"სიცოცხლეში მოგვიწყო ამ მთავრობამ ჯოჯოხეთი და აწი რაღა შემაშინებს?" - კვირის პალიტრა

"სიცოცხლეში მოგვიწყო ამ მთავრობამ ჯოჯოხეთი და აწი რაღა შემაშინებს?"

"დეიდვან მაი ჩემი პირადი ნომერი და უყურონ შორიდან. შევალ იმ კაბინაში და ვინცხას მინდა, იმას მივცემ ხმას"

გურულები არც საკუთარ აზრს მალავენ და არც ვინაობას

"არანაკლები საბრძოლი გვაქვს ახლა, ვიდრე მაშინ, როცა თურქ-სელჩუკებს ვებრძოდით"

"3 მილიონი კაცისგან მილიონ-ნახევარი რომ მათხუარი გყავს, რა მთავრობა ხარ?"

"თუ საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა არ დავდექით, ჩვენი შვილებით განწირული ვართ დასაღუპად"

ჩემს ქალაქში, რომელსაც ბოლო 15 წელია სიცოცხლის ნიშანწყალი ნომინალურად ჰქონდა შენარჩუნებული, 17 ივნისს უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. "ქართული ოცნების" მიტინგზე დასასწრებად გურულები დედაქალაქიდანაც ჩამოვიდნენ. სამარშრუტო ტაქსიში, რომლითაც თბილისიდან გურიამდე ვიმგზავრე, ასეთი რამდენიმე კაცი იჯდა. ამხელა გზაზე გურულებს რა დაამუნჯებდათ, ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი, ყველა მგზავრის პოლიტიკური შეხედულებები ზეპირად ვიცოდი.

- აქციაზე რომ აპირებთ წასვლას, არ გეშინიათ? - ვეკითხები თანამგზავრს.

- რაის უნდა მეშინოდეს მაინც? - იმისთანა გაკვირვებით შემომხედა გურულმა, რომ ვიგრძენი, იფიქრა, ვინაა აი აბდალაო! - მთელი სიცოცხლე ერთი რამის მეშინოდა, ჯოჯოხეთში არ მოვხვედრილიყავი. რაც აი ხელისუფლება მევიდა, მას მერე ქალი და ბაღანა (ცოლ-შვილი) დასანახად მენატრება, ხან სად არიან გადახვეწილი და ხან - სად. მე, ბიძია, საჭმელი არ მაქ წესიერად და სასმელი, ექიმთან მე ვერ დავდივარ და წამალს მე ვერ ვყიდულობ. ამდენი წელიწადია "რუსთავი 2"-ის და "იმედის" სერიალების მეტი აფერი მინახავს და დევიჯერო, ჯოჯოხეთი ამაზე ვარესია? სიცოცხლეში მოგვიწყო ამ მთავრობამ ჯოჯოხეთი და აწი რაღა შემაშინებს?

დადიან და ითხოვენ პასპორტის ნომრებს. ჩემს სამეზობლოში თუ ვინმე სადმე მუშაობს, ყველას ოჯახის წევრების პასპორტის ნომრის მიტანას სთხოვენ. თუ არ მიიტანს, სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან. ვისაც მაღაზია აქვს, იგენსაც დაავალეს მეზობლებისა და ნაცნობების პასპორტების ნომრის მიტანა. არავის არ ვაწყეინე მაგიზა - ყველას ვაძლევ პასპორტის ნომერს. პირველად რომ მთხოვეს, გადავირიე, მარა მერე ვიფიქრე, რა თავში იხლიან ამ ნომერს, მაგის მეტი რა აქ ბაზაში ვანო მერაბიშვილს-მეთქი. მერე მივხთი, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ამბავია - ხალხს რომ აფიქრებიონ, ვითომ რამეს ნიშნავს პირადი ნომრის საცხა ფურცელზე ჩაწერა. დეიდვან მაი ჩემი პირადი ნომერი და უყურონ შორიდან. შევალ იმ კაბინაში და ვინცხას მინდა, იმას მივცემ ხმას.

ამასობაში მეორე გურული ჩაგვერთო საუბარში: "ჩემი შვილია მაგენის სამსახურში. ხმამაღლა რომ ვლანძღავ ჩვენს მთავრობას, მეუბნება, პაწა მაინც მომერიდე, გამომაგდებენ სამსახურიდანო. გამოგაგდონ, მამა, მაგენმა მთელი საქართველო ამოაგდეს და ვერც შენი ხათრით გავჩერდები-მეთქი.

დავალება ჰქონდა ჩემს შვილს, მისი ოჯახის წევრებს ტელეფონით უნდა გადაგვეღო, რომ ხუთი ნომერი შემოვხაზეთ. ვიფიქრე, რა ვქნა-მეთქი? მაგენს რომ ხმა მივცე, ბალიშზე ვერ დავდობ თავს-თქვა. გGავსკდი გულზე, მაგენმა ჭკუაში რაფერ უნდა მაჯობონ-თქვა. ვიფიქრე, ვიფიქრე და რა ვქენი, იცი? ჩევიდევი ჯიბეში თხელი პროვოლკა, თითზე დავამრგვალე, ისე, რაფერც უნდა შემოხაზო. რომ შევედი კაბინაში, დავადე ეს ჩემი დამრგვალებული პროვოლკა ხუთ ნომერს, გადევიღე სურათი, მერე პროვოლკა ევიღე და შემოვხაზე იგი, ვინც მინდოდა!"

"აქციაზე წავალ, აბა, რას  ვიზამ? - ამჯერად ქალები გააქტიურდნენ, - ფეხები მტკივა და ძლივს დავდივარ, მარა ნასილკით მისატანი რომ გავხთე, მაინც მივფორთხდები! ვინ დამამაგრებს სახლში! სამი ვაჟკაცი გავზარდე. უფროსმა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა. ახლა "სტროიკაზე" მუშაობენ ბიჭები. უფროსი ჰყავდათ კაი კაცი, ორი წლის წინ დაიჭირეს, ციხეში ჩააგდეს და 3 მილიონის მიტანას სთხოვენ. სად აქვს იმ საწყალს სამი მილიონი? მერე სხვაგან დაიწყეს მუშაობა. ორი თვე ბათუმში ამუშავეს, რაღაც შენობის რეაბილიტაციაზე. კაპიკი არ გადაუხდიათ. ბოლოს უთხრეს, არ ვარგა თქვენი გაკეთებული და ფული არ გეკუთვნითო. მერე თელავში წაიყვანეს, იქ არის საქმეო. ერთი თვე იქ ამუშავეს. არც იქ გადაუხდიათ ფული. აAხლა აგერ თურქებს რომ აშენებიებენ ჰესს ბახვისწყალზე, სამი თვე ამუშავებენ ხალხს, ფულს არ გადუხდიან, გამოუშვებენ და ახალ ნაკადს მიიღებენ. იძახიან, სამუშაო ადგილებს ვქმნითო. ვის ატყუებენ ესენი?"

შაბათს, დილით ქალაქში გასულს ერთი უცნაური სურათი გადამეშალა თვალწინ, - არც ერთ ოზურგეთელს აზრის დამალვა არ უცდია და არც სახელისა და გვარის დასახელებაზე უთქვამთ უარი. აAმიტომ კითხვა, წახვალთ თუ არა 17 ივნისს აქციაზე, სხვა, უფრო "აზრიანი" კითხვით შევცვალე.

მარინა სუნგულია: "იმიტომ მივდივარ აქციაზე, რომ ჩემი ქვეყნისა და ჩემი ღირსებაა შელახული. რაც საფიცარი გვქონდა, რაც ავტორიტეტული და ღირებული იყო, ყველაფერი შეურაცხყვეს.

არ მეშინია! შვილის დაჭერითაც დამემუქრნენ. ვუთხარი, ილია ჭავჭავაძის სურათი რომ დაგიკიდებია კაბინეტში, თუ იცი, რა თქვა ილიამ-მეთქი? "აჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი, სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი", ჰოდა, დადგა ეს დღე-მეთქი. არანაკლები საბრძოლი გვაქვს ახლა, ვიდრე მაშინ, როცა თურქ-სელჩუკებს ვებრძოდით.  თუ საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა არ დავდექით, ჩვენი შვილებით განწირული ვართ დასაღუპად. მე შევარდნაძის დროსაც ვაპროტესტებდი ჩვენს ყოფას. მაშინ სულ 30 კაცი ვიდექით გამგეობის წინ. გამგეობიდან ვინც მიყურებდა, იმავე გამგეობის შენობიდან დღესაც ის მიყურებს. თავისუფალი ადამიანი ვარ და ვერავინ მაიძულებს, უარი ვთქვა ამაზე".

თემურ სალუქვაძე: "2007 წლის ნოემბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი შიში და დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომაც გავხდი "თავისუფალი დემოკრატების" წევრი. ახლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ვარ და ვიცი, რაც ხდება ამ რეგიონში.

ყველამ, ვინც მუშაობს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, იცის, რომ ეს პროცესი შეუქცევადია. გურულებს განსაკუთრებული პოლიტიკური ალღო აქვთ. ეს ხალხი ხელისუფლების წევრები არიან, თორემ გონებასუსტები კი არა, ამიტომ კარგად იციან, რომ კანონზომიერების წინააღმდეგ სვლა შეუძლებელია.

თბილისმა და ქუთაისმა უარი უთხრა სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე, გურიამ კი კიდევ უფრო ადრე უთხრა სააკაშვილის რეჟიმს "არა"! მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა როგორც დღესასწაულს, ისე ელოდება იმ დღეს, როცა დასრულდება ეს დიქტატურა. გურია პატარა რეგიონია, სულ სამი რაიონისაგან შედგება, ამასთან, მიგრაციის ხარისხი ძალიან მაღალია. ყოველი 5 სახლიდან სამი დაკეტილია. პროცენტულად თუ დავითვლით, გარწმუნებთ, გურიაში მიტინგზე გამოსული ხალხი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე თბილისში ან ქუთაისში!"

ნათელა თოხაძე: "17 წელი მელექედურის საშუალო სკოლის დირექტორი ვიყავი. არასაიმედო პოლიტიკურ პერსონად დიდი ხანია ვარ მიჩნეული, რადგან მათ კრიმინალურ საქმიანობაში არ ვიღებდი მონაწილეობას და სამსახურიდან გამათავისუფლეს. გამომიგზავნეს გენერალური ინსპექცია, ვითომ გადაცდომები აღმოაჩინეს. სინამდვილეში სოფლის ძველი გამგებელი, ლენა ქადეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ათვალწუნებით მიყურებდნენ და ჩემი გათავისუფლების მიზეზიც ეს იყო. 2007 წელს ამ ქალმა რაიონის მუნიციპალიტეტს გადასცა სოფლის ქონება. დავინტერესდი და იმ ქონების ჩამონათვალი ვნახე. ისეთი რაღაცები იყო ჩამოთვლილი, რაც არ არსებობდა, - არარსებული ობიექტები გადასცა და გამგეობამაც ჩაიბარა. როცა ამაზე ერთი ამბავი ავტეხეთ, სასწრაფოდ მოვიდნენ, რამდენიმე ბოძი დაასვეს და ფრენბურთის ბადეები ჩამოკიდეს. ამ ჩამონათვალში არსებული არარსებული ობიექტები საბალანსო ღირებულებაზეა აყვანილი და მათზე 22 ათასი ლარი იყო გაწერილი.

ამაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ რატომღაც ხელისუფლებას ამ ადამიანთან კითხვებიც არ გასჩენია. ბუნებრივია, ასეთ საქმეებში მხარს ვერ დავუჭერდი. 2010 წელს ჩვენს სოფელში ნაციონალების კანდიდატი ვერ გავიდა. წელს, როგორც კი არჩევნებისთვის დაიწყეს მზადება, მოითათბირეს, რომ ჩემი დატოვება სოფლის სკოლის დირექტორად არ შეიძლებოდა, რადგან სწორედ მე ვიყავი ხელის შემშლელი. ჩემს გათავისუფლებამდე რესურსცენტრის უფროსმა დამიბარა და მკითხა, სადმე შენს პოლიტიკურ შეხედულებებს აფიქსირებო? არა-მეთქი. სოფელში გამგებელი რომ იყო ჩამოსული, რატომ არ წახვედიო? არ გასულა ორი დღე და სკოლაში გენინსპექცია შემოგზავნეს... უსამართლობაში იხრჩობა ქვეყანა და ამიტომაც წავალ 17 ივნისს "ქართული ოცნების" აქციაზე!"

ოზურგეთის ცენტრში "ქართული ოცნების" მაისურებში გამოწყობილი უამრავი ადამიანი შევნიშნე, მათ შორის - ოლიმპიური ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში ვახტანგ ბლაგიძე: "რას ჰქვია, არ წავალ! ახლა დუმილი და განზე გადგომა დანაშაულად მიმაჩნია. ამიტომაც ვარ გურიაში, თბილისიდან საგანგებოდ ჩამოვედი. მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, თანასოფლელებისა და თანაქალაქელების გაჭირვებას ვხედავ, მათ უბედურებაში ვიწვი და ვიხარშები. შიში არ არის ის გრძნობა, რომელიც კაცობაზე ხელს ამაღებინებს!"

კოტე შარაშენიძე, ოზურგეთის კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი: - ადგილობრივი რწმუნებულები მოსახლეობას იმით აშინებენ, ვისაც სოციალური დახმარება და ბანკიდან კრედიტები გაქვთ აღებული, ყველას პრობლემა შეგექმნებათო. ლაითურში, ნასაკირალში, დვაბზუში ასეთი მეთოდებით ცდილობენ ხალხის დაშინებას.

- რა არ მოგწონთ ამ ხელისუფლების?

- მოსაწონი რა არის, ეს მითხარით? არ მითხრათ, გზა და დენიო! მთავრობამ გზა უნდა დააგოს და დენი უნდა მოგცეს, აბა, რა უნდა ქნას? ისე იმადლებიან, ვითომ თავიანთი ჯიბიდან გვიკეთებენ რამეს. გადასახადებით ტყავს აძრობენ ხალხს, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს მილიარდობით საგარეო ვალს ადებენ და კიდო აქეთ მამადლიან, გზას ხომ გიგებთო.

რა აქვს ამ მთავრობას საამაყო ანდა ვისი მთავრობა არიან, თუ დაფიქრებულან? 3 მილიონი კაცისგან მილიონ-ნახევარი რომ მათხუარი გყავს რა მთავრობა ხარ? ჯერ ისე არ გავაბდლებულვარ, მაგი მომეწონოს!

მე სააკაშვილის მომხრე კაცი არ შემხვედრია გურიაში. ჩამოსული რომ იყო ცოტა ხნის წინ, პაატა კურტანიძის გაკეთებული საავადმყოფო გახსნა, კაცი არ გევიდა მაგის შესახვედრად. ცოტა ხნის წინ სოფელ მერიაშიც იყო ჩასული და ფეხი არ გაადგა არავინ. მერე გაჭირვებით  იმერეთიდან და ბათუმიდან ჩამეიყვანეს სტუდენტები.

საავადმყოფო გავხსენიო რომ გაიძახის, მაგასაც გეტყვი, რა გახსნა: ძველ საავადმყოფოში ჩემი მეზობელი მუშაობდა, ხელფასი 500 ლარი ჰქონდა, ამ საავადმყოფოში 120 ლარი აქვს და ახლა მაგის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს, რომ 120 ლარს 500 სჯობს. ცოტა ხნის წინ ჩემი მეზობლის ბიჭი გარდაიცვალა და საავადმყოფოს ვალი რომ გეესტუმრებიათ, ოჯახმა მანქანა გაყიდა. საავადმყოფოში თუ ვერ შეხვალ, რა საავადმყოფოა მაგი? ქონდეს მაგფერი საავადმყოფო მიშა სააკაშვილს! ხმების მოგროვება გურიაში ყოველთვის უჭირდათ მაგენს, მარა რასაც აგროვებენ, იმასაც მუსლიმანი მოსახლეობის ხარჯზე. მოგეხსენებათ, გურიაში მთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. მეჩეთებისა და მინარეთების აშენების უფლება ტყულად კი არ მისცეს.

მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონებში მოლები აკონტროლებენ სიტუაციას. რასაც იტყვის მოლა, იმას ასრულებს მისი მორჩილი ხალხი. იტყვის, შემოხაზეთ 5 ნომერიო და შემოხაზავენ. იმათაც აშინებენ, ასე თუ არ მოიქცევით, დაგიკეტავთ მეჩეთებსო. იმიტომაც იყო, რომ წინა არჩევნებზე ნარუჯაში, ლაითურსა და ნასაკირალში ასპროცენტიანი "მოსწრება" ქონდათ "ნაციონალებს".

მე რომ ვიცი აი ამბები, ისე იცის მთელმა გურიამ და რა უნდა მელაპარაკოს მიშამ, რომ ვერ გავარჩიო ტყუილი და მართალი?

ორი წლის წინ კუპატები რომ მიიტანეს სალუქვაძეების სახლში და მსახიობები დაახვედრეს მიშას გურული გლეხების ამპლუაში, ვის მოატყუებს? რა ვიცი, რა ეგონა სააკაშვილს, თეატრში არ ვიყავით ნამყოფი თუ ისე დაგვამშია, მსახიობისა და გლეხის გარჩევასაც ვეღარ მოვახერხებდით?

სახელი და გვარი? ზალიკო მქვია, გვარი თუ არ აფუჭებს შენს საქმეს, ნუ დაწერ, ცოლი მყავს პედაგოგი და გამოაპინტრიშებენ მაგ საწყალს ხვალვე სკოლიდან.

ვიდეორეპორტაჟები | "ქართული ოცნების" აქცია ოზურგეთში:

- ოზურგეთის აქციაზე მიმავალი ზურაბ ზვიადაური სიკვდილს გადაურჩა

- ბიძინა ივანიშვილმა გურიის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

- უჯიშო ვარდი გამრავლდა საქართველოში 2003 წლიდან, ოქტომბერში უნდა ამოვძირკვოთ ეს ვარდი - თემურ ჭკუასელი

- ბიძინა ივანიშვილი ოზურგეთში შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა

- ქველმოქმედი ივანიშვილის რეიტინგი, ტრანფორმირდა პოლიტიკოს ივანიშვილში - დავით ბერძენიშვილი

- ბერა ივანიშვილი ოზურგეთის სცენაზე