"ტყუილი ამბები", რომლითაც ზოგჯერ უფრო დიდი სიმართლის გაგება შეიძლება! - კვირის პალიტრა

"ტყუილი ამბები", რომლითაც ზოგჯერ უფრო დიდი სიმართლის გაგება შეიძლება!

მათთვის, ვინც მიკროავტობუსებში 103.9-ს ვეღარ უსმენს

რაც მიკროავტობუსებში რადიომიმღებებისა და მაგნიტოფონების ჩართვა აიკრძალა და შესაბამისად, ამ ტრანსპორტში თქვენს საყვარელ რადიო - 103.9-საც ვეღარ უსმენთ, გადავწყვიტეთ სატირულ-იუმორისტული პროგრამა "ტყუილი ამბების" საგაზეთო ვერსიით გაგახალისოთ. მაშ, ასე, თუ მოსმენას ვერ ახერხებთ, წაიკითხეთ "ტყუილი ამბები" (მცირედი შემოკლებით), რომლითაც ზოგჯერ უფრო დიდი სიმართლის გაგება შეიძლება.

"ტყუილი ამბები მოკლედ"!

...სამარშრუტო ტაქსებში რადიომიმღებებისა და მაგნიტოფონების ჩართვა აიკრძალა. არადა, მინდოდა თქვენთვის "შავთვალება გოგონა, სიყვარულის ყულაბა, მოდი ჩემთან, ლამაზო, ჩემო კაკლის მურაბა" მემღერა, მაგრამ რაღა აზრი აქვს.

...ჰილარი კლინტონი საქართველოდან წავიდა. მართალია, ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა, მაგრამ თუკი მის ჩამოსვლაზე რამდენიმე თვე ვლაპარაკობდით, რამდენიმე დღე მის წასვლაზეც რომ ვილაპარაკოთ, არაფერი დაშავდება.

...კონტროლის პალატამ "ქართული ოცნებისთვის" თანხების გადარიცხვის გამო ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად განსაზღვრა და სასამართლოსაც მიმართა. ასე რომ, ოქტომბრამდე შეიძლება ბიძინა ივანიშვილი დაიჭირონ, ქვეყნიდან გააძევონ ან ჩამოახრჩონ, მაგრამ ეს ყოველივე არაფერია იმასთან შედარებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ მიენიჭა!

"ტყუილი ამბები გრძლად"

2008 წელს მოვლენები ამ თანამიმდევრობით განვითარდა: ნატოს სამიტზე გამოცხადდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა, რუსეთი თავს დაგვესხა, აგვიკლო, გადაგვწვა, დაგვანგრია, ტერიტორიების 20% წაგვართვა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა!

წელს კი ჯერჯერობით ასეა: ნატოს სამიტზე გამოცხადდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა. მოკლედ, ადვილი წარმოსადგენია, როგორ კანკალებს შიშით ახლა რუსეთი, ემანდ დეჟავიუ არ განმეორდეს, თორემ ჩემგან ქვა ქვაზე აღარ დარჩებაო. თუმცა, რუსეთის დასამშვიდებლად პოლიტოლოგთა ერთმა ნაწილმა უკვე ივარაუდა, რომ ძველი სცენარი აღარ განვითარდება, ვინაიდან ახლა 2008 წელი არ არის.

რაკი "მე-9 არხი" ფართო აუდიტორიისთვის კლინტონის ჩამოსვლის წინ ჩაირთო და მისი წასვლისთანავე გამოირთო, აშკარა გახდა, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოში სწორედ "მე-9 არხის" საყურებლად ჩამოვიდა.

დედაქალაქის სამარშრუტო ტაქსებში რადიომიმღებებისა და მაგნიტოფონების ჩართვა იკრძალება. ეს მოუთხოვია იმ სარეკლამო კამპანიას, რომელიც მიკროავტობუსების კორპუსებზე და სალონებში სარეკლამო პლაკატებსა და რგოლებს ათავსებს. კომპანიის აზრით, სამარშრუტო ტაქსიში ჩართული რადიო რეკლამის მსმენელამდე მიტანას აფერხებს.

მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ რადიოს ჩართვას და ჩვენი "ტყუილი ამბების" მოსმენას ნამდვილად სჯობს რომელიმე რეკლამა, რომელშიც ყველაფერი სიმართლეა.

თუმცა, სხვა ღონისძიებებიც გასატარებელია. დავიწყოთ მიკროავტობუსებზე მიხატული რეკლამით და წარმოვიდგინოთ, როგორ კითხულობს მას ქუჩაში თვალმოწკურული მოქალაქე. დამეთანხმებით, შეუძლებელია მოძრავ სამარშრუტო ტაქსიზე მიხატული ყველა რეკლამის წაკითხვა მოასწროს. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, მიკროავტობუსების სიჩქარე შეიზღუდოს, კერძოდ კი, დასაშვებ მაქსიმალურ სიჩქარედ დადგინდეს 1 კმ/საათი.

გარდა ამისა, მძღოლს დიდი ყურადღება მართებს მოსახვევებში, მან ჯერ უნდა გაიხედ-გამოიხედოს და როცა დარწმუნდება, რომ ფეხით მოსიარულეებმა მის მიკროავტობუსზე განთავსებული ყველა რეკლამა წაიკითხეს, მხოლოდ მაშინ გაუხვიოს, თორემ მოგეხსენებათ, რამხელა ტრავმას ტოვებს ადამიანში ნახევრად წაკითხული რეკლამა!

რაც შეეხება მიკროავტობუსების სალონში მონიტორზე გაშვებულ სარეკლამო რგოლებს, დავიწყოთ იმით, რომ ხმაურის გამოწვევა (და ყურადღების გაფანტვა) მხოლოდ რადიოს არ შეუძლია. ამის გათვალისწინებით მგზავრებს მიკროავტობუსში ასვლამდე უნდა ჩამოერთვათ მობილური ტელეფონები, მაღვიძარა საათები და მტირალა ბავშვები. ამასთან, მძღოლმა სამარშრუტო ტაქსიდან არ უნდა ჩაუშვას მგზავრი, რომელიც ყველა სარეკლამო რგოლს არ ნახავს.

ასე, "რეკლამის უფლებებზე" ზრუნვაში დასრულდა კიდეც გადაცემა, ძვირფასო მეგობრებო. მათთვის, ვინც მისმენდნენ, ეს გახლდათ "ტყუილი ამბები", ხოლო მათთვის, ვინც სამარშრუტო ტაქსიში ისხდნენ, ეს იყო ლუდის, ნაყინის ან საღეჭი რეზინის რეკლამა, ახლა უკვე "მოდი, ჩემთან ლამაზო, ჩემო კაკლის მურაბის" გემოს გარეშე კარგად ბრძანდებოდეთ!

"ტყუილი ამბები" წარმოგიდგინათ ზაზა ბიბილაშვილმა