"მაღლა ტურისტები უნდა იყვნენ და დაბლა - ღვთისმსახურები?"
"მაღლა ტურისტები უნდა იყვნენ და დაბლა - ღვთისმსახურები?"
ტაძარი არის ღვთისმსახურებისთვის, ლიტურგიას კი ლიფტი არ სჭირდება!

საზოგადოების მღელვარება გამოიწვია ინფორმაციამ, რომ "იუნესკო" მეათე საუკუნეში შექმნილ ბაგრატის ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებას უპირებს. "შენობის სანიმუშო ტოპოლოგიური და არქეოლოგიური კვლევების მიუხედავად, ჩამოცვენილი და გადარჩენილი ქვების დიდი ნაწილი თავდაპირველ ადგილზე არ დააბრუნეს, მიუხედავად იმისა, რომ 400-მდე ქვის მდებარეობა ზუსტად იყო განსაზღვრული. აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე თავდაპირველი ქვის წყობა არ შეუნარჩუნებიათ, ახლა კი ამის გაკეთება წარმოუდგენელია", - ნათქვამია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წინასწარ
დასკვნაში, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა მას  შემდეგ დაწერეს, რაც ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები ნახეს.

სამუშაოებით ასევე უკმაყოფილოა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი, რომლის სამეცნიერო საბჭომ თავმჯდომარე ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად, რამდენიმე დღის წინ მოინახულა ტაძარი. მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ ეკლესიის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში
მიმდინარე სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და ვანო გრემელაშვილის პროექტის მიხედვით ხორციელდება. განსხვავებულია და ტაძრის მთავარი რესტავრატორის  პროექტს არ ემთხვევა ბაგრატის ტაძრის დასავლეთი ნაწილის ახლანდელი იერი. ამ მხარეს რკინის დიდი კოლონები განთავსდება და მინით შეიმოსება, ორ სართულს კი ერთმანეთთან ჩრდილო-დასავლეთ კუთხის კიბე და ლიფტი დააკავშირებს. საბჭოს წევრების განცხადებით, ტაძრის რეკონსტრუქციაში თანამედროვე ელემენტების ჩართვის იდეისა და პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი ანდრია ბრუნო გახლავთ, რომელსაც საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთან არ შეუთანხმებია ტაძრის დასრულებული სახე და დასავლეთ ნაწილში მიმდინარე სამუშაოების პროექტი.



ნიკა ვაჩეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე:
- "იუნესკოს" მისიის წინასწარი შეფასება არ შეესაბამება რეალობას. პასუხი მომზადებული გვაქვს. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა პარიზის ცენტრალურ ოფისში მიდის საკითხის გასარკვევად. დასკვნაში წერია, რომ ძველი წყობა და ქსოვილი არაფრად ჩავაგდეთ, არ გავამაგრეთ და ისე დავიწყეთ ტაძრის აღდგენა. არადა, პირველად სწორედ ძველი ნაგებობის კონსერვაცია მოხდა - გავამაგრეთ, სეისმომედეგობა აღვადგინეთ ისე, რომ კედლები ძველიც ყოფილიყო და მტკიცეც. ასევე  გვბრალდება, რომ თურმე არც კი გვიფიქრია არქეოლოგიაზე, არადა, 2004 წლიდან მუდმივად ვაწარმოებთ არქეოლოგიურ კამპანიას.  გვბრალდება, თითქოს ადგილზე არ დავაბრუნეთ 400-მდე ძველი ქვა, რომლებიც 2005 წელს აღმოაჩინა ბატონმა ვანო გრემელაშვილმა. მხოლოდ  დღეისთვის უკვე 160-მდე ქვაა ჩადებული ძველ ადგილზე. მიმაჩნია, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. ბაგრატის ტაძარი  არის დიდი სიყვარულით, ცოდნითა და სიფრთხილით შედგენილი პროექტის მიხედვით აღდგენილი, ეს კი ვანო გრემელაშვილის გუნდისა და პირადად მისი დამსახურებაა. სამწუხაროდ, იგი 14 ივნისს გარდაიცვალა. ბატონი ვანო იყო ბრწყინვალე  არქიტექტორ-რესტავრატორი და დღეს ჩემთვის ნათელია, რომ ყველა მისი გადაწყვეტილება, რომელსაც არ ვეთანხმებოდი 2004-2005 წლებში, არის მეთოდურად სწორი და ეფუძნება საერთაშორისო ქარტიებს.

- ვისი პროექტების  მიხედვით აღდგა ტაძარი?
- ძირითადად ვანო გრემელაშვილის პროექტია. ერთადერთი ახლებური კონცეფციით ვაკეთებთ დასავლეთის პატრონიკეს, სადაც არ გვქონდა ძველი ქვების საკმაო  რაოდენობა და არქიტექტურული მოხაზულობა ბევრ კითხვას ბადებდა. იყო  საშიშროება, ავთენტურობის დაცვის მიზნით ძველს მიმსგავსებული პროექტი ბუტაფორიას დამსგავსებოდა. ამიტომაც იუნესკოს შემოთავაზებულმა ექსპერტმა ანდრია ბრუნომ რესტავრაციისთვის გამოიყენა ლითონი, რომელიც ქვას ჰგავს ფერით, ფაქტურით, მასშტაბით.

- თუ იუნესკოს შემოთავაზებული ექსპერტი აკეთებს საქმეს, პრეტენზია რატომღა გაჩნდა?
- იუნესკოს ძირითადი პრეტენზია ის იყო, რომ ტოტალური  შრომა უფრო მოკლე დროში გავწიეთ, ვიდრე ამას იუნესკო ითხოვს. მაგრამ შედეგი ძალიან საინტერესოა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

- იუნესკო აჩქარებაში გდებთ ბრალს?
- დიახ, რადგან წელიწადში ერთხელ მართავენ სხდომას, რომელიც გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთ საკითხზე იღებს. წარმოიდგინეთ, რამდენ ხანს უნდა დავლოდებოდით - მათი კალენდრის მიხედვით ჯერ უნდა შეგვეთანხმებინა თეორიული ნაწილი, შემდეგ პრაქტიკული და მშენებლობას, ალბათ, 2014 წელს დავიწყებდით, არადა, ჩვენ გვაქვს არქიტექტურული ძეგლების აღდგენის  უმდიდრესი ტრადიცია. ამიტომაც სავსებით ბუნებრივად არ დაველოდეთ წელიწადში ერთხელ გამართული ფორმალური სხდომების გადაწყვეტილებებს.

- თუ იუნესკოს ვერ შეუთანხმდებით და ბაგრატის ტაძარს მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღებენ, აჩქარება სანანებელი არ გახდება?
- არ მგონია, სანანებელი იყოს, რადგან ქვეყნები თვითონ წყვეტენ თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის ბედს.

- მითქმა-მოთქმის საგანია ტაძრის შემინვა, ლიფტი, მუზეუმი...
- ლიფტი კეთდება, მაგრამ არა საეკლესიო, საკრალურ, არამედ საერო სივრცეში. ლიფტი ნუ შეგვაშინებს, ეს არ იქნება შუშა, რომელიც იბრჭყვიალებს. ეს იქნება ფუნქციური კაბინა, რომელიც მსურველებს ძველ სამუზეუმო სივრცეში აიყვანს.

- რას ნიშნავს საერო ნაწილი და სამუზეუმო სივრცე?
- საერო ნაწილი არის ტაძრის გარე პერიმეტრი, სადაც კეთდება ლიფტი, იქიდან შედიხარ პატრონიკეში, სადაც იდგნენ ლიტურგიაზე მეფე, დიდებულები და მგალობლები. იქ გამოიფინება ბაგრატის ტაძრის ექსპონატები და ადამიანს შეეძლება, ტაძარში ყოფნის დროს გაიგოს ბაგრატის ტაძრის ისტორია, მეფე ბაგრატის სამეფო ოჯახის  დიდი ღვაწლი საქართველოს გაერთიანების საქმეში. ნუ გაგიკვირდებათ, ლიფტები არის მართლმადიდებლურ დიდ ტაძრებში უკრაინაშიც, რუსეთშიც, საბერძნეთშიც და ამაში უცნაური არაფერია. ლიფტი იქნება ძალიან სასარგებლო და დამეთანხმება ყველა, ვინც რესტავრაციის დასრულების შემდეგ ისარგებლებს ამ სიკეთით. ტაძარი დასრულდება სექტემბერში.

საპატრიარქოს  ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე:
-  ვანო გრემელაშვილის პროექტი ერთდროულად შევათანხმეთ ჩვენ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ერთობლივ საბჭოზე. ვანო გრემელაშვილი არის ტაძრის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის ავტორი; კონსტრუქციულ პროექტს სხვა ავტორი ჰყავს - ემზარ კიზირია, რომელიც საუკეთესო კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად მუშაობდა. ეკლესიის სურვილი იყო, ტაძარი კონსტრუქციული თვალსაზრისითაც ძველი ტექნოლოგიური მეთოდით, კირდუღაბით აღედგინათ. მათ მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევების შედეგად გაირკვა, რომ შეუძლებელი იყო ტრადიციული მეთოდით რიგი კონსტრუქციების აღდგენა იმის გამო, რომ საუკუნეების განმავლობაში ტაძარი უსახურავოდ იყო და კედლები ძალიან დაზიანდა. კიზირიას პროექტმა კიდევ ერთი ექსპერტიზა გაიარა. ამის შემდეგ შევთანხმდით და ჩაიწერა კიდეც პროექტში, რომ აუცილებლობის შემთხვევაში რკინაბეტონს მინიმალურად გამოიყენებდნენ. ტაძრის დასავლეთის მკლავი კეთდება სრულიად განსხვავებულად, ეროვნულ საბჭოსთან შეუთანხმებელი პროექტით. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ყოფნის დროსაც კი არავინ დაგველაპარაკა.

ვარაუდით ვიცით, რომ პატრონიკეში ასასვლელად ლიფტი უნდა დამონტაჟდეს. როდესაც ვეხებით ისეთ კულტურულ მემკვიდრეობას, როგორიც არის ბაგრატის ტაძარი, სიფრთხილე გვმართებს. ამასთან, ტაძარი არის ღვთისმსახურებისთვის, ლიტურგიას კი ლიფტი არ სჭირდება! თუ პატრონიკე ტურისტებისთვის საჩვენებლად უნდათ, ჯობდა ის ისეთი გაეკეთებინათ, როგორიც იყო თავიდან. პატრონიკე ნაწილია სატაძრო სივრცისა. ის რომ დამოუკიდებელი იყოს, სხვა საქმეა. პატრონიკე გამოიყენებოდა მონაზვნებისთვის და ხშირად სენაკებს უკავშირდებოდა. რაც შეეხება მის საერო დანიშნულებას, მხოლოდ მირონცხებული მეფის ოჯახს შეეძლო იქ ასვლა და არა - სხვა ხელისუფალს. ესეც იუსტინიანეს დროს იყო, თორემ მერე აიკრძალა და პატრონიკე გახდა მხოლოდ მათთვის მისაწვდომი, ვინც განსაკუთრებული სულიერებით ცხოვრობდა;”ახლა რა გამოდის? მაღლა ტურისტები უნდა იყვნენ და დაბლა - ღვთისმსახურები? უკუღმა დააყენეს ყველაფერი. ტაძარში მუზეუმის შექმნაც უჩვენოდ გადაუწყვეტიათ. შეიძლება მისთვის ცალკე ნაგებობა აიგოს ეზოში. გამოსავალი არის, ამ ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი, პატრონიკესა და დასავლეთის მკლავის აღდგენა ვანო გრემელაშვილის პროექტის მიხედვით.

P.S. ამბობენ, რომ ტაძრის ნაჩქარევი რესტავრაცია სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო. მას სურს, საპარლამენტო დედაქალაქში გაერთიანებული საქართველოს აღდგენილი სიმბოლო უჩვენოს ხალხს და კიდევ ერთხელ მოიწონოს თავი წარსული დიდების მემკვიდრეობით. არადა, შესაძლოა, ბაგრატის დიდებული ტაძრის ადგილზეც ერთი რიგითი ტაძარი მივიღოთ, რომლის მსოფლიო მნიშვნელობაზე იუნესკო უარს იტყვის. ტაძარში ლიფტისა და დასავლეთის ნაწილში თანამედროვე მასალის გამოყენების წინააღმდეგი იყო  ვანო გრემელაშვილიც. ”

ამავე თემაზე | ვიდეორეპორტაჟები

-
პატრიარქი ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს
- ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია შეჩერებულია - ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
- ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის უგულებელყოფა არ შეიძლება - ნინო კალანდაძე
Jondi
20 ივნისი 2012 11:31
თუ რესტავრაციაა მაშინ აღადგინეთ როგორც იყო იმ სახემდე. და თუ ტურისტების მოსაზიდათ გინდათ მაშინ სულ დაშალე ძმაო და ატრაქციონები გააკეთე და ნუღარ გვაბოლებთ!!!

პ.ს. კალანდაძემ როგორ განაცხადა დათმობაზე მივდივართო ვითომ დემოკრატიულობანას რო თამაშობენ.
ადამიანი
20 ივნისი 2012 06:50
ასე რა ეჩქარებათ? პარლამენტის სხდომა უნდა ჩაატარონ სექტემბერში თუ სწავლა იწყება???? იუნესკო თუ ფეხზე კიდიათ ეს ექსპერტი რაღა ჯანდაბად უნდათ იტალიელი?
tamada
20 ივნისი 2012 03:21
ბიჯო,ნიკოლოოოოზ!მერჩივნა თინეიჯერების საზასაო ყოფილიყო,ვიდრე ის ღირებულება დაეკარგა,რაც ყველაზე ძვირფასია ქართელებისთვის.მაგრა შენ და შენი ბელადი ვერ ჩახვდებით ამას,ვერა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?