"ანტენების ჩამოხსნა მხოლოდ გაზრდის უკმაყოფილებას" - კვირის პალიტრა

"ანტენების ჩამოხსნა მხოლოდ გაზრდის უკმაყოფილებას"

"ოპოზიციამ შესაძლოა წაართვას კიდეც ხელისუფლება "ნაციონალებს", თუმცა, ჯერჯერობით, ძალაუფლების გაყოფის პერსპექტივა უფრო ჩანს"

ბოლო დროს საზოგადოებაში მსჯელობის საგანი გახდა კოალიცია "ქართული ოცნების" საპროტესტო აქციებზე მისული ხალხის რაოდენობა. მათ ითვლის ხელისუფლება და საჯაროდ თუ არ აცხადებს, - კულუარებიდან მაინც ჟონავს, აქვს თუ არა განგაშის საფუძველი. აქციებზე მისულთა რაოდენობას ანგარიშობენ ოპოზიციაშიც, მომიტინგეებზე ლაპარაკობენ ქუჩაშიც. განსხვავებული აზრის საჯაროდ მთქმელთა სიმრავლე აქეზებს მათ, ვინც ჯერ ვერ გადალახა თავისუფალი სიტყვის თქმის გამო დასჯის შიში. თუმცა, როგორც ამბობენ, წიწილებს შემოდგომით ითვლიან...

ვინ რას მიიღებს საოქტომბროდ არჩევნებისგან და რაზე მეტყველებს 2012 წლის ოფიციალური მონაცემებით 1172700-კაციან თბილისში საპროტესტო აქციაზე 110000 ("ინტერპრესნიუსის" მონაცემებით) ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მისვლა, ან რა მნიშვნელობა აქვს "ქართული ოცნების"”მხარდასაჭერად 55 ათასი კაცის გამოსვლას ქუთაისში, სადაც 2012 წლის ოფიციალური მონაცემებით 196800 მცხოვრებია? რას უქადის ხელისუფლებას ოზურგეთში გურულების აქტივობა? - ამ საკითხებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრეთ.

- საპროტესტო აქციების მიხედვით მოსახლეობის როგორი მხარდაჭერით სარგებლობს ოპოზიციური კოალიცია?

- არც ერთ შემთხვევაში საქმე არა გვაქვს აბსოლუტურ მხარდაჭერასთან, თუმცა, ეს მძლავრი მხარდაჭერაა. თბილისში ყოველთვის იოლი იყო ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება. ჩვენ გვინახავს ასიათასიანი მიტინგები 2007-სა და შემდგომ წლებშიც. ასი ათასზე მეტიც გვინახავს, ოპოზიციის შეკრება იპოდრომზე, როდესაც პარალელურად პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობდა. თბილისში ყოველთვის ეფექტურია მიტინგის მოწყობა, რადგან თუ ხალხი მოტივირებულია ქუჩაში გამოსასვლელად, აუცილებლად გამოდის.

- აქციების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რამდენი მხარდამჭერი ეყოლება არჩევნებში ოპოზიციას?

- მართალია, თბილისში 1172700 კაცი ცხოვრობს, მაგრამ ეს არ არის სრული ელექტორატი, როგორც მახსოვს, საარჩევნო ასაკის მოსახლეობა დაახლოებით 700000 კაცია. თუ ასი ათასი მოვიდა მიტინგზე,  გამოდის, ოპოზიციურად განწყობილთა სულ მცირე, 15% მაინც მოვიდა აქციაზე. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ხვედრითი წილია.

- არსებობს რაიმე სქემა ან პროგრამა იმისათვის, რომ დავადგინოთ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა რაოდენობა? რამდენზე უნდა გავამრავლოთ მიტინგზე მისულთა რიცხვი?

- ამის აპრობირებული წესი არ არსებობს, მაგრამ სულ მცირე, სამზე მაინც უნდა გავამრავლოთ მიტინგზე მიმსვლელთა რაოდენობა. თბილისში"ქართული ოცნების" პოლიტიკური წონა არ არის 40%-ზე ნაკლები,  ასეთი მხარდაჭერით თბილისში "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" უსწრებს და უპირატესობას ინარჩუნებს.

რაც შეეხება ქუთაისს, იქ არ იყვნენ მხოლოდ ქუთაისელები, ის ხალხი წარმოადგენდა იმერეთის რეგიონს, რომელიც საქართველოში უდიდესი რეგიონია. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რეგიონებში გაცილებით ფრთხილობენ ოპოზიციური განწყობის დაფიქსირებას, მაღალია ადამიანების არაინფორმირებულობა (მათ არა აქვთ დამოუკიდებელი მედიის გაცნობის ისეთივე შესაძლებლობები, როგორიც თბილისს), გაცილებით მაღალია ხელისუფლების გავლენა, რადგან მოსახლეობის ცნობიერებაში მიზანმიმართულად ხდება იმის ჩანერგვა, რომ ხელისუფლება სასიკეთო საქმეებს აკეთებს, - ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქუთაისის მიტინგზე გამოსულთა რაოდენობა აშკარად შთამბეჭდავი იყო. ტყუილია, თითქოს დღეს ხელისუფლებას აქვს საყოველთაო მხარდაჭერა რეგიონებში. ეს ტყუილი გამოააშკარავა იმერეთმა. იმერეთში დიდ როლს თამაშობს ბიძინა ივანიშვილის სადაურობაც, ის იმერელია. ფაქტია, რომ ეთნიკური წარმოშობის მომენტი საქართველოში არცთუ უმნიშვნელოა.

- რა ხდება წინა წლების საპროტესტო აქციებთან შედარებით, ხალხი დაშინდა თუ უფრო გამბედავი გახდა?

- 2008 წელთან შედარებით, 2010-2011 წლებში, სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე, შიშის ხარისხი გაიზარდა იმის პროპორციულად, რამდენადაც ხელისუფლებამ გაამკაცრა ოპოზიციურ ამომრჩევლებზე ზემოქმედების მექანიზმი - უფრო ხისტი პოზიცია დაიკავა მათ მიმართ, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებული ოპოზიციური ამომრჩევლის მიმართ. თუ ისინი გაამჟღავნებდნენ სიმპათიას ოპოზიციური პარტიებისადმი, სამსახურს დაკარგავდნენ და ასეთი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. უმუშევარ ადამიანს არაფერი აქვს დასაკარგი, შესაბამისად, მოტივირებული და თავისუფალია არჩევანში. ივანიშვილის გამოჩენამდე ხალხში შიში მატულობდა, ასევე მატულობდა იმედგაცრუება ოპოზიციური სპექტრის მიმართ მისი უშედეგო საქმიანობის გამო. ამიტომაც 2010-11 წლებში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ხალხის საპროტესტოდ მობილიზება, სანამ არ გამოჩნდა დადებითი იმიჯის მქონე ახალი პოლიტიკური ფიგურა. 2011 წლის ნოემბრიდან ოპოზიციურ ამომრჩეველს გაუჩნდა მოტივაცია, ვის მისცეს ხმა. შესაბამისად, მან გადალახა შიში და სიფრთხილე, მართალია, სრულიად არა, მაგრამ ეს თანდათანობითი პროცესია და არა რევოლუციური.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2007 და შემდგომ წლებში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები როგორღაც მიშვებულნი იყვნენ თავისუფალ პოლიტიკურ სივრცეში, ყოველ შემთხვევაში ილუზორულად მაინც. ხელისუფლებას ასეთი პოზიცია ჰქონდა, - მივუშვათ თავიანთ ნებაზე და მაინც არაფერი მოხდებაო. თუმცა ყოველ მეტ-ნაკლებად კრიტიკულ მომენტში ხელისუფლება უკან არ იხევდა, არც მიტინგების დარბევაზე, არც პოლიტიკური აქტივისტების დაპატიმრებაზე და არც ვანდალიზმზე (თუნდაც ტელეკომპანია "იმედის" ტრაგიკული ისტორია გავიხსენოთ).

- ხელისუფლების გულარხეინობის მიზეზი ისიც ხომ არ იყო, რომ იცოდა, რა მატერიალური რესურსიც ჰქონდათ ოპოზიციურ პარტიებს?

- გარკვეულწილად ესეც იყო. 2008 წელს პოლიტიკურ კოალიციას არანაკლები მხარდამჭერები ჰყავდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია ხელისუფლებაში პანიკა. დღეს კი პანიკა თვალში საცემია. ივანიშვილის ფინანსური რესურსები საქართველოს ბიუჯეტზე მეტია და გასაგებია ხელისუფლების შეშფოთებაც. 2008 წელს ოპოზიციურ პარტიებს შეეძლოთ მხოლოდ თბილისის მობილიზება, მათ არ ჰყოფნიდათ რესურსი რაიონებში გასასვლელად და ხალხამდე ინფორმაციის მისატანად. ახლა ეს რესურსი არსებობს და ამიტომაც ხელისუფლება გააფთრებით იბრძვის, რომ ალტერნატიული ინფორმაცია არ გავიდეს რეგიონებში, ისე როგორც ეს ხელმისაწვდომია თბილისში. ჩვენ მომსწრე ვართ, რა რეაქცია აქვს ხელისუფლებას ოპოზიციური კოალიციის ყოველ აქტიურობაზე, როგორ გაუმკაცრა პოლიტიკურ პარტიებს ფინანსების გამოყენების მექანიზმი ახალი კანონით. ახლა ოპოზიციური ამომრჩეველი შემობრუნდა ერთი პოლიტიკური ძალისკენ, შიში იკლებს, რესურსი დიდია, ინფორმაცია გადის რეგიონებში, ამიტომაც სავსებით მოსალოდნელია, "ნაციონალურმა მოძრაობამ", სულ მცირე, ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგოს, ოპოზიციურ კოალიციას კი აქვს შანსი, ძალაუფლება გაუყოს ხელისუფლებას. შესაძლოა წაართვას კიდეც, თუმცა, ჯერჯერობით, ძალაუფლების გაყოფის პერსპექტივა უფრო ჩანს.

- რა შეიძლება მოხდეს არჩევნებამდე ისეთი, რაც უფრო კონკრეტული პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს?

- რაც უფრო ხისტია ხელისუფლება ოპოზიცურ კოალიციასთან, მით მეტად ასხამს წყალს ოპოზიციის წისქვილზე. ხელისუფლებას სიხისტე ეთვლება არა აქტივში, არამედ პასივში, სამაგიეროდ, იზრდება ივანიშვილისა და "ქართული ოცნების",  როგორც აქტიური პოტენციური მსხვერპლის იმიჯი. მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობა მოსახლეობაში ყოველთვის მაღალია. წარმოიდგინეთ, დარიგდა ათიათასობით სატელიტური ანტენა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ანტენები ჩამოიხსნას. ეს როგორ მოქმედებს ამომრჩეველზე?

კაცმა მიიღო საჩუქარი და შანსი ალტერნატიული ინფორმაციის მოსმენისა, უცებ მოდის ხელისუფლება და ართმევს. ბუნებრივია, ანტენის ჩამოხსნა ვერ გამოიწვევს ამომრჩეველში პოზიტიურ ემოციას. ამას აღიქვამს როგორც უფლებების შელახვისა და რეპრესირების მექანიზმს და ეს გაზრდის უკმაყოფილებას.

თუნდაც ისიც, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ძალას აჯარიმებს საჯარიმოდ განკუთვნილი თანხის ათმაგი თუ ხუთმაგი ოდენობით, უხეში მექანიზმია და ხელისუფლებისავე საზიანოდ მოქმედებს, ამიტომაც ძალზე მძიმე დღეშია "ნაციონალური მოძრაობა", - თუ სიხისტეს არ გამოიჩენს და ინფორმაცია თავისუფლად გავრცელდება რეგიონებში, გაიზრდება საზოგადოების ოპოზიციური განწყობა. თუ სიხისტეს გამოიჩენს, ესეც მის საზიანოდ იმოქმედებს. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება გაკოტრებულია, რომ ყველა შემთხვევაში დაკარგავს მხარდაჭერას. ხელისუფლებას არცთუ ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ შეიძლება იმის თქმა, რომ ოპოზიციურ კოალიციას შეუძლია ხელისუფლება გაუყოს "ნაციონალებს". თუ ოპოზიციას მიეცემა საკუთარი იდეების საზოგადოებაში პროპაგანდის შესაძლებლობა, მისი პოპულარობაც გაიზრდება. ოპოზიციური კოალიცია ამომრჩეველთა მობილიზების საქმეში წინ მიიწევს, პროგრესირებს. არ ველოდები მისი პოლიტიკური წონის მოკლებას, მოიმატებს, მაგრამ ახლა შეუძლებელია იმის თქმა, იქნება თუ არა ეს არჩევნები საკმარისი იმისთვის, რომ ოპოზიცია უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში".

- სააკაშვილი და სახელისუფლებო ძალები აცხადებენ, რომ ოპოზიციურ კოალიციას სურს ხალხი რუსეთთან და კორუფციულ წარსულში დააბრუნოს, მათ მხარდამჭერებსაც რეგრესის მომხრეებს უწოდებენ.

- ხელისუფლება ტყუის, შავ პიარს ეწევა, რადგან არა აქვს ამ განცხადებების მტკიცებულების საფუძველი. ახალი პოლიტიკური კოალიციის საჯარო განცხადებებში არსად ჩანს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების სურვილი, ათასჯერ ითქვა, რომ ევროკავშირი და ნატო ისევ პრიორიტეტად რჩება. გადავხედოთ ამ პოლიტიკური კოალიციის შემადგენლობას, - მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, ვინც "ვარდების რევოლუციაში" დიდი როლი ითამაშა, მეტიც, შემოქმედი იყო. რესპუბლიკელები მაშინ სააკაშვილის გვერდით იდგნენ; ირაკლი ალასანიას გუნდი ხელისუფლების თანამებრძოლები იყვნენ; ივანიშვილიც, ამ კოალიციის უმთავრესი ძალაც, წლების განმავლობაში იყო მოქმედი, ხელისუფლების პროგრესული პროექტების აქტიური დამფინანსებელი და მონაწილე. საინტერესოა ისიც, რომ პოლიტიკურ კოალიციაში არ არიან შევარდნაძის ადმინისტრაციის რეტროგრადი წარმომადგენლები, ანუ არც ინსტიტუციურად და არც იდეოლოგიურად ეს პოლიტიკური კოალიცია არ არის იმ ნიშნების მატარებელი, რომ ძველ დროში დაგვაბრუნოს.

- ვინ არის დღეს ის ხალხი, ვინც ამ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს?

- ეს არის ხალხი, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლება და საკმარისი მოტივაციაც აქვს ამისთვის. ამ მიზეზებს შორის წამყვანი სოციალური პრობლემებია. მათ შორის მთავარია დაუსაქმებლობა, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა, სიღარიბე. ასე რომ, მიტინგზე მომსვლელები არიან ისინი, ვინც სოციალურად დაუცველია, ვინც წუხს, მეც - მათ შორის, დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო. ადამიანებს აქვთ უფლება, ხელისუფლებას მოსთხოვონ სოციალური უზრუნველყოფის მინიმუმი, დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, სამართლიანობა. ამ ორივე ფრონტზე ხელისუფლებას დიდი ჩავარდნა აქვს. აქვს წარმატება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ტექნიკური მოდერნიზაციის სფეროში, მაგრამ ძირეული ჩავარდნები აქვს სოციალურ პროექტებსა და დემოკრატიის განვითარებაში. თუ რეგიონში საქართველოს მდგომარეობას შეადარებთ სხვა სახელმწიფოებისას, ბევრი თვალსაზრისით უპირატესობა აქვს თუნდაც დემოკრატიის ხარისხით, მაგრამ ჩვენ ხომ ათვლის წერტილად არა გვყავს სომხეთი ან აზერბაიჯანი. ჩვენ ხომ ათვლის წერტილად გვყავს ევროპული მოწინავე ქვეყნები, მათთან შედარებით კი სოციალური თვალსაზრისითაც და დემოკრატიის ხარისხითაც მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით და ეს აწუხებს ხალხს.

ამავე თემაზე | ვიდეორეპორტაჟები

- "ქართული ოცნების" 27 მაისის აქცია - როგორ ითვლიან ადამიანების რაოდენობას მანიფესტაციაზე

- 55 ათასამდე ადამიანი ქუთაისის აქციაზე - google map-ის პროგრამით დათვლილი მონაცემები