების საერთაშორისო სტანდარტები ვახსენე, რომლის თანახმად, ერთ გაზეთს საშუალოდ 3-4 ადამიანი ეცნობა. საქართველოში კი ადამიანებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, მეზობლობის, ნაცნობ-მეგობრობის და ნათესაური კავშირები უფრო ძლიერია, მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობებიც გასათვალისწინებელია, ამიტომ საქართველოში ერთი გაზეთის მკითხველად შეგვიძლია საშუალოდ ოთხი, ხუთი და მეტი ადამიანი მოვიაზროთ. "კვირის პალიტრის" მკითხველების აბსოლუტური რაოდენობის განსაზღვრა ალბათ რთულია, თუმცა გამოკითხვამ ზოგადი სურათი მაინც შეგვიქმნა და შეიძლება სიამაყით ითქვას, რომ "კვირის პალიტრას" ყოველკვირეულად რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი კითხულობს. წინა, სარეკორდო ნომერს კი დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი გაეცნო.